„მადალობა“ და დედა ღვთისას რისხვა
რასაც ერი და ბერი ამ ქვეყანას უკეთებს, მტერიც არ უზამს.
რასაც ერი და ბერი ამ ქვეყანაში ქრისტეს რწმენას უკეთებს, ეს არ უქნია არც შაჰ-აბასს, არც აღა მაჰმად-ხანს, არც ბოლშევიკებს. ისინი აწვებოდნენ ქრისტეს რწმენას და იღებდნენ საპირისპირო შედეგს _ არნახულ თავგანწირვას თუ რწმენის ჩუმად გამოტარებას.
დიახ, თუ 2 ათასი წლის წინათ ქრისტიანები კატაკომბებში იმალებოდნენ, მე-20 საუკუნეში, წითელი ტერორისას, რწმენას უკვე საკუთარი სულის კატაკომბებში ინახავდნენ და დღეს რა ხდება? ყველაფრის გაფარჩაკება, ყველაფრის საღლიცინოდ აგდება და მასხარაობა. ერესი და მკრეხელობა.
დიახ, ერი და ბერი, ბიძინა და საპატრიარქო, ერთად მკრეხელობენ და ქართულ ეკლესიას მიაქანებენ სიბნელისკენ და ერესისკენ.
დიახ, „ქართლის ცხოვრება“ ინახავს ლეგენდას, რომ ქრისტეს ამაღლების მერე, როდესაც მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიახ, ამ ლეგენდას, რომელიც კაცმა არ იცის, როდის შეითხზა, იყენებდა ეკლესიაც და იყენებდა მწერლობაც. იგივე აკაკი წერეთელი („დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული“, ლექსი „სიზმარი“), ილია ჭავჭავაძე („დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია… შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა“ – „აჩრდდილი“).
„ქართლის ცხოვრება“ რომ ლეგენდებით და მოგვიანებით შეთხზული არაერთი ზღაპრითაა სავსე, ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ცხადყო დიდი ივანე ჯავახიშვილისა და სხვა ისტორიკოსთა დაუღალავმა სამეცნიერო მოღვაწეობამ.
რაც „ქართლის ცხოვრებაში“ წერია მოციქულთა მიერ წილის ყრასთან დაკავშირებით, არ დასტურდება არც ერთ სხვა წყაროში! _ არც ბერძნულში, არც არამეულში, არც ლათინურში, არც ებრაულში. არსად დედამიწის ზურგზე სხვაგან არ წერია, რომ ღვთისმშობელმა წილის ყრაში მონაწილეობა მიიღო და წილად ხვდა საქართველო.
ჯერ ერთი, ღვთისმშობელს რომც მიეღო წილის ყრაში მონაწილეობა, როგორ შეხვდებოდა ქვეყანა, რომელიც მაშინ არც არსებობდა? დიახ, ბატონებო, ქრისტეს დროს საქართველო არც არსებობდა ერთიან ქვეყნად და არც იწოდებოდა! არსებობდა იბერია და კოლხეთი! ქართლის ცხოვრებაში იბერიაზეა საუბარი, კოლხეთი რა შუაშია და თუ კოლხეთზე, იბერია რა შუაშია?
და თუ იბერია, ანუ აღმოსავლეთ საქართველოა ღვთისმშობლის წილხვედრი, ლიხს იქით რა გიხარიათ და რას ტაშფანდურობთ?
ფაქტია, რომ ეს ლეგენდა გვიანდელ შუა საუკუნეებშია შეტანილი „ქართლის ცხოვრებაშიც“. თუ ეს გაეჭვებთ, კარგად გაერკვიეთ, როდინდელია ანასეული და მარიამისეული „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები და როდისაა ეგ კრებული შედგენილი, ვინ იყვნენ და როდის მოღვაწეობდნენ „ქართლის ცხოვრებაში“ შეტანილ თხზულებათა ავტორები. ბევრს, ალბათ, ისიც გააკვირვებს, რომ ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ წყაროებში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და შემდეგ X-XI საუკუნეებში ვრცელდება ქართულ ძეგლებში. ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმინდელთანაა, იგი ქართული ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს მიიჩნევდა.
მოკლედ, არათუ წილხვედრობა (თუ წილხვდომილობა), ამ ლეგენდის 20 საუკუნოვნებაც საეჭვოა. არადა, ეს გარკვევით წერია პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონის განმარტებით ბარათში: „აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა“.
