ლუდა დუნდუა: „როცა ვმღეროდი, ბადრი პატარკაციშვილი ფეხზე დამდგარი მისმენდა“

მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, თითქოს საათი გაჩერდა და სიცოცხლე შეწყდა. დაიხურა ყველაფერი, რაც კი ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდა: ბარში, კლუბში, რესტორანში, თეატრში, კონცერტსა თუ სხვა დაწესებულებაში სიარული შეუძლებელი გახდა. ხელოვანი ადამიანები სახლში დასხდნენ, მომღერლები ონლაინ სივრცეში ან საკუთარი სახლის აივნებზე მღეროდნენ, სცენაზე და წამყვან პოზიციებზე კი მედიკოსები იდგნენ, მხურვალე აპლოდისმენტებიც სოწრედ მათი მისამართით ისმოდა, რაღაც დროით, თუმცა ესეც მალევე შეწყდა…

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ სწორედ ამ უმოქმედობის ჟამს მომიწია აღმაშენებლის ქუჩაზე მისვლა ერთ ძალიან ლამაზ სივრცეში, სადაც კორონაშეზღუდვების მიუხედვად შეკრებილები იყვნენ ქართველი ხელოვანი ადამიანები, ცნობილები და, როგორც ჩვენ ვეძახით, ქართველი სელებრითები. შამპანურის წრუპვისა და მონატრებული თბილისური ჭორაობის ფონზე ხალხის ყურადღებას იქცევს ისეთი მქუხარე ხმა, რომელიც მომღერალ ლუდა დუნდუასგან მოდის.

საოპერო ჟანრის მომღერალი პროექტ „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის ფინალისტია, თუმცა… ბევრი თუმცაა, რომელზედაც ქვემოთ წაიკითხავთ…
ეს გახლავთ რუბრიკა „საინტერესო ადამიანი“ და სწორედ ამიტომ დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ ნამდვილად საინტერესო, ნიჭიერ, პროფესიონალსა და გამორჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე თავად მოგიყვებათ.

ლუდა დუნდუა, მომღერალი:
_ 17 წლის ასაკში კონსერვატორიაში ვაბარებდი, მაგრამ ვერ მოვხვდი, მერე დამტოვეს მაესტრო ნოდარ ანდღულაძემ და ივეტა გერსამიამ. ეს იყო ვოკალური ხელოვნების კოლეჯი, ანუ აკადემია. იქ ვიარე 4 წელი. არ მქონდა საშუალება სოლფეჯიოში მოსამზადებლად. იქ სწავლობდნენ უკვე პროფესიონალი მომღერლები, რომლებიც კვალიფიკაციას იმაღლებდნენ და შესრულებაზე მუშაობდნენ, ამიტომ იქ არც სოლფეჯიო ტარდებოდა, არც _ მუსლიტერატურა. მხოლოდ სიმღერის მანერასა და შესრულებაზე ვმუშაობდით, არადა, მე მჭირდებოდა სოლფეჯიო. სამწუხაროდ, ვერასდროს მოვახერხე მომზადება. როგორც იცით, მაშინ ისეთი დრო იყო, გზის ფულიც არ მქონდა, ფეხით დავდიოდი. შემდეგ დავქორწინდი, სამი ბავშვი გამიჩნდა და, ფაქტობრივად, დიასახლისი ვიყავი. ამის შემდეგ „ნიჭიერმა“ გამომაცოცხლა.
_ ბავშვობიდან მღერით?
_ დიახ, ბავშვობიდან ვმღერი, სიმღერა მართლა ჩემი ცხოვრებაა.
_ თავიდანვე საოპერო ჟანრის მიმართულებით მღეროდით?
