ლელა ჯეჯელავა: „ივანიშვილს მაფიოზის მატრიცა აქვს!“
ქართველი ტრამპისტები ისეთ დღეში არიან, რომ დანა პირს არ უხსნით _ მართალია, ჯო ბაიდენი მსოფლიოსგან უკვე მილოცვებს იღებს და, სხვათა შორის, გაპრეზიდენტება მას სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარიამაც მიულოცეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, წვრილფეხა „ქოცები“ ხავსს ებღაუჭებიან და ამბობენ, აი, სასამართლო ბაიდენის პრეზიდენტობას არ აღარებს და ჩვენი „ჟღალი მიმინო“ ისევ აღზევდებაო, მაგრამ სწორედ ამაზეა ნათქვამი, „ნეტარ არიან მორწმუნენი“…
ისე, „ქოცები“, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, უბედურ ვარსკვლავზე არიან გაჩენილები _ ერთადერთ ნათელ წერტილად ტრამპი მიაჩნდათ, აი, მეორედაც გახდება პრეზიდენტი, „ლიბერასტები“ დინოზავრებივით გადაშენდებიანო, მაგრამ „ქოცები“ ბჭობდნენ, პოლიტიკის ღმერთები კი იცინოდნენ და… ისე მოხდა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო გახდა, ბაიდენი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
რა იქნება ახლა, ანუ რა ელის „ოცნებას“, უფრო სწორად, როგორ მოახერხებს, რომ ის მორალური უპირატესობა, რომელიც ოპოზიციას აქვს, სათავისოდ გადმოქაჩოს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა.
_ ქალბატონო ლელა, ის, რაც 31 ოქტომბერს მოხდა, არითმეტიკის პრობლემაა და მეტი არაფერი?
_ არა, აქ ერთადერთი, სინდისის პრობლემაა! ის, რაც არჩევნებზე მოხდა, შეუძლებელია, რომელიმე თავმოყვარე და სინდისის მქონე ხელისუფლების პირობებში მომხდარიყო. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს სინდისის პრობლემაა!
_ სინდისი რომელს არ აქვს _ ხელისუფლებას თუ ცესკოს?
_ ჩვენ ინსტიტუციები აღარ გვაქვს, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი სრულიად წაშლილია. შესაბამისად, ცესკოც ბიძინა ივანიშვილის კერძო ხელისუფლების ერთ-ერთი დანამატია. დიახ, ჩვენ სახელმწიფო კი არა, კერძო ხელისუფლება გვყავს, რომლის ერთ-ერთი ჭანჭიკი თამარ ჟვანიაცაა, ანუ ის დიდი სოფლის ერთ-ერთი გავლენიანი ბინადარია.
_ ისე, 30 წელია, საქართველოში ცესკო ხან ერთი და ხან მეორე კერძო ხელისუფლების დანამატია.
_ სამწუხაროდ, ასეა… ამას წინათ სოციალურ ქსელში წავიკითხე, საქართველოში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები 1918 და 1991 წლებში, ანუ მენშევიკებისა და ბოლშევიკების პირობებში ჩატარდაო. შეიძლება, პარადოქსულია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა _ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ვერ შევძელით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ვერ შევდექით!
_ გასაგებია, რომ „ოცნება“ უსინდისოა, მაგრამ ნუთუ, არ ელოდა, რომ არჩევნების გაყალბება ყველა ყაიდის პოლიტიკურ სუბიექტს ერთ მუშტად შეკრავდა?
_ ხელისუფლებას თავისი გეგმა აქვს.
_ ანუ?
_ „ოცნებამ“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვითხრა, რომ ასი მანდატის იმედი ჰქონდა. ეს მისი ამოცანა იყო და არც იმას ელოდნენ, რომ არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა იქნებოდა, მაგრამ პანდემიის საფრთხის მიუხედავად, ადამიანები არჩევნებზე ძალიან მობილიზებულად და მოტივირებულად მივიდნენ _ საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგები იყო. ჰოდა, „ოცნება“ მიხვდა, რომ სხვა მეთოდები უნდა ჩაერთო და გაყალბების ყველა ის საშუალება გამოიყენა, რომელიც რომელიმე ქვეყანაში რომელიმე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას როდესმე გამოუყენებია.
