მამუკა არეშიძე: „რასაც ახლა გეტყვით, ექსკლუზივია!“
დავითგარეჯის საქმე არჩევნების შედეგებმა შთანთქა, ანუ საპატიმროში მყოფ მელაშვილი-ილიჩოვას აღარავინ ან თითქმის აღარავინ ახსენებს. არადა, ე. წ. კარტოგრაფების ქეისი, ადრე თუ გვიან, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის საფუძველიც გახდეს. ისე, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. ამასთან, კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე „ქრონიკა+“-ს ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც აწვდის. კერძოდ, ის ამბობს, რომ 2006 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანულ კომისიებს შორის ე. წ. შუალედურ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც მხარეებს გარკვეული იურიდიული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამის შემდეგ, სახელდობრ, 2007 წელს, დავითგარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ.
მოკლედ, რა წერია დეტალურად შუალედურ დოკუმენტში და ვინ არის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც შუალედურ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და იგი უწყებიდან გაუშვეს? _ გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან:
_ ბატონო მამუკა, დავითგარეჯის თემა მედიაში მინავლდა და აქტუალური აღარაა. რა ხდება?
_ არ ვიცი, ასე რატომაა, არადა, პირადად მიმაჩნია, რომ მხოლოდ ეს კი არა, ჩვენი საზღვრების თემა მუდმივად აქტუალური უნდა იყოს.
რაც შეეხება დავითგარეჯას, ამ საგანს რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ, ვხვდებით, რომ საქმე საშინლად აწეწილია. სხვათა შორის, ამ საქმის შესწავლას ადრეც ვცდილობდით, მაგრამ ჩემთვის, გარკვეული ზედაპირული ინფორმაციის გარდა, არხები დახურული იყო.
_ ე. ი., ამ თემით ადრეც იყავით დაინტერესებული?
_ საზღვრების, მათ შორის, გარეჯის საკითხში 2015 წლიდან ვარ ჩართული და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ რუკები, რომლებსაც კომისია უნდა ეყრდნობოდეს და რომლებიც 1996 წელს დადებულ ხელშეკრულებაშია მითითებული, არსად ჩანს და იმ რუკით ოპერირებენ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი კონკრეტული არაა, რომ საზღვრის მონაკვეთების დადგენა მოხერხდეს.
_ იმის შესახებ, რომ რუკები არსად ჩანდა, საქმის კურსში ვინმე ჩააყენეთ?
_ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კომისია და ამის შესახებ ივერი მელაშვილსაც ვესაუბრე _ მასთან მე და გელა ხუციშვილი მივედით და ვკითხეთ, რა ხდება, რუკები იმასთან შესაბამისობაში რატომ არაა, რაზედაც ხელია მოწერილი-მეთქი? ამასთან, დავითგარეჯის გარდა საზღვრის სხვა მონაკვეთზეც ვისაუბრეთ.
_ მელაშვილმა რა გითხრათ?
_ დამამშვიდა, უბრალოდ, რუკები გამქრალია და მხარეებს არ გვაქვს, თუმცა არ ვიცით, ეს რუკები როგორ გაქრაო.
_ საგარეო უწყებაში ისეთ პიროვნება თუ ჩააყენეთ საქმის კურსში, რომელიც რუკების გაქრობის ამბავს თუნდაც მაშინდელ პრემიერამდე მიიტანდა?
_ ჩემი საქმე ისაა, რომ რაც ხდება, შევაფასო ან ტელევიზიით გამოვიდე. სხვათა შორის, 2017 წელს ნინო ხაჩიძესთან ბლოგი გაკეთდა, მთელი ეს ისტორია მოვყევი და სხვა სატელევიზიო გამოსვლებიც მქონდა, თუმცა იმის საშუალება არ მაქვს, რომ მინისტრებთან ვირბინო _ ვერ გეტყვით, რომ მათ ჩემთან შეხვედრა მაინცდამაინც უხარიათ.
_ ე. ი., მინიმუმ, 2015 წლიდან იმის შესახებ, რაზედაც ახლაა ლაპარაკი, ხელისუფლებაში იცოდნენ, არა?
