მალხაზ მაჩალიკაშვილი: „გაერთიანების გარეშე ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს“
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ოპოზიციას გაერთიანებისკენ და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა. სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციაში არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია. ამ ინიციატივას არც მისი მშობლიური პარტია გამოხმაურებია.
რატომ არ მიაქცია ყურადღება ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას? რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხება? რატომ არის დამღუპველი არჩევნების წინ რუსული კანონის მიღება და რა შემთხვევაში დაიხევს უკან ხელისუფლება? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, მალხაზ მაჩალიკაშვილი:
_ ბატონო მალხაზ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა. მისი ეს ინიციატოვა ოპოზიციამ ყურად არ იღო. ეს იგნორირება ხელახლა შემობრუნებული რუსული კანონის ბრალია, მთელი ყურადღება ამაზეა გადასული, თუ სააკაშვილი აღარ არის ოპოზიციისთვის საინტერესო?
_ მიხეილ სააკაშვილის იგნორირება ვერანაირად მოხდება ქართულ პოლიტიკაში. ამ შეთავაზებაზე სათანადო რეაგირება არ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა შემოაგდო რუსული კანონი, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ამას მოჰყვა დასავლეთის მწვავე რეაქციები და ერთიან სიებზე სალაპარაკოდ ვეღარ მოიცალა ოპოზიციამ.
_ პირადად თქვენ რას ფიქრობთ ერთიან საარჩევნიო სიასთან დაკავშირებით?
_ ამ ინიციატივას მივესალმები. მიმაჩნია, რომ გაერთიანება არის მთავარი. რამდენიმე კვირის წინ ჩემს ნაცნობებს ველაპარაკებოდი და მათ ვუთხარი, რომ გაერთიანების გარეშე ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს არჩევნებზე და საჭიროა ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა. ძალიან მალე უკვე ამ ინიციატივით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების დამარცხება თუ უნდა ოპოზიციას, ერთიან საარჩევნო სიაზე უნდა იფიქროს. სხვნაირად „ქართულ ოცნებას“ ვერ აჯობებენ.
_ ერთიანი სია კარგია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დამოუკიდებლად სურს არჩევნებზე გასვლა.
_ საერთოდ, ჯობია, დამოუკიდებლად გამოხვიდე არჩევნებზე, მაგრამ გააჩნია დროს და ვითარებას. არსებულ ვითარებაში ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე ხელისუფლების დამარცხება გაუჭირდებათ. თუ ნამდვილად უნდათ გამარჯვება და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მაშინ უნდა გაერთიანდნენ. მესმის, რომ გაერთიანება არ არის ადვილი, მაგრამ არც ისე ძნელია. იმისთვის, რომ გაერთიანება მოხდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ამბიციები უნდა დაძლიონ. ამბიციების დაძლევა განსაკუთრებით ლიდერებს მართებთ.
_ ამბიციების დაძლევა საქართველოში ძალიან ჭირს.
_ ამბიციების დაძლევა ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც სასწორზე ქვეყნის მომავალი დგას, მაშინ ბევრი რაღაც უნდა დათმო, მათ შორის, პირადი ამბიციებიც. თანაც ამბიციების დათმობის სანაცვლოდ გაცილებით მეტი შანსი ეძლევათ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებიან. ხალხიც დაბნეულია. აღარ იცის, ვის მისცეს ხმა, იმდენი პოლიტიკური პარტიაა. თან პარტიები ისევ იქმნებიან და იქმნებიან. ახლახან ნიკა მელიამ და გვარამიამ შექმნეს კიდევ ერთი ახალი პარტია. ხვალაც ვიღაც შექმნის. ხალხმა უკვე აღარ იცის, ვის მისცეს ხმა. ამიტომ არის საჭირო ერთიანი საარჩევნო სია. ამ სიის შესაქმნელად ამბიციების გვერდზე გადადებაა საჭირო. გამარჯვება თუ უნდათ, უნდა გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი დროულად გამოვიდა გაერთიანების ინიციატივით. მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიცია ამაზე სალაპარაკოდ მოიცლის. ახლა მათ ერთ დიდ ჭირთან აქვთ ბრძოლა გასამართი, საუბარია „რუსულ კანონზე“, რომელიც ხელისუფლებამ მეორედ დააინიცირა. ეს კანონი პირდაპირ კავშირშია საპარლამენტო არჩევნებთან.
