ლევან ტატურაშვილი: „ეკლესიის ადმინისტრაციას სასტიკად არ აწყობდა, დეკანოზი ცოცხალი გამოსულიყო საპატიმროდან“

გიორგი საკარული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბურუსით მოცული საქმე ამ დრომდე ამოუხსნელია და, ფაქტობრივად, ასე დარჩება მანამ, სანამ თავად დეკანოზი არ ისაუბრებს იმ ყველაფრის შესახებ, რაც მის დაჭერასა და ე. წ. ციანიდის საქმეს უკავშირდება.

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქით ავრცელებს დეკანოზის ძმა, გიორგი მამალაძე. მისი თქმით, მისი ძმა უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. სხვა დამატებითი ინფორმაცია მედიას, ამ ეტაპზე, არ გააჩნია.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო 2017 წლის 5 სექტემბერს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზი საპატიმროს ვადაზე ადრე ტოვებს, რაც ბევრისთვის მოულოდნელიც და გასაკვირიც აღმოჩნდა.

დაისვა ბევრი კითხვა: რატომ შეიწყალეს სრულიად მოულოდნელად დეკანოზი გიორგი მამალაძე? რა ხდება საპატრიარქოში? შეხვდება თუ არა პატრიარქი დეკანოზს? _ ამ და სხვა შიდა კულუარული, საინტერესო ამბების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თეოლოგი ლევან ტატურაშვილი:

_ ბატონო ლევან, რამდენად მოულოდნელი იყო პირადად თქვენთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება? როგორ ფიქრობთ, რატომ შეიწყალეს იგი?

_ ძალიან საინტერესო კითხვაა: იმიტომ, რომ, ზოგადად, დეკანოზ მამალაძის პიროვნება და მის ირგვლივ 7 წლის წინ განვითარებული მოვლენები ძალიან საინტერესო და მძიმეა, ბურუსითაა მოცული. ფაქტობრივად, მამალაძის პერსონის მიმართ განხორციელებული შეთქმულებით ეკლესიაში დაიწყო არსებული იერარქების კარგად შეფუთული სახის სააშკარაოზე გამოტანა. ვინც ეკლესიის წიაღში ვიყავით, ყოველთვის გვქონდა იქაური ინფორმაცია. რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს გარკვეულ იერარქიას, რომ ჩვენ ეკლესიას არ ვეკუთვნოდეთ, სხვისი სახელით არ ვისაუბრებ, მაგრამ პირადად მე ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვიყავი და ახლაც ვარ ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, წევრი. ეს მათ სურთ, რომ თუ ვინმე იტყვის სიმართლეს მათ სიბინძურესა და ვერაგობაზე, ყველა მოიშორონ თავიდან. მათ უნდათ, რომ თავიანთი მიზნების შეუფერხებლად განსახორციელებლად სიმართლის მთქმელი ადამიანები გააძევონ ეკლესიიდან.

შეიძლება, ადამიანი ეკლესიიდან გააგდო, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი: ქრისტიანისა და ქრისტეს მისტიკური კავშირი ცოცხალ რწმენაზეა დამყარებული და არა რომელიმე კონკრეტული იერარქის განწყობებზე. ჩვენ ბევრ რამეზე შეგვიძლია საუბარი და ნასაუბრების დამტკიცებაც. ვურჩევდი მათ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ჩვენ მიმართ. რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, ის იყო გაწირული პიროვნება ერთი მაფიური ჯგუფის მიერ, რომელმაც იგი გამოიყენა მეორე დაჯგუფების წინააღმდეგ. რადგან ვსაუბრობთ პირდაპირ, დარწმუნებული ვარ, არ იქნება ეს მიუღებელი თავად დეკანოზისთვისაც, როდესაც ის ამ ინტერვიუს გაეცნობა. ის წარმოადგენდა მეორე მხარეს, საკმაოდ მძიმე დაჯგუფებას, ყველაფერზე წამსვლელს, ასე შემიძლია ვთქვა. აქვე მინდა ჩავურთო და კარგი იქნება, თუ ჩემს ინტერვიუს ასე დაიწყებთ, მე მას ვულოცავ განთავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან, ვულოცავ მთელი გულით მის ოჯახს, დედას, შვილებს, მეუღლეს, ძმას, რომელმაც უმძიმესი 7 წელი გაიარა.