_ ვერ გეტყვით, მაგრამ მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იცოდნენ, რადგან კომისიის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმებოდა.
_ რას არ ეთანხმებოდა?
_ წლების გამავლობაში კომისიის წევრები შეიცვალნენ. ახალ წევრებს, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსა და სამეცნიერო წრეებიდან, პირველ რიგში, უნივერსიტეტს ვგულისხმობ, მიაჩნდათ, რომ საზღვარი არასწორ ადგილზე გადის. სხვათა შორის, ამ დროს საპატრიარქოს განგაშის ზარები უკვე შემოკრული ჰქონდა და აღშფოთებული საზოგადოების ჯგუფები გარეჯისკენ დაიძრა.
_ ეს ხომ 2012 წლამდე იყო?
_ დიახ, თუ არ მეშლება, 2007 წელი იყო… ცალკე რურუამ და ცალკე კალანდაძემ განცხადებები გააკეთეს, რომ გარეჯის მონასტრის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არაა. ამან საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. მოკლედ, საკითხი ძალიან მწვავედ იყო დაყენებული, მაგრამ გადაწყვეტის პირი არ უჩანდა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჯერ ისევ ძველი კომისია მუშაობდა. მართალია, ამ საკითხებში ჩართული არ ვიყავი და, როგორც გითხარით, 2015 წლიდან დავინტერესდი, მაგრამ ვხედავდი, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი იმ ვერსიის, რაც კომისიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, წინააღმდეგი იყო.
_ ანუ?
_ მელაშვილთან კამათი ჰქონდათ, მაგრამ მელაშვილმა წლების განმავლობაში საკითხის ისე დაყენება მოახერხა, რომ ყველაზე კომპეტენტურად ითვლებოდა, თან გადმოცემის ისეთი მანერა აქვს, კაცი იფიქრებდა, რაღაც საიდუმლო თემებიც არსებობს და ჩემი ნათქვამით სახელმწიფო ინტერესები არ დავაზიანოო.
_ ივერი მელაშვილი ის ფიგურა იყო, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეეძლო? სხვათა შორის, ჯერ გადაწყვეტილება მიღებულიც არაა…
_ აი, ზუსტად მანდ ვარ. რასაც ახლა გეტყვით, ჩათვალეთ, რომ ექსკლუზივია, რომელიც ჩემთვის ცნობილი ბოლო დროს გახდა და ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი.
_ რაზე საუბრობთ, ბატონო მამუკა?
_ მელაშვილი ამ კომისიის წევრი საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო და კონკრეტულ, ანუ კარტოგრაფების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
სხვათა შორის, აზერბაიჯანული მხრისგან განსახვევბით, საქართველოს მხრიდან კომისიის ხელმძღვანელობა მუდმივად იცვლებოდა. კომისიის თავმჯდომარეები ყოველთვის მინისტრის მოადგილეები იყვნენ. ჰოდა, როგორც კი ახალი მინისტრი მოვიდოდა, კომისიის ძველ თავმჯდომარეს ხსნიდა და თავის ნდობით აღჭურვილ მოადგილეს ნიშნავდა ან კომისიის თავმჯდომარე უცებ ელჩი ხდებოდა. მოკლედ, სულ როტაცია იყო და როგორც კი ახალი ხელმძღვანელი ინიშნებოდა, პირველად ივერი მელაშვილს ხვდებოდა, რომელიც საგარეოს თანამშრომელი იყო და, პლუს, კომპეტენტურადაც ითვლებოდა… ვიდრე კომისიის ახალი თავმჯდომარე საკითხში გაერკვეოდა, დრო გადიოდა. აი, მაგალითად, ვიცი, რომ ერთ-ერთი თავმჯდომარე საგანს 8 თვე სწავლობდა. ამასობაში კომისიის მუშაობა შეჩერებული გახლდათ და ყველაფერი მელაშვილისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების ხელში იყო, რომლებიც კომისიის მუშაობაში იყვნენ ჩართულები.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ რა ექსკლუზივი უნდა გეთქვათ, ბატონო მამუკა?