რომც წილი ეყარათ, რომც ღვთისმშობელს რგებოდა წილად საქართველო და რომც ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც დღეს შეხმატკბილებული ერი და ბერი (ბიძინა და საპატრიარქო) გვიმტკიცებენ, რანაირად იყო ეს რწმენა 2 ათასი წლის მანძილზე? ანდრია მოციქულის მისიონერული მოგზაურობა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, უკაცრავად და, ქრისტიანობის გავრცელებით დასრულდა თუ მოციქულისთვის არც მეტი, არც ნაკლები, ყურის მოჭმით? და უკაცრავად, მოციქულს ყური მოაჭამეს და ეგ რწმენა ასულდგმულებდათ ჩვენს წარმართ წინაპრებს, რომ მოსაქცევად წილი ჰყარეს და საქართველო (თუ რაც იყო მაშინ) ღვთისმშობელს ხვდა წილად?
მოკლედ, ერთია, როდესაც საუკუნეთა მიღმა შეთხზულ ლეგენდას ვხვდებით ლიტერატურულ ძეგლებში, სასულიერო თუ, გნებავთ, საერო მწერლობაში, მაგრამ სრულიად სხვაა, როდესაც ეს ყველაფერი ინაცვლებს, არც მეტი არც ნაკლები, საკანონმდებლო ტექსტებში და კანონპროექტების განმარტებით ბარათებში ვკითხულობთ იმას, რასაც ვკითხულობთ!
XXI საუკუნის საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ შემდეგ ციტატებს „ქართლის ცხოვრებიდან“, რომელიც მთავრობის თქმით, მათ საპატრიარქომ მიაწოდა.
„შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს“… „ივერიაში სამოგზაუროდ გამზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული“…
და რა გინდა, რომ ქნა, როდესაც შენი ქვეყნის საერო ხელისუფლება თამადა ლადო კახაძის ლექსიკით მეტყველებს და კანონის განმარტებით ბარათში სადღეგრძელოსავით გიწერს: „ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა _ ანუ იმედისა. იგი მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას _ იმედის დღე“.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წილხვედრი ვიყავით და უცებ წილხვდომილი გავხდით. ამასაც რომ მოვეშვათ, სხვა ყველაფერთან ერთად, ფრიად სიმპტომატურია ამ დღის დაწესების ტემპორიტმი. პატრიარქმა, ჯერ კიდევ, 2018 წლის 28 აგვისტოს, მარიამობაზე ქადაგებისას, ბრძანა, რომ დადგებოდა ის დიდებული დღე, როცა ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნებოდა საქართველოში. 2018 წლისავე 27 დეკემბერს კი სინოდმა განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა.
4 აპრილს კი პრემიერმა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავდა ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად. მიმართა კიდეც და 8 მაისს რიგგარეშე სხდომაზე, სულ ცამპა-ცუმპით დაგვიმტკიცეს.
მოდი და ნუ აღმოგხდება, _ თუ 2 ათასი წელია, წილხვედრი ვართ, ცოტაც გეცდიათ და დაუჩქარებლად, ნორმალურად განგეხილათ? 2 ათასი წელი თუ ითმინეთ, 2 კვირა ვეღარ მოითმინეთ? რა მოუთმენელი გეცათ და გეტაკათ მაგ გამოქოცებულ ტვინში?
და თუ საპატრიარქოსა და პატრიარქს უსმენთ, სინოდმა ეგ განჩინება დეკემბერში მიიღო და პატრიარქმა ეგ სურვილი აგვისტოში გაახმოვანა! აქამდე რატომ არ აიტაცეთ? რა გიშლიდათ ხელს?
ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარკვეულ ეტაპზე, ანუ ბოლო თვეებში _ მარტ-აპრილში _ ურთიერთობა დალაგდა საპატრიარქოსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ივანიშვილი სამღვდელოების გულის მოგებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს საამისოდ. კი მაგრამ, რამდენად იყო და არის ისედაც უქმე დღის უქმე დღედ გამოცხადება გულის მოსაგები საშუალება?
ეს განტოლება ცალუცნობიანია და ხელადვე ამოიხსნა _ საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო.
ოღონდ, აქაც თარიღებში ვიჭედებით. პარლამენტმა ეს დღესასწაული 8 მაისს დაამტკიცა, მთავრობას კი 3 მაისს უკვე მოწონებული ჰქონდა დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. გასაგებია, რომ მთელი პარლამენტი „ბუტკად“, დუქნად და ფეხსალაგად გაქვთ გადაქცეული, მაგრამ ეგება და რა სასწაული ხდებოდა და პარლამენტი დღესასწაულს არ გიკანონებდათ, რას ზეიმობდით?
და საერთოდ რა სიკვდილი გეზეიმებათ ამ დამშეულ ქვეყანაში ან ამ მღვდლებს, ან ამ მინისტრებს? ამ დოკუმენტის მიხედვით, 480 ათას ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიწოვა და შეთქვლიფა, 141 600 ლარი _ საპატრიარქომ, 73 ათას ლარი კი _ საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყებამ ამ 73 ათასი ლარით საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენების მოწყობაში დახარჯა. საპატრიარქო 141 ათას ლარად სამეცნიერო კონფერენციას ატარებს… თან საერთაშორისოს.
