მალხაზ მაჩალიკაშვილი: „26 ოქტომბერს გადაწყდება, საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით თუ დასავლეთისკენ წავალთ“

შორენა მარსაგიშვლი

სამოქალაქო აქტივისტი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის მსგავსად ელოდა, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებდა. გაერთიანება არ შედგა, რამაც ბევრს გაუცრუა იმედი და დაუკარგა რწმენა იმისა, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება. იმედგაცრუებულია მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ამის მიუხედავად, ის იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ყველფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

რისთვის უნდა იყოს ოპოზიცია და ხალხი მზად? ვის კისერზეა საქართველოში გაყალბებული არჩევნების გათეთრება? არის თუ არა მზად ოპოზიცია და საზოგადოება საკუთარი ხმების დასაცავად? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მალხაზ მაჩალიკაშვილი:

_ ბატონო მალხაზ, ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიცია სულ იმაზე საუბრობდა, რომ საჭირო იყო გაერთიანება, რათა ეს ხელისუფლება დამარცხებულიყო. გაერთიანება ვერ შდგა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ისევ დარჩება?

_ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ არჩევნებზე მართლა წყდება საქართველოს ბედი. ამ დღის შემდეგ გაირკვევა, საქართველო წინ წავა დასავლეთისკენ, თუ უკან, საზიზღარ და დამპალ საბჭოთა კავშირში დაბრუნდება. მთელი ეს პერიოდი ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ეს ხალხის დაკვეთააო. ასეთი დაკვეთა მართლაც ჰქონდა ხალხს, მაგრამ ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება. ამან ბევრი ადამიანის იმედგაცრუება გამოიწვია. იმედი მეც გამიცრუვდა. ახლა გაცილებით უფრო ძნელი იქნება ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ არა შეუძლებელი. ამიტომაც თუ ცვლილება გვინდა, ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი. ახლა მართლა წყდება საქართველოს მომავალი. ჩვენ შესაძლოა, ბოროტ და დამპალ საბჭოთა კავშირში დავბრუნდეთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

ხშირად მაქვს ხალხთან ურთიერთობა და საუბარი, შესაბამისად, კარგად ვიცი მისი განწყობა. ხალხს უკვე ატანა აღარ აქვს ამ ხელისუფლების, რომელიც გარდა იმისა, რომ ათას უსამართლობას სჩადის, საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს. ხალხის ასეთი განწყობები მაძლევს იმის იმედს, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე აუცილებლად წავა და არჩევანს გააკეთებს.

_ იმის გამო, რომ ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი, შესაძლოა, არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს.

_ ამ ხალხის განწყობისაც კარგად მესმის. ხალხის დაკვეთა იყო ოპოზიციის გაერთიანება. გაერთიანება არ შედგა და ამიტომ ადამიანები ნაწყენები არიან. მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ ისინი არჩევნებზე არ წავიდნენ. ახლა საქართველოს მომავლის ბედი წყდება და ეს ყველა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს. დიდი ოპოზიციური ერთობა არ არის, მაგრამ არის რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი და მათთვის შეიძლება მხარის დაჭერა. ახლა ამომრჩეველზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა საქართველოს მომავლის ბედი წყდება. პოლიტიკოსების გარდა პასუხისმგებლობა მოსახლეობამაც უნდა იგრძნოს. 

_ თქვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთანაც გაქვთ კავშირი, პირადად იცნობთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შედგა გაერთიანება, რომლის აუცილებლობაზე თავადაც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ?

_ გაერთიანება არ არის ასეთი მარტივი ამბავი. როდესაც დიდი გაერთიანება დგება, იქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ბევრმა ვინმემ ბევრ ამბიციაზე უნდა თქვას უარი. საქართველოში კი საკუთარი ამბიციების უკან გადაწევა ძალიან გვიჭირს. ეს მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება, ეს ყველა ჩვენგანის სენია. ვფიქრობ, ამბიციებია მთავარი მიზეზი, დიდი გაერთიანება რომ არ შედგა.

_ ვითომ, მხოლოდ ამბიციების ბრალია, დიდი ოპოზიციური ერთობა რომ არ შედგა? სხვა მიზეზები არ არის?