_ არა, სხვათა შორის, საფორტეპიანოზე მინდოდა ჩაბარება, სიმღერა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ საოპერო ჟანრის ხმა მქონდა. პირველად რომ ჩავედი დეიდასთან გორში, იქ ჩავაბარე გორის მუსიკალურ სასწავლებელში. მარჯვენა ხელი მტკიოდა და პედაგოგმა როცა ნახა, მითხრა, ვერ შეძლებ ამხელა ნაწარმოებების დაკვრასო. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მთელი 12 წელი ამას ველოდი, კონცერტმაისტერობა მინდოდა, მაგრამ იქ იყო დიანა როსტომაშვილი, რომელმაც მითხრა, თუ მღერი, ვოკალის განხრით სცადეო. მაშინ გამამღერა გამები და მითხრა, _ შენ საოპერო კლასის ხმა გაქვსო. ორი კვირა იყო გამოცდებამდე დარჩენილი. ჩემი ხმა დირექტორს მოასმენინეს, მან თქვა, ვერ მოახერხებს, ვერ მოასწრებს მომზადებასო. ორი დიდი ნაწარმოები და ერთი ვოკალიზი უნდა შემესრულებინა, მაგრამ შევძელი ორ კვირაში სწავლა და ისე შევასრულე ყველაფერი, პირდაპირ მეორე კურსზე დამსვეს გორის მუსიკალურ სასწავლებელში. იქვე იყო შალვა მოსიძე, მომღერალი, მუსიკოსი, ქალთა აკაპელა ჰყავდა და თავისთან ჩამრიცხა. მაგრამ მე უფრო ძლიერი ხმა აღმომაჩნდა, მითხრეს, იტალიური კლასის ხმა გაქვს, საკონსერვატორიო კადრიო ხარო და თბილისში გმომიშვეს. მეც დავთანხმდი, ერთი წელი ვისწავლე თბილისში, კონსერვატორიის გამოცდებზე გავედი, ათი ქულა გამოვიტანე ვოკალიდან, 9.5 _ კოლოქვიუმიდან, თუმცა სოლფეჯიოში დამაკლდა ქულა, ამიტომ დავრჩი გარეთ. ყველა ძალიან ემოციურად იყო, რა კარგი ხმა გაქვსო და ა. შ.
_ რა მოხდა მას შემდეგ, რაც კონსერვატორიის გარეთ დარჩით?
_ ეს იმხელა სტრესი იყო! ყველა მეუბნებოდა, რომ აუცილებლად ჩავაბარებდი, უკვე ჩაბარებული მქონდა და ა. შ. არც ვაპირებდი სიების სანახავად წასვლას, იმდენად კარგი გამოსვლა მქონდა, ვერ წარმომედგინა, გარეთ თუ დავრჩებოდი. კონსერვატორიაში დამწყებთაგან მისაღებ გამოცდებზე ისეთ რაღაცას ითხოვენ, რომ რთულია, ეს ყველაფერი მოახერხო. ვფიქრობ, ასე არ უნდა იყოს, რადგან ამან დამკარგა. მე ვარ 43 წლის და ახლა კი არ უნდა დამეწყო, არამედ 17 წლის ასაკიდან უნდა შევდგომოდი ჩემი სწავლა-განათლება ამ საკითხში. როცა ხედავ, რომ ადამიანს ხმა აქვს, საშუალება უნდა მისცე, ისწავლოს სოლფეჯიო და შედგეს მომღერლად. ეს მისთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ვფიქრობ, ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანდი ჩემს ქვეყანას. დაკარგული იმიტომ ვარ, რომ არ ვიცოდი სოლფეჯიო და არ მქონდა საშუალება, მოვმზადებულიყავი.
_ ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტრესს გამოიწვევდა…
_ რა თქმა უნდა, მე რომ მივედი სიების წასაკითხად, მთელი ნახევარი საათი ვიდექი და ვკითხულობდი, მართლა არ მეგონა, რომ არ ვიყავი ჩარიცხული, იმხელა სტრესი იყო. ტირილით გავედი ბატონ ნოდართან და ვუთხარი, რომ არასდროს ვიმღერებდი, იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი. მახსოვს, ბატონმა ნოდარმა თავზე გადამისვა ხელი და მითხრა, _ შენ თუ არ იმღერებ, აბა, ვინ უნდა იმღეროსო?