_ ეს გასაგებია, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუკი საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, „ოცნებას“, თქვენი აზრით, ე. წ. გეგმა „ბ“ არ ჰქონდა?
_ ბიძინა ივანიშვილის ფიგურას სათანადოდ არ ვაფასებთ!
_ რას გულისხმობთ?
_ პოლიტიკოსები საკითხებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის გადასახედიდან უყურებენ და ამიტომ ივანიშვილის ქმედებებს ვერ თვლიან, ანუ ივანიშვილი პოლიტიკოსი არაა და, შესაბამისად, არც პოლიტიკური მიზანშეწონილობა აინტერესებს და არც _ მოტივაცია. ის მოქმედებს პრინციპით: „მინდა და მივიღებ!“
ივანიშვილს პოლიტიკოსის კი არა, მაფიოზის მატრიცა აქვს! ამიტომ ყველა იმ მეთოდს გამოიყენებს, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე ხელსაყრელია.
სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ალბათ, ცდილობს, რომ ცალ-ცალკე მოლაპარაკებები დაიწყოს და ოპოზიციის ერთიანობა გაბზაროს. თუ ამას ვერ მიაღწევს, მერე, რასაკვირველია, სხვა მეთოდების გამოყენებას შეეცდება. თუ ოპოზიცია არ შევა, პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი იქნება, მუშაობას მაინც დაიწყებს და ეს ივანიშვილისთვის უხერხულობას არ შექმნის!
_ შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხომ ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება?
_ ასეთი პარლამენტი ორგანულ კანონებს ვერ მიიღებს, ცვლილებას ვერც კონსტიტუციაში შეიტანს და ვერც პროცედურულ საკითხებს მოაგვარებს. ასევე პრობლემა პრეზიდენტის ბრძანებებსაც ექნება, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყოველ შემდეგ ეტაპზე ივანიშვილი იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომელსაც ყველაზე ეფექტიანად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე მისი ამოცანაა, ოპოზიციის ერთიანობაში ბზარი შეიტანოს, რისთვისაც სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს, მათ შორის, მოსყიდვასა და ზეწოლასაც.
_ ოპოზიციიდან ვინ შეიძლება, გაიყიდოს?
_ ძალიან გამიჭირდება, რომ ვინმეს ხელი დავადო. ამ შემთხვევაში მხოლოდ ივანიშვილის მცდელობაზე ვსაუბრობ. ამ პროცესში გამოჩნდება, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებებში რამდენად პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული იქნება.
ისე, თუ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ივანიშვილი ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება!
_ პრივატულ საუბარში მითხარით, ყველაფერი ორ კვირაში გამოიკვეთებაო. ქალბატონო ლელა, აქცენტს ორკვირიან, ასე ვთქვათ, შუალედზე რატომ აკეთებთ?
_ როგორც ვნახეთ, ოქმების გასაჩივრებამ მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მოიტანა _ საჩივრების უმრავლესობა საოლქო კომისიებმა არ დააკმაყოფილა.
მოკლედ, ამ ორ კვირაში გამოჩნდება, ოპოზიციიდან პარლამენტში ვინმე შევა თუ არა. ერთიც რომ შევიდეს, დანარჩენის გარეთ დარჩენას აზრი აღარ ექნება.
_ ცხადია, მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს… ნიშანდობლივია, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ ბოიკოტის რეჟიმშია. ამის მიუხედავად, მეჩვენება, რომ ოპოზიციის ერთიანობის მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, ქალბატონო ლელა…
_ აი, მაგალითად, „გირჩს“ პარლამენტში შესვლა ძალიან უნდოდა.