_ არის, მაგრამ მთავარი მაინც ამბიციურობაა. კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოში გვიჭირს ჩვენს ამბიციებზე უარის თქმა. ასე იყო თუ ისე, დიდი ოპოზიციური ერთობა არ შედგა. ამის მიუხედავად, მაინც უნდა წავიდეთ არჩევნებზე. კიდევ გავიმეორებ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება. როგორც თქვეს, ეს არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. 26 ოქტომბერს ვწყვეტთ, თუ სად იქნება საქართველო _ დასავლეთში, თუ დამპალ საბჭოთა კავშირში, სადაც ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც. დასრულებაში იმას არ ვგულისხმობ, რომ საერთოდ გაქრება, პოლიტიკაში, ალბათ, დარჩებიან, მაგრამ ხელისუფლებაში აღარ უნდა იყვნენ. ხალხს „ქართული ოცნების“ დანახვაც კი აღარ უნდა.

_ საზოგადოების დიდ ნაწილს მართლა აღარ უნდა „ქართული ოცნება“, მაგრამ ამბობს, რომ ოპოზიციაშიც არავინაა ისეთი, რომ მასზე არჩევანი გაკეთდესო.  ამ განწყობის ხალხს რას ეტყოდით?

_ უნაკლო არავინ არის, ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება გვქონდეს პრეტენზია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ქვეყნის მომავალს ემუქრება საფრთხე, მაშინ შენც უნდა დათმო ამბიციები და რაღაც არჩევანი გააკეთო. ერთი ძალა მაინც უნდა იყოს ამდენ პარტიაში ისეთი, რომ მას მისცე ხმა. მთავარია, „ქართული ოცნება“ აღარ დარჩეს ხელისუფლებაში.

_ ე. ი. არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს ხალხმა.

_ ასეა. ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობას სულ ასეთი არჩევანის გაკეთება უწევს. ახლაც ასეა, მაგრამ ასეთი უარესი ხელისუფალი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე. თუ ვინმე იმის გამო არ მიდის, რომ ოპოზიციური გაერთიანება არ შედგა, დაიმახსოვროს, რომ გაერთიანება არჩევნების შემდეგ მოხდება.

_ რა გაერთიანება მოხდება?

_ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას აუცილებლად დასჭირდება ერთად დადგომა ხმების დასაცავად. მაშინ ნამდვილად აღარ იქნება იმის ძახილის დრო, მე „ნაციონალების“ გვერდით აღარ დავდგებიო.

_ „ნაციონალები“ ახსენეთ და ბევრი იმიტომ არ მიდის არჩევნებზე, რომ არ უნდა, „ოცნება“ ისევ „ნაციონალებით“ ჩაანაცვლოს. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრუნებ ხელისუფლებაში. 12 წელია, „ნაციონალების“ დაბრუნებით აშინებენ ხალხს და ამან უკვე სასაცილო სახე მიიღო. იმ ხალხისაც კარგად მესმის, ვისაც „ნაციონალების“ დაბრუნება არ უნდა. ამ პარტიასაც ჰქონდა შეცდომები და დანაშაულები, მაგრამ ისეთი არა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა და ახლაც სჩადის. ვისაც იმის ეშინია, რომ თუ „ოცნება“ წავა, „ნაციონალები“ დაბრუნდებიანო, შემიძლია დავამშვიდო, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდებიან. ეს გამორიცხული ამბავია

_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?

_ იმიტომ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, საქართველოში იქნება კოალიციური მთავრობა, ეს კი გამორიცხავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ხელისუფლების სათავეში. ხოლო იმათ, ვისაც ძალიან ეშინია „ნაციონალური“ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა, მათ მინდა ვუთხრა, რომ მაშინ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცეთ ხმა. ეს პარტია ყოფილი „ნაციონალებით“ არის სავსე. „ნაციონალების“ მთავარი დამფინანსებელი იყო ბიძინა ივანიშვილი. კახა კალაძეც „ნაციონალი“ იყო და მთელი ეს პარტია მოღალატეებით არის სავსე. მათ თავის დროზე უღალატეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა სამშობლოს წინააღმდეგ მიდიან, ასე რომ, „ნაციონალები“ თუ არ გინდათ, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ უნდა დაასრულოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გვინდა, საქართველო დასავლური ყაიდის ქვეყანა იყოს. და თუ მართლა გვინდა ეს, მაშინ კოალიციური მთავრობა უნდა გვყავდეს. დასავლური სტანდარტები ერთპიროვნულ მმართველობას არ ცნობს. საქართველოშიც უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა.

