„ლურჯი ვეშაპი“ _ მხატვრული ფილმი ინტერნეტთამაშის წინააღმდეგ



„ლურჯი ვეშაპი“ _ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე. რეჟისორ ლევან გაბაძის თქმით, მთავარი გზავნილი მარტივია – ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, მოზარდებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია.

რა არის „ლურჯი ვეშაპი“? _ „ლურჯი ვეშაპი“ ინტერნეტთამაშია, რომელიც მოზარდებს თვითდაზიანებისკენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. თამაში 50 დღე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მონაწილეებს „დავალებებს“ აძლევენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებსაც „თამაშში“ მონაწილეობა სურთ, სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე ტოვებენ მოთხოვნას ინსტრუქციაზე, რომელიც ლექსს ჰგავს და თან ახლავს შესაბამისი ჰეშთეგი. შემდეგ მათ უკავშირდებიან ვიღაც „კურატორები“, როგორც წესი, ისეთი ექაუნთებიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც არ შეიძლება და ისინი ბავშვებს აძლევენ „დავალებებს“; ასევე უხსნიან წესებს, რომ ამ „თამაშის“ შესახებ არავის არაფერი უთხრან და ყოველთვის შეასრულონ კურატორის ნებისმიერი დავალება; დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილეებს თამაშიდან გარიცხვითა და მძიმე შედეგებით ემუქრებიან. სულ 50 დავალებაა. ნავარაუდევია, რომ 50 დღის შემდეგ „თამაშის“ მონაწილემ თავი უნდა მოიკლას. ვისაც „თამაშიდან“ გასვლა უნდა, მას ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან, მაგალითად, მათთან სახლში მისვლით და მშობლების მოკვლით.
არსებობს დავალებების ტიპური სია, რომელიც დაკავშირებულია თვითდაზიანების მიყენებასთან (მონაწილემ ხელზე უნდა ამოიტვიფროს ფ57), ვეშაპებთან (დახატოს ქაღალდზე ვეშაპი) და შიშთან (მთელი დღე უყუროს საშიშ ვიდეოებს). ზოგიერთი დავალების შესასრულებლად მოთამაშე უნდა ავიდეს მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე; გაიღვიძოს დილის 4:20 საათზე, მოუსმინოს მუსიკას, ელაპარაკოს ვეშაპს და სხვ. ბოლო დავალებაა თავის მოკვლისკენ მოწოდება.
„ლურჯი ვეშაპი“ რუსეთში ჩაისახა და ყველაზე მეტად სწორედ იქ არის გავრცელებული. თავიდან ამ მოვლენამ მორალური პანიკა გამოიწვია. არსებობის პირველ წლებში (2015-2016 წწ.) ამ პრაქტიკამ ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2017 წლის თებერვალში სასიკვდილო „ჩელენჯის“ ეპიდემიამ პიკს მიაღწია. იმ პერიოდში „ლურჯი ვეშაპის“ „თამაშის“ სურვილი რვაასზე მეტმა მოზარდმა გამოთქვა. თუმცა მოგვიანებით აჟიოტაჟი ჩაცხრა _ დაინტერესებული მოზარდების რიცხვი შემცირდა, რაც საზოგადოებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების პრობლემაში ჩართულობის მასშტაბებზე აისახა. როგორც ჩანს, აღნიშნული ფენომენის აღმოფხვრის მიზნით, საყოველთაო კამპანიის დასაწყებად, „ლურჯი ვეშაპის“ თანმდევ ტრაგედიას კიდევ უფრო მასობრივი ხასიათი უნდა მიეღო.
„თამაშმა“ საქართველოშიც შემოაღწია. დასახელდა მსხვერპლიც _ 12 წლის გოგონა, რომელიც „კურატორის“ დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება. თვითდაზიანება კიდევ შვიდმა მოსწავლემ მიიყენა. სამართალდამცველებმა მოსწავლეები გამოკითხეს. მათი ასაკი 13-14 წელია. ბავშვებს სხეულზე ნაკაწრები აღმოაჩნდათ, რომელიც მათ საკუთარ თავს მიაყენეს. მოსწავლეების მიერ თვითდაზიანების ფაქტი განათლების სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა დაშავებული ბავშვები „თამაშში“ მონაწილეობას უარყოფდნენ.
2017 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ გამოძიება დაიწყო, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული თამაში დაკავშირებული ქართულ ინტერნეტსივრცესთან? 14 ოქტომბერს გამოძიების დასრულების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა და დღეის მდგომარეობით ქართულ ინტერნეტში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის რეალური ფაქტი უარყო.
ლევან გაბაძის 15-წუთიანმა მხატვრულმა ფილმმა, რომელიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, ეროვნული კინოცენტრის მოწონება დაიმსახურა.

