ლევან ალაფიშვილი: „შემოდგომაზე ქართველ ამომრჩეველს დიდი იმედგაცრუება ელის“
30 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, გადადგა. ამის შესახებ ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ჟვანიას თქმით, მედიისთვის ის დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მისივე მტკიცებით, პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს. შეცვლის თუ არა არსებითად რამეს ჟვანიას გადადგომა? შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ 43%-ის აღებას თვითმმართველობის არჩევნებზე? რამდენად ადეკვატურია ამ მოცემულობაში ოპოზიციური სპექტრი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა. ამ ვითარებაში რას ნიშნავს მისი გადადგომა და არსებითად ცვლის თუ არა რამეს?
_ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხი ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობისა და მისი გაფორმების შემდგომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, თამარ ჟვანიას 30 ივნისს გააფორმებინეს ეს ყველაფერი. იგი გადაწყვეტილების მიმღები არ იყო და ეს ჩანდა მთელი ამ პოლიტიკური პროცესიდან. ადამიანურად მესმის ჟვანიასი, ის ცდილობდა წარმოეჩინა, რომ იყო დამოუკიდებელი, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი, რაც რეალობისგან ძალიან შორს არის. არსებითად მისი გადადგომა არაფერს ცვლის. მე ვისურვებდი, რომ როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი გაერთიანებები და, ზოგადად, საზოგადოება უფრო მეტად იყოს შინაარსზე კონცენტრირებული, ვიდრე _ პერსონებზე. სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენთვის დამახასიათებელია ძალიან პერსონიფიცირებული მიდგომები და გადაწყვეტილებები. ეს ხშირად მძიმე შეცდომებამდეც მიდის ხოლმე. კოლეგიურ ორგანოში ერთი ადამიანი რომ გადაწყვეტილების მიმღები ვერ არის და არ არის, ეს იმთავითვე გათვალისწინებულია ამა თუ იმ ორგანოს შექმნის დროს. თუკი 10-კაციანია, 10 კაცი თითო ხმით სარგებლობს, ეს იქნება საქართველოში, ამერიკასა თუ ევროპაში. კოლეგიური ორგანოს არსი ყველგან ის არის, რომ იქ გადაწყვეტილება კოლეგიურად, უმრავლესობით მიიღება. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კოლეგიური ორგანო ცენტრალურია, მაგრამ მთელი სისტემა ასეთი პატარ-პატარა კოლეგიური ორგანოებისგან შედგება. ასე რომ, თავმჯდომარე საუბნო კომისიამდე რომ ჩამოვიდეს, რომელიც ასევე კოლეგიურია, ძალიან უნდა მოახერხოს, რომ მას სამართლებრივად რამე შეეძლოს გავლენის კუთხით. ამდენად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა, ნეიტრალობა და პროფესიონალიზმი.
_ რამდენად შესაძლებელი იქნება დღევანდელ რეალობაში ამ ყველაფრის დანახვა?