დეკანოზი რომ თავის დროზე არასამღვდელო მოქმედებებისთვის დაესაჯათ, გავიგებდით, რომ შესაძლოა, რაღაც მოხდა და დეკანოზი განაკანონა ეკლესიამ. მაგრამ აპატიმრებენ ილია მეორის მოკვლის ბრალდებით! რას აძლევდა ეს? რისთვის სჭირდებოდა? მით უმეტეს, ანგარების გამო რაც ბრალდებაშია მითითებული, იმდენად სულელური და ალოგიკური იყო წაყენებული ბრალი, თავადვე პროკურატურამ მალევე შეცვალა ის. თუკი ვინმეს ინტერესებში შედიოდა კათალიკოსის სიცოცხლე, ერთ-ერთი პირველი თავად დეკანოზი მამალაძე გახლდათ. იმ ჯგუფმა, რომელმაც სახელმწიფოს დეკანოზის დაჭერა დაუკვეთა, დაპირისპირებული იყო მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფთან, რომელიც იმ ხანებში ძალიან ძლიერი იყო, მისი სამღვდელო გარემოცვით, ოჯახით _ იმ დროს პატრიარქის კარზე თითქმის ყველაფერს აკონტროლებდნენ და განსაკუთრებით _ ფინანსებს. აქვე ვთქვათ: ყველა პროცესს აქ ჰყავს ერთი გმირი და ეს არის ფული.

ყველაფერი გამოიწვია არა მარტო ძალაუფლებამ, არამედ ძალაუფლებას რაც მოაქვს იმან, _ ფულმა! დაპირისპირება რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე თავად ეს უმძიმესი და სამარცხვინო ციანიდის სკანდალი მოხდებოდა: „ციანიდის საქმემდე“ სამებაში გაჩნდა დიდი ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი იყო არა მოკლე ჩართვა ან რამე მსგავსი, არამედ წინსწრებით, ნელი ტემპით განხორციელებული დიდი ძარცვა. ეს დიდი ძარცვა რომ გადაფარულიყო, ტაძარში გამოიწვიეს ხანძარი, რამაც გამოიწვია ვითომ კვალის გადაფარვა, წაშლა. ამის შესახებ მაქვს ძალიან დიდი ინფორმაცია, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ვფიქრობ, ეს ამბავი იმსახურებს ცალკე ინტერვიუს.

ხანძარი გააჩინეს ე. წ. ახალგაზრდულ ცენტრში, _ სამებაში აქ იყო წიგნების საცავი, სადაც ინახებოდა საეკლესიო ლიტერატურა. ეს იყო კარგად გათვლილი ხაფანგი საეკლესიო ნივთების ძარცვის გადასაფარად. გაიტანეს ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო. ძარცვა არ განხორციელებულა იმავე დღეს, ეს იცის ყველამ, მათ შორის, გაძევებულმა ხალხმა, ისინი გააძევეს იქიდან, ვითომ როგორც სამსახურებრივი მოვალების არაგულითადი შესრულეისთვის, უდანაშულო ხალხი დაადანაშაულეს. ძარცვა გაცილებით ადრე შენიშნეს თავად შემომწირველებმა (ნახეს, რომ თავიანთი შეწირული ოქრო აღარ იყო ხატებზე). ამან გარკვეული პანიკა გამოიწვია დამნაშავეებში და ძალიან დაჩქარებულად სცადეს, რომ ტაძარში ცეცხლი გაჩენილიყო. უცნაურია: დენმა გააჩინა ხანძარი იქ, სადაც დენი არ არის შეყვანილი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და ამ დროს განხორციელდა ვითომ ტაძრის ძარცვა. ბევრი დეტალია საინტერესო: სენსორები, რომელიც უსაფრთხოების მიზნით იყო დამონტაჟებული, როგორ გაფუჭდა ხანძრამდე? ასევე რამდენიმე დღით ადრე თითქოს ხარვეზი შეექმნა ვიდეოკამერებს და ვითომ ზუსტად ამ დროს არ იყო ვიდეოკონტროლი! ძალიან მარტივი მისახვედრია, რა მოხდა ტაძარში და რატომ გაჩნდა ცეცხლი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამის შესახებ დიდ ინფორმაციას ფლობდა დეკანოზი. მაშინ მას სერიოზული თანამდებობა ეკავა ეკლესიის წიაღში. მან ჰქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია არა მარტო ხანძრის შესახებ, ზოგადად ყველაფერზე: მღვდელმთავრებზე, როგორ კეთდებოდა დიდი ფული მღვდელმთავართა ყოვლისმკადრებლობის ხარჯზე ეკლესიაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ გადარიცხა სახელმწიფომ უზარმაზარი თანხა, რომ დამწვარი ახალგაზრდული ცენტრი საპატრიარქო ლავრაში აღდგენილიყო. ეს თანხაც მოპარული შემოწირული ძვირფასეულობის მსგავსად უბრალოდ ისე გაქრა, ლირსმანიც კი არ შეუძენიათ. აქედან იწყება ძალაუფლებისთვის გადამწყვეტი ომი მხარეებს შორის.

