მაია ეკალაძე: „ბატონო მინისტრო, მოითხოვეთ მაღალი სტანდარტი დირექტორებისგან, სკოლა გადასარჩენია!“
თამუნა მჭედლიშვილი
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო და 2024 წლის 29 თებერვალს დასრულდება. საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს ითვალისწინებს. ტესტირების წარმატებით გავლისთვის დირექტორობის კანდიდატმა ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს, რაც ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს (48 ქულა). იმ პირებმა კი, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, სავალდებულო ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ და შეარჩიონ არაუმეტეს სამი საჯარო სკოლა, სადაც დასაქმება სურთ.
საზოგადოებისთვის ცნობილია დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატების რვათვიანი პროტესტი, შიმშილი და აქციები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები აცხადებენ, რომ კონკურსის წესში ცვლილებები კი არ შევიდა, არამედ შეიცვალა და ძველი წესი საერთოდ გაუქმდა. ახალ წესში კი გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე _ ძველში. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფმა და „განათლების დამცველთა ასოციაციამ“ ღია წერილით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს: „გაეცეს დირექტორობის შერჩევის ახალ წესზე კითხვებს პასუხი, რათა ბუნდოვანება გაიფანტოს; 2023 წელს ვინც გადალახა ტესტირების ეტაპი, თავიდან ტესტირება აღარ მოსთხოვოთ; კომისია შექმენით ნამდვილად ინკლუზიური და ადეკვატურიც და გადაღების შესაძლებლობა მიეცით ყველა მსურველ აპლიკანტს; პასუხი არ გაწელოთ დროში და მაშინვე გააცანით აპლიკანტს შედეგი; კომისიამ განმარტოს, რატომ ეთქვა თანხმობა ან უარი აპლიკანტს და არ დასჭირდეს მას, თვეები ელოდოს თავის შედეგს, განმარტება კი მაინც ვერ მოისმინოს; კრიტერიუმები და კომისიის წევრების ვინაობა გაცხადდეს გასაუბრების დაწყებამდე; შესაძლებელი გახდეს კომისიის წევრის აცილება; ტესტირების შემდეგ აპელაციაზე მიეცეს აპლიკანტს შესაძლებლობა, გაესაუბროს უშუალოდ სააპელაციო კომისიას და მიიღოს განმარტებები“, _ სამინისტროში შეტანილ განცხადებასა და ღია წერილს ხელს აწერს დირექტორობის ცამეტი დაბლოკილი კანდიდატი.
„ქრონიკა+“ დირექტორობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ახალი წესის შესახებ ესაუბრება ერთ-ერთ დაბლოკილ კანდიდატს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ მაია ეკალაძეს:
_ ქალბატონო მაია, რა შეიცვალა დირექტორობის შესარჩევი კონკურსის წესში და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ცვლილება თქვენი რამდენიმეთვიანი პროტესტის შედეგია?
_ დირექტორების ახალ წესში, ფაქტობრივად, რაც შეიცვალა, ყველაფერი მხოლოდ გაბუნდოვანდა და საჭიროებს ახსნას. ამიტომ დავწერეთ წერილი, მივმართეთ მინისტრს. იქ პუნქტებად ჩამოვწერეთ ყველა გაუგებრობა და მოვითხოვეთ ახსნა. ბუნებრივია, ახსნა საჭიროა, რათა რეგისტრაციის დასრულებამდე მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთვებით თუ არა ჩვენი ბრძოლის შდეგად მოპოვებულ მარათონში. რეალურად, საჭიროების მიუხედავად, არავინ აპირებდა კონკურსის გამოცხადებას, მაგრამ ბუნდოვანება ისევ არ გაფანტულა.
_ ბუნდოვანებაში რას გულისხმობთ?
_ მიგვაჩნია, რომ ტესტირების შემდეგ პირდაპირ სამეურვეო საბჭოსთან უნდა წარადგინოს კანდიდატმა ხედვა მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭოები კიდევ ცალკე პრობლემაა. პირველი: რა ბედი ეწია სერტიფიკატს? წესში არ ჩანს, სერტიფიკატი არსებობს თუ აღარ არსებობს; მეორე: რატომ უნდა გაიაროს ტესტი თავიდან იმან, ვინც 2023 წელს უკვე გაიარა? ტესტის სირთულე იგივეაო, _ ამბობს მინისტრი „იმედის“ ტელევიზიიდან, _ დამნაშავე ის გასაუბრება იყო, თქვენ რომ დაგბლოკათო. რა ლოგიკით დაგვიტოვა ხუთსაათიანი ტესტირება? ან წარდგენის გასაუბრება რატომ უნდა გაიაროს იმან, ვინც გაიარა უკვე? რამე შეიცვალა რამდენიმე თვეში?