_ რა ხდება შემდეგ?
_ რთული პერიოდი იყო, არანაირი შოუები და კონცერტები არ ტარდებოდა. მხოლოდ რესტორნები იყო, სადაც ხელოვან ადამიანს ეძლეოდა საშუალება, ეარსება. მეც დავდიოდი ფეხით, იქნებ, რამისთვის მიმეღწია. ბატონმა ნოდარმა დამტოვა, მე გამეცადინებ უსასყიდლოდო. ივეტა გერსამიაც უსასყიდლოდ მამეცადინებდა, ოღონდ რამესთვის მიგვეღწია. მთელი 5 წელი ვიარე ფეხით. ყველაფერს იმასაც ვაბრალებ, რომ ნიჭთან ერთად იღბალიც უნდა დაგყვებოდეს. იყო მომენტები, რომ ისეთ ადამიანებს მოუსმენიათ ჩემთვის, შეეძლოთ მოეკიდებინათ ხელი და ეთქვათ, _ უი, ასეთი ხმა გაქვს და დაგეხმარებითო, მაგრამ ჩემ გვერდით ვინც მდგარა, იმისთვის ჩაუკიდიათ ხელი და მე ყოველთვის თამაშგარეთ დავრჩენილვარ.
_ ანუ ვოკალურად თქვენზე სუსტი გაიყვანეს?
_ რა თქმა უნდა! იმ წელს ჩააბარა გოგონამ, რომელმაც დაამთავრა კონსერვატორია, დღეს კი არც მღერის, არ გაუგრძელებია ეს პროფესია. მე გარეთ დავრჩი. ბევრჯერ ხდება ასე, ძალიან ცუდია. ნიჭიერებას რომ დაინახავ ადამიანში, იმას მხარში უნდა დაუდგე. მე თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ალბათ, პირველ რიგში, ამ საქმიანობით.
_ შეიძლება ითქვას, რომ ქართველები ვამართლებთ გამონათქვამს: პატრონი თუ არ გყავს, წინ ვერ წახვალო, ასეა?
_ სამწუხაროდ, კი.
_ გავიდა წლები, ოჯახი შექმენით, შვილები გაგიჩნდათ, როგორც ვიცი, მეუღლეც მღერის და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეთ, პროექტ „ნიჭიერში“ მიგეღოთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამის შესახებ…
_ დიახ, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრების რჩევით, გადაწყვეტილება მივიღე, რომ პროექტ „ნიჭიერში“ მიმეღო მონაწილეობა. მეგობრებმა მითხრეს, რომ გავსულიყავი. მეც გავედი და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. მართალია, ფინალში ვერ გავედი, მაგრამ ოქროს ღილაკი, რომელიც სტეფანემ მომცა, ჩემთვის უკვე გამარჯვება იყო. გამოვედი ფილარმონიის დიდ სცენაზე, ვიმღერე ორკესტრთან ერთად და ეს ყველაფერი ჩემთვის ოცნება იყო, რომელიც რეალობად მექცა.
_ ოქროს ღილაკი მიიღეთ, დაიმსახურეთ მხურვალე აპლოდისმენტები, ფეხზე წამოგიდგათ ჟიურის წევრები და რა მოხდა? რატომ ვეღარ გიხილეთ შემდეგ?
_ ნახევარფინალში გავედი და ფინალში რომ უნდა გადავსულიყავი, იქიდან გაიმარჯვა ერთმა მომღერალმა ბავშვმა. ვფიქრობ, ოქროს ღილაკის შემდეგ უნდა გადადიოდე ფინალში, მაგრამ ჩემ შემთხვევაში პირიქით იყო.
_ რა მოხდა?
