მამუკა გიორგაძე: „საქართველოში რუსულმა სპეცსამსახურებმა აიშვეს“
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე, პესიმიზმით უყურებს ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნას. მისი თქმით, ასეთი მოძრაობა მაშინ იქმნება, როცა ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს. გიორგაძეს არც მესამე ძალის შექმნის სჯერა. ამბობს, რომ ე. წ. მესამე ძალა პოლიტიკურ არენაზე ხელისუფლების ნებართვით გამოდის. მისთვის მთლად გასაგები არც ერთპარტიულ პარლამენტზე ატეხილი ვაიუშველებელია. ამბობს, რომ ოც წელზე მეტია, რაც საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.
რომელ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობს დასავლეთი? ვის ინტერესებს ატარებენ პროდასავლური იმიჯის მქონე პარტიები? როგორ „გულაობენ“ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში? _ ამის შესახებ მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ერთნი აღიარებენ კრიზისის არსებობას, მეორენი _ არა. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა კრიზისი?
_ ქვეყანაში შექმნილია ურთულესი მდგომარეობა. პოლიტიკურ ენაზე ამას კრიზისი ჰქვია. სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჩამკვდარია, ქვეყანა კლანებს შორის საბრძოლო სივრცედ გადაიქცა. პოლიტიკური პროცესის განვითარება მათ შორის ბრძოლას ეწირება. ამას თითოეული ჩვენგანი საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს სოციალურ თუ პოლიტიკურ ყოფაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემებზე, ეკონომიკაზე. ლამის, ნახევარ საქართველოს ფსიქოზი აქვს.
ჩვენს ტყავზე გამოცდილით თუ ვერ ვაკეთებთ დასკვნას უცხოელებს მაინც დავუჯეროთ. ჩამოვიდა მიშელი და ღიად გვითხრა, _ ხალხო, რას აკეთებთ, იმხელა გამოწვევების წინაშე დგახართ, რასაც ახლა თქვენ შვრებით, არ შეიძლება, ნორმალურმა სახელმწიფომ გააკეთოსო.
ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა გვითხრეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. იხმარეს ტერმინი პოლიტიკური სასამართლო, პოლარიზებული საზოგადოება. პატარა ბავშვებივით აგვიწია ყურები მიშელმა და პირდაპირ გვითხრა, ხელისუფლების გადანაწილებაზე იფიქრეთ და დაამთავრეთ საბჭოთა კავშირიო. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ პარტიას ერქვას პროგრესი და რეფორმების გამტარებელი, ხოლო დანარჩენი დებილებად და კრეტინებად გამოცხადდეს.
_ ყველაფერი ერთი პარტიის ხელში რომ არ უნდა იყოს, ეს ჩვენც გადასარევად ვიცით, მაგრამ, რატომღაც, ისეთ არჩევანს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი ერთ პარტიას უვარდება ხელში. არჩევნებიც ყალბდება, მაგრამ რაღაც ხომ ჩვენი ბრალიც არის? რაღაცაზე საზოგადოებამაც ხომ უნდა ვაგოთ პასუხი?
_ ქვეყანაზე ერთ პარტიას რომ აქვს დიქტატი დამყარებული, ეს ჩვენი ბრალია. არჩევნები რომ ყალბდება, ამაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ამ 30 წლის განმავლობაში ნორმალური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები ნელ-ნელა ჩამოვაცილეთ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. წინა პლანზე წამოწიეს ტექნიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. დღეს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტი გახდა პროფესია.
_ არ არის სამოქალაქო აქტივისტი პროფესია?
_ არა! ეს როგორ შეიძლება, პროფესია იყოს?! ადამიანები ბუნებით უნდა იყვნენ აქტივისტები და სამოქალაქო ცხოვრებას ეწოდნენ. ჩვენს შემთხვევაში ეს პროფესია გახდა. არასამთავრობოებმა მიზიდულობა დაკარგეს. ახლა სამოქალაქო აქტივისტებია მოდაში. მონოპოლიზაციისკენ წავიდა საქმე და იმ ნიშნულამდე მივედით, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე პარლამენტში არ ყოფილა სახელმწიფოებრივი სიტყვა ნათქვამი. აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის მოგვარებაზე დიდი ხანია, არ უსაუბრიათ ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში.
_ დაკარგულ ტერიტორიებს აღარც კი ახსენებენ, თითქოს არაფერი დაგვიკარგავს.
_ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დასრულდა, რაც სახალხო პარტია აღარ არის პარლამენტში. ყველაზე აქტუალური თემა ბოლოს იყო დავითგარეჯის საკითხი. არავინ საუბრობს იმაზე, რა ეშველება ამ საქმეს. ამის ნაცვლად მთელი ერი იმას არკვევს, დამნაშავეები არიან თუ არა ილიჩოვა და მელაშვილი. ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილმა როგორ იცის, ვიღაცასაც ჰკითხოს რამე. ჩვენთან ხომ ასეა _ ყველაფერი იმ კაცმა იცის, ვინც ქვეყანას მართავს. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ასეთი გიორგი გახარია იყო, ახლა ყველაფრისმცოდნე ღარიბაშვილია. ის რომ წავა პრემიერობიდან, მისი შემცვლელი გახდება ყველაფრისმცოდნე. წელიწადზე მეტია, რაც პანდემიაა საქართველოში და მხოლოდ ახლა ვიწყებთ ვაქცინებზე საუბარს. როდის შემოიტანენ ვაქცინას, ეს არავინ იცის.
ძალიან ვემსგავსებით საბჭოთა კავშირს. როგორც მაშინ, ახლაც ყველა თემა პოლიტიკაზე გადის. პოლიტიკაზე გადის ისეთი თემა, როგორიცაა ვაქცინაცია და ჰესების მშენებლობა. ფეხბურთი და რაგბიც პოლიტიკად გადაიქცა. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმი მყარდება. მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებშია ყველაფერი პოლიტიკა. თავის დროზე, მუსოლინი ჩაერია, რომ იტალია გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. არგენტინის ხუნტამ არგენტინა გახადა მსოფლიო ჩემპიონი.
_ ჩვენები ამაშიც არ უქნია ღმერთს. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონები რომ გაგვხადონ, მათ წინააღმდეგ ხმის ამომღები არავინ იქნება.
_ ამ ადამიანებს კი ვიცნობთ დიქტატორებად, მაგრამ ისინი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებზე გაცილებით უფრო თავისუფლები იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში, არავის წინაშე გრძნობდნენ თავს ვალდებულად და ბმა ჰქონდათ თავის ქვეყანასთან. ჩვენთან რა ხდება?! არც თავად აქვთ პოლიტიკური ბეგრაუნდი, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სხვამ დასვა ხელისუფლების სათავეში და იმ სხვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები.
დღევანდელ დღეს საშუალო ასაკის ქართველს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში თუ არ აქვს მონაწილეობა მიღებული, პარლამენტში რა უნდა? დღეს მოქმედი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგე ბანაკში მახსოვს. ჩემი თაობის ხალხს ვგულისხმობ.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ისრაელზე და გვაინტერესებს, თუ რატომ არის ეს ქვეყანა ასეთი ძლიერი და წარმატებული? ეს ქვეყანა იმიტომ არის წარმატებული, რომ მათი პარლამენტის წევრების 90%-ს ისრაელისთვის ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ისრაელის პარლამენტში, სულ მცირე, ათი კაცი მაინც არის ყოფილი გენერალი ან გენშტაბის უფროსი.
_ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჩვენს პარლამენტშიც არის.
_ კი ბატონო, არის. ისრაელის პარლამენტში მოგებული ომების გენერლები არიან. ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს სახელმწიფოებრიობასთან ბმა არ აქვთ. ბევრი მათგანი ჯარშიც კი არაა ნამყოფი.
_ ჯარს ვინ ჩივის, აქციებზეც არ არიან ნამყოფი. დღეს ხშირად აკრიტიკებენ წინა ხელისუფლებას, მაგრამ „ნაციონალების“ დროს ისინი მიტინგზე არავის უნახავს.
_ აქციებზე რა უნდოდათ? _ იმ დროს საგულდაგულოდ იმალებოდნენ. ბევრი მათგანი მაშინ თავად იყო „ნაცი“. დღევანდელ ხელისუფლებას, კომუნისტებისა არ იყოს, ქვეყნის პირდაპირი მართვა აღარ შეუძლიათ, ამიტომ შემოგვთავაზეს ტრაგიკომიკური სპექტაკლები. „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რომ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. რაღაც განყენებულ თემაზე ატეხენ ამბავს, მერე „ნაცმოძრაობას“ მისცემენ პასებს. ისინი აქედან ატეხენ წივილ-კივილს. საბოლოოდ, უცხოელი ელჩების თანდასწრებით ყველანი დათმობაზე მივდივართ. რატომ მიდიხარ? რატომ ტეხ ამ ამბავს?