დეკანოზი ამ დროს არის ადამიანი, რომელიც გახლავთ დიმიტრი შიოლაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ის არ იყო შემთხვევით დანიშნული პირი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ის ფლობდა ამომწურავ ინფორმაციას, თუ ვის რა ქონება ჰქონდა, ვინ რა ქონებას მართავდა, რა შემოდიოდა, სად ნაწილდებოდა და ა. შ. დეკანოზმა იცოდა, ვინ როგორი პიროვნება იყო. დეკანოზის ხელში ძალიან დიდი ინფორმაცია იყო არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ზნეობრივი კუთხითაც მაღალ იერარქთა ქმედებების შესახებ. გარკვეულ პერიოდში დეკანოზი ძალიან მიუღებელი ფიგურა გახდა ერთი ჯგუფისთვის, რომლის წევრებიც დიდ თანამდებობებს იკავებდნენ, ისინი არც ახლა უჩივიან ძალაუფლების უქონლობას. ციანიდის სკანდალი იყო ბოროტების ზეიმი _ პირველი დღეებიდანვე ყველაფერი გაშიშვლდა. ბევრმა საღმა ადამიანმა დაინახა რეალური სახით მთელი სისტემა, რომელსაც ნდობის უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა. ვისმენდით ხელისუფლებისა და ეპისკოპატის განცხადებებს, რომელიც იყო ღმრთის გმობა და ერის დაცინვა, _ დეკანოზი ხან მიდიოდა პატრიარქის მოსაკლავად, ხან კიდევ რა… არადა, დეკანოზს პატრიარქი 24 საათის განმავლობაში გვერდით ჰყავდა და ნებისმიერი დანაშაულის განხორციელება შეეძლო. ცივილიზებულ, შემდგარ ქვეყანაში მიდიოდა იმისთვის, რომ ციანიდით მოეკლა? თან, გავიხსენოთ, იმ ციანიდით, რომელიც არ შეუძენია და საქმეშიც კი არ დევს. მოსყიდულმა და დაკვეთის შემსრულებელმა პროკურატურამაც კი აღიარა, რომ დეკანოზს ციანიდი არ ჰქონია. აი, ასეთ მოწმენდილ ცაზე, არანაირი ფაქტის საფუძველზე, დეკანოზს აპატიმრებენ, როცა ის მიემგზავრება უცხოეთში საოპერაციოდ გამზადებულ პატრიარქთან.

_ რატომ დაუპირისპირდა ასე მძიმედ და გამანადგურებლად ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს, თან ნაჩქარევად?

_ ორივე დაპირისპირებულმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ მხცოვანი პატრიარქი მძიმედ იყო ჯამრთელობის მდგომარეობით, სარისკო ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. იფიქრეს, რატომღაც, რომ შესაძლებელი იყო პატრიარქი ვერ გადარჩენილიყო. ამიტომ დროულად უნდა განადგურებულიყო ერთი ჯგუფი, ტახტისკენ მიმავალი მეორე ჯგუფს შანსები რომ განაღდებოდა.