_ კონკრეტულად რას ითხოვთ დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები?
_ ჩვენ ვითხოვდით ორივე გასაუბრების გაუქმებას, რადგან გასაუბრებებს იყენებდნენ არასწორი და გაუგებარი ფილტრისთვის _ ამით ახდენდნენ ადამიანების დისკრედიტაციას. მივიღეთ ერთკაციანი არჩევნები და მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, კვლევები არ ტარდება, სამინისტროდან თანამშრომლები ცხვირს არ ყოფენ და საიდან იცის 4-5-კაციანმა კომისიამ 2000-ზე მეტი სკოლის საჭიროება ისე კარგად, რომ შეაფასოს კიდეც?.. რატომ ჰგონიათ, რომ დირექტორის კანდიდატის ხედვას ვერ შეაფასებს სამეურვეო საბჭო?
_ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუ შეუძლია განათლების სამინისტროს მისი შეცვლა?
_ არა, სამეურვეო საბჭოს გადაწვეტილება საბოლოოა, მაგრამ რეალურად არცერთი სამეურვეო საბჭო არ წავა სამინისტროს ნების წინააღმდეგ.
_ განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ამბობს: „მე გარანტიას ვაძლევ _ ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, წარდგება გასაუბრებაზე ინკლუზიურ კომისიასთან… ბარიერი იქნება უცვლელი“…
_ მინიმალური კომპეტენცია საერთოდ რა მოსატანი იყო, მართლა ვერ ვხვდები. მინიმალური კი არა, მაქსიმალური კომპეტენცია უნდა მოვთხოვოთ დირექტორებსაც და მასწავლებლებსაც.
_ ბატონი მინისტრი მინიმალური კომპეტენციით ხედავს ახალ დირექტორებს? ანუ საკმარისია იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი, რომ იყო ასევე კარგი სკოლის დირექტორი და ლიდერი?
_ ნამდვილად არ არის საკმარისი. თუ დეცენტრალიზაციაზე ვსაუბრობთ, თუ ხარისხის განვითარებაზე ვსაუბრობთ… თუ… თუ… თუ… ბევრი თუ არის. დირექტორი, მინიმუმ, ბავშვის ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში პრაქტიკულად უნდა ერკვეოდეს. ცუდია, რომ მინისტრი ასე ხედავს, მასწავლებელი რომ ჰყავდეს მრჩევლად, ასე არ დაინახავდა
_ როგორი დირექტორის მოდელს საჭიროებს დღევანდელი სკოლა?
_ ერუდირებულ და ინტელექტუალ, ფართო თვალსაწიერის მქონე დირექტორს _ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებისა და ზრდასრულებთან სწავლების გამოცდილებისაც… ბევრი რამ მოეთხოვება დირექტორს, გარდა სტანდარტის მოთხოვნებისა…
_ თქვენ როგორი დირექტორი იქნებოდით?
_ მე როგორი დირექტორი ვიქნებოდი? ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების, ოღონდ, ამ მახასიათებლებს კიდევ ბევრი სხვა მახასიათებელი ემატება: მე წავახალისებდი კრეატიულ იდეებს… ამ ეტაპზე არ მჯერა, რომ უახლოესი რამდენიმე წელი ვიქნები დირექტორი… გვერდით გადავდე ძველი იდეები… ამ ეტაპზე ვიბრძვი და სამართლიანობის დამკვიდრება მსურს. ჭეშმარიტი ასპარეზი! ამიტომ თუ დავრეგისტრირდები, მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესებს მივყვე.
_ რას ელით ახალი წესით ჩატარებული კონკურსისგან? საარჩევნო წელია, განათლების სისტემა დანგრეულია, წაკითხულის შინაარსის გააზრების მხრივ 67-ე „საპატიო“ ადგილზეა „გამოჭიმული“ საქართველო… განათლების სისტემა, ფაქტობრივად, ძირეულად არის შესაცვლელი. ინფრასტრუქტურა, კვება, ელემენტალური საპირფარეშოები ვერ მოუწესრიგებიათ და დამლაგებლები ვერ დაუქირავებიათ საჯარო სკოლებში, სხვა ძირეულ პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ.