_ პარლამენტში შესვლის სურვილი თამარ ჩერგოლეიშვილსაც ჰქონდა, თუმცა „ევროპული საქართველოც“, „გირჩის“ მსგავსად, ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას ემორჩილება.
_ დიახ, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ პარტიაში გადაწყვეტილება ცალკეულმა პირმა მიიღოს.
_ ანუ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციური პარტია კი არა, რომელიმე პარტიის ერთი წევრიც რომ შევიდეს და ამით სიტუაცია „აიჭრას“, არა?
_ რასაკვირველია. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია, ალბათ, ხვდება, რომ ეს საფრთხეც არსებობს. საერთოდ, ყველას, ვისაც ქართულ პოლიტიკაზე ელემენტარული წარმოდგენა აქვს, ძალიან კარგად ემახსოვრება, წინა ხელისუფლების დროს ჯერ ოპოზიციურ ე. წ. რვიანს რა მოუვიდა, შემდეგ კი _ „ექვსიანს“ რა მოუვიდა. მაშინაც თითქოს მონოლითური ერთობა იყო, მაგრამ ამ ერთობამ დიდხანს ვერ გასტანა. ამასთან, ოპოზიციამ 2008 წელსაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შესულიყო, მაგრამ ერთეულები ბოლოს პარლამენტში მაინც შევიდნენ და დანარჩენის პროტესტს ისეთი სიმძაფრე აღარ ჰქონდა _ პარლამენტი ერთპარტიული აღარ იყო.
_ ქალბატონო ლელა, რა ამის პასუხია და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენს?
_ საერთაშორისო დღის წესრიგისთვის, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ არ მგონია, ჩვენს ხელისუფლებას ან ოპოზიციას აშშ-ის პოლიტიკასთან რამე ისეთი ბმა ჰქონდეს, რომ იქაური არჩევნების შედეგები ჩვენთან მიმდინარე მოვლენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე _ თეთრ სახლში აქ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას დიპლომატიური არხებით მიიღებენ. საერთოდ, ასეთ რაღაცებზე მხოლოდ პრეზიდენტი არ რეაგირებს.
_ ანუ?
_ აშშ-ში სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ, პრეზიდენტმა თუ სახელმწიფო მდივანმა როგორი ტიპის განცხადება უნდა გააკეთოს.
_ დიპლომატიური არხების განწყობა როგორია? „ქოცები“ ამბობენ, საერთაშორისო საზოგადოებას 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარებაო; ოპოზიცია კი ირწმუნება, დასავლეთი არჩევნების გაყალბებას არავის აპატიებსო…
_ „ქოცები“ ძალიან ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ისე არაა, როგორც ისინი ამბობენ!
ეუთო-ოდირისა და ევროკავშირის შეფასებით არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
არჩევნები კონკურენტული იმიტომ იყო, რომ მასში, ლამის, 60-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა და ჩვენს პარტნიორებს ამ შეფასებისთვის გვერდი არც აუვლიათ.
ამასთან, ადამიანის უფლებები დაცული იმდენად იყო, რომ ყველას, ვისაც სურდა, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებსაც, შეეძლო, არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ყველაფერი ეს წმინდა ტექნიკური შეფასებაა. დანარჩენი შეფასება კი ცოტა მოგვიანებით იქნება.
_ და ეს გვიანდელი შეფასებები უფრო მკაცრი იქნება?
_ რასაკვირველია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების შეფასებებში გაჩნდება ჩანაწერი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანი არ იყო!
_ ვთქვათ, ასეთი ჩანაწერი მართლაც გაჩნდა, მაგრამ „ოცნება“ მაინც არ გაითვალისწინებს და ეს საზოგადოებისთვის რას შეცვლის?
_ „ოცნებას“ რა პერსპექტივა აქვს.
_ რას გულისხმობთ?
_ „ოცნება“ საერთო-სახალხო მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, ანუ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ახალ არჩევნებს ითხოვს.