_ ჩვენ ახლა დაჭერის ფაქტებზე ვსაუბრობთ, იყო აქციები, შიმშილობა, საპატრიარქოს წინ გაშლილი კარვები, ხმაურიანი პროტესტი და ამ ყველაფრის ფონზეც კი საპატრიარქოს და არა მარტო, არანაირი რეაგირება მაშინ არ ჰქონია. დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე, ვიგებთ, რომ დეკანოზი თავისუფალია ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე. რას უკავშირებთ ამას? ვის ინტერესებში შედიოდა დეკანოზის ახლა გამოშვება?

_ პატიმრის ოჯახმა გაიარა ძალიან დიდი საფრთხე. მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ დეკანოზი მამალაძე კლავდა პატრიარქს და შემდეგ თითქოს აღმოჩნდა, ის არა პატრიარქს, არამედ მის მდივან-რეფერატს კლავდა. ვფიქრობ, დაავიწყდათ პროკურატურისთვის იქვე სადმე თაბახზე მიეწერათ, რომ მდივან-რეფერატი მაღალი საეკლესიო ფიგურა არ არის. ამ შვიდწლიან ბრძოლაში იყო ისეთი ეპიზოდები, რედესაც მიმართეს სინოდს, შემდეგ გახლდათ სინოდალური თხოვნა, რომელიც მიემართა ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს. ორმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა დეკანოზი მამალაძე და რატომ, ძალიან კარგად ვიცით. იმავე საეკლესიო ცენტრალური ადმინისტრაციისგან იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ მოგწერთ წერილებს, მაგრამ თქვენ ის არ შეიწყალოთო. ეკლესიის ადმინისტრაციას სასტიკად არ აწყობდა, რომ დეკანოზი ვადაზე ადრე კი არა, საერთოდ ცოცხალი გამოსულიყო საპატიმროდან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დეკანოზი თავისუფალია, სახლშია. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა საეკლესიო წრეებში, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობს, თუმცა გეტყვით, რა განიხილება ამა თუ იმ საეკლესიო ჯგუფში. მქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ მღვდელთან და ორ-სამ მღვდელმთავართან. ზოგი ამბობს, რომ დეკანოზი შეწყალებულია მეუფე შიო მუჯირის, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ჯგუფის მიერ და თავად მოსაყდრის თანხმობით, რაც გათვლილია გარკვეული მღვდელმთავრების გასანეიტრალებლად, _ რომ გამოვა ციხიდან და მისი ინტერვიუები გავლენიანი მღვდელმთავრების ავტორიტეტს საფრთხეს შეუქმნის. მეორე ვერსიად მიჩნეულია ის, რომ მსგავსი სკანდალის შემდეგ დაპატიმრებული პატიმარი საქართველოში შეწყალებული არ იქნებოდა, რომ არა ივანიშვილის თანხმობა. ის ხომ არ შეუწყალებია პრეზიდენტს, ის სახელმწიფომ გამოუშვა და ეს მოხდა ორი წლით ადრე. მნიშვნელოვანია, რატომ გამოუშვა? ამით შემთხვევით სილა ხომ არ გააწნა და საკუთარ სივრცეში ქაოსური პირობები შეუქმნა საპატრიარქოს და გადაუტანა მათ ყურადღება შიდა სამზარეულოში? ასევე, გარკვეულწილად, ისინი ჩახსნა წინასაარჩევნო პროცესებიდან. მოგეხსენებათ, ყველა არჩევნებში ეკლესიას აქვს უდიდესი როლი, ის ყველა წესისა და კანონის დარღვევით ერევა არჩევნებში.

_ რისთვის სჭირდება ივანიშვილს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საპატრიარქოსთან დაპირისპირება?

