ლია მუხაშავრია: „როგორ შეიძლება, მოსამართლეთა მთელი ინსტიტუტი კონფერენციაზე იკრიბებოდეს და ადგენდეს, რომ მათ ვეტინგი არ სჭირდებათ?“

თამარ სანაძე

ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს ვეტინგთან დაკავშირებით მსჯელობები. ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსამართლეთა დიდი ნაწილი კეთილსინდისიერების ტესტს ეწინააღმდეგებიან.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ლევან მურუსიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ყველაზე მეტი დრო დაუთმეს ვეტინგის სისტემაზე საუბარს. მათ ამის თაობაზე პრეზენტაციაც კი მოაწყვეს და 40 წუთის განმავლობაში მოსამართლეებს ვეტინგის სისტემის უარყოფით გავლენაზე არწმუნებდნენ.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ტესტი არა მათი კეთილსინდისიერების გამოვლენას, არამედ სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ემსახურებოდა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე „ქართული ოცნებ“ის ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ „ცალ ფეხზე დგომას“ არ აპირებენ.

ლევან მურუსიძის მტკიცებით, ის კეთილსინდისიერი მოსამართლეა, ვეტინგის მოთხოვნა კი, რეალურად, ამის გამოვლენას არ ემსახურება. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი თემა ვეტინგთან დაკავშირებით დახურულად გამოაცხადა.

„ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული, საქართველოს შესახებ  გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში ქართველების მიერ _ ჩვენ ვართ ძალიან თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში“, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვეტინგზე, მოსამართლეთა კონფერენციასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებზე ვეტინგის შესახებ ლია მუხაშავრიამ გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა:

 _ ქალბატონო ლია, გმადლობთ ინტერვიუსთვის, საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები ვეტინგთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც გვრიტიშვილი, მურუსიძე და მიქაუტაძე მოსამართლეებს ვეტინგის სისტემის უარყოფით გავლენაში არწმუნებდნენ. ჩვენ იგივე განცხადებები გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. რაზე მეტყველებს მათი ასეთი რეაქცია?

_ დიდი მადლობა, რომ ვეტინგზე საუბრის შესაძლებლობა მომეცით, რადგან ის განცხადებები ვეტინგის შესახებ, რაც მედიაში ვრცელდება, რასაც ვუყურებ და ვისმენ, არის აბსოლუტურად არასწორი და ტყუილი.

ვეტინგი გულისხმობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, არავითარ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს უცხოელების მიერ რამის გაკეთებას, პარტნიორი ქვეყნების კომისიას ან უცხოეთიდან მოსული კომისიის მიერ რამის გაკეთებას. ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი პროცედურა, როდესაც მოსამართლემ უნდა წარმოადგინოს მის ქონებრივ  დეკლარაციაში ასახული ქონების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები: რა ფულით და რა წყაროდან მიღებული სახსრებით შეიძინა სახლი, მანქანა, აგარაკი და სხვ. სულ ეს არის, მეტი არაფერი. ის მოსამართლე, რომელიც ამის დადასტურებას ვერ შეძლებს, თავად არ წარმოადგენს დოკუმენტაციას ან ვერ წარმოადგენს, ვალდებულია, გადადგეს. ეს არის ძალიან მარტივი სისტემა და ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, რადგან როგორ უნდა ენდოს საზოგადოება მოსამართლეს, თუკი არ არის დარწმუნებული, რომ ის არ არის მექრთამე, კორუფციაში გახვეული პირი. კეთილსინდისიერება და კანონიერება არის მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე.

დავუშვათ, კვალიფიციურობის ტესტს აბარებენ ისინი, რომ გამოცდა ჩააბარეს, გასაუბრება გაიარეს, მაგრამ მათი ქონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად არსებობს ეს სისტემა, არავითარ კავშირში არაა ამასთან კავშირში არც უცხოეთის ჩარევა, არც სუვერენიტეტის დარღვევა ან უცხოელი პარტნიორების მხრიდან მათი შემოწმება. ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც მოსამართლეთა კორპუსი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, უარს ამბობს ვეტინგის სისტემის ამოქმედებაზე, ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მედიას, საზოგადოებას, ავტომატურად გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი არ არიან კეთილსინდისიერები.

მოსამართლე არის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი და მან ეს თანამდებობა რომ დაიკავოს და ამ სამსახურს რომ ასრულებდეს, რასაკვირველია, უნდა ექვემდებარებოდეს გადამოწმებას მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ამაში როგორ შეიძლება, ვინმე შეგვედავოს? ეს არის ძალიან მარტივი. აქვს სახლი? აგარაკი? ძვირადღირებული მანქანა? აუცილებელია წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ ქონების ლეგალურობას, ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი საუბარი და ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს.

ისინი ისედაც ექვემდებარებიან ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას, უბრალოდ ვეტინგი დამატებით გულისხმობს იმას, რომ თუ მოსამართლე ვერ წარადგენს თავისი ქონების შეძენის კანონიერ წყაროს, ის ვალდებულია, გადადგეს.