_ დიახ, მაგრამ ამ მოთხოვნაზე „ოცნებას“ ასეთი პასუხი აქვს, _ მე ხმა მილიონმა ამომრჩეველმა მომცა და ახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ამ მილიონი ადამიანის უფლებები დაირღვევაო…
_ „ოცნებამ“, ცესკოს მონაცემებით, რამდენი პროცენტი აიღო?
_ 48%.
_ ოპოზიციამ?
_ დაახლოებით, 52%.
_ ე. ი., 48 უფრო მეტია, ვიდრე _ 52? არჩევნებზე სულ მილიონ 900 ათასი ამომრჩეველი მივიდა.
_ ჰოდა, „ოცნება“ ირწმუნება, მილიონმა ხმა ჩვენ მოგვცა, 900 ათასმა კი _ ოპოზიციას, ამიტომ არჩევნები არალეგიტიმური არააო.
_ „ოცნების“ მათემატიკაში რომ გავერკვეთ, პითაგორა გვჭირდება!
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სუსში დაკითხვაზე იყო, საიდანაც გამოსულმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს იმ ადამიანების გვარები მივაწოდე, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას აპირებენო. ე. ი., „ოცნება“ ოპოზიციონერთა მასობრივ დაჭერებს დაიწყებს?
_ ძალიან საინტერესო კითხვა დამისვით.
_ კერძოდ?
_ შეხედეთ, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
_ როგორში?
_ ირაკლი კობახიძე პოლიტიკური თანამდებობის პირია.
_ მერე?
_ ნორმალურ სახელმწიფოში არსებული ვითარებისა და რისკების შესახებ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურები აწვდიან. ჩვენთან კი პირიქით ხდება. ჰოდა, ირაკლი კობახიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე სუსმა გამოძიება უნდა დაიწყოს?
_ გამოძიება უკვე დაწყებულია, ქალბატონო ლელა…
_ სხვათა შორის, „ოცნებამ“ გამოძიება ბევრჯერ დაიწყო. გავიხსენოთ, თუნდაც, ე. წ. საბურავების საქმე.
მოკლედ, ყოველი არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ „ოცნებას“ ერთი და იგივე შაბლონი აქვს, _ აი, ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავსო. არადა, ამ რვა წლის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალება თავად „ოცნებამ“ მოაწყო _ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი მოშალა, ანუ სახელმწიფო მიიტაცა! ახლა ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ამ სახელმწიფო გადატირალების უკან გადმოტრიალება, თუმცა ამას ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ვერ გავაკეთებთ!
სხვათა შორის, „ოცნებამ“ სახელმწიფო გადატრიალება 2016 წლიდან დაიწყო.
_ „ოცნება“ ხელისუფლებაში ხომ 2012-ში მოვიდა?
_ დიახ, მაგრამ კოალიციური პარლამენტის პირობებში სახელმწიფოებრიობის ნიშნები მეტ-ნაკლებად შერჩენილი იყო. მას შემდეგ კი, როგორც კი ეს კოალიცია დაიშალა და ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტი ბანკის კლერკებით გაავსო, სახელმწიფო გადატრიალებაც გაფორმდა!
დიახ, ჩვენ რეალურად მიტაცებულ და გადატრიალებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა! ამიტომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას დაწერს, რას იტყვის ან არჩევნებს როგორ ჩაატარებს! მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა ამ სახელმწიფოს დაბრუნებაა!
სხვათა შორის აქვე ისმის კითხვა: რამდენად შესწევს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს უნარი, რომ სახელმწიფო დაიბრუნოს?
_ თქვენი აზრით, ოპოზიციას ეს უნარი შესწევს თუ არა?
_ არ ვიცი, გამოჩნდება… ახლა ქართული ოპოზიცია სატესტო რეჟიმში იმყოფება. არადა, სახელმწიფოს დასაბრუნებლად ყველაზე ხელსაყრელი ვითარებაა!
