„ლელო“ მუშაობს მოქალაქეების დაინტერესებაზე ქართული პოლიტიკით“

გიგა გელხვიიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არცთუ ისე დიდი დრო რჩება. რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში და როგორ აპირებენ ისინი დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის სწორად გამოყენებას, რათა მოქალაქეები თავიანთ უპირატესობასა და უალტერნატივობაში დაარწმუნონ?

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიის გეგმების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „ლელოს“ გენერალურ მდივან ირაკლი კუპრაძეს:

_ ბატონო გიორგი, როგორ გამოიყურება ქართული პოლიტიკური ველი დღეს?
_ ქართული პოლიტიკა ორ ნაწილად არის დაყოფილი, _ ხელისუფლება და ოპოზიცია. ხელისუფლებაზე ყველა ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდა, რომ იგი პრორუსულია, პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს რუსული წყაროებიდან, კრემლიდან. თუ რიგი პარტიები, ოპოზიციონერები, აქამდე ორჭოფობდნენ, თუ რომელ ფლანგს წარმოადგენდა „ქართული ოცნება“, ახლა ყველა ჩამოყალიბდა და ერთმანეთისგან გაიმიჯნა პრორუსული ხელისუფალი და პროდასავლური ოპოზიცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე „ქართული ოცნება“ არ პოზიციონირებდა მკვეთრად გამოხატული პრორუსული განცხადებებით, მაგრამ იმდენად გაუჭირდათ მათ სატელიტ და მორჩილებაში მყოფ პარტიებს „პატრიოტთა ალიანსს“, „ალტ ინფოს“, „ხალხის ძალასა“ და სხვებს ამ პრორუსული განწყობების გახმიანება და მათი დაცვა, რომ საჭირო გახდა ღია ტიპის განცხადებების გაკეთება.
_ რატომ დაიხია უკან ნაწილობრივ „ოცნებამ“ ფარცხალაძის საქმეში?
_ „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა საზოგადოების რეაქციის და იმ დოკუმენტების, რომლებიც ცნობილი გახდა მოქალაქეებისთვის. ჩვენი მოქალაქეები მძაფრად რეაგირებენ პუტინისტურ ქმედებებზე და ასეთი იყო 20 ივნისიც, მარტის აქციებიც, როცა ხელისუფლება ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით მართოს ერი და რუსული წესები შემოიტანოს ქართულ რეალობაში. მოქალაქეების ბრაზის აგორების შეეშინდა ხელისუფლებას. ახლა ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი აპარებენ თურნავას კრიტიკას, მის გადადგომას. ეს იმის დამსახურებაა, რომ სწორად საზღვრავენ მოქალაქეები ყველაფერს.
_ ფარცხალაძის დასანქცირება რომ შევაფასოთ, როგორც ფაქტი…
_ ფარცხალაძის დასანქიცირება, ჩემი აზრით, დაგვიანებული იყო, ვინაიდან ჩვენს პარტნიორებს უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდათ ამ ყველაფრის გასასაჯაროებლად. ვისურვებდი, რომ უფრო ადრე შეძლონ ხოლმე დახმარება, ვგულისხმობ იმას, რომ ფარცხალაძის სანქციების დოკუმენტში ნათქვამია, _ ფარცხალაძე არის „ФСБ“-ს აგენტი და იგი მავნე ზეგავლენას ახდენდა საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე. ამაში, სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს, „ალტ ინფოს“, რუსულ დეზინფორმაციას, თავდასხმას ჟურნალისტებზე, უმცირესობებზე, პოლიტიკოსებსა და ა. შ. როდესაც ეს იციან პარტნიორებმა, ბევრად სწორი და ეფექტიანი იქნება, რომ ამაზე რეაგირება ადრეულ სტადიაში მოხდეს, რადგან მათ არ ეშინიათ არაფრის გარდა თავიანთი ფინანსების დაკარგვისა და რუსული აგენტობის გამოვლენისა.
_ შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ სანქცირებულთა არეალი მიუახლოვდა ივანიშვილს და შემდეგი შეიძლება თავად იგი იყოს?