ეს არის კანონით დადგენილი პროცედურა, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ან რომელიმე კერძო პირის მოთხოვნა. ესაა ჩვეულებრივი მოთხოვნა, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ამ ქვეყანაში, მაგრამ რადგან ახლა დადგა ამის საჭიროება და ამაზე მოსამართლეებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა და იურისტებმა ჩაატარეს ძალიან სერიოზული პრეზენტაცია გასულ წელს და ამ სისტემის საჭიროებასა და აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება, მოსამართლეები რომ ასე ხისტად შეხვდნენ ამ პროცესს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ, ისინი არ არიან კეთილსინდისიერები. კანონის უზენაესობის განმახორციელებელ პირს თუ არ უნდა შემოწმდეს კეთილსინდისიერებაზე, მე როგორც მოქალაქე და როგორც იურისტი, ვერ ვანდობ მას ჩემს საქმეს და ჩემი საქმის გადაწყვეტას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოსამართლე იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური ჩემი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას.

_ ქალბატონო ლია, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, ვეტინგის მოთხოვნა, რეალურად, ამის გამოვლენას არ ემსახურებაო. როგორ შეაფასებთ მის ამგვარ განცხადებებს, რომელიც მრავლად მოვისმინეთ პრეზენტაციისას?

_ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოთქმა, რომ წესიერ ქალს მისი წესიერების მტკიცება არ სჭირდება. მხოლოდ სიტყვებით იმის მტკიცება, რომ მე კეთილსინდისიერი მოსამართლე ვარ, საკმარისი არ არის, ის არ არის კერძო პირი, მას აცვია მანტია, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პირი ამ სახელმწიფოში და თუ არის კეთილსინდისიერი პირი, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მისი კეთილსინდისიერების შემოწმებას? ხომ ძალიან მარტივია. საერთოდ ამდენი დისკუსიაც ზედმეტი და დამღლელია. თუ მე ვარ კეთილსინდისიერი, ვიტყოდი, რომ აგერ ვარ და ნებისმიერი წესითა და პროცედურით შეამოწმეთ ეს, არსად ვიმალები და არაფერს ვეწინააღმდეგები. ეს ხომ ძალიან მარტივია და მეტად და სარწმუნო.

_ დიმიტრი გვრიტიშვილმა  კონფერენციაზე „ოცნების“ კომენტარები გაიმეორა და თქვა, რომ „ცალ ფეხზე დგომას“ არ აპირებენ. იგულისხმებოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. პრემიერმა გუშინ თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ისე შეიყვანს, რომ „ცალ ფეხზე დგომა“ არ მოუწევთ. საინტერესოა გვრიტიშვილის ამ განცხადებას თქვენი შეფასება?

_ თუ მოგვთხოვეს, რას ვიზამთ? ევროპელები ასე მსჯელობენ და ეს მართალიც არის, თქვენ ხომ ყველას არ შეუშვებთ საკუთარ სახლში, ისინი გვეუბნებიან, _ გინდათ ჩვენთან შემოსვლა? აი, ეს უნდა დააკმაყოფილოთ, ეს უნდა გააკეთოთ, ეს უნდა დაიცვათ, არაფერი დამამცირებელი, დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი აქ არ არის. ის, რაც ჩვენს სუვერენიტეტს ცუდად ეხება, არაფერი მსგავსი არ მოუთხოვია ევროკავშირს, მოგვთხოვეს, რომ გააუმჯობესეთ თქვენი სასამართლო, ქვეყანა, კარგად ჩაატარეთ რეფორმები, გააუმჯობესეთ არჩევნები, ჩვენ ეს გვინდა და ვისაც ეს არ უნდა, მათ არ აწყობთ ამგვარი რეფორმები. მოსამართლეებს არც ცალ და არც ორ ფეხზე დგომა არ სჭირდებათ ევროკავშირში შესასვლელად, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში კლანი ისე ვერ გაჯეჯლილდება, რომ მოიწვიოს კონფერენცია და დაადგინოს, რომ ვეტინგი არ სჭირდებათ, ეს არის სირცხვილი.

როგორ შეიძლება, მოსამართლეთა მთელი ინსტიტუტი კონფერენციაზე იკრიბებოდეს და ადგენდეს, რომ მათ ვეტინგი არ სჭირდებათ? როგორც ჯანმრთელობის ცნობაა აუცილებელი და როგორც ნასამართლეობის ცნობაა აუცილებელი, რომ საჯარო მოხელე დაინიშნოს თანამდებობაზე, დაახლოებით ისეთივეა კეთილსინდისიერების შემოწმება და ეს არის უმარტივესი მეთოდი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გამოძიება დაიწყოს, მათი საქმეები გადამოწმდეს, ჩატარდეს გამოძიებები, ვეტინგი არის ძალიან მარტივი, _ გაქვს სახლი? ღმერთმა მოგცეს, თუ ის კანონიერი ფულით გაქვს შეძენილი. პრობლემა ის არის რომ მათ დაუსვამენ კითხვებს და რომ არ აქვთ ამაზე პასუხები. იმიტომ არიან ასეთი ხისტები, აიფარეს ფარები და ამბობენ, სიტყვაზე გვენდეთ, კეთილსინდისიერები ვართო და რატომ უნდა ვენდოთ?