_ გეტყვით, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან კომისიის თავმჯდომარე თითქმის 25 წელია, ერთი ადამიანია. აქედან გამომდინარე, კომპეტენციის დონე როგორი მაღალიც იქნება, გასაგებია.
რაც შეეხება ექსკლუზივს, ივნისში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წელს, როცა ორივე მხარის კომისიამ გარკვეული სამუშაო დაასრულა, შუალედურ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელსაც სახელმწიფოთაშორისი ძალა არ აქვს, მაგრამ რაღაც ეტაპის ფინალია და ამასთან, სახელმწიფოებს გარკვეულ იურიდიულ საფუძველს აძლევს, რომ მოქმედებები დაიწყონ, ანუ გადაწყვეტილება საბოლოო არაა, მაგრამ შეგიძლია, დროებით კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები გადადგა.
_ ამ შუალედური დასკვნით ქართული მხარე დაზარალდა?
_ მაქეთკენ მივდივარ… ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წელს ამ დოკუმენტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილე გიორგი მანჯგალაძემ არ მოაწერა ხელი, რომელიც იმ დროს კომისიის თავმჯდომარე იყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ ხელი არ მოაწერა, კომისიის თავმჯდომარეს რა ბედი ეწია?
სხვათა შორის, კომისიის ამ დასკვნის საფუძველზე გარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ, ანუ ვიმეორებ: ეს საბოლოო კი არა, დროებითი დოკუმენტია, მაგრამ მხარეებს უფლება ეძლევათ, გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან და 2007 წელს აზერბაიჯანმა გარეჯაში თავისი მესაზღვრეები დააყენა.
მოკლედ, საინტერესოა, მანჯგალაძემ ამ დოკუმენტს რატომ არ მოაწერა ხელი? მანჯგალაძესთან პირადი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ გავიგე, რომ საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ბეჟუაშვილის მეგობარი იყო და საგარეოში დაზვერვიდან, ანუ იქიდან გადმოიყვანა, სადაც ბეჟუაშვილი მანამდე მუშაობდა…
მოკლედ, იმის გამო, რომ ამ შუალედურ დასკვნას ხელი არ მოაწერა, დასჯის გარეშე ამ საქმეს ჩამოაშორეს, ერთი წლის შემდეგ კი უწყებიდან საერთოდ წავიდა…
ერთი სიტყვით, ეს დოკუმენტი, როგორც იქნა, ხელთ ჩამივარდა.
_ ეს დოკუმენტი მელაშვილი-ილიჩოვას დაჭერამდე ჩაგივარდათ ხელთ?
_ არა, დაჭერის შემდეგ… ეს დოკუმენტი ჩემი არხებით ვნახე… ამ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები თანმხდებიან, რომ უდაბნოც იქითაა, ბერთუბანიც და აღდგომის მონასტერიც, თუმცა დოკუმენტში არ წერია, ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზეა მიღებული. ამ გადაწყვეტლებას საქართველოს მხრიდან ოთხი ადამიანი აწერს ხელს, მათ შორისაა მელაშვილი და ილიჩოვა.
_ ეს დოკუმენტი თქვენ კი რამდენიმე თვის წინ ნახეთ, მაგრამ გამოძიებას ან მთავრობას ნანახი როდის ჰქონდა? ანუ სასულიერო პირმა თქვა, ჯოკერი გამოიყენესო, ე. ი., ზემოხსენებული შეთანხმების თაობაზე აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ეს საქმე არჩევნების წინ სპეციალურად წამოწიეს?
_ იცით, როგორი მდგომარეობაა?
_ როგორი?
_ ამ კითხვას არასწორდ მისვამთ, რადგან გამოძიებასთან საქმე არ მქონია.
_ გასაგებია, მაგრამ თქვენი ვერსია როგორია?
_ ჩემი ვერსიით, გამოძიებას ეს დოკუმენტი სადღაც ივლისში აღმოაჩნდა, ანუ მასშტაბური გამოძიება დაწყებულიც არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ იმ ხელისუფლებამ მხოლოდ გარეჯი კი არა, რაღაცები რაღაცებში გაცვალა. აქ ხუჯაბის თემაცაა, რომელიც მომავალი სკანდალია.
