ლევან ხაბეიშვილი – “აფრიკის დასახლებაში ფეხშიშველა დადიოდა სოზარ სუბარი თეა წულუკიანთან ერთად, ოღონდ ხმა მოგვეცით და დაგიკანონებთ ყველაფერსო”
“ეს გაჭირვებული ხალხი მიატოვეს ბედის ანაბარა და პოლიციელების ენით ელაპარაკებიან”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა აფრიკის დასახლებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას საკუთრებაში ერთ ლარად გადასცემდა.
„რამდენიმე კვირაა რაც არჩევნები დამთავრდა, ფეხშიშველა დადიოდა აქ სოზარ სუბარი თეა წულუკიანთან ერთად, ოღონდ ხმა მოგვეცით, „ოცნებამ“ გაიმარჯვოს და დაგიკანონებთ ყველაფერსო, ერთ ლარად გადმოგცემთ საკუთრებაშიო. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შელაგდნენ, თანამდებობები გაინაწილეს და ხალხი ვიღას ახსოვს? ეს გაჭირვებული ხალხი მიატოვეს ბედის ანაბარა და პოლიციელების ენით ელაპარაკებიან, არცერთს არ აქვს იმის ერთი ადგილი, რომ მოვიდეს და მოსახლეობას საკუთარი ენით ესაუბროს. ამ ხალხის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვები დაუშინეს.
ნენე ინჯგია