მანანა ქუთათელაძე: „საქართველოში შემორჩენილი 29 სინაგოგიდან მხოლოდ 17-მა შეინარჩუნა რელიგიური ფუნქცია“

მიხეილ ხაჩიძე

„სინაგოგები საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია პროექტისა – „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“, _ რომლის ფარგლებში უკვე გამოცემულია „კათოლიკობა საქართველოში“ და ასევე მზადაა ოთხტომეული „მეჩეთები საქართველოში“.

პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანების ისტორიულ-კულტურული კვალის აღწერა.

„დღეს რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის შემოდიან ებრაელი პირველმოსახლეები საქართველოში, თუმცა ამ გამოცემის მიზანი ამგვარი კვლევითი საქმიანობა, ახალი საბუთების მოპოვება ან განხილვა არც ყოფილა. არ გვიცდია დეტალურად და ქრონოლოგიურად აღნუსხულიყო ებრაელების ისტორია საქართველოში. ამ წიგნის მიზანი უფრო მოკრძალებული და კონკრეტულია – შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძია საქართველოში არსებული ებრაული დასახლებები და იქ აგებული ებრაული სამლოცველოები და სინაგოგები“, _ ამბობს წიგნის ავტორი, მანანა ქუთათელაძე.  

წიგნზე მუშაობისას მოეწყო ექსპედიციები საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში და ისტორიულ თუ საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჯამურად 69 სინაგოგის მოძიება მოხერხდა. სამწუხაროდ, ამ სინაგოგათა დიდი ნაწილი აღარ არსებობს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია სინაგოგის 29 შენობა, ზოგიერთ მათგანში საზოგადოებრივი დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული, 17-მა შენობამ კი დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი ფუნქცია.  

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტომასალით, რაც საშუალებას იძლევა, ნათლად დავინახოთ საქართველოში ებრაელების როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ისე თანამედროვე რელიგიური არქიტექტურის განვითარების ეტაპები“, _ განმარტავს ქუთათელაძე.

„ქრონიკა+“-მა წიგნის ავტორთან ინტერვიუ ჩაწერა, რათა უფრო მეტი დეტალი გაერკვია…

მანანა ქუთათელაძე:

_ ქალბატონო მანანა, თქვენ შესახებ მოგვიყევით.

_ სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. როდესაც მეკითხებიან ჩემს განათლებაზე, ყველა ელოდება ჩემგან პასუხს, რომ პროფესიით ვარ დაკავშირებული დღევანდელ ჩემს საქმიანობასთან. სამწუხაროდ, _ არა! პროფესიით ფილოლოგი ვარ.

ყველაფერი თბილისის ისტორიით დაიწყო. ჩემს თაობას საბჭოთა პერიოდში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ძალზე მწირ ინფორმაციას გვაწვდიდნენ საქართველოს ისტორიაზე, მით უმეტეს, თბილისის ისტორიაზე.

ორი ათეული წლის წინათ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, თბილისის ისტორიის შესწავლა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დედაქალაქის ისტორია და განვითარება დაკავშირებული იყო არა მხოლოდ ქართველებთან, არამედ ბევრ სხვა ერის წარმომადგენელთან, რომელთა ისტორიულ-კულტურული კვალი დღემდეა შემორჩენილი.

ამას მოყვა პირველი წიგნი „თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები“, რომელიც ჩემს მეგობარ გიგი წერეთელთან ერთად შევქმენით. ამ წიგნში აღწერილია მართლმადიდებლურ ტაძრებთან ერთად ცეცხლთაყვანისმცემელთა, კათოლიკური, სომხური, ლუთერანული, რუსული ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები.

ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ცალ-ცალკე აღწერილიყო ყველა რელიგიური მიმდინარეობის ისტორია საქართველოში. მით უმეტეს, რომ ასეთი სახით ეს მასალა გამოცემული არ არის. პროექტს ვუწოდეთ „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“.