_ ანუ?
_ ხუჯაბი საბჭოთა დროს მარნეულის რაიონის ტერიტორია იყო, დღეს კი სომხეთის ტერიტორიაზეა _ საზღვრიდან 200 მეტრია.
_ ხუჯაბი სომხეთის ნაწილი რომელი წლიდანაა?
_ „ნაციონალების“ დროიდან, მაგრამ ხუჯაბზე ჯერჯერობით ხმას არავინ იღებს.
სხვათა შორის, ის დოკუმენტი, რომელზედაც გელაპარაკებით, ამ წუთას საპატრიარქოს აქვს.
_ ბატონო მამუკა, წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: მელაშვილი და ილიჩოვა თუნდაც თქვენ მიერ ხსენებულ შუალედურ დოკუმენტზე გადაწყვეტილებას ავტონომიურად მიიღებდნენ?
_ არა, რასაკვირველია… ეს უზენაესი ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებაა, თორემ ილიჩოვასა და მელაშვილს ვინ ჰკითხავდა?
პირადად მე მელაშვილის სამართლებრივ კი არა, მორალურ დანაშაულზე ვსაუბრობ.
_ ანუ ივერი მელაშვილს მხოლოდ მორალური დანაშაული აქვს ჩადენილი?
_ მე პროკურორი არ ვარ და სისხლის სამართლის მუხლების მიხედვით ვერ ვიმსჯელებ _ ეს ჩემგან კორექტული არ იქნება, თუმცა ადამიანურად რომ მკითხოთ, მანდ სხვა დანაშაულიცაა.
_ კერძოდ?
_ თუ რუკები არ ჰქონდათ, აბა, რის მიხედვით მუშაობდნენ? ახლა ამბობს, რუკები გქვონდა, მაგრამ არ გამოგვადგებოდაო. მაშინ ზემოხსენებულ დოკუმენტში ის რუკა რატომაა ნახსენები, რომელიც არ გამოიყენე ან თუ ცუდ საქმეზე გაწერინებდნენ ხელს, ამის შესახებ რატომ არ თქვი? ისიც საკითხავია, მელაშვილმა რატომ მოაწერა ხელი და მანჯგალაძემ _ არა?
_ ბატონო მამუკა, ამბობთ, წინა ხელისუფლებამ რაღაცები რაღაცებში გაცვალაო. ამ თემის გაშლა შეგიძლიათ, ანუ რაღაცებში რა რაღაცები გაიცვალა?
_ ესეც ძალიან კარგი კითხვაა…
2007 წელი გავიხსენოთ, როცა სააკაშვილმა თქვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოველაპარაკე და გარეჯი საქართველოსი იქნება, თუმცა ტერიტორია აზერბაიჯანისააო. ამ აბურდული ნათქვამიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, მაგრამ ხალხს მაინც იმედი გაუჩნდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ…
ეს ის პერიოდია, როცა აზერბაიჯანულ ბიზნესს საქართველოში ძალიან დიდი პრეფერენციები მიეცა. ყველა იმ ფირმასა და სტრუქტურას, რომელიც მაშინ აქ აქტიურად შემოვიდა, ვერ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანულ ფირმებს ხორბლისა და შაქრის წარმოება-შემოტანაზე მონოპოლია გადაეცათ. სხვათა შორის, ეს ფირმები უამრავ ფულს ისეთ არაპროფილურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯავდნენ, რომელიც მათი საქმე არ იყო, მაგალითად, ხიდებისა და გზების მშენებლობაზე.
_ ამას რატომ აკეთებდნენ?
