მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ოცნების“ წასვლის შემდეგ ამ ბავშვების სიმართლეც დამტკიცდება“

ბევრი იწრიალა თუ ცოტა, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „სახალხო პარტიის“ წევრი გახდა. აცხადებს, რომ პოლიტიკური კარიერა სწორედ ამ პარტიიდან დაიწყო. ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული თუ გამოგდებული ტიპები ხშირად წევრიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში. ეს ლამის ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა გოგაშვილის შემთხვევა განსაკუთრებულია. ამ ადამიანის სახელი ბევრ სიბინძურეს და სკანდალს უკავშირდება. როგორც ამბობენ ხელისუფლების მამხილებელ კომპრომატებსაც ხშირად ის აწვდიდა და ახლაც აწვდის მედიის ნაწილს. იმასაც ამბობენ, რომ მან რამდენჯერმე სცადა ხელისუფლების დაშანტაჟება და ბიძინა ივანიშვილამდე მისვლა. შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ გოგაშვილს თავის გადარჩენა უნდა.

რომელ პარტიებთან აწარმოებდა გოგაშვილი მოლაპარაკებებს? რას იხდიდა პარტიაში გაწევრიანების სანაცვლოდ? რას უკავშირდება პანკისში ჩატარებული ბოლო სპეცოპერაცია? რა მინიშნება მისცა „ქართულმა ოცნებამ“ მოსკოვს? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მალხაზ, სოსო გოგაშვილმა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა. ის სახალხო პარტიაში გაწევრიანდა. თქვენი აზრით, გოგაშვილმა თავის გადასარჩენად გააკეთა ეს, თუ ხელისუფლებამ უბრძანა ასე მოქცევა?

_ არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. პირადად მე არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ გოგაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის პროექტია. როცა გოგაშვილზე ვსაუბრობთ, იქ ყველაფერია მოსალოდნელი.

_ თქვით, შეიძლება, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროექტი იყოსო. რომელი პარტია გყავთ მხედველობაში?

_ „ქართული ოცნება“. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ მისი გამოყენება გადაწყვიტა.

_ რაში ან როგორ უნდა გამოიყენონ სოსო გოგაშვილი?

_ ამ ადამიანმა იშოვა ძალიან დიდი ფული და საარჩევნოდ დაახარჯვინებენ.

_ სოსო გოგაშვილს რაში აწყობს ფულის დახარჯვა? რატომ დათანხმდა?

_ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ულტიმატუმი წამოუყენეს მას. თავად დიდი სურვილი არ ექნება ფულის დახარჯვის, მაგრამ „ოცნება“ მოსთხოვდა. სხვა შემთხვევაში მას პრობლემებს შეუქმნიდნენ. არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი ინიციატივით წავიდა „სახალხო პარტიაში“. ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცული იქნება.
ყველამ კარგად იცის, როგორი ბინძური ადამიანია გოგაშვილი. მის კისერზე უამრავი დანაშაულია. ნებისმიერ წუთში შეუძლიათ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ის გრძნობს, რომ ხელისუფლებას მისი დაჭერა უნდა, ამიტომაც წავიდა პარტიაში. დიდი ალბათობით, მას თავის გადარჩენა უნდა.

_ პარტიამ როგორ უნდა იხსნას დაჭერისგან? ხელისუფლებამ ვისი დაჭერაც მოისურვა, ყველა დაიჭირა. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. გოგაშვილი სახალხო პარტიამ როგორ უნდა იხსნას ციხიდან?

_ ხელისუფლება თუ მყარად გადაწყვეტს გოგაშვილის დაჭერას, მაშინ მას ვერანაირი პარტია ვერ იხსნის. „სახალხო პარტია“ ითვლება ოპოზიციურ პარტიად და მის წევრ გოგაშვილს თუ დააკავებენ, ამას პოლიტიკური სარჩული დაედება. იმას კი არ იტყვიან, მის მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის დააკავესო, მტკიცებას დაიწყებენ, პოლიტიკური საქმიანობის გამო დასაჯესო.
გოგაშვილი დიდი ხანია ცდილობს გახდეს პოლიტიკური პარტიის წევრი. ბევრ პარტიაში მივიდა, მაგრამ „სახალხო პარტიის“ გარდა არც ერთმა პარტიამ არ მოინდომა მისი მიღება.

_ „სახალხო პარტიაში“ გაწევრიანებამდე სხვა პარტიებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს?