_ ეს შეიძლება არ ჩაითვალოს ღია დაპირისპირებად. ივანიშვილსა და საპატრიარქოს გარკვეულ პირებთან ჰარმონიული კავშირები ისედაც დიდი ხანია, აღარ არის. შეიძლება ივანიშვილმა თქვას, რომ თვითონ სინოდის თხოვნა იყო, შეწყალებულიყო დეკანოზი. სინოდმა თხოვნით მართლაც მიმართა წლების წინათ პრეზიდენტს, მაგრამ იერარქები დარწმუნებულები იყვნენ, რომ თხოვნებს დაწერდნენ, მაგრამ არ იქნებოდა შეწყალებული პატიმარი. როგორც ჩანს, ეს საჭირო დროს საჭირო მომენტში საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. ის ფაქტი, რომ დეკანოზი გამოშვებულია ციხიდან და განთავისუფლებულია 2 წლით ადრე, ემსახურება რაღაც მიზანს. რაც არ უნდა მოხდეს ეკლესიაში, ეს ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, ყველაზე მეტად აწყობს განსაკუთრებით 2024 წელს, თუნდაც ეს გამოშვების ფაქტიც სკანდალია. საინტერესოა, რომ ერთი პრემიერ-მინისტრი მიდის და ყოვლად მიუღებელი პრემიერი მოდის, _ სწორედ ამ ფაქტმა გადაფარა ეს, რომ უკვე მთელი პრესა გადაერთო კობახიძიდან მამალაძეზე და თითქოს კობახიძის გაპრემიერება ამით მიიჩქმალა.

_ სოციალურ ქსელში თქვენ მამალძეს მიულოცეთ თავისუფლება და სიფრთხილისკენ მოუწოდეთ. რა იგულისხმეთ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ გიორგი მამალაძე?

_ მამალაძეს საფრთხე ყოველთვის ემუქრება ამ ჯგუფებისგან. მათთვის მამალაძე საფრთხის შემცველი იყო ციხეშიც და ახლა ასჯერ უფრო საშიშია. იმ ჯგუფისთვის, რომლის წყალობითაც მამალაძე ციხეში იჯდა ამდენი წელი, ის საფრთხის შემცველია. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც უდანაშაულო ადამიანს 7 წელს მოახდევინებ, როდესაც მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ამ კრიმინალურ სამყაროზე, ადამიანს, რომელსაც დააინვალიდებ და ცხოვრებას ნაწილობრივ წაართმევ, აი, ამ ადამიანისთვის უკვე პირდაპირი ურთიერთობა პრესასთან იერარქიის დიდი ნაწილისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე და ნაღმი. მამალაძის სიცოცხლე განსაკუთრებულ საფრთხესთანაა დაკავშირებული და ახლა უნდა იყოს მისი უსაფრთხოება დაცული. მას და მის ოჯახს კიდევ ერთხელ ვულოცავ, მოვუწოდებ, რომ იყვნენ ფრთხილად, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი ეკლესიაში დაბუდებული უღმერთო მაფიისგან.

_ თქვენ ფეისბუქპოსტში წერთ, ვციტირებ თქვენს სიტყვებს: „საპატრიარქოში ქაოსია, შუაღამემდე „სხადნიაკებია“ მოსაყდრესთან და ა. შ.“ რას გულისხმობთ, რა ხდება რეალურად დღეს საპატრიარქოში?

_ მაგალითად, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ მოსაყდრის ლიკვიდაცია, მოწამვლის მცდელობა იყო, რაც დაადასტურა ადმინისტრაციამ და დაიწყო გამოძიება. რა დასკვნა დადო გამოძიებამ? რა ხდება მოსაყდრის თავს? მიმდინარეობს თუ არა გამოძიება? რატომ არაფერია ცნობილი? საზოგადოებაში უნდა იყოს ამაზე მკვეთრი რეაქცია, რომ მან მიიღოს პასუხი. ეკლესია მიეჩვია იმას, რომ თავისი მოვალეობები არ შეასრულოს და ხალხს, სამწყსოს, მრევლს არ უპასუხოს კითხვებზე. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული შეთანხმებები იყო საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, რომ მამალაძის განთავისუფლება მათ დისკომფორტს არ შეუქმნიდა და არ შეულახავდა ავტორიტეტს. საპატრიარქომ გარკვეული გარანტიები მოსთხოვა ხელისუფლებას. ფაქტია და ნამდვილად ვიცით, რომ საპატრიარქოში, გვიან ღამემდე, ღამის 2-3 საათამდე, შედიოდნენ და გამოდიოდნენ მაღალი რანგის სტუმრები. მათი სასაუბრო თემა იყო სწორედ მამალაძის გამოშვების საკითხი და არა რომელიმე ტაძრის მოხატვა ან თუნდაც ათასი სიბილწე-მრუშობა, საეპისკოპოსო ქორწინებებით დაწყებული, ნარკომანიით დასრულებული

_ თუმცა მამალაძემ თქვა, რომ ბრძოლას ვაგრძელებო. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა და ვისზე განხორციელდება პირველი დარტყმა?