_ ხელისუფლება სთხოვდა. იგივე „სოკარი“ საწვავის შემოტანა-გაყიდვით იყო დაკავებული, მაგრამ სთხოვდნენ, რომ ფული სხვა პროექტებშიც ჩაედო, ანუ კომერციულად კი არ ჩაედო, არამედ ფული გადაეხადა. ქართველი ბიზნესმენების მსგავსად ფულს აზერბაიჯანელებსაც ვერ შეაწერდნენ, ამიტომ გარეჯის თემა, როგორც ჩანს, ამ ტიპის პრეფერენსიებში ან სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებში გაიცვალა.
_ ის, რომ აზერბაიჯანულ ფირმებს ფული ჩვენს ინფრასტრუქტურებში უნდა ჩაედოთ, ოფიციალურ ბაქოსთან შეთანხმებული იყო?
_ რასაკვირველია. ყველა აზერბაიჯანული ბიზნესი, რომელიც საქართველოში აქტიურობს, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფოზეა მიბმული, ანუ დაახლოებით იგივე სქემა მუშაობს, რომელიც საქართველოში რუსულ ბიზნესზეა.
_ რას გულისხმობთ?
_ „წყალკანალი“ „რაპაპორტისაა“, მაგრამ სინამდვილეში სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც ისეა დარეგისტრირებული, როგორც კერძო ფირმა…
_ ბატონო მამუკა, თქვენი მონათხრობით, ყველაფერ ამაში აზერბაიჯანის ხელისუფლებაც გამოდის ჩართული. ე. ი., დიდი საერთაშორისო სკანდალი გველოდება, არა?
_ ჯერ ერთი, საერთაშორისო სკანდალი ისედაც არის. მეორეც, აზერბაიჯანის ხელისუფლებას თავისი ინტერესი ჰქონდა.
_ სახელდობრ?
_ ეს ინტერესები სახელმწიფო იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.
საერთოდ, თავისი ინტერესები ყველა ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, რომელსაც ნებსიმიერი ხერხით ახორციელებს, თუ ეს ხერხი ნაკლებად კრიმინალურია, მისაღებია და თუ საშუალებას მისცემ, რომ ეს ინტერესები სისრულეში მოიყვანოს, რატომ არ გაატარებს?
აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებაში არაკანონიერი არაფერია, რადგან ნება ქართულმა მხარემ დართო. სხვათა შორის, 90-იანი წლების ბოლოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ახალი იდეოლოგიური პოსტულატი წარმოადგინა, რომ აზერბაიჯანელები ალბანური კულტურის მემკვიდრეები არიან, თუმცა ამას ისტორიულ-მატერიალური არგუმენტაცია სჭირდება. დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანურ მემკვიდრეობადაა გამოცხადებული, მაგალითად, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, ასევე იშის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ისტორიულად ქართული კულტურის ნაწილია…
ამის შემდეგ მოდის ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები, რომელთაც სომეხი მონოფიზიტები თავისად მიიჩნევენ. ეს მონასტრები ისე რომ იდენტიფიცირებულიყო, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებას სჭირდებოდა, ამიტომაც ზემოხსენებული იდეის _ ალბანური მემკვიდრეობის პოპულარიზაცა დაიწყო. ყარაბაღში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი, აზერბაიჯანული ვერსიით, ალბანური მემკვიდრეობაა. ზუსტად ეს მოხდა დავითგარეჯასთან მიმართებითაც.
_ ბატონო მამუკა, დავითგარეჯის საქმე მელაშვილი-ილიჩოვას დაპატიმრებით დამთავრდება?
_ არავითარ შემთხვევაში.
_ აბა?
_ მიმაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებიც წინა თუ ამ ხელისუფლებაში ამ საქმით იყვნენ და არიან დაკავებულები, თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ!
_ ამ ხელისუფლების რომელ წარმომადგენლებზე აკეთებთ აქცენტს?
_ 2017 წლამდე კომისია ხომ იმ ვერსიით მუშაობდა, რომელიც მანამდე არსებობდა? ამ კომისიაში მელაშვილისა და ილიჩოვას გარდა სხვებიც ხომ იყვნენ?
_ დიახ, იყვნენ.
_ ჰოდა, ყველას თავისი მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და საზოგადოებამ მათი სახელები და გვარები უნდა იცოდეს! სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ყველას ვერ მოსთხოვ.