_ მეეჭვება, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, რადგან ახლა რა პროცესსაც ვუყურებთ პოლიტიკური აქტორების ჩართულობით, ეს დღევანდელ პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ კარგად. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მსჯელობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. ამ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან გაჭირდება ისეთი პოლიტიკური გაერთიანების ან შესაძლოა, პოლიტიკოსის მოძებნაც კი, რომელიც საკუთარ პარტიულ თუ სუბიექტურ ინტერესებს გვერდზე გადადებს და სახელმწიფოებრივად მიუდგება. მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უფრო აწყობს, მაინც არ დაუჭერს მხარს და მიემხრობა იმას, რაც სახელმწიფოსთვის და ხვალინდელი დღისთვის უკეთესია, თუმცა დღეს მისთვის არ არის სასარგებლო და მისაღები. ასე არ ვაზროვნებთ არავინ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ახლა არსებითად იმაზე მიდის მსჯელობა, კომისია რამდენკაციანი იქნება; ოპოზიციას, უმრავლესობას რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ფორმალურად თუ არაფორმალურად; ხელისუფლება შეძლებს თუ არა ვითომ დამოუკიდებელი, პროფესიონალი წევრების დანიშვნას. ამაზე იმის გამო საუბრობენ, რომ მწარე გამოცდილება აქვთ, მაგრამ არავინ ამბობს, შესაძლებელია თუ არა, პოლიტიკური ძალებისგან თავისუფალი პროცესი წარიმართოს და ისე დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ საარჩევნო ადმინისტრაცია. ამას არ ეძებენ. რომ ეძებონ, იპოვიან. საქართველოში საკანონმდებლო სივრცეში ამის პრეცედენტი საკანონმდებლო დონეზე არსებობს. სულ ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაკომპლექტების წესთან და პრინციპებთან დაკავშირებით მიიღეს არსებითად გამოსადეგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამა თუ იმ ორგანოს წევრთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ქვეყნის გარედან მოწვეული, ქვეყნის ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან დამოუკიდებელი ადამიანი ან ადამიანთა ერთობა, რომელსაც შეარჩევს ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია. უკრაინაში მოსამართლეების შესახებ მიიღეს გასულ კვირას ასეთი გადაწყვეტილება. ეს უკრაინული მაგალითი გვაქვს, თუმცა საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ამდაგვარი კოლეგიური ორგანოს ფორმირების წესი კანონით დღესაც მოქმედებს, სხვა საკითხია, რომ არ შექმნილა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კანონს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქონებრივი უფლებების რესტიტუციის (ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისთვის იმ ქონების დაბრუნება, რომელიც ომის დროს იყო უკანონოდ მიტაცებული, _ რედ.) შესახებ, რომელიც დევნილთა და უძრავი ქონების რესტიტუციას ეხება. იმ კანონში, რომელიც დღესაც მოქმედია, წერია, რომ რესტიტუციის კომისია შეიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნომინირებული ადამიანებით, რომლებიც ცალკე შეარჩევენ დამოუკიდებელ კანდიდატებს. პოლიტიკური ნება და ცოტა შორს გახედვაა საჭირო, საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ცოტა დაოკებაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს და მომავალი გადავარჩინოთ. სამწუხაროა და გამიხარდება თუ შევცდები, რომ კომისიის დაკომპლექტების ეს წესიც დიდხანს არ იქნება საერთო აღფრთოვანების საგანი. მით უმეტეს, დასაწყისშივე ყველამ არ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს. შესაბამისად, ხვალ იქნება თუ ზეგ, პოლიტიკური აქტორების ცვლილების კვალობაზე, დადგება დღის წესრიგში ისევ ამის შეცვლა. ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური შემადგენელი თუ არ გამოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური პარტიისგან რეალურად დამოუკიდებელი, საკუთარი ბიუჯეტით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით, უცხოური ინსტიტუტების ჩართულობითა და მათ საფარქვეშ, ე. წ. გარანტიის თვალსაზრისით, თუ არ შეიქმნა საარჩევნო ადმინისტრაცია, ვიმოძრავებთ ერთსა და იმავე წრეზე. პერიოდულად, შეგვახსენებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, _ რა გაგიკვირდათ, ასე ატარებთ 30 წელია არჩევნებსო. ვგულისხმობ ამერიკის ელჩის განცხადებას. ისინი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას არ იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ აქ დაინახავენ პოლიტიკურ ნებას, ბუნებრივია, პროფესიულად და ფინანსურად გვერდშიც დაგვიდგებიან. მოსამართლეების საკითხთან მიმართებით კარლ ჰარცელმა გასაგებად მიანიშნა, რომ მიშელის დოკუმენტი ქაღალდი არ არის და მის შეუსრულებლობას სანქციები მოჰყვებაო. მინიმუმ, მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ მიკრო დაფინანსება შეიძლება გადაიხედოსო. ასე რომ, დროა, თუ დაგვიანებული არ არის, პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა, შემდეგ კი ყველა აქტორმა და დაინტერესებულმა საზოგადოებამ თავიანთი პერსონალური გადადონ გვერდზე და მოუხმონ გონიერებას, რათა მომავალი გადავარჩინოთ და ჩვენი სახელმწიფო ფურცლად არ დავუტოვოთ რუსეთს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური პარტიები და, ზოგადად, საზოგადოება უფრო მეტად პერსონებზეა კონცენტრირებული, არჩევნების შემდეგ ჟვანიაზე აქცენტის გაკეთება და მისი გადადგომა, როგორც მთავარი მოთხოვნა, იყო თუ არა პოლიტიკური შეცდომა?