როგორია შემოქმედის თვალით დანახული მომაკვდინებელი ინტერნეტთამაში? რატომ არ უნდა ეშინოდეთ მოზარდებს მისი? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს რეჟისორი ლევან გაბაძე ესაუბრება:

_ იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, ამ თემაზე კარგად მუშაობს საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს. ამიტომ ვეცადეთ, მაყურებლისთვის განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყო და ენახა. ფილმი სულ 15-წუთიანია და შექმნილია პრევენციისთვის. ჩვენ მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია, შევხვდით ფსიქოლოგებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ეს მძიმე ტრაგედია. მთლიანი ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე, სხვადასხვა ინფორმაციაზე, ვინც „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი გახდა.
_ თქვენი ძირითადი გზავნილი მოზარდებს უკავშირდება?
_ რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი გზავნილები მოზარდებს ეკუთვნით, მათ ამ კუთხით სჭირდება დახმარება. ალბათ, რთულია, მოზარდი წაიყვანო ფსიქოლოგთან ან ამ თემაზე ესაუბრო, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანო, ჩვენ კი ვეცადეთ, რომ ყველა ბავშვისთვის ეკრანიდან მიგვეყვანა ფსიქოლოგი. ვფიქრობთ, ვინც ამ ფილმს უყურებს, საკუთარ თავს ამოიცნობს და იმ შეკითხვებზე მიიღებს პასუხს, რომელსაც ვერ სვამს. პრობლემიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს. სწორედ ამისთვისაა ეს ფილმი გაკეთებული.
ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მოზარდმა ნახოს ფილმი. ასევე ვემზადებით საფესტივალოდ. ამ დროისთვის მიმდინარეობს თარგმანი. კოსულტაციები გავიარეთ ეროვნულ კინოცენტრთან, ვინაიდან მათ აქვთ პროგრამა, რომ სკოლებშიც შეიტანონ აღნიშული ფილმი. აუცილებელია, მშობლებმაც მეტად დაინახონ საკუთარი როლი და თავი ამ პრობლემის დასაძლევად.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ფილმი პრევენციისთვის შეიქმნა და სკოლებშიც გინდათ, შეიტანოთ. ამ საკითხის შესახებ განათლების სამინისტროს ესაუბრეთ?
_ როცა ეს ფილმი დავასრულეთ, ეროვნულ კინოცენტრთან კონსულტაციები გავიარეთ. მათ კონკრეტული პროგრამა ჰქონდათ _ კინო სკოლებში. იმ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომ ეს ფილმი სკოლებში შესულიყო, მაგრამ პანდემია დაგვემთხვა. ფილმის პრემიერაც კორონავირუსის გამო ჩაგვეშალა და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ინტერნეტით და მედიის საშუალებით გაგვევრცელებინა. ამ ეტაპზე ეროვნულ კინოცენტრს, მგონი, აღარ აქვს პროექტი _ კინო სკოლებში, უფრო სხვა ფორმატში გადავიდა. ფილმი იმდენად გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომ, მგონი, 70%-მა უკვე ნახა.
_ ლევან, „ლურჯი ვეშაპი“ განსაკუთრებულად აქტუალური 2017 წელს იყო, როცა ამ თამაშმა საქართველოშიც შემოაღწია. რატომ გადაიღეთ დღეს ეს ფილმი და არა წლების წინათ?