_ სწორედ ამ საშინელი შედეგების გამო ვიბრძვი და ამიტომ არ უნდა დავეთანხმოთ დაბალ სტანდარტებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ თუ მოვახერხებ და ფინიშამდე მივალ, აუცილებლად ვიმუშავებ მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე კონკრეტულ სკოლაში.
_ თქვენ განათლების სამინისტროში წერილი დაწერეთ…
_ ღია წერილი დავწერე პირადად. პუნქტებად ჩამოვწერე ბუნდოვანებებიც და მოთხოვნებიც. ჩემ გარდა ხელს აწერს 13 დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატი. წერილი გუშინ შევიტანეთ განათლების სამინისტროში. განცხადებას ორი ხელმომწერი დაემატა. 17 თებერვალს გავმართეთ კონფერენცია კონკურსების შესახებ სახელწოდებით: „ადამიანური რესურსების შერჩევა და განათლების მომავალი“. პირადად გადავეცით განათლების მინისტრსა და სახალხო დამცველს მოსაწვევი. არცერთი არათუ არ მობრძანდა, წარმომადგენელიც კი არ გამოგზავნა.
_ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია გახიზნული. გასულ სასწავლო წელს, ოფიციალური მონაცემებით, 3000-ზე მეტმა მოსწავლე-სტუდენტმა შეწყვიტა ქვეყნიდან წასვლის მიზეზით სწავლა…
_ მშობლები მიდიან… მოსწავლეები მიდიან… მასწავლებლები მიდიან… ამ ზაფხულს დოქტორის ხარისხს დავიცავ და თუ არჩევნებში ისევ ეს სტაგნაცია გაიმარჯვებს, მეც წავალ მოხუცის მოსავლელად… დავიღალე…
_ რას ფიქრობთ მინისტრის იმ ახალი განცხადების შესახებ, რაც მოსწავლის მიერ პროფესიული არჩევანის გაკეთებას გულისხმობს და ამ პროფილით სწავლის გაგრძელებას დამამთავრებელ კლასებში?
_ იდეის დონეზე ცუდი არ მგონია იყოს, მაგრამ მომზადება მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით მარტივ პრობლემებსაც ვერ აგვარებენ… ვნახოთ…
_ ვინ დაგიდგათ მხარში რვათვიან საპროტესტო ბრძოლაში? ოპოზიციის რომელმა ნაწილმა გაიზიარა თქვენი პოზიციები?
_ „ლელოს“ გარდა ყველა ოპოზიციური პარტია გვეხმიანება. დასვეს კითხვები პარლამენტში, მაგრამ იმ კითხვებზე პასუხებს არავინ სცემს…
_ ვიცი, რომ პროკურატურაში შეიტანეთ განცხადება, რას ითხოვთ?
_ პროკურატურაში ორგანიზაციის სახელით შევიტანეთ განცხადება. ვითხოვთ, გამოიძიონ და დაადგინონ კომისიაზე ზეწოლის ფაქტები. განათლების სამინისტრო მიმტკიცებს, რომ კომისიაში ხუთი კაცი იჯდა და სხვა პირებს ასახელებენ! მე ყველას ვიცნობ. რეალურად ოთხი იჯდა, იმ ოთხიდან ორი ამოიღეს და სამი ჩასვეს. ანუ რა გამოვიდა? ის, რომ კომისიაში იჯდა პირი, რომელიც მინისტრის ბრძანებით კომისიის წევრი არ იყო. ეს პირი გააქრეს. სამინისტრო, ამავდროულად, გაყალბებული ხელმოწერების გათეთრებას ცდილობს. პასუხი აგებინონ კონკრეტულ წევრებს ხელმოწერების გაყალბების გამო. ვითხოვთ, დაიკითხოს კომისიის ყველა წევრი, ვინც სიითაა მიწოდებული, გაირკვეს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას და თუ არ ახდენდა, რის საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს?
_ რას ეტყოდით განათლების მინისტრს? თქვენ გეძლევათ საშუალება, პირდაპირ მიმართოთ ბატონ გიორგი ამილახვარს.
_ ბატონო გიორგი, ჩვენ თქვენი პოზიციით გავიგეთ, რომ არ გსურთ მოისმინოთ სამართლიანად გაჩენილი კითხვები და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეთ. ბატონო მინისტრო, მოითხოვეთ მაღალი სტანდარტი დირექტორებისგან, სკოლა გადასარჩენია! გახსოვდეთ, რომ თქვენ არჩევთ სკოლის ლიდერს და არა თქვენი აშენებული სასტუმროს მენეჯერს!