_ საქართველოში კოალიციური მთავრობა როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენ ამის გამოცდილება არასდროს გვქონია.

_ ეს ძალიან მარტივი არ იქნება, მაგრამ მივეჩვევით. საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ვიღაცებს წლების წინათ ისიც ეგონათ, რომ საქართველო დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა, მაგრამ არსებობს. კოალიციურ მმართველობასაც მშვენივრად მივიღებთ. პრობლემები იქნება, მაგრამ ერთპიროვნულ მმართველობას ბევრად აჯობებს.

_ რა შეიცვლება კოალიციური მმართველობით, თუ ხელისუფლებაში ისევ ის ხალხი იქნება, ვინც ახლა არის პოლიტიკაში?

_ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ადამიანები პოლიტიკაში დიდი ხანი არ უნდა იყვნენ და საჭიროა ამ ველზე ახალი ხალხის შემოსვლა.  სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება, სულ ერთი და იგივე სახეებია პოლიტიკაში. ამიტომ, გვინდა თუ არა, კოალიციურ მთავრობაში ამ ნაცნობი სახეების ხილვა მოგვიწევს.

_ ახალი ხალხი რატომ არ შემოდის პოლიტიკაში? როდემდე შეიძლება ერთი და იგივე ხალხმა იტრიალოს?

_ საქართველო პატარა ქვეყანაა და ცოტანი ვართ. შესაბამისადაც, დიდი არჩევანი არ გვაქვს. ბევრს არ უნდა პოლიტიკაში წასვლა, ამიტომაც ტრიალებს ერთი და იგივე ხალხი. მათგან ბევრია ღირსეული ადამიანი. ისინი კოალიციურ მთავრობაში თუ იქნებიან, ბევრ სიკეთეს მოუტანენ ქვეყანას. იმაზე მეტს ნამდვილად არ დააშავებენ, რაც „ოცებამ“ დააშავა. არის მეორე ფაქტორიც, რომ პოლიტიკაში ახალ ხალხსაც არ უშვებენ. მაგრამ ამ მიმართულებით აუცილებლად მოხდება გარდატეხა. ამას ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდობა გააკეთებს.

_ ახალგაზრდები შემოვლენ პოლიტიკაში?

_ ახალგაზრდები უკვე შემოვიდნენ პოლიტიკაში და ეს პროცესი მალე კიდევ უფრო გააქტიურდება. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ვნახე ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებიც საოცრად ჭკვიანები არიან. ისინი აუც8ილებლად უნდა შემოვიდნენ პოლიტიკაში. ახალგაზრდული მუხტი ძალიან სჭირდება საქართველოს. ისინი აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას პოლიტიკაში. მათ პოლიტიკაში შემოსვლას მე მხოლოდ მივესალმები.

_ პოლიტიკაში შემოსვლამდე ეს ახალგაზრდები არჩევნებზე უნდა მივიდნენ და არჩევანი გააკეთონ. ახალგაზრდობა, რატომღაც, ყველა არჩევნებზე პასიურობს. ამ არჩევნებზე იქნება ამ მხრივ გამონაკლისი?

_ ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მათ ყველაზე მეტად და უკეთ აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს არჩევნები საქართველოს მომავლის რეფერენდუმია. ეს ახალგაზრდები დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და მონობაში დაბრუნებას არ დაუშვებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები წავლენ არჩევნებზე და არჩევანს გააკეთებენ საქართველოს დასავლური გზის სასარგებლოდ. რუსეთში დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. საქართველოს ჰყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ისინი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან და მერე უკვე ქვეყნის შენებაში შეიტანენ თავის წვლილს. ასეთი საპროტესტო მუხტი ახალგაზრდებში არასდროს ყოფილა აქამდე. არ ყოფილა იმიტომ, რომ ასე აშკარად არასდროს ვმდგარვართ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საქართველოს ღიად და დაუფარავად მიაქანებს რუსეთში. ღიად ამბობენ, რომ მათი გზა არ მიდის დასავლეთში. ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის მსახური და ასრულებს რუსეთის დავალებებს. რუსეთს მისთვის დავალებული აქვს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს, რასაც, პირველ რიგში, ჩვენი ახალგაზრდობა არ დაუშვებს. ვინც კიდევ რაიმე მიზეზით იკავებს თავს არჩევნებზე წასვლისგან, მათ კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მომავლის ბედი წყდება. მეც ბევრი რამე არ მომწონს ოპოზიციაში, მაგრამ მაინც მივდივარ არჩევნებზე. არჩევნებამდე ათას ტყუილსა და პროპაგანდისტულ მესიჯს გამოაგდებენ ხელისუფლების მსახურები, მაგრამ ყური არ უნდა დავუგდოთ. ისინი საქართველოს რუსეთში აბრუნებენ. რუსეთი კი უბედურება და სიღატაკეა. საქართველოს იქ არაფერი ესაქმება. საქართველოს ადგილი ევროპაშია. თუ მართლა მშვიდობა გვინდა, მაშინ დასავლური გზა უნდა ავირჩიოთ.