_ უნდა მემღერა „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“. მთელი სამი კვირა ვმუშაობდი ამ სიმღერაზე, თუმცა ორი დღით ადრე შემიცვალეს და ფიზიკურად დრო აღარ მრჩებოდა, რომ ახალი სიმღერა მომემზადებინა. არ ვიცი, რა მოხდა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება… შესაძლოა, ახალი სიმღერა ვერ შევასრულე ისე, როგორც საჭირო იყო და მოგეხსენებათ, ყველაფერი ხალხის მიერ გამოგზავნილ სმს-ზე არის დამოკიდებული.


_ რატომ შეგიცვალეს ნაწარმოები?
_ სამწუხაროდ, არ ვიცი. ვფიქრობ, არჩევანი მონაწილეზე უნდა იყოს: რაც მოსწონს, რაც არის მისთვის მისაღები, ის სიმღერა უნდა შეასრულოს. არ შეიძლება, ყველამ ყველაფერი იმღეროს.
_ მცირე დროის მიუხედავად, რა მოგცათ ამ პროექტმა?
_ საქართველოში არის ასეთი სიტუაცია: თუ ცნობილი არ ხარ, რესტორანშიც არ მიგიღებენ.
_ რატომ, გქონიათ მსგავსი სიტუაცია?
_ დიახ. ერთ-ერთი რესტორნის დირექტორმა მითხრა, _ ფინალში რომ გადასულიყავი, სამსახურში მიგიღებდიო.
_ და იმიტომ, რომ ფინალში არ და ვერ გადახვედით, რესტორანში სამუშაოდ არ აგიყვანათ?
_ დიახ.
_ დადებითი კუთხით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რა მოგცათ ამ პროექტმა კარგი?
_ პროექტმა მომცა ის, რომ უფრო მეტი ორგანიზება გავუკეთე საკუთარ თავს, მეორე რიგში ის, რომ სცენის სუნი შევიგრძენი, ტაში, ქუჩაში რომ გავდიოდი, ყველა მეფერებოდა, მკოცნიდა. განსაკუთრებით მოხუცები და ბავშვები. მე რომ გამოვედი სცენაზე, მაყურებელში ბევრი იყო მცირეწლოვანი. კლასიკა ისეთი თემაა ბავშვებისთვის, ცოტა შემეშინდა, როგორ მიიღებდნენ. ეს ძალიან ემოციური იყო, ყველა ფეხზე დადგა. ქუჩაშიც შემომეხვეოდნენ ხოლმე ბავშვები და მკოცნიდნენ. იმდენად დადებითი ემოცია იყო ხალხისგან, მაშინ ვიფიქრე, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი. ნელი ნაბიჯებით მივდივარ, მაგრამ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
_ როგორც ვიცი, მეუღლე აზერბაიჯანში მღერის…
_ დიახ, რესტორანში მუშაობს. თბილისში „ერისიონის“ მომღერალი იყო, მთელი 12 წელი მოღვაწეობდა, მაგრამ მერე ოჯახური პირობების გამო მოუწია აზერბაიჯანში წასვლა.
_ არ გიფიქრიათ, რომ თქვენც მეუღლესთან ერთად წასულიყავით?
_ მიფიქრია, მაგრამ იქ არ არის ბავშვებისთვის ქართული სკოლა, რუსული და აზერბაიჯანულია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ამიტომ მომიწია საქართველოში დარჩენა.
_ არ გიჭირთ ასე ყოფნა? მეუღლე იქით და თქვენ აქეთ?
_ როგორ არ მიჭირს, თან წლები გადის…
_ ალბათ, ხშირად უწევს საქართველოში ჩამოსვლა…
_ ახლა, ამ პანდემიის გამო, ვერ ჩამოდის, მერე უკან ვეღარ დაბრუნდება.
_ შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის გამო მოგიწიათ კარიერის უკანა პლანზე გადაწევა და შემოქმედებითი პაუზის აღება?
_ საკმაოდ დიდი პაუზა გამომივიდა. ფაქტობრივად, „ნიჭიერში“ რომ გამოვედი, მაშინ დავიწყე სიმღერა, თორემ ის პერიოდი სახლში ვიყავი, არც მიმღერია. ზოგადად, ძალიან რთულია კარიერა და ოჯახი ერთად, ეკონომიკურად თუ არ გაქვს ძლიერი სიტუაცია.
