ლევან სამუშია: „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გაუკუღმართებული სამართალია“
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ დღითი დღე მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო უწყებებმა კითხვებზე უპასუხონ, უფრო ბუნდოვანებას სძენენ საქმეს. პირველივე დღეებიდან გამოძიება ცდილობს, თვითმკვლელობის ვერსიაზე იმუშაოს, გასულ კვირას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ექსპერტიზის დასკვნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, 18:36 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური: What will happen to my Facebook account if I pass away? , რაც ქართულად ნიშნავს: რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?
2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, 00:16:37 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide, , რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.
იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ვებგვერდ ვიკიპედიაზე _ გვერდზე მიწერილი აქვს სათაური: Suicide methods – Wikipedia , რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები. აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods , სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდი.
დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.
მოცემული დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა საქმეში ჩნდება ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია და რომლის თქმითაც ის დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. მისი პიროვნებისა და გაჟღერებული ვერსიების ირგვლივაც უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება.
რატომ ცდილობს გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას? რა ხაზს ავითარებს მოულოდნელად გამოჩენილი ბაჩანა ლობჟანიძე? რას შეცვლის საქმეში ძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ლელო საქართველოსთვის“ წევრ, იურისტ ლევან სამუშიას ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ გამოძიებას თვითმკვლელობის მიმართულებით მიჰყავდა საქმე. ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მას ფსიქოლოგი ჰყავდა. რაზე მეტყველებს ეს ვითარება და რატომ ცდილობს გამოძიება ამ ვერსიაზე აქცენტის გაკეთებას?
_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათიც კი არ იყო გასული, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს და გამოძიებამ უკვე შემოგვთავაზა ვერსია, მარცვალიც ჩააგდო, რომ იგი საზოგადოებაში გაღვივებულიყო და აზრი ფორმირებულიყო, რომ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგთან დადიოდა და საქმე თვითმკვლელობისკენ მიმართა. რამდენიმე დღის წინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გუგლში ეძებდა თვითმკვლელობის გზებსა და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა ფეიბსუქს მისი გარდაცვალების შემთხვევაში? ამავე განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი საძილე პრეპარატებს ეძებდა. ე. ი. ამით თვითმკვლელობის ვერსია გამყარდა. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს, საბოლოოდ, ალბათ, დააგვირგვინებს ის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა, სადაც გვეტყვიან, რომ გამოკვლევის შედეგად გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდა ის მედიკამენტები, რაც ავტომობილში იპოვეს. ეს არის გამოძიების მიმართულება.
_ თუმცა თვითმკვლელობის ვერსიასაც, სხვა ვერსიებთან ერთად, აქვს არსებობის უფლება…
_ ზოგადად, ყველა ვერსია უნდა განიხილებოდეს. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბუნებრივია, საეჭვოა ის, რომ გამოძიება თავისი საქციელით ლობირებს თვითმკვლელობის ვერსიის კულტივირებას და ამ აზრის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, პირადად ეჭვი მეპარება თვითმკვლელობაში, რადგან წარმოუდგენელია, ამდენი დღის განმავლობაში მანქანა ვერავის ეპოვა, მით უმეტეს იმ ტერიტორიაზე, საძოვარზე, სადაც მწყემსებს ნახირი დაჰყავთ. თან არც ისეთ სიღრმეში იდგა მანქანა, რომ ვერ შეემჩნიათ. დრონის ჩანაწერები დღემდე არ შეუსწავლიათ, გამოძიება მედიის საშუალებით იძულებული ხდება, რაღაც მტკიცებულებები მოიპოვოს. თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების ლოკაციებს სწორედ მედია ადგენს და შემდგომ ამ ყველაფერს მიჰყვება გამოძიება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამოიღონ სატელეფონო ანძების დეტალური ამონაწერი, გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის, არამედ იმ ტერიტორიაზე სხვა უცხო პირების მოძრაობის შესახებ, _ სოფლის მცხოვრებლების გარდა იმ დროს სხვა პირები თუ იმყოფებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე? ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი. ასევე ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუქგვერდი წაიშალა. ადვოკატი და ოჯახი ითხოვდა, მათი თანდასწრებით გახსნილიყო კომპიუტერი, თუმცა უკვე გახსნილი დახვდათ. შსს-მ და საგამოძიებო ორგანოებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს პროტესტსა და მღელვარებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს, ისინი ამ რისკზე წავიდნენ, საკუთარი გეზისთვის სხვა „სიკეთის“ მოტანის მიზნით. ბუნებრივია, ეს ეჭვები ჩნდება და თავად გამოძიება აჩენს ეჭვებს, რადგან იგი ისედაც სახელგატეხილია. მათ რომ სურდეთ ობიექტური, სამართლიანი გამოძიება, სხვანაირად მოიქცეოდნენ. „შაქარაშვილის საქმიდან“ გამომდინარეც ჩნდება ეჭვები. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ეს საქმე მიზანმიმართულად ყალბდება, შესაბამისად, აქაც ჩნდება ეჭვები. თუ ვის ინტერესებში შედის საქმის გაყალბება, ეს უკვე ცალკე საკითხია, ამის თაობაზე ხელს ვერავისკენ გავიშვერ და ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
_ გასულ კვირას „ბაჩალიაშვილის საქმეში“ უცებ გამოჩნდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომლის თქმითაც, ის გარდაცვლილის შეყვარებული იყო და რომელმაც არაერთი ვერსია გააჟღერა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ. ბევრი კითხვა გაჩნდა მის სანდოობაზეც. თქვენი, როგორც იურისტის შეფასებით, რა როლი აქვს ამ პიროვნებას მთელ ამ ტრაგედიაში?
_ ამ შემთხვევაში ვერავისკენ გავიშვერ ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი საეჭვოა. გეთანხმებით, რომ ეს ადამიანი უცებ გამოჩნდა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მისმა უახლოესმა მეგობრებმა არ იცოდნენ მის შესახებ, თუ ის შეყვარებული იყო. ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან დიდი დოზით შემოვიდა მედიასივრცეში და თავის ვერსიებს აჟღერებს. ესეც საყურადღებოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაზედაც ლობჟანიძე საუბრობს, უნდა გადამოწმდეს. თუ გამოძიებას არ სურდა, რომ ლობჟანიძეს ხმამაღლა ესაუბრა, მას გაუთქმელობაზე ხელწერილს დააწერინებდა და ეს ადამიანი არც ილაპარაკებდა. როგორც ბაჩანა ლობჟანიძის ნათქვამიდან ირკვევა, ის 8-ჯერ დაიკითხა 10 დღის განმავლობაში, ე. ი. ის, როგორც სამსახურში, ისე ყოველდღე დადიოდა დაკითხვაზე. ყველა ეს ფაქტი გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამავდროულად, საინტერესოა მისი ინფორმაციები, თუმცა გადასამოწმებელია და არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხები სჭირდება და ამაზე ობიექტურმა გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს.
_ უშუალოდ ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ს მიერ მის ჩანერგილობაზე საუბრობს. თქვენი შეფასებით რამდენად რეალისტურია ეს ვერსია?
_ ყველა ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი და ის უნდა გადამოწმდეს. დადასტურებით რამის თქმა არ შემიძლია. მით უმეტეს, საქმის მასალები ძალიან მწირი რაოდენობით არის ცნობილი, შესაბამისად, ჩვენ ყველანი მოკლებული ვართ კონკრეტული შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, განსხვავებით „შაქარაშვილის საქმისგან“, სადაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ მოქმედებდა გამოძიება და აყალბებდა სისხლის სამართლის საქმეს.
_ მას შემდეგ, რაც ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ კომპანია ძAG-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ქართული მენტალიტეტისთვის შეუსაბამო საქმიანობაში იყო ჩართული, კომპანიის იურისტმა განაცხადა, რომ ისინი არანაირ კავშირში არ იყვნენ პორნოგრაფიასთან და მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდნენ მსგავსი ტიპის საიტებს. ამ განცხადებიდან მეორე დღეს თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა დაიწყო. ამ შემთხვევაში მტკიცებითი ფორმით არ გთხოვთ შეფასებას, უბრალოდ, რა ჩანს ამ ფაქტიდან?
_ ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე აქცენტს აკეთებს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურთან მიმართებით. როგორც ირკვევა, თავადაც ამბობს, რომ კომპანია ძAG-ში მენტალობისთვის შეუსაბამო ქმედებები ხორციელდებოდა. თუმცა მისგან ამ თემის ირგვლივ დასაბუთება ნაკლებად მოვისმინეთ. იგი ასევე ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან მისი სამსახური? ბუნებრივია, კითხვები უნდა დაისვას საქმეში არსებული ყველა ფიგურანტის მიმართ. მაგრამ რამდენად სწორად და ობიექტურად სვამს კითხვებს გამოძიება, ეს უკვე ცალკე საკითხია.
_ არსებობს ეჭვი, რომ გამოძიება ცდილობს თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას, მიუხედავად ამისა, ხედავთ თუ არაკვალიფიციურობას გამოძიებასთან მიმართებით?
_ მაგალითად, „შაქარაშვილის საქმეში“ გამოძიება ძალიან დიდი სიამოვნებით დაიბრალებდა არაკვალიფიციურობას. ზოგადად, საქართველოში ყველა სფეროშია კვალიფიციურობის ნაკლებობა, მაგრამ ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის ნაკლებობაზე უფრო სხვა რამ მგონია. კვალიფიკაციის ნაკლებობის შემთხვევაში, თუნდაც, „შაქარაშვილის საქმე“ რომ ავიღოთ, ამდენი შეცდომა არ იქნებოდა, შეიძლებოდა, ერთი-ორი ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ გამოძიება მიზანმიმართულად მოქმედებდა. თუ „შაქარაშვილის საქმეზე“ გამოძიებას ეტყვით, რომ არაკვალიფიციურია, შეიფერებენ კიდეც, შეიძლება არ ესიამოვნოთ, მაგრამ მისაღები იყოს, რადგან განზრახ ქმედებების გადაფარვას არაკვალიფიციურობით ცდილობენ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, „ბაჩალიაშვილის საქმეზე“ კი მხოლოდ კვალიფიკაციის პრობლემა არ არის. პარალელი რომ გავავლოთ, არც ხორავას საქმეში ყოფილა კვალიფიკაციის პრობლემა. ხორავას საქმეში მიზანმიმართული ქმედებები ვიხილეთ გამოძიების მხრიდან და სანამ საქმემ დღის შუქი არ იხილა, მანამ შოთაძე გადადგომასაც არ აპირებდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, თუმცა პასუხი არავის უგია, რადგან ასეთი სისტემა გვაქვს, ამ სისტემას სჭირდება მსგავსი მსახურები და თუ ერთი დაისჯება, სხვები სისტემის მსახურებას შეწყვეტენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება აძლევს მოტივაციას სისტემის მსახურებს, რომ თუ ისინი მორჩილებაში იქნებიან, პასუხს არ აგებენ.
_ დღევანდელი მოცემულობით, რამდენიმე ვერსია არსებობს, ამას დაემატა სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ, რომელიც 12 წლის წინათ მოხდა. ბაჩალიაშვილის მამაზე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. რისთვის სჭირდებათ ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელება?
_ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, გაშავების პოლიტიკა, მათ შორის, ტროლებით, ხელისუფლებასთან კავშირი მყოფი ადამიანებით ღიად თუ ფარულად. ჩვენ გვახსოვს წინა საქმეებიდან გამომდინარე, როგორ ვითარდებოდა ამ კუთხით მოვლენები ზაზა სარალიძესთან მიმართებით, როგორ იყო ჩართული პროსახელისუფლებო მედია და ტროლები. მსგავსს მეთოდებს იყენებდნენ მაჩალიკაშვილის მიმართაც. ამას შეჩვეულები ვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენს ქვეყანაში ბინძურ პროპაგანდას აქეზებენ და ამკვიდრებენ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ეს ყველაფერი გაშიფრული აქვს და კარგად ხვდება, ვინ რა მიზნით მოქმედებს.
_ იმ ინფორმაციებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, რომელი ვერსია გგონიათ ყველაზე რეალური? მაგალითად, ოჯახი და მათი უფლებადამცველი კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას.