სოფლებში ბევრგან ნახავთ ძველ ქოხებს, რომლებსაც ოთხივე მხარეს ბარჯგები აქვს შეყენებული, რომ არ ჩამოინგრეს. საქართველოც ჩამოსაშლელად გამზადებულ ქოხს ჰგავს, რომელსაც ერთი მხრიდან „ნაცმოძრაობა“ აწვება, მეორე მხარეს _ „ქართული ოცნება“. ეს მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს იმის შანსი აქვს, რომ ამ ძველი ქოხის ადგილზე კარგი სახლი ააშენოს.
ამ ტრაგიკომიკურმა სიტუაციებმა ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა: იაპონელი კარატისტია კახეთში ჩამოსული და ყველა გალახა. მიხომ გამოყო სახლიდან თავი და იკითხა, _ წავიდა ის კარატისტიო? _ კიო, _ უთხრეს. _ აწი ნახავთ, რას გიზამთო! _ დაიმუქრა მიხო. ასეა „ქართული ოცნებაც“ _ უცხოელებს ფეხქვეშ ეგება, თავის მოსახლეობას კი ეტიპება. თითქოს მათ მოიყვანეს ეს ქვეყანა პირველყოფილი თემური წყობილებიდან _ დღემდე.
_ დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ეროვნული მოძრაობის თავიდან დაწყება. ოპოზიციის ნაწილი მზადაა, დაიწყოს ახალი ეროვნული მოძრაობა. ამას როგორ უყურებთ?
_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების მსურველები თავიდანვე აბსურდში არიან გახვეულები. როდესაც სახელმწიფო დამოუკიდებელია, იქ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მთავრდება. ეროვნული მოძრაობის მთავარი მიზანი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. დამოუკიდებელ საქართველოში ესენი რა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებენ, იქნებ, ვინმემ ამიხსნას? ეს არის სიტყვების თამაში და იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც ყველაფრის დევალვაციას ახდენს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლოა, არც უნდოდეს ხელისუფლების შეცვლა.
_ რატომ არ უნდა უნდოდეს არსებული ხელისუფლების შეცვლა?
_ ისინი „ქართული ოცნების“ წყალობით წარმოადგენენ მთავარ ოპოზიციურ ძალას. აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები. იმდენ სისულელეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეუძლია, თავი გაიმართლოს. ერთიც და მეორეც ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობენ. მთელი ევროპა ამ ორ ჯგუფს დასდევს. მათ ხელში ასანთი უკავიათ და აქეთ-იქით დარბიან. ქვეყანა რომ არ გადაწვან, მათ ამერიკელები და ევროპელები უკან დასდევენ. მერე ელჩები და ხელისუფლება ეტყვიან, _ ოღონდ ქვეყანას ცეცხლი არ წაუკიდოთ, უარესს დღეში არ ჩაგვაგდოთ, ყველა სურვილს შეგისრულებთო. ორი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ არჩევნები პანაცეა არაა და მთავარი საარჩევნო რეფორმაა. ამაზე აქამდე ხმას არ იღებდნენ. ახლა ერთხმად ყვირიან ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლები.
_ ოპოზიციის დიდი ნაწილი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. აქვთ მათ იმის შანსი, რომ წარმატებას მიაღწიონ?
_ რამის მიღწევა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობას შევაცვლევინებთ. გავიდეთ ყველანი ერთად ქუჩაში და დავდგეთ. მზად ვარ, „ნაციონალების“ გვერდითაც კი დავდგე რუსთაველის გამზირზე. „ნაციონალური მოძრაობა“ მწვავედ არ აყენებს საკითხს, ეშინია, რაიმე ახალი ძალა არ გამოჩნდეს, რომელიც მათ ჩააჩოჩებს. დღეს „ნაციონალებს“ ყველაზე მეტად კომფორტის დაკარგვა აფრთხობთ.