_ სიმართლის დამტკიცება დარტყმა კი არა, ღმერთის მსახურებაა. მამალაძე თავს ცუდად გრძნობს და ეს ყველამ ვნახეთ. ეკლესია არწმუნებდა ხალხს, რომ ის ჯანმრთელად და კარგად იყო. ეპისკოპოსები, მაგალითად, იაკობაშვილი, ფაჩუაშვილი და ა. შ. უღმერთოდ არწმუნებდნენ ხალხს, რომ ის ჯანმრთელად იყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ გადაიყვანეს საპატიმროდან საკუთარ სახლში. ყველამ ვნახეთ, როგორც იყო მამალაძე და 7 წლიდან 5 წელი გაატარა ავადმყოფობაში. პირველი მისი დარტყმა იქნება იმ ჯგუფის მიმართ, რომელმაც ის დააჭერინა. მან ზუსტად იცის, ვინც დააჭერინა და იცის ერმაც. მან ზუსტად იცის, რომელმა მღვდელმთავარმა დააჭერინა ის და რომელ მღვდელმთავარს ჰქონდა დავალებული დიმიტრი შიოლაშვილის განეიტრალება. ის დაპატიმრებული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ განეიტრალებულიყო მიტროპოლიტი დიმიტრი. დეკანოზ მამალაძეს სთხოვდნენ, მიეცა ჩვენება დიმიტრი შიოლაშვილისა და მისი სიძის წინააღმდეგ. იმ წლებში მისი სიძე სოსო იყო, ჩვენი დროის საეკლესიო ფაშა, სოსო ოხანაშვილი _ ეკლესიის დიდი ნაწილის მმართველი. იმ დიდი ნაწილის, რომელსაც შორენა თეთრუაშვილი ვერ აკონტროლებდა, იმ ყველაფერს აკონტროლებდა ბატონი სოსო.

ეკლესიაში მთავარ სამიზნეს, დიდებასა და ფულს სოსო აკონტროლებდა. იმ წლებში ის იყო მეუფე დიმიტრის ქალიშვილის მეუღლე. ნებისმიერ მღვდელმთავარზე გავლენიანი პირი ბრძანდებოდა სოსო ოხანაშვილი, რომელიც მართავდა კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ ყველაფერს, ამიტომ ის გახდა მთავარი მეტოქე და მოწინააღმდეგე მდივან-რეფერატის. შორენა თეთრუაშვილის ჯგუფმა შიოლაშვილის ჯგუფი მამალაძის მეშვეობით გაანეიტრალა. ის იყო კრავი ამ მოვლენებში. დაბრალდა ის, რაც მას არ ჩაუდენია, შემდგომში კი მასზე დიდი ზეწოლა მიდიოდა, რომ ჩვენებები მიეცა ოხანაშვილისა და დიმიტრი შიოლაშვილის წინააღმდეგ. თუ ის დაასახელებდა ფაქტს, რის გამოც მას აპატიმრებდნენ, უნდა ყოფილიყო დასახელებული ეს ორი გვარი, ჩემ მიერ ხსენებული, მაშინ მას არც 9-წლიანი პატიმრობა მიესჯებოდა და არც 7 წელი ციხეში ყოფნა მოუწევდა. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში ის თავის ოჯახში დაბრუნდებოდა. მაგრამ არარსებული ფაქტის აღიარება მან არ დაუშვა, არც გვარები დაასახელა, გარკვეულ სიბინძურეში მას ამ ორი გვარის დასახელება კარგად შეეძლო, დეკანოზმა ისინი არ გაწირა, თუმცა მათ დეკანოზი გაწირეს. გიორგი მამალაძემ მორჩილებით, მოთმინებით გაატარა ეს 7 წელი ციხეში. არავინ მის გამოშვებას არ ელოდა. თავად მდივან-რეფერატის წერილი, რომ მას უკვე აღარ უჩიოდა, დაიწერა არა გუშინ და გასულ თვეს, არამედ 2 წლის წინ და ეს თაროზე ედოთ 2 წლის განმავლობაში. ამიტომ გამოშვებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა ლოგიკურია, ის გამოშვებულია რაღაცისთვის, ისევ მათი ბინძური მიზნებისთვის. ამაშიც ვერ შეძლებენ დეკანოზის გამოყენებას. არა მგონია, რომელიმე მხარის ბინძურ თამაშში მონაწილეობა მიიღოს. მან დიდი გამოცდილება მიიღო.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია პატრიარქის განწყობა, შეხვდება თუ არა ის დეკანოზს?