_ რატომ?
_ პასუხისმგებლები კონკრეტული ადამიანები იყვნენ და არა _ კომისიის ყველა წევრი.
რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, გამოძიება, რასაკვირველია, ძირისძირობამდე უნდა ჩავიდეს, ყველაფერი ეს რატომ მოხდა _ რაღაცა მართლაც რამეში გაიცვალა თუ, უბრალოდ, ბანალური ქრთამი აიღეს, რათა მაშინდელ ხელისუფლებას იმ უბედურებაზე, რაც მოხდა, თვალი დაეხუჭა.
_ ე. ი., ბრალდებულთა წრე შეიძლება, გაიზარდოს?
_ არ ვიცი, თუმცა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს დავამატებ.
_ გისმენთ.
_ მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს: 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, იმის გარდა, რაც რუსეთმა ომით წაიღო, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გვაქვს. ეს საკამათო სიტუაციები მხოლოდ აზერბიჯანის კი არა, სომხეთის საზღვარზეცაა და რუსეთისაზეც.
რომ ჩამოგითვალოთ, ამ წლების განმავლობაში ჩუმად რა ტერიტორიები დავკარგეთ, უბრალოდ, გული გაგისკდებათ! აი, მაგალითდ: თუშეთის ტერიტორიაზე, სოფელ დიკლოსთან, ასევე ხევსურეთის, ლარსის საგუშაგოსა და რაჭის მონაკვეთი. დავითგარეჯის გარდა, საქართველო-აზერბიჯანის საზღვარზე კიდევ რამდენიმე მონაკვეთია…
ერთი სიტყვით, ჩვენი უბედრება ისაა, რომ ზოგი ძალით წაიღებს, ზოგი _ ჩუმად და ზოგიც _ ჩვენი მაღალჩინოსნების ფეხებზემკიდია დამოკიდებულების ან მოღალატეობრივი საქციელის გამო…
მტკიცებას ვერ დავიწყებ, ვინ რა ჩაიდინა _ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. გავიხსენოთ თუნდაც 2011 წელს რაჭაში ნიკოლოზის ხიდი როგორ ააფეთქეს და რამდენი ტერიტორია დავკარგეთ.
_ ე. ი., ყველაფერი ეს ერთმანეთთან კავშირშია?
_ საბოლოო ჯამში, ყველაფერს ამას საქართველოს სასაზღვრო ზოლის ნაწილის დაკარგვა ჰქვია.
რაც შეეხება გარეჯის თემას, იმ რუკას, რაც ხიდაშელმა თბილისში ჩამოიტანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში არაერთი ადამიანი დავდევდით. პირადად მე ყველგან _ მოლდოვიდან _ ულიანოვსკამდე, დაკეტილი კარი დამხვდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ რუკა არ ჰქონდათ, არამედ ვატყობდი, რომ ეს გარკვეული პოლიტიკა იყო. ხიდაშელის ნამუშევარი, გარკვეულწილად, გასაოცარი ამიტომაცაა.
_ გამორიცხავთ, რომ ხიდაშელს რუკა რუსულმა სპეცსამსახურებმა მისცეს?
_ აი, საოცრება ესაა: არავის სჯერა, მაგრამ რუსეთი ისეთი კორუმპირებული ქვეყანაა, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურების დახმარება არარელევანტურია. ამას გეუბნებით კაცი, რომელმაც გარკვეული გზები გაიარა. მოკლედ, ეს პატარა ადამიანს შეიძლება, დიდი ფულის გამო გაეკეთებინა.
_ ეს ფული ხიდაშელს შესაძლოა, ივანიშვილმა მისცა?
_ შეიძლება, მაგრამ თვითონაც ძალიან დიდი ფულის პატრონია და ივანიშვილის მიერ მიცემული ფული რად უნდა? აქ მილიარდებზე კი არა, რამდენიმე ათეულ ან ასეულ ათას დოლარზე იქნება ლაპარაკი.
მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და ეს ისეთი თემაა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ნამდვილად არ გამოდგება!
გიორგი აბაშიძე