_ ვერც ერთ ვერსიას ვერ მივანიჭებ უპირატესობას. ყველას აქვს არსებობის საფუძველი. ამ ვერსიებზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოძიება ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთ საქმეებზე. ჩვენ რომ რომელიმე ვერსიაზე გამოკვეთილად ვისაუბროთ, მაგალითად, 2-ს მაინც მივანიჭოთ უპირატესობა, საქმის მასალები სრულად უნდა ვიცოდეთ და ამის შემდეგ შესაძლებელია ანალიზის გაკეთება. დღეს ვსაუბრობთ იქიდან გამომდინარე, რაც ზედაპირზე დევს და გეუბნებით, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამ საზოგადოებაში არსებულ კითხვის ნიშნებს კი ყოველდღიურად არათუ აქრობს ან ბუნდოვანების გაფანტვას ცდილობს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შემოაქვს და არსებულ შეკითხვებსაც ამყარებს თავისი საქმიანობით. თუ რისთვის სჭირდება ეს გამოძიებას, უკვე ცალკე კითხვის ნიშნებს შეიცავს.
_ როგორია თქვენი პასუხი, რისთვის სჭირდება?
_ თუ ამ დონის საქმეებს მიზანმიმართულად აყალბებენ და მასში ხელოვნურად ერევიან, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგეს, მაშინ მაღალი სახელისუფლებო წრეების ინტერესები იკვეთება. რაც შეეხება „შაქარაშვილის საქმეს“, დარწმუნებული ვარ, რომ აქაც მიზანმიმართულად გაყალბდა სისხლის სამართლის საქმე.
_ ბაჩალიაშვილის ოჯახს პროკურატურაში დოკუმენტები წარუდგინეს, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადება ფედერალურ ბიუროში დახმარების მოთხოვნით უკვე გადაგზავნილია. FBI-ის (ძიების ფედერალური ბიურო) საქმეში ჩართვა არის თუ არა გარანტია იმისა, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს?
_ ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ რისთვის სთხოვენ FBI-ის დახმარებას, რა მოთხოვნაა გაგზავნილი? სრულად უნდათ დახმარება, თუ კონკრეტული ექსპერტიზები სჭირდებათ? როგორც გავიგეთ, ფეისბუქის მიმოწერების აღდგენა სურთ, როგორც ადვოკატი საუბრობდა. ან კომპიუტერის, ტელეფონის, მანქანის ექსპერტიზა მოთხოვნილია? ეს არის არსებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია. ასევე არსებითად მნიშვნელოვანია მანქანის შიგნით და მანქანის კვალთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება. ბუნებრივია, ამის დიდი გამოცდილება აქვს FBI-ის და, ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, მთავარი ის არის, რა სახის მოთხოვნა გაიგზავნა იქ. თუ ეს მოთხოვნა მოთხოვნისთვის არის, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიონ? ვფიქრობ, FBI-ის ჩართვა მნიშვნელოვანია. მხოლოდ საკვლევი საკვანძო საკითხები უნდა დაკონკრეტდეს.
_ თქვენ არაერთხელ ახსენეთ „შაქარაშვილის საქმე“. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ბაჩალიაშვილის საქმემ“ იგი გადაფარა?
_ „შაქარაშვილის საქმე“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიფარება. სისხლის სამართლის კუთხით უკვე მე-17 წელია, პრაქტიკა მაქვს და მსგავსი საქმის დარღვევები, როგორიც „შაქარაშვილის საქმეშია“, არ მინახავს. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიდან საქმე მიჰყავდათ უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით, რომ თითქოს კლდიდან გადმოვარდა ან ფეხი დაუცდა და ჩავარდა. ასევე მიზანმიმართული ქმედებებია, მათ შორის, შემთხვევის ადგილის განზრახ არდაცვა, შემდგომ გადამწვარი შემთხვევის ადგილის დაცვა, რაც, უბრალოდ, წარმოუდგენელია! ასევე ნიმუშების არაღება შესაძლო პოტენციური ეჭვმიტანილი პირებისაგან. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნიმუშის აღება 2-3 დღის შემდეგ მოინდომეს. რა შეიძლება ამოვიდეს გარეცხილი ტანსაცმლიდან?! ან, თუნდაც, შესაძლოა, იგივე ფერის სხვა ტანსაცმელი მიუტანონ გამოძიებას! ფრჩხილის ნიმუში საერთოდ ვერ აიღეს, რადგან უკვე დაჭრილი ჰქონდათ ფრჩხილები!!! ჩანთასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი არ მოსულა! შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი ქმედება ხორციელდებოდა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, შემთხვევითობას მივაწეროთ.