_ თითქმის ყველა პარტია მოიარა, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ამ ბინძურთან თანამშრომლობა არავის სურს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მან „ნაციონალებთანაც“ სცადა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ იმათ უარით გამოისტუმრეს.

_ პარტიებთან რომ მიდიოდა, რას ეუბნებოდა?

_ თქვენს რიგებში მიმიღეთ და ვალში არ დაგრჩებითო.

_ ეს ვალში არდარჩენა რას ნიშნავდა? ფულს მიიტანდა იმ პარტიაში თუ კომპრომატებს? ერთიც ოხრად აქვს გოგაშვილს და მეორეც.

_ ზუსტად არ ვიცი, რა შეთავაზებებს აკეთებდა. თქვენი არ იყოს, მეც ვფიქრობ, რომ ან დაფინანსებას შესთავაზებდა, ან კომპრომატებს. შეიძლება, ორივე ერთად შესთავაზა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. წლების განმავლობაში იყო სუსის უფროსის მოადგილე და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანზე ექნება მამხილებელი მასალები. სერიოზულად ეცადა, პოლიტიკური პარტიის წევრი გამხდარიყო, მაგრამ არ მიიღეს. „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტიას უჭირს ფინანსურად. გოგაშვილის მსგავსი ფულიანი ტიპი ყველას გამოადგებოდა, მაგრამ ისეთი წარსული აქვს, მისი ფულიც არ ინდომეს. ასე მოხვდა „სახალხო პარტიაში“.
ბოლო ხანებში არაერთხელ დადგა დღის წესრიგში მისი დაჭერის საკითხი. თავის გადასარჩენად გახდა პოლიტიკოსი. როგორც ზემოთ გითხარით, ახლა თუ დააკავებენ იტყვიან, რომ პოლიტიკური მოტივით დაიჭირეს. „ოცნება“ რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ გოგაშვილი რომ ყველა ხერხით ცდილობს თავის გადარჩენას, ეს აშკარაა.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ადამიანს ვერასდროს იტანდნენ. ერთი სული ჰქონდათ, როდის მოიშორებდნენ სუსიდან. ამ უწყებიდან ერთი განცხადების გამო გააგდეს. ამას „ქართული ოცნება“ საგულდაგულოდ მალავს.

_ რა განცხადების გამო გააგდეს?

_ ამ ბრიყვმა თქვა, რომ თითქოს ახმედ ჩატაევი უკავშირდებოდა თემირლანს, თემირლანი დამიკავშირდა მე. იმდენად აბსურდული იყო ეს განცხადება, რომ გოგაშვილი სუსიდან გააგდეს. ხმამაღლა ამ მიზეზს არ ახმოვანებენ. სუსიდან გაშვებიდან ცოტა ხანში ის პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოღვაწეობდა, მაგრამ იქიდანაც გააგდეს.

_ როგორც ამბობენ, გახარიამ მოითხოვა პარტიიდან მისი გაგდება.

_ ვერ გეტყვით, ვინ მოინდომა მისი გაგდება, მე ის ვიცი, რომ „ოცნებიდან“ გააძევეს. ბევრი ეცადა უკან დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. არც ოპოზიციამ გაიკარა. ახლახან ვიგებთ, რომ ის „სახალხო პარტიის“ წევრი გახდა. აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ასეთი პარტია არსებობდა.

_ ამ პარტიას არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, ამიტომაა გასაკვირი, გოგაშვილი როგორ მიიღეს.

_ ალბათ დაფინანსებას დაჰპირდა ან რაიმე სხვა მიზეზი ჰქონდათ, რომ ეს ბინძური კაცი მიეღოთ. ამ პარტიის ლიდერმა თქვა, წლების წინ გოგაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყოო. სადაც არ უნდა წავიდეს, იმ ცოდვებსა და სისხლს ვერ ჩამოირეცხავს, რაც მხრებზე აწევს. სადაც არ უნდა წავიდეს, მე მას თავს არ დავანებებ და მოვითხოვ, რომ ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს.

_ გოგაშვილის არ იყოს, პოლიტიკაში მოსვლა თქვენც გადაწყვიტეთ, დუისის მაჟორიტარად იყრით კენჭს. ოპოზიციის დიდი ნაწილი თქვენ გიჭერთ მხარს. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

_ ბევრი დაიწერა, მაჩალიკაშვილმა პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში წავიდაო. გულწრფელად გეტყვით, ასეთი შეფასებები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

_ რატომ არის მიუღებელი? თქვენ ხომ იყრით კენჭს? ე. ი. პოლიტიკაში ხართ.