მახათას მთაზე გამართულ ღონისძიებაზე და შემდეგ საზეიმო მიღებაზე 304 852 ლარი დახარჯეს. ათეულ ათასობით ლარი დაახარჯეს ბროშურებისა და ხატების ბეჭდვას, რომელსაც საკონსულოები ემიგრანტებს დაურიგებენ…
მეტი ცინიზმი გაგონილა? ამ ხალხმა ქვეყანა უმუშევრობის გამო დატოვა, თავისი წილი სული, გული, ქვეყანა აქ დატოვა და 2 კაპიკისთვის უცხო მიწაზე გადაიხვეწა და მისი მშობლიური ქვეყნის მთავრობა ბროშურებს ურიგებს და ამით ისევ ლუკმას აცლის ამ ემიგრანტების აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს.
ახლა მე თქვენ გეკითხებით, სჭირდება ზეციერ დედას ეს თქვენი მფლანგველობა და ფარისევლობა? ამას ითხოვს ზეციერი დედა შვილებისგან?
და საერთოდ, როდესაც ამ წილხვედრობა-წილხვდომილობას პედალირებთ, რას პედალირებთ, მაინც? რას ნიშნავს, საერთოდ, წილად ხვდომა? იმას, რომ მათ, ანუ მოციქულებს, წილად ერგოთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქცევა ქრისტიანობაზე. და რა გგონიათ, ღვთისმშობელს რომც რგებოდა წილად საქართველო, ამ სამყაროს ზეციერი დედა იმის გამო, რომ მას ხვდა წილად საქართველო, ქართველებს რომელიმე სხვა ერის ხალხზე წინ დააყენებს ან საქართველოს სხვა ქვეყანაზე წინ? მარტო საქართველოს დაიფარავს და სხვა ქვეყნებს, სხვა ერებს _ არა?
უკაცრავად და თქვენ, საერთოდ, რა წარმოდგენა გაქვთ ღვთისმშობელზე? თქვენი ცარიელი ქოცური ტვინით ამ სამყაროს ზეციერი დედა არაფრით განსხვავდება თქვენი ეგოისტი, მესაკუთრე დედებისგან? რომლებიც თქვენს იქით არ იყურებიან და აგერ, ხათუნა ჟორდანიასი არ იყოს, თავისი ნინი ქარსელაძე რომ შერონ სტოუნზე უკეთესი ჰგონია, ფიქრობთ, რომ ღვთისმშობელიც ასეა და რაკი წილად ხვდა, თავისი წილი ქართველი ურჩევნია სხვა ერებსა და მოდგმებს?
და საერთოდ, ან რა სიბნელეა ან რა მკრეხელობაა? რა შეპყრობილობა და ცალტვინა, ცალფეხა მესიანიზმია პარლამენტის, მთავრობის მიერ სახელმწიფოს, ერის გამოცხადება ღვთისმშობლის წილხვედრად?
თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა საპატრიარქოსა და ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „საპატრიარქოსა და ხელისუფლების უმეცრების, ამპარტავნების, ქრისტეს მოძღვრებისგან განდგომის უმძიმესი ცოდვა“, რომ ქართული მესიანიზმი, მითი იმის შესახებ, რომ ქართველი ერი არის გამორჩეული სხვა ერთა შორის, ერესი და მკრეხელობაა, რადგან ახალი აღთქმა არაორაზროვნად უარყოფს რომელიმე ერის გამორჩეულობის, უპირატესობის დოქტრინას, მეტიც: უარყოფს ღმერთის წინაშე ერების რელიგიურ მნიშვნელობას, რადგან ამავე მოძღვრების თანახმად, ღვთის მფარველობით კონკრეტული პიროვნება სარგებლობს და არა _ ერი.
ღვთისმშობლის წილხვდომილობა კი არა, როგორც ქართლში იტყვიან, დედა ღვთისა გაგიწყრეთ თქვენ.
ისე, მეტი რაღა გაგიწყრეთ და მეტი რაღა ნიშანი მოგცეთ, აგერ, მახათას მთაზე პრემიერი ბახტაძე, აქამდე რომ საჯიშედ ჯანზე იყო, გემოგლობინი რომ შადრევნად ასხამდა, ახლა წნევაგავლილივით შენელებულად მეტყველებდა და მადლობის ნაცვლად „მადალობას“ იხდიდა.
ასეა, ქოცობა ვნებს ჯანმრთელობას…
რეზო შატაკიშვილი