_ მშვიდობა ახსენეთ და ამ თემით მმართველი პარტია კარგად მანიპულირებს. საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ  სწორედ მათი წყალობით არის დღეს ქვეყანაში მშვიდობა.

_ ხალხს მათი პროპაგანდის აღარ სჯერა. ხალხი იმასაც კარგად ხედავს, რომ საქართველოში სულაც არ არის მშვიდობა. მშვიდობა მარტო ის არაა, რომ შენს ტერიტორიაზე ომი არ მიდის. რანაირი მშვიდობა გვაქვს, როცა ადამიანებს ყოველდღე კლავენ? რანაირი მშვიდობა გვაქვს, როცა რუსები ყოველდღე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს? რანაირი მშვიდობა გვაქვს, როცა ჩვენი მიწების ოკუპაცია მიმდინარეობს? მშვიდობის დროს ქვეყანა ტერიტორიებს არ კარგავს. ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის დასავლეთი. რუსეთი და მშვიდობა ერთად გამორიცხულია.

_ ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების გარანტი მართლაც დასავლეთია, მაგრამ „ოცნებამ“ ბევრს დააჯერა, რომ დასავლეთს სურდა საქართველო ომში ჩაეთრია რუსეთის წინააღმდეგ. არაერთი განცხადება გააკეთეს, მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდნენო.

_ მეორე ფრონტის გახსნა ჩვენთვის არავის უთხოვია და ეს არის სისულელე. ამათ რომ რაიმე ფაქტები ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ. მეორე ფრონტი რუსეთში უკვე გახსნილია და ეს თავად უკრაინამ გააკეთა, როცა კურსკში შეიჭრა. ასე რომ, „ოცნებას“ აღარ გამოუვა მეორე ფრონტის გახსნის თემით მანიპულირება. სამაგიეროდ, ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და მაინტერესებს, მზად არის თუ არა ოპოზიცია და საზოგადოება, დაიცვას საკუთარი ხმები.

_ როგორც წესი, ხმების დაცვა ყოველთვის ძალიან უჭირს ოპოზიციას.

_ ამიტომაც დავსვი ეს კითხვა. ოპოზიცია ახლავე უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის 20 საათიდან ხმების დაცვაზე იზრუნოს. ივანიშვილი  ამ არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს. არჩევნების შედეგებს გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ მათ გაიმარჯვეს. არა მგონია, რომ მათ მთლად 60% დაიწერონ, მაგრამ 50%-ზე მეტს დაიწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. მე მაინტერესებს, რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია? შეძლებენ ერთად დადგომას და ბრძოლას? უნდათ თუ არა, ეს უნდა შეძლონ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ შეგვეძლო, რომ არჩევნების გაყალბებისთვის წერტილი დაგვესვა. ოპოზიციას მაშინ პარლამენტისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული. მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, მაგრამ ყველაფერი დასავლეთმა ჩაშალა. შესაძლოა, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ მე სიმართლე უნდა ვთქვა, _ მაშინ ივანიშვილს გაყალბებული არჩევნები შარლ მიშელმა და საქართვეოში აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა გაუთეთრეს.  მათვე დაარწმუნეს ოპოზიცია, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. არადა, სულ ცოტა დრო გვაშორებდა ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე. მაგრამ მიშელმა და დეგნანმა ეს ჩაშალეს. და მათი დიდი დამსახურებაა დღეს, რომ საქართველოს მისი ხელისუფლება რუსეთში მიაქანებს.