_ არჩევნებში ვმონაწილეობ, მაგრამ ამას პოლიტიკაში მოსვლა არ ჰქვია. სხვები შეიძლება ასე ფიქრობენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში შევედი. ეს სულ სხვა რამეა.

_ რა არის?

_ ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მე გამორჩეულად არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს. „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პარტიის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. გასაგები მიზეზების გამო ვერც „სახალხო პარტიას“ ვუგულშემატკივრებ, იქ სოსოა გოგაშვილი. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი სოფლის დეპუტატი, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. მე, უბრალოდ, არჩევნებში ჩავერთე აქტიურად.
ოპოზიციას პანკისში, ბუნებრივია, ჰყავს მხარდამჭერები. მათთან მქონდა შეხვედრა და საუბარი. მათ ვუთხარი, რომ რომელიმე მათგანს დაეყენებინა თავისი კანდიდატურა, რათა „ოცნებას“ პანკისიდან ნაკლები ხმები წაეღო. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ერთგვარი რეფერენდუმის ფუნქციაც აქვს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქედან „ოცნებამ“ რაც შეიძლება ნაკლები ხმები წაიღოს. ამიტომ დავაყენე ჩემი კანდიდატურა. მაჩალიკაშვილს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ეს ნაბიჯი იძულებითია, ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია.

_ მხოლოდ იმიტომ იყრით კენჭს, რომ „ოცნებას“ წაართვათ ხმები?

_ ამ ეტაპზე სხვა მიზანი არ გამაჩნია. ამ ეტაპზე ჩემთვის პოლიტიკაში წასვლა მიუღებელია. ამაზე არასდროს მიფიქრია. ჩემს საქმეს თუ დასჭირდა, შეიძლება წავიდე პოლიტიკაში.

_ როცა ამბობთ, ჩემს საქმეს თუ დასჭირდაო, რას გულისხმობთ?

_ თემირლანის საქმის გამოძიებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს. ახლა პოლიტიკაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ იმას ვცდილობ, „ოცნებამ“ ხმები დაკარგოს. მინდა, რომ ხეობაში სიტუაცია შეიცვალოს. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ძალოვნებმა ქისტების მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ.

_ რას გულისხმობთ? ძალოვნები პანკისელებს ავიწროებენ?

_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი კეთდება, რომ ქისტები ტერორისტებად წარმოგვაჩინონ. წინა კვირას პანკისის ხეობაში ჩაატარეს მორიგი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ტერორიზმის ბრალდებით 5 ახალგაზრდა დააკავეს. ჩვენ, ქისტები, უმცირესობაში ვართ და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მთელ საქართველოს ვერ გავაგებინებთ სიმართლეს. ხელისუფლებას ბევრი საშუალება აქვს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ამ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილი იჯერებს, ნაწილი _ არა.
მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო დაკავებულ ახალგაზრდებთან დაკავშირებით: ხეიბაში ცხოვრობენ პიროვნებები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სუსთან და სხვა სპეცსამსახურებთან. ისინი 18-19 წლის ბიჭებთან შედიან ნდობაში, მერე რაღაც მესიჯებს აწერინებენ, სადღაც არეკინებენ, მათთვის საჭირო რაღაცებს აფიქსირებენ და შემდეგ ეს მასალები მიაქვთ სუსში.
პანკისში არანაირი ტერორისტები არ არიან. ჩვენ, ქისტები, ვართ ისლამის მიმდევრები, მაგრამ ისლამი და ტერორიზმი ერთი და იგივე არ არის. „ქართული ოცნება“ ისე ხატავს სურათს, თითქოს ჩვენ ვართ ტერორისტები და ტერორიზმს ვუჭერთ მხარს. ეს ზღაპარი არის „ქართული ოცნების“ საყრდენი.

_ რას ნიშნავს, ეს არის „ქართული ოცნების“ საყრდენი?

_ პანკისელებს ხატავენ ტერორისტებად, აპატიმრებენ უდანაშაულო ახალგაზრდებს და მერე დასავლეთს ეუბნებიან, ჩვენ ვებრძვით ტერორიზმსო. ამით რუსეთსაც უმზადებენ ერთგვარ ნიადაგს.

_ რა ნიადაგს უმზადებენ რუსეთს?

_ რა ნიადაგს? საქართველოს ტერიტორიაზე რომ შემოიჭრან და ეს შემოჭრა ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციად რომ მონათლონ. პანკისის ხეობა, მოგეხსენებათ, რუსეთს ესაზღვრება. რუსეთს აქ დესანტის გადმოსხმა არ გაუჭირდება.

