მაკა და მარიტა _ ქალები პროტესტის შუაგულიდან
ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციის დაწყებიდან 176-ე დღეა. ამ დროის განმავლობაში რიონის ხეობის მცველებში საპროტესტო მუხტი ერთი წუთითაც კი არ განელებულა და ისინი კვლავინდებურად ჩვეული შემართებით დგანან თავიანთი კარმიდამოსა და მიწის სადარაჯოზე. სამშობლოს სიყვარულით კარვებში გათენებული ღამეები, წვიმაში, ქარში, თოვლში ატალახებულ მიწაზე დგომა, _ ვერც ერთმა ფაქტორმა ვერ ჩაკლა და ვერ შეასუსტა ბრძოლის ჟინი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
პროტესტი, კარვები, სპეცრაზმითა და წყლის ჭავლით დაშლილი აქციები, ჩვენი ქვეყნისთვის ყოველდღიურობად იქცა და შეიძლება, რიონის ხეობის მცველებიც არ ყოფილიყვნენ განსაკუთრებულები ამ მხრივ, თუმცა გულგრილად ვერ ჩავუვლით ორ ქალბატონს, _ ისინი პროტესტის დაწყების დღიდან გმირულად დგანან და იცავენ ხეობას.
მარიტა მუსელიანი და მაკა სულაძე _ ეს ის სახელები და გვარებია, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე გადავაწყდებით ხოლმე. მათ თვალებში მარტივად ამოიკითხავთ ტკივილს, სევდასა და საბრძოლო შემართებას.
„ქრონიკა+“-ის ამ ნომერში სწორედ მათზე მოგიყვებით და კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ ქალებს, რომლებიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის სახედ იქცნენ.
პირველი, ვისაც დავუკაშირდით, მაკა სულაძეა, რომელიც აქამდე რომც არ გცოდნოდათ ამ კადრით აუცილებლად დაგამახსოვრებოდათ. როგორც თავად გვიყვება, ეს 176 დღე მისთვის ძალინ მნიშვნელოვანი და საამაყოა და რომ არაფერს ნანობს.
მაკა სულაძე ნამოხვანისკენ მიმავალ ჯებირთან ცდილობს, ხელების ბრახუნით მიიქციოს სამართალდამცველთა ყურადღება.
_ რას ნიშნავს, 176 დღის მანძილზე იდგე საპროტესტო აქციაზე? როგორი განცდა გაქვთ?
_ ამაღლებული განცდა მაქვს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ჩემ ირგვლივ, როდესაც მოდიან ჩემი თანამემამულეები ქვეყნის ყველა კუთხიდან _ ადამიანები, რომლებსაც სრულებით არ ვიცნობ. მათთვის ძალიან ახლობელი ვარ, ყველა მეხუტება, მეფერება _ თავი სიზმარში მგონია.
გმირი არ ვარ, რიონის ხეობის დასაცავად დგომა ჩემი ვალია. ასე მგონია, გმირი სულ სხვა ადამიანს ნიშნავს, მე კი ჩართული ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ჩემი საფიქრალია. არაფერს ისეთს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, რომ გმირის წოდება შევიშნო. ერთადერთი ისაა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და სიცოცხლის ფასადაც რომ მომიწიოს მისი დაცვა, უკან არ დავიხევ.
_ შსს-ს წარმომადგენლებმა ნამოხვანი დანარჩენი რეგიონისგან ბლოკპოსტით გამოყვეს. როგორ შეაფასებთ მათ ამ ნაბიჯს?
_ ზუსტად ამ წუთას ისეთი განცდა მაქვს, რომ ლამის ვიტირო. სანამ ამ ბლოკპოსტებს დადგამდნენ და თავისუფლად გადაადგილების უფლებას შეგვიზღუდავდნენ, ყოველდღე დავდიოდი და ვნახულობდი მამას. ვერ წარმომედგინა, რომ მამაჩემი დამეტოვებინა, მაგრამ როდესაც იმის პრობლემა დადგა, რომ გადაადგილება შეიზღუდა, ვამჯობინე, მამაჩემი დამეტოვებინა მარტო და მე აქ ვმდგარიყავი (ტირის). ჩავთვალე, რომ ჩემი აქ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ყოველდღიურად სჭირდება მეურნეობას, საქონელსა და კარმიდამოს ჩემი იქ ყოფნა, მაგრამ მირჩევნია, ის გაფუჭდეს, ვიდრე ჩემი უყურადღღებობით აქ რამე დაზიანდეს. როდესაც ადამიანი აქ მოდის და გკითხულობს, უხერხულია, არ დახვდე მას.