საქართველოში თუ ნორმალური ძალა გამოჩნდა და იმან აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე, ასეთ შემთხვევაში ვის რად უნდა „ნაცების“ ინიციატივები? „ოცნება“ ყოველთვის „იგულავებს“ მანამ, სანამ ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ძალა. „ნაციონალები“ მანამდე „იგულავებენ“, სანამ ახალი ძალა არ გამოჩნდება. ასეთმა ძალამ, თუ ის გამოჩნდება, საკუთარ თავზე უნდა აიღოს ინიციატივა. დადგეს „ოცნებასთან“ პირისპირ და დაამარცხოს ის. „ნაციონალები“ და „მეოცნებეები“ ერთმანეთში ისე არიან გადაჯაჭვულები, რომ ხვრელს არ ტოვებენ, რომლითაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალა შეძლებს შესვლას.
საჭიროა პრინციპული პოზიციის დაკავება. ერთი ბარჯგი რომ გამოვაცალოთ დანგრეულ ქოხს, ის ჩამოიქცევა და გაჩნდება ახალი სახლის აშენების საშუალება. ჩვენ რომელიმე ძალა უნდა მოვაშოროთ ქოხს. სხვანაირად ახალ სახლს ვერ ავაშენებთ. ზოგადი ლოზუნგები, რომ არც „ქოცი“ და არც „ნაცი“ ზღაპრებია.
_ ზღაპრები რატომ არის?
_ რეალობა სულ სხვანაირია. ასეთი ზღაპრები ეროვნული მოძრაობის დროსაც გვინახავს. რაღაც კონფლიქტური სიტუაცია თუ შეიქმნებოდა პარტიებს შორის, მაშინვე საიდანღაც გამორბოდნენ შემრიგებელი პარტიები. ისინი რამდენიმე თვე გამოდიოდნენ მოწოდებებით, შერიგდით ხალხოო და შემდეგ თავად ხდებოდნენ კონფლიქტის მხარე. ასეთი ამბები ბევრი გვინახავს.
იმაზე ყვირილი, რომ საჭიროა მესამე ძალა, ბელეტრისტიკაა. რამე თუ გინდა, წინა პლანზე უნდა გამოხვიდე, ჩაწიო „ნაცმოძრაობა“ და შეაწუხო „ქართული ოცნება“. ჩვენთან პრინციპებისთვის ბრძოლა არავის უნდა _ ან წადის ვყვირივართ, ან _ გაუმარჯოს. დისკუსიასა და სამუშაო ვითარებას ჩვენ არ ვცნობთ. ჩვენ არც იმის თქმა ვიცით ოპონენტისთვის, _ ამ ნაწილში გეთანხმები და ამაში _ არა. ჩვენთან პოლიტიკურ ძალებს ან მტრებად, ან გადამრჩენლებად აღიქვამენ.
გასულ წელს დავითგარეჯის საქმეზე ორი მეცნიერი დააკავეს. საზოგადოების ნაწილი ილიჩოვასა და მელაშვილს მტრებად მიიჩნევს, ნაწილი _ გმირებად. ასეთი დამოკიდებულება არ გვაძლევს განვითარების საშუალებას. არც „ნაციონალებს“ და არც „ოცნებას“ ქვეყანა არ აინტერესებთ. ისინი საქართველოს, როგორც საყვლეფს, ისე უყურებენ.
_ მართალია, მესამე ძალა არ მოგწონთ, მაგრამ აშკარაა, რომ გამოსავალს მესამე ძალის გამოჩენაში ხედავთ.
_ მთავარია, გამოჩნდეს პრინციპული ძალა და გინდა მესამე უწოდონ საკუთარ თავს და გინდა, _ მეათე. მესამე ძალასთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება მაქვს. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, თუ რა იგულისხმება მესამე ძალაში. მესამე ძალა ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ლოიალურად არის განწყობილი. მესამე ძალას პოლიტიკურ მოედანზე გამოსვლის უფლებას ხელისუფლება აძლევს. ძალიან დიდი ამბებია ატეხილი ერთპარტიულ პარლამენტზე. ისე ხატავენ სურათს, თითქოს ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს არასდროს ჰყოლია.
_ კომუნისტების შემდეგ აღარ გვყოლია ერთპარტიული პარლამენტი.
_ ჩემი აზრით, 1999 წლის მერე საქართველოს სულ ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.
_ რატომ ფიქრობთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტები ერთპარტიული იყო?
_ 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტში „მრეწველები“ შევარდნაძემ გაიყვანა. 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში „ქდმ“ მიშას დახმარებით შევიდა.
