მარკეტა გრეგოროვა: „ან ევროპულ მხარეს ხართ, ან – რუსეთის, შუალედური პოზიცია არ არსებობს“
მიხელ ხაჩიძე
ევროკავშირმა შემოდგომაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი საქართველოს ევროპული მომავალი. თუმცა მანამდე ქვეყნის მმართველმა გუნდმა ევროპული ნაბიჯები უნდა გადადგას, ორგანიზაციას დაუახლოვდეს და შეასრულოს დავალებები, რაც მან დასავლეთისგან მიიღო. „ოცნება“ კი პირიქით კონფრონტაციაში შედის ევროპელ დეპუტატებთან და ერთგვარ ხელოვნურ ხიდებს აღმართავს დასავლეთსა და საქართველოს შორის.
„მმართველი პარტიის საგარეო კომპასი არ არის მიმართული ბრიუსელისკენ“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა. ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ „ოცნების“ გუნდი ისტორიული შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ მიდის.
ამასთან, ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მიმდინარე ვითარების დინამიკაში საქართველო ან ევროპის მხარეს არის, ან _ რუსეთის. შუალედური პოზიცია დღეს არ არსებობს.
_ ქალბატონო მარკეტა, როგორია საქართველოს პოზიციონირება ევროკავშირის გზაზე? რამდენად ახლოს ვართ რეალურად ევროკავშირთან? ვგულისხმობ, მმართველი გუნდის პოლიტიკას, თორემ ქართული საზოგადოება ნამდვილად ევროპულია და იმსახურებს ამ დიდი ოჯახის წევრობას.
_ საქართველო ბოლო წლებში უფრო აქტიურად ახორციელებდა ევროკავშირთან ინტეგრაციას. სამწუხაროდ, ამჟამად არის რეალობა, რომელშიც მმართველი პარტიის საგარეო კომპასი არ არის მიმართული ბრიუსელისკენ, ის ისტორიული შესაძლებლობის საწინააღმდეგოდაა. დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროკავშირს შორის ურთიერთობა საკმაოდ მშფოთვარეა. გაფართოება ევროკავშირის პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია და, შესაბამისად, გადამწყვეტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენოს პერსპექტიული კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა. ქვეყანას აქვს რეალური შანსი, თუ ამას გადაწყვეტს, რაც გულისხმობს იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებას, რომელიც ევროკავშირმა მისცა. ამ რეკომენდაციების შესრულება და დემოკრატიული რეფორმების განხორციელება გადამწყვეტია საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ქართული საზოგადოების თითქმის 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის ევროინტეგრაციას სტრატეგიულ მიზანად ხედავს, ამიტომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საზოგადოების მოთხოვნის შესასრულებლად.
_ რამდენად უნდა გვქონდეს დადებითი იმედები მომავალი განხილვებიდან, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი?
_ გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს შემოდგომაზე, დამოკიდებულია მოცემული რეკომენდაციების შესრულების დონეზე. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უახლესი შეფასებით, ამ კუთხით მხოლოდ 1 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული, 2 უმეტესად, 5 ნაწილობრივ, 4 კი საერთოდ არ არის შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ზოგიერთი ნაწილი არცთუ ისე აქტუალურია, რადგან ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად შეიცვალოს, მთავრობის განცხადება სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნის.
ასე რომ, საინტერესო იქნება კომისიის რეალური შეფასება. უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას/ხელისუფლებას და ასევე ქართულ ოპოზიციას. მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთობლივად უნდა მიაწოდოს სიგნალი ევროკავშირს, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ ბლოკის რეკომენდაციების განხორციელებას.
_ ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან „ქრონიკა+“-ისა და გერმანული „ბილდის“ ერთობლივი ეგიდით ინტერვიუ გვქონდა, სადაც ის ამბობს, რომ სუსტად არის და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ახლა კი მისი ახალი კადრებიც ვნახეთ, თუ როგორ არის ექსპრეზიდენტი რეალურად. „ოცნება“ ამ ყველაფერს ყურად არ იღებს. თქვენ როგორ აფასებთ სააკაშვილის ქეისს ზოგადად და რას მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას?
_ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, გაიაროს დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარება და შეფასება, რაც შეიძლება გახდეს ჰუმანიტარულ საფუძველზე მისი განთავისუფლების საფუძველი. პატივი უნდა სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებს და პიროვნულ ღირსებას. მიმაჩნია, რომ ეს თემა პოლარიზებულია ქართულ საზოგადოებაში და ძირს უთხრის ურთიერთობას ევროკავშირის პარტნიორებთან, რაც ქართულ საზოგადოებას არ ეხმარება ამ პროცესებში.
_ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნების საკითხს როგორ აფასებთ?
_ ბატონი სააკაშვილის დაბრუნებამ 2021 წელს გააღრმავა პოლარიზაცია, პოლიტიკური დაძაბულობა და გამოიწვია ქაოსი. მას თავისი დრო ჰქონდა ქვეყნისთვის სამუშაოდ. მან ნამდვილად ბევრი კარგი რამ გააკეთა და შეცდომებიც დაუშვა. ის საკამათო პერსონა იყო. მისი პოლიტიკური წარსულის განსჯა საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, მაგრამ მე მას ვურჩევდი, აღზარდოს ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას, ვიდრე თავად მოახდინოს მისი პოლარიზაცია.
_ გახშირდა თავდასხმები ოპოზიციონერებზე, ჟურნალისტებზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. არის ვარაუდი, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას, სწორედ ის ახალისებს და მფარველობს მოძალადეებს. ცოტა ხნის წინ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან გვქონდა ინტერვიუ. მან გვითხრა, რომ ეს „ტიტუშკებიც“ რუსული მეთოდია. თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ამ კუთხით?
_ საქართველოს მთავრობას სჭირდება განავითაროს უნარი, რომ კონსტრუქციულად უპასუხოს სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს დაძაბულობის გარეშე. ეს არის დემოკრატიის საფუძველი. როცა კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა, მმართველი პარტია არ უნდა მიჰყვეს რუსულ მეთოდს, არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა განსხვავებული პოზიციის ხალხს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. წესით და რიგით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს არსებული სტრატეგიული სიტუაციით, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს და უკეთეს ურთიერთობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მათ მტრული რიტორიკის ნაცვლად კონსტრუქციული ენა უნდა ჰქონდეთ, განსაკუთრებით ევროპარლამენტარების მიმართ. ისინი კი პირიქით აკეთებენ, რაც რასაკვირველია, აღაშფოთებს არა მხოლოდ ევროპარლამენტს, არამედ დანარჩენ ინსტიტუტებსაც.
_ საქართველოს მთავრობა აშკარად იხრება რუსეთისკენ, ამას ბევრი ფაქტორი აჩვენებს, თუნდაც ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ეს ჩვენს ევროპულ გზასთან რამდენად ნორმალურია და უქმნის თუ არა პირდაპირ საფრთხეს, მათ შორის, ფრენების აღდგენა მოსკოვთან, საქართველოს დასავლურ მომავალს?
_ მიმდინარე ვითარების დინამიკაში თქვენ ან ევროპულ მხარეს ხართ, ან _ რუსეთის, შუალედური პოზიცია არ არსებობს. საქართველოს მთავრობა დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რათა მიუთითოს, რომ ისინი ევროპულ მხარეს არიან, მაგალითად, ცდილობს შეასრულოს 12 რეკომენდაცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ასევე დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ძირს უთხრის ამ ნარატივს. მაგალითად: უცხოური აგენტის კანონი, ძალადობრივი ჩახშობა დემონსტრაციების, თავდასხმა ევროპელ პოლიტიკოსებზე. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. თუ ქვეყანას სურს საბოლოოდ გახდეს კავშირის ნაწილი, ის უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას (CFSP). საუბარია არა მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე, არამედ კავშირის საგარეო პოზიციასთან შესაბამისობაზე.