_ რა გარანტიაა, რომ ამ არჩევნების შემდეგაც, თუ ისევ ბოიკოტი იქნება, დასავლეთი ისევ არ დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომ პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია?

_ წელს ეს გამორიცხულია. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საბოლოოდ გამოაჩინეს თავისი სახე. დღეს მთელმა დასავლეთმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კრემლის ხელისუფლების გაგრძელება. დასავლეთი კრემლს მხარს აღარ დაუჭერს, ეს გამორიცხულია. 4 წლის წინათ საქართველოს ხელისუფლება ასეთი ღიად პრორუსული არ იყო. არც რუსული კანონი იყო მიღებული და არც დასავლეთს ლანძღავდნენ ასე დაუფარავად. არც უკრაინის ომი იყო. უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო შეცვალა. დასავლეთმაც დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ივანიშვილის ხელისუფლება კი კრემლის გაგრძელებაა. ამიტომ ამ არჩევნებზე დასავლეთი აღარ დახუჭავს თვალს გაყალბებაზე. ივანიშვილს ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. აღარც აქვს და ამიტომ ლანძღავს ასე დაუფარავად ევროპასა და ამერიკას.

გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენიმე ათეულ კაცს, სანქციები დაუწესა. სანქციების პაკეტი შემუშავდა ივანიშვილის წინააღმდეგაც. დასავლეთი ასე იოლად არ აწესებს სანქციებს და რაკი ეს სანქციები დაწესდა, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი სერიოზულ პასუხს მიიღებს იმ პოლიტიკისთვის, რასაც საქართველოში ატარებს. რუსული კანონის მიღებას დასავლეთი არ გაატარებს. არც იმ სიძულვილს გაატარებს, რაც ამ ქვეყანაში დაითესა განსხვავებული ადამიანების მიმართ.

_ რუსული კანონი ახსენეთ და დასავლეთმა მეორე რუსული კანონი უწოდა ლგბტქ+ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. ამ მეორე რუსული კანონის მიღების მომდევნო დღეს საქართველოში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. ეს შესაძლოა, რუსულ კანონს არ უკავშირდება, მაგრამ სიძულვილის ენის დამსახურება ნამდვილად არის.

_ საქართველო ოდითგანვე იყო ტოლერანტული ქვეყანა. აქ არავის დევნიდნენ იმის გამო, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელი იყო. მე ისლამის მიმდევარი ვარ, მაგრამ ამის გამო არასდროს შემქმნია პრობლემა. ვფიქრობ, არც განსხვავებული ორიენტაციის ხალხს უნდა შეექმნას პრობლემები. რას ნიშნავს მათ წინააღმდეგ კანონის მიღება? ის ადამიანები თავისთვის ცხოვრობენ. და რაკი ისინი განსხვავებულები არიან, ამიტომ უნდა დავსაჯოთ ან დავჩაგროთ? ასე არ შეიძლება. ამის უფლება არავის აქვს. ასეთი რამე რუსეთში ხდება. ეს კანონიც რუსეთიდან წამოიღეს. სიძულვილის გაღვივება კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს. ეს სიძულვილი და რუსული ხელისუფლება არჩევნებზე უნდა დასრულდეს.

დასრულდება კიდევაც, მაგრამ ამისთვის ბევრი ბრძოლა მოგვიწევს. ბრძოლაში მშვიდობიან პროტესტს ვგულისხმობ. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25%-ზე ზევით არ არის, მაგრამ 50%-ზე მეტს დაიწერენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და  ხმების დაცვაზე იზრუნოს. ახალგაზრდები ნამდვილად დადგებიან ხმების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, აღარც ოპოზიციიდან მიეყიდება ვინმე ხელისუფლებას. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ახლა მართლა საქართველოს მომავალი წყდება. და რაც მთავარია, როგორც უკვე ვთქვი, აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებზე. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა ისევ შეტრიალდება დასავლეთისკენ. და თუ ვინმეს მართლა მშვიდობით და ღირსებით ცხოვრება უნდა, მაშინ დასავლეთისკენ უნდა იყუროს. რუსეთში ღირსება და მშვიდობა არ არსებობს. საქართველოს ადგილი რუსეთში არ არის.