_ შესაძლებელია, რომ გარკვეული პიარისთვის ჩანიშნონ ეს შეხვედრა, ამ ეტაპზე ამაზე არ ვრცელდება ინფორმაცია. ამბობენ, რომ პატრიარქი თავს ძალიან მძმედ გრძნობს, უმძიმესადაა. ეს ჩვენ გადავამოწმეთ და სარწმუნო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ პატრიარქი სტაბილურად არის, აღარ არის ძალიან მძიმედ, თუმცა ის მძიმედ იყო იანვარში. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი და მამალაძე შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს. ამის ინიციატორი შეიძლება პატრიარქი იყოს. მამალაძე არა მგონია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი იყოს. ვერ დავიჯერებ, რომ მამალაძე ამ ეტაპზე საკუთარი ფეხით მივა საპატრიარქოში, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ცხოვრება დაუმახინჯეს. ვფიქრობ, მამალაძის გამოყენების მცდელობა ამ საეკლესიო მაფიური ჯგუფებისთვის წარუმატებლად დასრულდება. არა მგონია, მათთან რამე სახის მოლაპარაკებაზე წავიდეს დეკანოზი. მეტიც: თუ დეკანოზი გააგრძელებს აქტიურობასა და სიმართლის თქმას, ყველამ იცის, ამ სიმართლეს რისი მოტანა შეუძლია. დღეს ეკლესიაში სიმართლეს არ მივყავართ დანაშაულის აღმოფხვრამდე. დღეს ეკლესიაში სიმართლის საუბარი განკვეთასა და დევნას მოასწავებს. ჩემთვის მამალაძე დაჭერამდე არ იყო ავტორიტეტი, ვერ იქნებოდა ის ავტორიტეტული მღვდელი, რომელიც მოწინავე იყო დიმიტრი შიოლაშვილის კარზე.

შეარჩიეს საზოგადოებისთვის არაავტორიტეტული ადამიანი და დააბრალეს ის, რაც მას არ ჩაუდენია. მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, ის ციხეში შევიდა არაქრისტიანი, მომიტევოს ეს სიტყვები და გამოვიდა ციხიდან ქრისტიანი. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფებიდან ორივე მხარე მისთვის უკვე მტერია. დეკანოზის გაქრობა, განკვეთა ახლა ორივე ჯგუფის ინტერესებში მძაფრად შედის და ის თუ გააგრძელებს იმ სიმართლეზე საუბარს, რომელიც მან ძალიან სიღრმისეულად იცის, მისი ფინალი სიმშვიდე არ იქნება ამ წუთისოფელში. მას ეკლესია აუცილებლად გაუმძაფრებს დევნას, შევიწროებას და მისი განკვეთითაც კი დაასრულებენ ყველაფერს, რომ საზოგადოებაში, ე. წ. მორწმუნეებში, მის სიტყვას ფასი აღარ ჰქონდეს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ სიმართლეს ყოველთვის აქვს ფასიც, ძალაც და ყოველთვის შეუძლია დროში ნაყოფის გამოღება. მნიშვნელობა არ აქვს, პიროვნება ხარისხში იქნება თუ ხარისხიდან განკვეთილი.