_ არ გეშინიათ?
_ რა თქმა უნდა, შემშინებია, თუმცა არა იმის, რომ მე შეიძლებოდა რამე მომსვლოდა, არამედ იმის, ჩემს რომელიმე სიტყვას, ნაბიჯს არ მოჰყოლოდა ისეთი შედეგი, რომ საქმე დაზარალებულიყო. შემშინებია მაშინ, როდესაც მიფიქრია, რომ ჩემი თანამებრძოლები საფრთხის ქვეშ იყვნენ.
„ქრონიკა+“-ის მეორე რესპონდენტი მარიტა მუსელიანია. ვისაც ნამოხვანის აქციისთვის ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი, მისი სახე აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ, თუმცა გარდა იმისა, რომ მარიტა ისევე, როგორც მაკა სულაძე, აქციაზე 176 დღეა დგას, ის ასევე ამ აქციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, ვარლამ გოლეთიანის დედაა:
_ სიმართლე გითხრათ, განცდების ნაწილი წინა პლანზე არ მაქვს წამოწეული. ვფიქრობ, ამან შეიძლება რაღაცნაირად ხელი შეუშალოს ჩვენს საერთო საქმეს. ვალდებულები ვართ, ვიდგეთ იქ და ასეც ვიქცევით. ხშირად მეუბნებიან, დაღლილი ხარო, მაგრამ ვერანაირ დაღლილობას ვერ ვამჩნევ საკუთარ თავს და ზუსტად ის შემართება მაქვს, რაც პირველ დღეს მქონდა, როდესაც ეს ყველაფერი დავიწყეთ, მით უმეტეს, რომ ასაკით პატარა არ ვარ და ჯანმრთელობაც აღარ მაქვს მყარი.
_ თქვენ გმირებს გიწოდებენ. ეს რა ემოციაა თქვენთვის?
_ პირადადაც გვეუბნებიან, მაგრამ ის ძირითადი პრინციპული და იდეოლოგიური ნაწილი, რაც განსაზღვრავს ჩვენს იქ ყოფნას, არ არის კავშირში გმირობასთან, ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა და ხანდახან რომ ვუფიქრდები, გმირის წოდება ტვირთიც კი მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მაღალი მოლოდინები უჩნდებათ ამით ადამიანებს ჩვენთან მიმართებით და ვშიშობ, რამე ვერ გავამართლო.
_ შიშის განცდა თუ გქონიათ?
_ ხასიათით ისეთი ვარ, რომ შიში მაინცდამაინც არ ვიცი _ სვანი ვარ, რაც არ უნდა იყოს (იცინის). ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები არიან ჩართული ამ საქმეში და ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ რაღაც მოხდეს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩნდება განცდა იმისა, რომ ვინმე არ დაზარალდეს, ვინმე არ დაშავდეს _ საკუთარ თავზე ნაკლებად, სხვების გამო უფრო ვშფოთავ. შეშინებული ადამიანი ვერაფერს გააკეთებს და შედეგს ვერ მიაღწევს წამოწყებულ საქმეში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვა ადამიანები დარტყმის ქვეშ არ დადგნენ.
_ ამ პროცესებმა, ალბათ, თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი და სიმშვიდე დაარღვია…
_ სახლში რომ მშვიდად დავჯდე, ძალიან კარგი იქნებოდა. ისეთი ადამიანი ვარ, დიდად სახლიდან გასვლაც არ მიყვარს, თუმცა ამ საქმის გამო გამოვედი და დღეს აქ ვდგავარ _ არჩევანი გაკეთებულია და მთელი ოჯახი აქ ვართ! ერთი ძაღლი გვყავდა მარტო სახლში და ისიც შემოუერთდა პროტესტს (იცინის).
შეგახსენებთ: ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა მხარემ თურქულ სამშენებლო კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, გიგანტური ჰესის აშენების უფლება მისცა და მიწა 99 წლით საკუთრებაში გადასცა.
გიგა გელხვიიძე