ამ ფონზე ოპოზიციის გაერთიანება არის ყველაზე სწორი პოზიცია და ნაბიჯი „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ეს შეთავაზება არის როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხალხისთვის. ამბიციები უნდა დაითრგუნოს. ეს ამბიციებია, რომ გვღუპავს. მოვუწოდებ მედიას, გაზეთებსა და ტელევიზიებს, რომ ის ადამიანები ალაპარაკონ, რომლებიც ამ ერთიანობას უჭერენ მხარს. ოპოზიცია რომ „ოცნების“ დამარცხებას შეძლებს, ამის იმედი ნამდვილად აღარ მაქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, თუკი ესენი „რუსულ კანონს“ მიიღებენ. უნდათ თუ არა, მოუწევს ოპოზიციას გაერთიანება. მოსახლეობასაც ერთიანი ოპოზიცია უნდა. ხალხი რასაც ითხოვს, ის უნდა გაითვალისწინონ და არა ის, „ლელოს“ რა უნდა ან „გირჩს“ რა სურს. ყველას თავისი ამბიციები აქვს და უმჯობესია, თუ დათრგუნავენ ამას და ხალხს მოუსმენენ. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ოპოზიციასაც ამაგრებს ხალხი. არჩევნების წინ „რუსული კანონის“ შემოტანა ძალიან ცუდი ამბავია, ახლა როგორც არასდროს, ისე სჭირდება ოპოზიციას ერთიანობა.
_ თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ ეს კანონი არჩევნებს უკავშირდება.
_ ნამდვილად არჩვნებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხთან ერთად, რომ ეს კანონი უკან გაიწვიონ.
_ მოახერხებენ ამას?
_ მეეჭვება. შარშან ამ კანონთან დაკავშირებით დიდი მღელვარება იყო და ხელისუფლებამ კანონი გაიწვია. თუ არ ვცდები, 9 მარტს ჩამწერა „ფორმულამ“ და მკითხა, რას ვფიქრობდი კანონის უკან გაწვევაქზე. მე მაშინ ვუთხარი, რომ ამ კანონის უკან გაწვევა არაფერს ნიშნავდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება ამ კანონს ისევ უკან შემოიტანდა. ეს ასეც მოხდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კანონი ახლა 2024 წლის არჩევნების მოსაგებად შემოაგდეს.
_ ამის გარეშე გაუჭირდებოდა „ოცნებას“ არჩევნებში?
_ ამ მოცემულობით „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რას მოგვიტანს ეს კანონი. ყველა ხვდება, რომ ძალიან ცუდი რაღაც ხდება საქართველოს თავს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში დაიბლოკებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მთელი რიგი მედიასაშუალებები გაჩერდება. ფაქტობრივად, აღარ იქნება ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ეს კანონი თუ მიიღეს, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსს არ დაგვიტოვებენ. ოპოზიცია ახლაც გაჭირვებაშია და არ აქვს ფინანსები. ეს კანონი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. არსაიდან აექნებათ შემოსავალი, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვინ ჩივის, იმის საშუალებაც არ ექნებათ, რომ არჩევნებზე გავიდნენ.
„ქართული ოცნება“ ამ სიტუაციას სათანადოდ აფასებს და ამიტომაც შემოაგდო ხელმეორედ ეს „რუსული კანონი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს. ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი საარჩევნო სია ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია რუსული კანონის ჩაგდება ან მისი უკან წაღება. ამისთვის მთელი ერი უნდა გაერთიანდეს.
რუსული კანონის წინააღმდეგ წელსაც ახალგაზრდები გამოვიდნენ. ახალი თაობა კარგად აცნობიერებს, რომ ეს კანონი ცუდია. რაც ვნახე, სერიოზული პროტესტი იყო, მაგრამ მეტია საჭირო. ახლო მომავალში მათ ოპოზიციაც შუერთდება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს გარეთ. სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს. დასავლეთის ასეთი მწვავე რეაქციის ფონზე, „ოცნებამ“ თავისი მომხრეების შეკრება დააანონსა. ეს იქნება პარტაქტივი და ამით უნდათ მსოფლიოს აჩვენონ, რომ „რუსულ კანონს“ მხარდამჭერები ჰყავს. ამ პარტაქტივის შეკრების შემდეგ დღეებში რამდეჯერმე მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რათა ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსულ კანონს ეუბნება არას. ყველა გამოკითხვაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ყველა ეს ადამიანი გარეთ უნდა დადგეს. ხელისუფლებამ ეს კანონი ვერ უნდა გაიტანოს. ეს ამ ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა. ამ კანონს როცა ჩავუგდებთ, მერე ოპოზიცია უნდა დაჯდეს და ერთიანი სიის შექმნაზე იფიქროს. ერთობის გარეშე ამ ხელისუფლებას არჩევნებს ვერ მოვუგებთ.