_ წიგნის შესახებ რომ გვიამბოთ, რაზეა, რა თემატიკას მოიცავს იგი?

_ წიგნი „სინაგოგები საქართველოში“ არის პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის“ ერთი ნაწილი. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა წიგნი „კათოლიკობა საქართველოში“, მზადაა ოთხტომეული „მეჩეთები საქართველოში“.

პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია, აღიწეროს საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მიწაზე მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ისტორიულ-კულტურული კვალი, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი განეკუთვნება ებრაელებს.

დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის შემოდიან ებრაელი პირველმოსახლეები. უნდა ითქვას, რომ წინამდებარე წიგნის მიზანი ამგვარი კვლევითი საქმიანობა, ახალი საბუთების მოპოვება ან განხილვა არც ყოფილა. ჩვენ არც გვიცდია, დეტალურად და ქრონოლოგიურად აღნუსხულიყო ებრაელების ისტორია საქართველოში. ჩვენი ნაშრომის მიზანი უფრო მოკრძალებული და კონკრეტულია. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძია საქართველოში არსებული ებრაული დასახლებები და იქ აგებული ებრაული სამლოცველოები. 

მნიშვნელოვნია ის, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტომასალით, რაც საშუალებას იძლევა, ნათლად იქნეს წარმოჩენილი საქართველოში ებრაელების როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ისე თანამედროვე რელიგიური არქიტექტურის განვითარების ეტაპები.

გარდა რელიგიური ნაგებობებისა, ვეცადეთ წარმოგვეჩინა ის ადამიანები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

_ რამდენი ხანი მუშაობდით წიგნზე?

_ წიგნი ნამდვილად ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. დიდი დრო დასჭირდა ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცული მასალის მოძიებასა და დამუშავებას. განვახორციელეთ ექსპედიცია საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში. ისტორიულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოვიძიეთ ებრაელთა 69 სინაგოგა, რომელთა დიდი ნაწილი აღარ არსებობს.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია სინაგოგის 29 შენობა, ზოგიერთ მათგანში საზოგადოებრივი დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. მათ შორის მხოლოდ 17-მა შენობამ შეინარჩუნა სინაგოგის ფუნქცია.

_ ინფორმაციის მოძიება თუ იყო რთული, ხომ არ გაგიჭირდათ?

_ ინფორმაციის მოძიება საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან ებრაელი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში აღარ ცხოვრობს. ნამდვილად ძნელი აღმოჩნდა ინფორმაციის მოძიება ებრაული მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში უჯამაათოდ დარჩენილ სინაგოგებზე.

გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ არც დარჩენილ ებრაულ მოსახლეობას არ გამოუხატავს ამ წიგნის მიმართ მაინცდამაინც დიდი ინტერესი. სულ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი, დაგვხმარებოდა. 

თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ უცხოეთში მცხოვრები, უმეტესად ჩემთვის უცნობი, ქართველი ებრაელებისგან მივიღე ბევრი მადლობა.

_ ვისთვისაა წიგნი განკუთვნილი, კონკრეტულ აუდიტორიას მოიცავს, თუ?

_ ამ პროექტის მთავარი მიზანია, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება. ვაჩვენოთ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ქართველების გვერდით სხვადასხვა ეთნიკური და გასხვავებული აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებმაც გარკვეული ისტორიულ-კულტურული კვალი დატოვეს საქართველოს განვითარების ისტორიაში.

წიგნი არ არის სამეცნიერო ნაშრომი. იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი საინტერესო იქნება ფართო აუდიტორიისათვის.

_ სამომავლო გეგმები როგორია? კიდევ ხომ არ მუშაობთ რამეზე?

_ პირველ რიგში, გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოდან წასულ,  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ებრაელებზე.

გეგმები ბევრია _ ვგეგმავთ საქართველოში მცხოვრები უდიების, ასირიელების, ბერძნებისა და კიდევ სხვა ერების მიერ დატოვებული კვალის მოძიებასა და წიგნად გამოცემას.