_ დღეს აქტიურად დაიწყეთ ახალი სიმღერების ჩაწერა. თქვენი სიმღერები გადის რადიოში, გაქვთ კლიპის პრემიერები და ამჟამად რაზე მუშაობთ?
_ ამჟამად ჩემს შვილთან, სესილიასთან ერთად ჩავწერე კაკი ბოლქვაძის სიმღერა, რომლის სატელევიზიო პრემიერაც გაიმართება ტელეკომპანია „ახალზე“. ამას გარდა, ვმუშაობ კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის ახალ სიმღერაზე, რომელიც ეძღვნება ჩვენს პატრიარქს. ამ სიმღერას ვასრულებ 50 ბავშვთან ერთად. პარალელურად მიმდინარეობს კლიპზე მუშაობა, საოცრად ლამაზი სიმღერა გამოვიდა და ძალიან მალე ამის პრემიერაც შედგება.
_ როგორც მივხვდი, საოპერო ჟანრის გარდა საესტრადო სიმღერებზეც მუშაობთ?
_ დიახ. ვმღერი როგორც საოპერო ჟანრს, ასევე საესტრადოს. რეპერტუარში მაქვს ბოშური სიმღერები, რომანსები, კლასიკა…
_ ქ-ნო ლუდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მუსიკალური კონკურსის ოქროს ღილაკის მფლობელსა და მით უმეტეს, გამარჯვებულს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, ცნობადობა, წარმატება, უამრავი კონცერტი, ალბომის ჩაწერა, კლიპების გადაღება, ფულადი ჯილდო და ა. შ. რა ხდება ამ კუთხით აქ? რა ხდება პროექტის მერე?
_ ნამდვილად, გეთანხმებით. საზღვარგარეთ გამარჯვებულებს და ზოგადად ნიჭიერ ადამიანებს ხელს უწყობენ, გვერდში უდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებულ გზაზე იარონ. ჩვენთან ეს ყველაფერი არ ხდება. ზღვა ოვაციებია იმ წუთას და შემდეგ არაფერი. არავინ გეხმარება.
_ კლიპების გადაღება, სიმღერების ჩაწერა _ ეს ყველაფერი ხომ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რამდენად გიღირთ ამ ყველაფრის გაკეთება დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე?
_ მიღირს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი გვერდით მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანები მეუბნეიან, არ გავჩერდე, გავაკეთო რაც შეიძლება ბევრი სიმღერა და არ შემიძლია არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი კოლეგა თორნიკე ტატიშვილი, რომელიც ძალიან მეხმარება. ამ ყველაფერს იმდენად მიზერულ თანხებში ვაკეთებ, რომ მოგეხსებათ, რა ღირს თუნდაც ერთი სიმღერის ჩაწერა ან ვიდეო რგოლის გადაღება.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ბადრი პატარკაციშვილს უყვარდა თქვენი სიმღერები და სოლიდურ თანხასაც მჩუქნიდაო. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
_ ეს იყო რესტორანი „იმერეთი“, სადაც 2 წელი ვიმუშავე. ეს ის პერიოდია, როცა ბატონი ბადრი საქართველოში ახალი ჩამოსული იყო. ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, რომელიც აფასებდა ხელოვან ხალხს და ძალიან მოსწონდა ჩემ მიერ შესრულებული სიმღერები. საკმაოდ სოლიდურ თანხას მჩუქნიდა ხოლმე, ეს ჩემთვის, როგორც სტუდენტი გოგოსთვის, ძალიან დიდი პატივი იყო.
_ რას გეუბნებოდათ ხოლმე?
_ მომღერლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი მსმენელი ზის დარბაზში, ჭამს თუ გისმენს. ამ ადამიანისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი. როცა ვმღეროდი, ფეხზე დამდგარი მისმენდა. ჩემს სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა.