სამწუხაროდ, საქართველოს თანასწორობის მაჩვენებელი ევროკავშირის CFSP-ის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან შარშან 44%-დან წელს მხოლოდ 31%-მდე ჩამოქვეითდა. ასევე არ არის სასურველი, რომ საქართველო კვლავ დაეყრდნოს რუსეთის ეკონომიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვს თავისი საქონლის ევროკავშირში ექსპორტის AA/DCFTA შეთანხმების მეშვეობით.
მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლება ძალიან სამწუხაროა. ფრენების გაუქმება პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა და იგივე ხდება ახლა განახლებაზე. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს შეთანხმებული ორივე მხარესთან. ამ ნაბიჯებმა ნამდვილად გააჩინა შეშფოთება საქართველოს ევროპულ გზაზე და მის ვალდებულებაზე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
_ ევროპარლამენტარებს თუ გაქვთ რამე სახის შიდა საუბრები, დისკუსიები საქართველოს მთავრობის წევრებთან და როგორია ხოლმე თქვენი პოზიციები, რას ეუბნებით მათ?
_ ევროპარლამენტი არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო აქტორიცაა და მას აქვს ძალიან აქტიური საერთაშორისო განზომილება, განსაკუთრებით ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამიტომ საქართველოს მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა ევროპარლამენტარებთან, რათა ხელი შეუწყონ მის პროევროპულ ინტერესებს უწყებაში. ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსები ძალიან აქტიურები არიან ევროპარლამენტში და ხშირად ხვდებიან ევროპარლამენტარებს, რომლებიც აღნიშნულ პრობლემებს სვამენ. თუმცა სიცხადისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოზე მომუშავე ევროპარლამენტარების შეურაცხყოფის ამჟამინდელი ტენდენციები,
რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს, არ არის მომგებიანი ქვეყნის მომავლისთვის.
_ რა რჩევას მისცემდით ჩვენი გაზეთიდან „ქართულ ოცნებას“, რათა საქართველომ არ დაკარგოს ევროპული შანსი და მომავალი?
_ პასუხი მარტივი იქნება: 12 რეკომენდაციის სრული შესრულება. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მომავალი თვეები ეფექტიანად უნდა გამოიყენოთ ყველა ამ რეკომენდაციის განსახორციელებლად.
მე ვთავაზობ არა მხოლოდ რეფორმის ქაღალდზე გატარებას, არამედ აქტიურ კამპანიებს. რეფორმა ქაღალდზე უსარგებლოა, როდესაც ხალხი არ მისდევს მას. საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს რეალური პოლიტიკური ნება და ქმედება, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და არა ხელი შეუშალოს მას. დაბოლოს, ხელისუფლებამ არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ, არ უნდა შეურაცხყოს ევროკავშირის ღირებულებები და მისი ოფიციალური პირები.
_ ბოლო კითხვას დაგისვამთ, უკანასკნელი პროცესებიდან გამომდინარე, ზელენსკიმ საქართველოს ელჩს თბილისში დაბრუნება და კონსულტაციების გამართვა დაავალა, რათა სააკაშვილის საკითხზე კონსტრუქციული შედეგი დადგეს. რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის? ვხედავთ, საქართველოს მთავრობა ომში მყოფ უკრაინას ერთგვარად ეჯინება. _ ძალიან ვუჭერ მხარს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში ყოფნა მოლდოვასთან ერთად, რადგან ისტორიულად ქვეყნებს უადვილდებათ ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ეს არის, ასე ვთქვათ, პაკეტური გარიგება. ამიტომაც სიფრთხილით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ აზრთა ამ გაცვლას. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად გამოვთქვამთ შეშფოთებას სააკაშვილთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერთ მის პოტენციურ დაბრუნებას უკრაინაში, ან, რა თქმა უნდა, სხვა დახმარების მსურველ ქვეყანაში, როგორიცაა პოლონეთი.