_ საქართველოს ხელისუფლებას რატომ უნდა უნდოდეს, რომ რუსეთმა მის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატაროს?

_ აბა, საქართველოს ხელისუფლება? „ქართული ოცნება“ ქართული ხელისუფლება არ არის. ის არის ჩვეულებრივი რუსული ფლანგი. ისინი აკეთებენ იმას, რასაც რუსეთიდან უბრძანებენ.
კრემლის მიზანია, საქართველოს იმიჯი შეილახოს. წლების მანძილზე საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა. ეს მოსკოვს არ მოსწონდა. მათ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ აქ მძიმე კრიმინოგენური ვითარება შექმნილიყო. საერთაშორისო იმიჯის შესალახად ცდილობს, ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად გამოაცხადოს.
ტერორიზმის ან ტერორიზმთან თანამშრომლობის ბრალდებით ბევრი დააკავეს პანკისში. გაგიკვირდებათ და არც ერთ დაკავებულს იარაღი არ ჰქონია. უიარაღო ტერორისტები სად გაგონილა? ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. მე გლეხურად შევეცდები ავხსნა, რასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკოსი და იურისტი რომ ვიყო, უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებდი საზოგადოებას. ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა და იურისტმა იცის, თუ რა ხდება ტერორიზმის გარშემო, მაგრამ საუბრისგან თავს იკავებს.

_ მიზეზი?

_ სუსისა და პოლიციის ეშინიათ. სიმართლის თქმა მათ შეიძლება, ძვირად დაუჯდეთ. დაშინებული ჰყავთ ხალხი. სიმართლეს ვერავინ ამბობს და ესენიც სარგებლობენ ამით. პანკისელ ახალგაზრდებს ისლამურ სახელმწფოსთან აიგივებენ.

_ მთლად უმიზეზოდ არ აიგივებენ პანკისელებს ისლამურ სახელმწიფოსთან. ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო თარხან ბათირაშვილი; ათეულობით პანკისელი ახალგაზრდა იბრძოდა ამ დაჯგუფების რიგებში; 40-მდე პანკისელი დაიღუპა სირიაში.

_ ამას არც მე უავრყოფ. თარხანიც პანკისელი იყო. მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე ბევრი წავიდა ხეობიდან იქ საომრად. ისლამური სახელმწიფოს რიგებში მთელი მსოფლიოდან ჩასული ახალგაზრდები წევრიანდებოდნენ. ოღონდ ეს ყველაფერი იყო წარსულში. რამდენიმე წელია, რაც ისლამური სახელმწიფო დაიშალა. ეს მებრძოლები სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულები. ამ ამბავს ჩვენი სუსის ყურამდე, ეტყობა, ჯერ არ მიუღწევია.

_ მთლად ასეთი ლენჩები არ არიან სუსში, რომ ეს ამბავი არ გაეგოთ.

_ ლენჩები რომ არ ყოფილიყვნენ, იმას იტყოდნენ, პანკისელი ახალგაზრდები იმიტომ დავაკავეთ, ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობენო? ამ დაჯგუფების ყველა ლიდერი მოკლულია და ვისთან უნდა ითანამშრომლონ დაკავებულებმა? სუსი კი ამტკიცებს, სირიაში ვიღაც ლიდერებს უკავშირდებოდნენო. სადღა არიან ისლამური სახელმწიფოს ლიდერები? ვიმეორებ: ყველა მათგანი მოკლეს. ვინმე თუ გადარჩა, ის სირიიდან გაიქცა. სუსში რომ მუშაობ, ასეთი ლენჩი როგორ უნდა იყო? იცით, როგორი შტერი ბავშვები დააკავეს? _ სოფლიდან რომ გასულიყვნენ, პატრონი სჭირდებოდათ, დუისში რომ დაბრუნებულიყვნენ. ეგენი სირიაში ვის უნდა დაკავშირებოდნენ? სუსი ამაზე არ ფიქრობს. მათთვის მთავარია, ინფორმაცია გავიდეს. ვინც დაიჯერებს, დაიჯერებს, ვინც არა _ კარგად იყოს.
მივმართავ სუსს: გაასაჯაროონ ინფორმაცია, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი. დარწმუნებული ვარ, ვიღაც მოკლულ საველე მეთაურზე იქნება საუბარი. სუსი ამტკიცებს, პანკისელებმა მას ერთგულების ფიცი დაუდესო. არანაირი ერთგულების ფიცი არ დადებულა. ეს ამბავი ნაწილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

_ თვითმმართველობის არჩევნები რა შუაშია?