_ იმ მოწვევის პარლამენტში, სადაც „მრეწველები“ შევარდნაძემ შეიყვანა, „აღორძინებაც“ იყო.
_ „აღორძინებაც“ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. ოც წელზე მეტია, საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს და, რატომღაც, ახლა გახდა ეს თემა აქტუალური. მთელი რიგი პარტიები ცდილობენ, რომ ხელისუფლებას თავი მოაწონონ და სთხოვენ, დამრთეთ ნება, რომ ასპარეზზე გამოვიდეო. ამის ნებართვა კი არ უნდა აიღო, არამედ ყველაფერი თავად უნდა გაარღვიო. თავად უნდა გამოხვიდე არენაზე და ხელისუფლებას უკან დაახევინო.
სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ხელოვნური პოლარიზაცია. ხელოვნური პოლარიზაცია ამ ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ჩვენ რომ ვჩხუბობდეთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის თემა და როგორ გადავჭრათ გარეჯის პრობლემა, ეს იქნებოდა ჯანსაღი პროცესი. ჯანსაღი პროცესი იქნებოდა ასევე, თუკი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის წარიმართებოდა იდეოლოგიური დაპირისპირება. რაზედაც ახლა ჩვენ ვდაობთ, ეს მთლიანად გვანგრევს. ხელოვნური პოლარიზაცია ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. ხელოვნური პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ და ასპარეზზე გამოვიდეს თვითკმარი, კონკურენციის უნარის მქონე პოლიტიკური ძალა.
ამ ახალ ძალაში ვიღაცის ხელის ბიჭები არ უნდა იყვნენ. თვითკმარ და ერთმანეთთან შედუღაბებულ ადამიანებს შეუძლიათ არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ძველ გზას გავაგრძელებთ _ როდესაც კომპარტია ტრანსფორმირდა „მოქალაქეღა კავშირად“, „მოქკავშირი“ _ „ნაციონალურ მოძრაობად“, „ნაციონალური მოძრობა“ კი „ქართულ ოცნებად“ გადაიქცა.
დღეს საქართველოში არსებული ვითარება რუსეთისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურებმა აიშვეს.
_ რაში გამოიხატება?
_ ყველაფერში. რა გადაწყვეტილებასაც უნდათ, იმას ღებულობს საქართველოს მთავრობა. ვისზეც უნდათ, იმაზე აყიდინებენ მიწას. ვისაც უნდა, იმას აძლევენ ჩვენს სიმდიდრეებს. აქედან გამომდინარე, რუსეთს ურჩევნია, რომ საქართველოს სათავეში ფსევდოპროდასავლური ძალები იყვნენ, რომლებიც, სინამდვილეში, მოსკოვისთვის სასარგებლო გარემოს შექმნიან და რუსეთი მიიღებს იმას, რაც მას სურს.
_ დასავლეთი ამას ვერ ხვდება?
_ დასავლეთმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის.
_ ამაზე რატომ არ აქვთ რეაგირება?
_ მათ არ გააჩნიათ ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტები. ისინი ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს. როგორც კი რომელიმე მხარე ასანთს წაუკიდებს, მივარდებიან და ეხვეწებიან, ოღონდ ცეცხლს ნუ გააჩენთ და ჯანდაბას, როგორც ხართ, იყავით ისეო. თქვენ თუ არ განაღვლებთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვნერვიულობთ მასზეო.
მოსკოვისგან განსხვავებით, დასავლეთი არც ერთ ქვეყანაში არ ქმნის აგენტებისგან თავის დასაყრდენ ძალას. დასავლეთი არსებულ ძალებთან თანამშრომლობს.
_ მნიშვნელობა არ აქვს, როგორები იქნებიან ეს არსებული ძალები?
_ არსებული ძალები შეიძლება კარგი იყოს ან ცუდი, შეიძლება ძალიან ცუდი, მაგრამ დასავლეთი არსებულთან ამჯობინებს თანამშრომლობას. 30 წლის განმავლობაში ეგვიპტეში ხოსნი მუბარაქთან თანამშრომლობდნენ. პანამაში ნორიეგასთან ჰქონდათ კავშირი. მასზე რეიგანს აქვს ნათქვამი, _ ვიცით, რომ თაღლითია, მაგრამ ჩვენი თაღლითია. დასავლეთი იმ ძალებთანაც ითანამშრომლებს, რომელიც საქართველოში მომავალში შეიქმნება.
შორენა მარსაგიშვილი