_ ვერ ვსაზღვრავ ამას, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, რომელიც პირდაპირ არის კავშირში რუსეთთან არის, ძალიან ფართოა. ესენი არიან მისი ბიძაშვილები, ხელის ბიჭები, დაცვის ბიჭები, მზარეულები, პირადი ექიმები თუ ა. შ. იმდენად დიდია, რომ ვერ ხვდები, როდის უახლოვდება რკალი ივანიშვილს. თუმცა ივანიშვილის დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება. ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც ფარცხალაძეს გაუხსნეს ხელ-ფეხი და თქვეს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და მანამდე ვერ დასანქცირდება ფინანსურად, სანამ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, ეს იყო ერთგვარი პრევენციული გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის, _ თუ ის დასანქცირდება, მისი ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა ჯერ კიდევ იყოს შესაძლებელი. ამის პრეცედენტი დაუშვეს ფარცხალაძით.
_ ფარცხალაძის შემთხვევაში არასამუშაო საათებში მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში მის სასარგებლოდ. რა შეიძლება გააკეთოს „ოცნებამ“ ივანიშვილისთვის?
_ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ფინანსების უსაფრთხოებისთვის ყველაფერზე წავა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა; ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სრულიად გაუგებარი და ფონდი შეისწავლის ამ ყველაფერს; ჩვენი პარტნიორები გაოგნებულები არიან, თუ როგორ იცავს ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის აგენტს საკუთარ ქვეყანაში. ეს იყო სრულიად შემაშფოთებელი და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. აქ მთავარია, სად დადგება საქართველოს მოსახლეობა, როგორ ბრაზს გამოხატავს ის.
_ შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე (ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა პრეზიდენტმა) სარჩელი შეიტანოს საკონსტიტუციოში?
_ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ჩაიდინა დანაშაული. ამაში იგულისხმება ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო, პრაქტიკულად, ყოველგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე, როგორც კი იღებს ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეობას, მაშინვე დაეწყო საქმის წარმოება და წარედგინა დასკვნა საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელსაც დააკმაყოფილებდა ის და საქართველოს პრეზიდენტი ჩამოართმევდა მას მოქალაქეობას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ ფარცხალაძემ დათმო რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, ეს პროცესი არ დაუწყია იუსტიციის სამინისტროს და ეს არის კანონმდებლობის დარღვევა.
_ პრეზიდენტის როლი დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში…
_ საგარეო ველზე საქართველოს პრეზიდენტი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აჟღერებს საქართველოს მოსახლეობს ინტერესებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და შინაარსობრივად გამართულ პროდასავლურ მესიჯებს ავრცელებს, რაც გამოხატავს მოსახლეობის, მინიმუმ, 85%-ის შეხედულებას. პრეზიდენტი ხშირად სცოდავს საშინაო პოლიტიკაში, მაგალითისთვის საკმარისია, თუნდაც, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების სახელები, ვინც წარადგინა მან. მსგავსი შეცდომები ძალიან ძვირად უჯდება ჩვენს ქვეყანას.
_ მოახლოვდა არჩევნები, რა შანსები აქვს ოპოზიციას?
_ მოსახლეობა ჩამოყალიბებულია ხელისუფლების ცვლილებაზე. „ლელოსაც“ აქვს სერიოზული გეგმები. ახლახან დავბრუნდით ლაგოდეხიდან, მანამდე გვქონდა შეხვედრები თბილისში სხვადასხვა უბანში, დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ვაჩვენებთ რეგიონულ სტრუქტურას და დედაქალაქის ქსელს, რომელიც მიმართული იქნება მათი უფლებებისა და ყოფის გასაუმჯობესებლად. ასვე ვმუშაობთ საგარეო ვექტორის მიმართულებით იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა ბრმად, არამედ წინასწარ განსაზღვრული კონფიგურაციით. ეს არის მიზანი, რომლისკენაც მივდივართ და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც იფიქრებენ არა კოალიციების შედგენაზე, არამედ ინდივიდუალურ განვითარებაზე. ჯამურად ეს ყველაფერი აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას პროგრესამდე, რომელიც გააჯანსაღებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკას. კანდიდატის სტატუსი არის ამ ქვეყნისთვის მთავარი, რათა დროულად დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი.
_ 20 სექტემბრის აქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეები ნაკლებად ინტერესდებიან პოლიტიკური პროცესებით. ეს გამოჩნდა ორი გაერთიანებული აქციის რიცხობრიობის ფონზე. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ უფრო ცხადად დაანახოს ხალხს, რა ხდება ქვეყანაში?
_ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ და ქართველ ხალხს წარვუდგინოთ ის არგუმენტები და ფაქტები, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს ეს, როგორ აისახება ეს კატაკლიზმები ლარის კურსსა და მათ მათ ჯიბეზე. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები პირდაპირ ლახავს ჩვენს რეპუტაციას. ამაში დარწმუნების შემდეგ, ვფიქრობ, არც კი უნდა დასჭირდეს მოწოდება, რომ გარეთ გამოვიდეს მოსახლეობა. პროცესები შემდგომ უნდა იმართოს სწორად, ვინაიდან პასუხისმგებლობის ნაწილი არ არის მხოლოდ ოპოზიციაზე და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქალაქეებსაც.
_ ენმ-ში შექმნილმა საკმაოდ მძიმე ვითარებამ პარტიის ელექტორატი შეარყია და დღეს სულ უფრო მეტი აცხადებს, რომ ისინი არ მისცემენ ხმას ენმ-ს. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ ხმებს წამოიღებთ?
_ „ლელო“ მუშაობს ზოგადად მოქალაქეების დაინტერესებაზე ქართული პოლიტიკით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის უჭერდა წარსულში მხარს ან ახლა ვის უჭერს მხარს. ყველა მოქალაქესთან ვმუშაობთ, რომელსაც უნდა, რომ ახალი პოლიტიკური ოჯახი იპოვოს, რომელსაც ენდობა და პოლიტიკურ ბრძოლაში გაჰყვება. ეს იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ენმ-ს ამომრჩეველი თუ სხვა.
_ რატომ ფიქრობს „ლელო“, რომ პოლიტიკური გაერთიანება არ არის მომგებიანი?
_ ჩვენ ვამბობთ ყოველთვის იმას, რომ ერთობები უნდა ემყარებოდეს შინაარსს, იდეურ თანხვედრასა და ძალიან რაციონალურ პოზიციას. მეორე მხარეს ვხედავთ გაერთიანებებს, სადაც ბარიერის გადალახვის ან გარიგების მიზნით ერთიანდებიან პარტიები. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ეს არის ნაყალბევი გაერთიანება. თუ არ არსებობს საერთო მიზანი, თუნდაც მოკლევადიანი, რომლის უკან დასახევი გზაც არ არის, ეს დროებითი გაუგებარი გაერთიანებები კონტრპროდუქტიულია. ამ გაერთიანებებმა დაღალა საზოგადოება, ამიტომ ყველამ ინდივიდუალურ გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს. შემდგე უკვე გამოჩნდება საზოგადოების დაკვეთა, თუ რა კონფიგურაციით უნდათ საპარლამენტო არჩევნების ნახვა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს.
_ ბარიერის საკითხს შეეხეთ და მინდა გკითხოთ: რამდენიმე კვლევის შედეგია გამოქვეყნებული, სადაც სულ სამი პარტიაა, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შანსი საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კვლევები თუ ქმნის რამე სახის წინაპირობას იმისა, რომ იფიქროთ არჩევნების მსგავსი შედეგით დასრულებაზე?
_ არც მე და არც ჩემს პარტიას არ გვიქმნის დისკომფორტს ის ფაქტი, რომ რაღაც ტიპის კვლევები არის წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება თამამად და საამაყოდ ჟღერდეს. პირიქით, ის აჩენს მოტივაციას, რომ საზოგადოებასთან ერთად უფრო მეტი იმუშაო და მიაღწიო იმ მოცემულობას, სადაც არა მხოლოდ შენი პარტიის რეიტინგი, არამედ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი იყოს მაღალი, პრორუსულ მთავრობასთან მიმართებით.
_ როგორც თქვით, უკვე დაიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. როგორია განწყობები?
_ ყოფითი პრობლემა არის ყველაზე გადაუჭრელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ რეალური წარმომადგენლები. მერია მათ ეუბნება, რომ ამის მოგვარების საშუალება და ფინანსები არ გააჩნიათ. ეს ეხება ისეთ ყოფით საკითხებს, რომლებიც პირდაპირ არის კავშირში ადამიანების ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტად წუხან ახალგაზრდების გადინებაზე. მთელ რეგიონში შევხდით ასამდე ადამიანს და აქედან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გოგონა მახსენდება. ხალხი გაედინება ქვეყნიდან, ოჯახები იხლიჩება. ამ ადამიანებს ანაღვლებთ ქვეყნის საგარეო კურსი, ყურძნისა და ხორბლის ფასი, ანაღვლებთ კორუფციული სქემები და ის მძიმე რეალობა, რომელშიც ჩაძირულია საქართველო და მას ხელისუფლება მიაქანებს რუსეთისკენ. რეგიონებში მოუგვარებელია გაზი, წყალი, კანალიზაცია და ა. შ.