_ პანკისში ტერორიზმის ბრალდებით 5 გვარის წარმომადგენელი დააკავეს. ამით ხელისუფლებამ ამ გვარებს უთხრა, აგერ მოდის არჩევნები, მოუტანთ „ოცნებას“ ხმებს? _ დაკავებულებს გამოვუშვებთ. არ მოუტანთ? _ არ გამოვუშვებთ.

_ ტერორიზმის მუხლით დაკავებულებს ასე იოლად როგორ გამოუშვებენ?

_ ხელისუფლებამ თუ მოინდომა, გამოუშვებენ. ამ სპეცოპერაციის ჩატარების იდეა თალიბებმა შთააგონეს სუსსა და „ოცნებას“.

_ თალიბები რაღა შუაში არიან?

_ მას შემდეგ, რაც თალიბებმა ავღანეთზე დაამყარეს კონტროლი, მთელი მსოფლიო მაგათზე ლაპარაკობს. სუსმა პანკისელი ახალგაზრდები მთლად თალიბანს ვერ დაუკავშირა, მაგრამ გაახსენა ისლამური სახელმწიფო. თალიბანთან არიანო კავშირში, რომ ეთქვათ, შეიძლება, დამეჯერებინა, მაგრამ დაშლილ ისლამურ სახელმწიფოსთან ვინმეს დაკავშირება უკვე ძალიან სასაცილოა.
სირიაში 37 პანკისელი ახალგაზრდაა მოკლული. ვიღაცები გადარჩნენ. ყველა მათგანი იქ საქართველოდან ჩავიდა. მე მაქვს ფაქტები და შემიძლია დავამტკიცო, რომ ისინი უშიშროებას გადაჰყავდა სირიაში.

_ რატომ გადაჰყავდა უშიშროებას ისინი სირიაში?

_ ფულის სანაცვლოდ. ეს ახალგაზრდები საქართველოდან რომ გაეყვანათ, სუსში სერიოზულ გასამრჯელოს იღებდნენ.

_ თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ბოლო სპეცოპერაცია მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება? სხვებიც ასე ფიქრობენ პანკისში?

_ ზოგი ჩემნაირად ფიქრობს, ზოგს სულ სხვა მოსაზრება აქვს. მე დანამდვილებით გეუბნებით, რომ ამ ბიჭებს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვთ.

_ ეს ადამიანები თუ უდანაშაულოები არიან, მაშინ ამის გამო პანკისელები ხელისუფლებაზე უნდა განაწყენდნენ. ხალხს რა რეაქცია ჰქონდა? აისახება თუ არა ეს არჩევნების შედეგებზე?

_ პანკისშიც ისეთივე ვითარებაა, როგორიც დანარჩენ საქართველოში. ვიღაცები აღაშფოთა ამ უსამართლობამ, ვიღაცები მშვიდად შეხვდნენ. ზოგი სუსთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და მათთვის ყველაფერი სულერთია. მე მეგონა, რომ ხალხს უფრო მწვავე რეაქცია ექნებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ამ ამბავმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი. არადა, 5 ახალგაზრდას აბრალებენ ტერორისტობას. ამ ბიჭებმა ისიც კი არ იციან, დედამიწაზე რამდენი კონტინენტია და სირიაში ვიღაც ლიდერი როგორ უნდა ეპოვათ?

_ კონტინენტების ცოდნა სულაც არაა საჭირო. ხელისუფლებაში იცით, რამდენია ისეთი, ვინც ისიც არ იცის, რომ კონტინენტები არსებობს.

_ ამ ადამიანებს პატრონი ჰყავდათ და დასვეს სკამებზე. ამ ბავშვებს პატრონი არ ჰყავთ და იმიტომ დაიჭირეს. ამ ხუთი დაკავებულიდან ერთს საერთოდ არ ჰყავს მშობლები, სამს მამა ჰყავს დაღუპული, ერთს კიდევ დედა არ ჰყავს. ამათ პატრონი რომ ჰყოლოდათ, დაკავებას დიდი ამბავი მოჰყვებოდა. ფაქტობრივად, ობლები და უპატრონოები დაჩაგრეს.
„ოცნების“ წასვლის შემდეგ ამ ბავშვების სიმართლეც დამტკიცდება. „ოცნება“ აუცილებლად წავა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ პანკისში ხმები დავაკარგვინო. აქამდე „ოცნება“ ხეობაში სულ 98%-ს იღებდა, ახლა ასე აღარ იქნება.

შორენა მარსაგიშვილი