_ ვეტინგის სისტემის დანერგვის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებების გამო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია „ქართული ოცნების წარმომადგენლების“ მხრიდან თავდასხმების ობიექტები გახდნენ. პრემიერმა ჩათვალა, რომ მათი განცხადებები „ვეტინგთან“ დაკავშირებით სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. როგორ შეაფასებთ კობახიძის ამ განცხადებას და რასთან გვაქვს საქმე?

_ 2002 წლის შემდეგ ვმუშაობ ევროსასამართლოს საქმეებზე და სტრასბურგში ვასაჩივრებ საქმეებს. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ არ დამჭირდება ქართული სასამართლო ისტანციების ამოწურვის შემდეგ სტრასბურგში წასვლა. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ წავალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ან რომელიმე პირველი ინსტანციის სასამართლოში და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებ მოსამართლისგან, რომელსაც არ გავასაჩივრებ არსად, მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება დასაბუთებული და ისე დაწერილი, რომ ყველას დარჩეს განცდა, ისე კარგადაა ეს საკითხი დაწერილი და ამოწურული, რომ მას გასაჩივრება არ სჭირდებაო. მაგრამ არა, ბატონო, ჩვენ იძულებული ვართ, ინსტანციიდან ინსტანციაში ვიაროთ და ვასაჩივროთ. ხანდახან არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი და ორივე მხარე იძულებულია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შაინტერესოა, სტატისტიკურად ცნობილი იყოს, რამდენია ისეთი საქმე, რომელსაც ორივე მხარე ასაჩივრებს.

ეს ინსტიტუტი, პრაქტიკულად, არ მუშაობს, არ არსებობს მისი გამოყენება, რადგან მხარეები არ ენდობიან სასამართლოს, არ მიაჩნიათ დასაბუთებულად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დარბიან წლობით მეორე ინსტანციაში, უზენაესში, რომელიც ნახევარზე მეტ საქმეს დაუშვებლად ცნობს ისე, რომ არც ასაბუთებს. იძულებულები არიან ადამიანები, სიმართლის საძებნელად წავიდნენ ევროპულ სასამართლოში, რატომ? იმიტომ, რომ ხალხი სასამართლოს არ ენდობა.

თქვენ რომ გააჩეროთ 10 მოქალაქე და იკითხოთ, იქიდან 8 გეტყვით, რომ სასამართლოს არ ენდობა. სასამართლოს არ ენდობიან იმიტომ, რომ ნდობა არ გააჩნიათ მოსამართლის მიმართ.

მოსამართლე არანაირად არ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა გადამოწმდეს. ეს ძალიან მარტივი და გასაგები პროცედურაა. მათ ხომ წარადგინეს თავიანთი ქონებრივი დეკლარაცია და ახლა რა პრობლემაა?

ნებისმიერი თუნდაც მოქალაქე აიღეთ, არავინ იტყვის ქონების გადამოწმებაზე უარს, თუ ის არ აქვს კრიმინალური გზებით მოპოვებული და საერთო გარიგებებში არ არის ჩართული.

ვეტინგი ყველა საჯარო მოხელის მიმართ უნდა გამოიყენონ. ვის სჯერა, რომ ღარიბაშვილს პენსიონერი მამა ყოველწლიურად ჩუქნის ასი ათასობით ლარს? თუ იქნება მარტივი პროცედურა, ვერ წარადგენს დოკუმენტს, ის გადადგება ეს არის და ეს.

ვეტინგი დამღუპველი აღმოჩნდა ბევრისთვის, ამიტომაა ასეთი დამოკიდებულება და ამიტომ გამოიწვია ასეთი განცხადებები. არსებობენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც მართლა შრომობენ ყველანაირად კეთილსინდისიერად და მათ არ აქვთ არანაირი ქონების გადამოწმების პრობლემა.

_ სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით ვეტინგი ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ თემამ მოსამართლეებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში. როგორ ფიქრობთ, შესრულდება სასამართლო რეფორმა და რა ბედი ელის ამ კუთხით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

_ ვეტინგი არის სასამართლო სისტემის რეფორმის ერთი ნაწილი და არცთუ უმნიშვნელო. სასამართლო რეფორმა ძალიან კომპლექსური საკითხების ერთობლიობაა, ვეტინგი ერთ-ერთი ნაწილია. რამხელა პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ სასამართლო რეფორმა განახორციელოს, ხომ წარმოგიდგენიათ? კანდიდატის სტატუსის მისაღებ 12 პუნქტში ეწერა და ახლაც წერია მოლაპარაკების დაწყების 9-პუნქტიან ჩამონათვალში. ისე, თუ ეს რეფორმები არ შესრულდა, არავინ შეგვაყოფინებს ცხვირს ევროკავშირში, რადგან ევროპულმა სახელმწიფოებმა ძალიან კარგად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემას ქვეყნისთვის. ვერაფერი განვითარდება და არანაირი წინსვლა არ იქნება ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამართულად მუშაობის გარეშე.