_ ამაზე ასე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით, რომ ეს თამაში როგორც 2017 წელს იყო აქტუალური და ცხელი თემა, ასევეა დღესაც. დღემდე ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს ეს თემა და ამ პრობლემას ებრძვის.
_ პირადად თქვენ რა იცოდით ამ თამაშის შესახებ და რა აღმოჩენები გააკეთეთ მუშაობის პროცესში, როგორც რეჟისორმა?
_ თავიდან ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა, შემდეგ კი, უკვე მუშაობის პროცესში, იმდენი ამაზრზენი რამ გავიგე, რომ სასტიკად შევშფოთდი. ფაქტი ის არის, რომ ამდენი მოზარდი შეიწირა.
_ ფილმი ჯეოსაიტებზე დაიდო, სადაც მნახველთა რაოდენობა 30 ათასს აცდა. კომენტარებს თუ გადავავლებთ თვალს, ყველას ძალიან მოეწონა, თუმცა უკმარისობის შეგრძნება დარჩათ, ანუ ფილმის ქრონომეტრაჟი 15 წუთია. რატომ?
_ როდესაც ამ ფილმზე დავიწყეთ მუშაობა, სცენარის დასრულებისთანავე თანხების მოძიებაზე ვიზრუნეთ, რომ მსახიობებისთვის ჰონორარი გადაგვეხადა და სხვა ხარჯები დაგვეფარა. ძალიან ბევრ კომპანიას დავურეკეთ, ყველაფერი დეტალურად ავუხსენით, თუ რაზე ვიღებდით ფილმს, ყველას ძალიან მოეწონა, მაგრამ ბოლოს უარი გვითხრეს.
_ რატომ?
_ არ ვიცი.
_ თუ მოეწონათ ფილმის სცენარი, უარი რატომ გითხრეს?
_ არ ვიცი. ამ ეტაპზე არ გვაქვს თანხებიო და ა. შ. ეს ფილმი რომ არ ჩავარდნილიყო, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალებით გადაგვეღო. გვერდით დაგვიდგნენ მსაიობები: ნანკა კალატოზიშვილი, სალომე ბაკურაშვილი, ლაშა გურგენიძე და ბევრი სხვა. სრულიად უსასყიდლოდ დაგვთანხმდნენ და ითამაშეს. დავიწყეთ სცენარის გადაკეთება და, აქედან გამომდინარეა ეს ფილმი მოკლემეტრაჟიანი.
_ მსახიობები რომ ფილმის სცენარს გაეცნენ, რა თქვეს?
_ იმიტომ ითამაშეს უსასყიდლოდ, რომ თემატიკით დაინტერესდნენ. ამ ადამაინებმაც თავისი წვლილი შეიტანეს მოზარდების ცხოვრებაში.
_ ძალიან ფაქიზ და რთულ თემას შეეხეთ. რისკების არ შეგეშინდათ?
_ რა თქმა უნდა, შეგვეშინდა. თავიდანვე ვიფიქრეთ, რომ ამ ფილმით პოპულარიზაცია არ გაგვეწია თვითონ თამაშისთვის, ამიტომაც ჩავრთეთ ფსიქოლოგები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ყველა დეტალი და ნამდვილად ისეთი გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.
_ რამდენად თქვა ამ ფილმა თავისი სათქმელი?
_ ვინც ეს ფილმი ნახა ან ნახავს, ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და დაასკვნის, რომ ერთ დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე და არანაირი „ლურჯი ვეშაპი“ არ არსებობს. მიხვდებიან იმას, რომ ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ომი, _ არავინ გიყურებს და არავინ გითვალთვალებს.
_ როგორც რეჟისორისთვის, რა არის დღეს კიდევ ისეთი თემა, რაზედაც სიამოვნებით გადაიღებდით ფილმს?
_ კიდევ ერთ აქტუალურ პროექტზე ვფიქრობ. ძალიან საინტერესო იქნება ადამიანის ურთიერთობა ბუნებასთან _ როგორ ვაბინძურებთ გარემოს და ვანადგურებთ ტყეს. ამ თემატიკის შესახებ მინდა, გადავიღო ფილმი _ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების არსებობა და თუ ჩვენ მას დავაზარალებთ, ისიც სამაგიეროს გადაგვიხდის.

გიორგი საკარული