ასევე ექსპერტ გალინა კარმუშინასთან დაკავშირებით ტროლები ამუშავდნენ და ათას სიბინძურეზე წამებდნენ ცილს მას. მათ შორის, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი გიდი იყო. თუ ეს ადამიანი პროფესიონალია, რა მნიშვნელობა აქვს, პარალელურად გიდია თუ არა? მან დასვა კითხვები, რომელზედაც იძულებული გახდნენ, ეპასუხათ. ბატონმა გეჯაძემ განაცხადა, რომ მექანიკური შეცდომაო. გეჯაძეს არ დაეთანხმა „სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“. ეს კი კარმუშინას პროფესონალიზმსა და იმასაც მიუთითებს, რომ წარმოუდგენლად დამაზიანებელი ქმედებები ჩატარადა სისხლის სამართლის საქმისთვის. როდესაც საქმე სასამართლოში არ წასულა და ექსპერტები საჯარო სივრცეში უპირისპირდებიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავიანთ დასკვნას, სასამართლოში მტკიცებულება და მით უმეტეს ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს უტყუარი და ცალსახა. ამ ექსპერტიზის დასკვნას კი „წყალს უყენებენ“. კომპლექსური, კომისიური ექსპერტიზაა დანიშნული. პასუხებს ველოდებით და რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ თურმე „სამხარაული“ ექსპერტებს ეძებს და გამოძიებას სთხოვს დახმარებას. მთელი საგაზეთო ნომერი არ გვეყოფა იმ დარღვევების ჩამოსათვლელად, რაც შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეშია. წარმოუდგენელია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყოს, ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება.
_ ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრეთ ბოლო დროის ორ ყველაზე გახმაურებულ და ბურუსით მოცულ საქმეებზე. ამ საქმეებში სისტემური დანაშაულის ნიშნები იკვეთება? რა იწვევს ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენურ ვითარებას?
_ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანია უკანონობა, უსამართლობა, გაუკუღმართებული სამართალი და ამის ისე შემოსაღების მცდელობა, რომ თითქოს ქვეყანაში სამართალია. ასევე მათი საფირმო ნიშანია თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა. ეს არის არა ქართული, არამედ „რუსული ოცნება“ და „პუტინის ოცნება“, რადგან იგი დღითი დღე გვაშორებს დასავლურ ფასეულობებს.
_ რატომ მიდის ამ ყველაფერზე ხელისუფლება, სათანადოდ ვერ იაზრებს მის მცდარ ნაბიჯებს?
_ ქვეყანაში სამართალდამცველი სისტემა მოშლილია, ინსტიტუციები არ არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლება უსამართლობითა და სასამართლოს პოლიტიკური კონტროლით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება გააფორმა კრიმინალთან.
რაც შეეხება დასავლური მიმართულებიდან გადახვევას, ეს არის ერთი ერთში რუსული პოლიტიკის გატარება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთოდ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია.
_ ასეთ მოცემულობაში რა შემთხვევაში შეიძლება ამ ორ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა?
_ „შაქარაშვილის საქმეზე“ სიმართლე ვიცით, მაგრამ სამართალმა შესაძლოა, მოგვიანებით იზეიმოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არცთუ ისე ხანგრძლივ პერიოდში ყველა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგება, ვინაიდან ამ ხელისუფლებას სულ რამდენიმე თვეღა დარჩა.
ერთხელ და სამუდამოდ, დეპოლიტიზებული სამართალდამცველი სისტემა, სასამართლო შეიქმნება, რაც ავტომატურად გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებას.
ნენე ინჯგია