_ ნამდვილად სასიმოვნოა, როცა ადამიანი აფასებს შემოქმედებას და ზოგადად ხელოვნებას. მით უმეტეს, ბადრი პატარკაციშვილმა ნამდვილად უამრავი მომღერალი დააპურა, მოჭრილი ხელფასებიც კი დაუნიშნა, თუმცა ბევრი მომღერლისთვის ეს მოდუნების საშუალება აღმოჩნდა და მსმენელს ახალს არც არაფერს სთავაზობდნენ. ლუდა, საინტერესოა დღეს თუ მუშაობთ სადმე?
_ დღეს არსად ვმუშაობ. სამწუხაროდ, რესტორნებში უნდათ ერთი მომღერალი, რომელიც შეასრულებს ყველა ჟანრში, ყველა სიმღერას. არ უნდათ ზედმეტი თანხის გაღება. სადაც მივედი, იქ ყველგან აყვანილი ჰყავდათ.
ახლა მაქვს შემოთავაზება არაჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელმაც რესტორანი გახსნა და მკითხა, თუ იმღერებო? რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მომღერლისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად ფორმაში იყოს, ყოველდღე იმღეროს და ხმა მწყობრში ჰქონდეს.
_ ამ გადმოსახედიდან როცა უყურებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას და პირველ ნაბიჯებს, როგორ შეაფასებდით, რას იტყოდით?
_ კარიერაში ძალიან ბევრი იმედგაცრუება მქონდა, რა თქმა უნდა, ოჯახს არ ვგულისხმობ. მადლობა უფალს, ჩემი შვილები და მეუღლე ჯანმრთელები არიან. დღეს ჯანმრთელობა იმდენად ფასობს, მეშინია, სხვა რამეზე ვიოცნებო, ღმერთი არ გამიწყრეს. კარიერის მხრივ კი ნამდვილად ბევრი გულის ტკენა გამოვიარე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მიმიყვანეს შვილებთან ერთად ტელევიზიაში, 3-4 საათი მაყურყუტეს, გადამიღეს, ჩაწერეს სიმღერა და მთელი ერთი თვე ველოდებოდი მის ეკრანზე გამოჩენას. შემდეგ, როგორც იქნა, გავიდა ანონსში ჩემი ნამღერი, თუმცა გადაცემა როცა დაიწყო, მთლიანად ვიყავი ამოჭრილი. ჩემი ნამღერი არ გაუშვეს.
_ რატომ?
_ არ ვიცი.
_ არ გაარკვიეთ მიზეზები?
_ მეორე დღეს დავურეკე და ვუთხარი, გაგეფრთხილებინეთ მაინც-მეთქი და პასუხად მეუბნებიან, რომ კადრი გაგვიფუჭდაო. თუ კადრი გაფუჭდა, რეკლამაში როგორ ჩასვეს? ანუ სრულიად აბსურდული მიზეზები მოიგონეს. ელემენტარული პატივისცემაა, რომ წინასწარ გაგაფრთხილონ ადამიანი და გითხრან, რომ ეს კონკრეტული რაღაც ეთერში არ გავა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და საკმაოდ დიდი სტრესი მივიღე. ვტიროდი და ჩემს თავს ვეკითხებოდი, _ რატომ ხდება ასე-მეთქი?!
_ რა იმედით უყურებთ მომავალს?
_ ერთადერთი, რასაც არ ვკარგავ, ეს არის იმედი! მადლობა ღმერთს, რომ ჩემ ირგვლივ არიან ნამდვილად კარგი ადამიანები, რომლებიც გვერდით მიდგანან. მომავალს იმედიანად ვუყურებ, მინდა, რომ შემდგარი ადამიანი ვიყო, ჩემს მაყურებელსა და ოჯახს დიდი სიამოვნება მივანიჭო. დღეს ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომში რაღაც გააკეთო.

გიორგი საკარული