_ ახალგაზრდები ახსენეთ და მინდა გკითხოთ, სტუდენტურ მოძრაობებთან თუ გაქვთ კონსულტაციები, რომლებიც დღეს მრავლად არიან წარმოდგენილნი და ეს ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ არ სურთ ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან. თუმცა პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ყველასთვის ცნობილია, რომ ძირეული ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია?
_ მე პირადად მაქვს რაღაც ტიპის კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, თუმცა საკმაოდ რთულია მათი დათანხმება პოლიტიკურ და პარტიულ პროცესში ჩართულობაზე. ყოველ შემთხვევაში, ან თავად არიან იმედგაცრუებულები პოლიტიკოსებით და პარტიებით ჯამურად, ან სხვისი გამოცდილების მიხედვით ცდილობენ თავის არიდებას პოლიტიკურ ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ნდობის მოპოვება და მეტი დაინტერესება, რომ საკუთარი თავი დაინახონ ქართულ პოლიტიკაში და ამას მცდელობას არ დავაკლებთ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართული პოლიტიკის განახლება ახალი სახეებით.
_ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება კარვების ქალაქზე და მაიდანთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს იმედი კანდიდატის სტატუსის მიღების და მათ ახსენდებათ მარტის მოვლენები და ის პროტესტი, რომელიც მიიღეს ახალგაზრდებისგან. ეშინია მმართველ პარტიას იმავე სცენარის განმეორების?
_ რა თქმა უნდა, ეშინია და აკეთებენ მობილიზებას ყოველ პროგნოზზე, როცა გაუჩნდებათ ეჭვი, რომ შეიძლება საზოგადოება დაირაზმოს. სუსის განცხადება იყო სიგიჟე, ყოველ 6 თვეში ერთხელ სუსს იყენებენ ვინმეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადასაფარად და ჩვენ არაერთხელ გვინახავს არასერიოზულად დაანონსებული თუ გაშიფრული, სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციების შესახებ ბრიფინგები, თუმცა არ ახდენილა, რადგანაც ეს იყო დანაშაულების გადაფარვის მცდელობა.
_ ქვეყანაში არსებული დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია არის თუ არა იმის დამსახურება, რომ ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მათმა წარმომადგენლებმა დეპუტატების სავარძლები მოირგეს, მით უფრო იმის ფონზე, რომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებს უმრავლესობა იღებს პარლამენტში?
_ ჩემი პოზიცია საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ცხადი. ოპოზიციაში როდესაც ხარ, ვერასდროს გექნება უმრავლესობა და ვერ მიიღებ შენს გემოზე გადაწყვეტილებას. ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ იყო უმცირესობაში, მაგრამ იბრძოლო სისხლის ბოლო წვეთამდე, იბრძოლო იქამდე, სანამ არ დაარწმუნებ საზოგადოებას ხელისუფლების ბოროტებისა და შენს მორალურ უპირატესობაში. უნდა აჩვენო, რა ტიპის ბოროტებას სჩადის ხელისუფლება, ეს არის უმცირესობის საკმაოდ მძიმე ხვედრი. ამას „ლელო“ მეტ-ნაკლებად ცდილობს იმ მცირე დეპუტაციით, რომელიც მას აქვს წარმოდგენილი პარლამენტში. გამორჩეულად პრინციპული და მებრძოლი ადამიანები არიან „ლელოში“: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჯამურად ოპოზიციის შემადგენლობა პარლამენტში არის უხარისხო. შეგვიძლია გადავხედოთ საპარლამენტო სხდომებს, სადაც დავინახავთ, რომ სხდომების დროს სკამები არის ცარიელი. არიან მდუმარე დეპუტატები, რომლებსაც არ გამოუყენებიათ მიკროფონი ერთხელაც კი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დეპუტატები არასდროს ჰყოლია და რაც ეყოლება „ლელოს“, თუმცა ასეთები ჰყავს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ეს აზარალებს ოპოზიციის რეიტინგს.