_ სანამ ოპოზიცია ტესტს ჩააბარებს, ხელისუფლება კომენდანტის საათს აწესებს, ანუ ამით პროტესტის ჩახშობას ცდილობს?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ბიძინა ივანიშვილი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალოს. სხვა თემაა, ოპოზიციას მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარზე ნაფიქრი აქვს თუ არა.
_ როგორც ჩანს, აქვს, ყოველ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა პირველმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ამ შეზღუდვებს არ დავემორჩილებითო…
_ როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ემორჩილები, ეს ეროვნულ დაუმორჩილებლობას ნიშნავს!
ისე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა ჩაიკეტა და სრული ლოქდაუნი გამოცხადდა.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ ამათაც ხელს არაფერი შეუშლით, რომ თუ დასჭირდათ, სრული ლოქდაუნი გამოაცხადონ.
_ ამბოხებულ ხალხს ლოქდაუნი ვერ გააჩერებს!
_ რასაკვირველია, თუმცა ოპოზიციას გეგმა ასეთი შემთხვევისთვის უნდა ჰქონდეს.
ერთი სიტყვით, ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოპოზიცია სატესტო რეჟიმშია. ახლა სახელმწიფოს დასაბრუნებლად ყველაზე ხელსაყრელი პირობებია და ამას გამოყენება უნდა!
ოპოზიცია, უპირველესად, თანმიმდევრული უნდა იყოს და მთლიანობა არ უნდა დაარღვიოს. თუ ოპოზიციაში ბზარი გაჩნდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.
ამასთან, ოპოზიციამ ყველა ის ნაბიჯიც უნდა გათვალოს, რასაც ივანიშვილი ხელისუფლების შესანარჩუნებლად გადადგამს. ეს ნაბიჯი კი იქნება _ მოსყიდვა, გადაბირება, კომპრომატები თუ ფიზიკური დაპირისპირება და ძალმომრეობა.
_ ბოლოს, ქალბატონო ლელა, ერთ არაპოლიტიკურ კითხვას დაგისვამთ.
_ კი ბატონო…
_ პანდემია მძვინვარებს და ყველა, სჭირდება თუ არა, კორონაზე ტესტს იკეთებს. ტესტი თქვენც ხომ არ გაიკეთეთ?
_ არა.
_ არც გსურთ?
_ არა.
_ ე. ი., ეს მასობრივი ტესტირება პანიკით აიხსნება?
_ პანიკა, რასაკვირველია, ფსიქოლოგიური ფაქტორია, თორემ თუ ადამიანი რეგულაციებს იცავს და სიმპტომებიც არ აქვს, ტესტი რატომ უნდა გაიკეთოს?
_ მაშასადამე, კორონა, გარკვეულწილად პოლიტიკური იარაღია?
_ დიახ და ასე მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არაა, თუმცა ქართველები, ხომ იცით, ძალიან ემოციურები ვართ და კორონის მიმართაც ზოგს ზედმეტი მოლოდინი აქვს, ზოგი კი ზედმეტად არაფრად აგდებს. არადა, ყველაზე კარგი გამოსავალი ზომიერებაა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, კი ბატონო, ტესტი უნდა ჩაიტაროს, მაგრამ არასწორი მგონია, ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ გააჩნიათ, გაგიჟებულები რიგში იდგნენ და ტესტს იკეთებდნენ!
_ და ჩვენი საუბარი ისევ პოლიტიკით დავასრულოთ: დღეს ოპოზიცია უფრო მომგებიან სიტუაციაშია თუ ხელისუფლება?
_ ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლებოდა და გამარჯვება ამ ფორმით ჩაიწერა, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიცია დღეს გაცილებით მომგებიან სიტუაციაშია _ მას მორალური უპირატესობაც აქვს და საზოგადოების მხარდაჭერაც. ასევე პოლიტიკური კონტექსტიც ოპოზიციის მხარესაა. მოკლედ, ამ წუთში ბურთი ნამდვილად ოპოზიციის მოედანზეა!
გიორგი აბაშიძე