_ ჩვენი პოლიტიკა თუკი ამ 30 წლის განმავლობაში რამეს გვასწავლის, ეს არის პოლიტიკოსთა სახელმწიფოებრივად პასუხისმგებლობის ძალიან დაბალი დონე და პოლიტიკური პოპულიზმის ძალიან მაღალი დონე. ისინი ყელყელაობენ საკუთარი მხარდამჭერებისა და საზოგადოების თვალში, რომ თითქოს რაღაც გამარჯვება მოიპოვეს. რა გამარჯვებაზეა საუბარი, როცა 30 წელია, ქვეყანა გვექცევა. ჟვანიას გადადგომით რა შეიცვალა ან რა შეიცვლება?! ეს შეფუთულია, როგორც მიღწევა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი შინაარსზე ორიენტირებული მოქალაქისთვის ეს სულაც არ არის შედეგი. ყველა პოლიტიკოსი, უმრავლესობიდან იქნება თუ ოპოზიციიდან, საკუთარი პოლიტიკური გეგმების ჭრილში განიხილავს ძალიან ბევრ საკითხს. ელისაშვილმა თქვა, რომ საარჩევნო ცვლილებების ინიციატორი თითქოს ის იყო. „ქართული ოცნების“ გარეშე რომ ცვლილება ვერ მიიღებოდა, ეს გასაგებია, ანუ „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც შედიოდა. ვინ ვისი თამაში ითამაშა, ამას არ ვაფასებ. დღეს პროცესს ვადევნებთ თვალს: როცა ელისაშვილი ამბობს, რომ ამის ინიციატორი თვითონ იყო, მისი პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდა; „სტრატეგია აღმაშენებლმა“ ცესკოში წევრი წარადგინა, ანუ მისი ამბიციაც დაკმაყოფილდა. ეს არის ის ამბიციები, რაც ამ ეტაპზე გაფორმებულია და არ ვსაუბრობ ამის მიღმა, რა შეიძლება იყოს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის დროს ვინ რაზე ივაჭრებს, წარმომიდგენია. უკვე დაწყებული იქნება გაცხოველებული ვაჭრობა. ძალიან ბევრი მაქვს ნანახი მეც და ჩემს მეგობრებსაც, როგორც პოლიტიკაში, ასევე პროფესიულ წრეებში. ასე რომ, ეს გავლილი და გამოცნობადი გზაა. რეალურად, მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებენ მმართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, თუკი შინაარსზე მეტად პროცედურულ ნაწილს მიაქცევენ ყურადღებას და შეეცდებიან, რომ შემოგვასაღონ, როგორც დემოკრატიის გაუმჯობესება და არა საარჩევნო პროცესის. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს საზოგადოებაში ნდობას არ გაზრდის საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების მიმართ. პრობლემა არის პოლიტიკური პარტიების სისტემაში, მათდამი ნდობაში, რადგან ისინი არიან მოთამაშეები. ასევე პრობლემაა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობაა.
_ პარლამენტი გასულ კვირას განიხილავდა ლეიბორისტული პარტიისთვის ბოიკოტის გამო კომისიის წევრის, დამკვირვებლის, უფასო სარეკლამო დროისა და დაფინანსების შეწყვეტის საკითხს. ეს არის თუ არა სადამსჯელო ღონისძიება მმართველი გუნდის მხრიდან?
_ არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა აღვნიშნო, რომ პარტიული სისტემა თავისი დაფინანსებით კორუფციულია. მმართველ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ურჩევნია შეინარჩუნოს და დაფინანსება (სხვათა შორის, ჩვენი ფული) მისცეს მისდამი მეტ-ნაკლებად ლოიალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შექმნიან დემოკრატიის ფასადს. ეს ასეა მას შემდეგ, რაც 2004 წლიდან პარტიული დაფინანსების ეს სისტემა შემოიღეს. ყველა მმართველი პოლიტიკური ძალა ამ სისტემის შენარჩუნებითაა დაინტერესებული. ზუსტად სისტემაა პრობლემაა. აღარაფერს ვამბობ ფინანსების გაუმჭვირვალობაზე. არაერთი პოლიტიკური სკანდალი გვინახავს, როცა ბიუჯეტიდან მიღებული თანხები ერთი პარტიის თავმჯდომარისა თუ ლიდერის ჯიბეში მიდიოდა. ასეთი შემთხვევები წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ახლაც არის. პრობლემა სისტემურია, რეალურად არავისზე და არაფერზე, მით უმეტეს, მმართველ პარტიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, რაც გაფორმდება ელექტორულად, უნდა გაგრძელდეს შემდგომ საარჩევნო ციკლამდე. ეს იქნება ფინანსური, სარეკლამო დრო თუ სხვა. ამ პრინციპზე დაყრდნობით უნდა გრძელდებოდეს საარჩევნო ციკლებს შორის პერიოდში და არა იმის მიხედვით, უმრავლესობა როგორ გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ვიღაცას რაღაც. ხვალ თუ მოინდომებს „ქართული ოცნება“, მისცემს რომელიმე პარტიას დაფინასებას, ზეგ ლეიბორისტული პარტია რომ მოვა ხელისუფლებაში, ის ყველას მისცემს დაფინანსებას. ასე არ შეიძლება, დემოკრატია ასე არ მუშაობს. სამართლიანი, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი და პოლიტიკური სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველამ წინასწარ ყველაფერი იცის, ამომრჩეველმაც და პოლიტიკოსებმაც. ჩვენთან არავინ არაფერი იცის. არჩევნებამდე იყო წესი, რომ ხმების რაღაც რაოდენობას დააგროვებდა პოლიტიკური პარტია, რაც ნიშნავდა, რომ მას კონკრეტული დაფინანსება ექნებოდა. ცესკომ გამოაქვეყნა ეს დაფინანსება. არჩევნების შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, _ უნდა დავსაჯო პოლიტიკური პარტიები, რადგან ამდენი პრობლემა შეგვიქმნესო. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადასტურებდნენ კიდეც, რომ ეს ცვლილებები იქნებოდა სარეკლამო დროსა და პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით, _ ეს იყო ერთგვარი სასჯელი. ოღონდ, როცა ეს პროცესი დაიწყო, მაშინ მხოლოდ ლეიბორისტები არ ყოფილან გარეთ. პარლამენტში მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი 4 პარტია იყო შესული, ანუ სადამსჯელო პოლიტიკური ცვლილებების პროცესი როცა დაიწყო, მისი ადრესატები მაშინ უფრო ბევრი იყვნენ. უბრალოდ, დღეს დარჩა მხოლოდ ლეიბორისტული პარტია, დანარჩენი კი შევიდა პარლამენტში. ეს ლეიბორისტული პარტიის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯით იქნება ნაკარნახები, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ამ ხასიათისაა და ჩემთვის ზუსტად ესაა მიუღებელი. ჩვენი, გადასახადის გადამხდელების, ფული თუკი ნაწილდება, პოლიტიკურ პარტიებზე უნდა განაწილდეს ისე, როგორც ჩვენ გამოვავლინეთ ნება. პოლიტიკური პარტია პარლამენტში შევა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
_ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია საკუთარი პოლიტიკური პარტიით ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს ადგილობრივ არჩევნებზე და გახდა თუ არა ის პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ იმ კუთხით, რომ ის ვერ შეძლებს 43%-ის მიღებას?
_ ამ ნაწილში მხოლოდ გახარიას ფაქტორი არ იქნება მნიშვნელოვანი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდგ, ისევე როგორც წინარმობედი ხელისუფლება, ყოველთვის იყო იმ ფუფუნებაში, რასაც ჰქვია მოკავშირე, თუმცა სახელად ოპოზიციური გაერთიანებები. 2013 წელს არსაიდან აღმოცენდა და საკრებულოთა უმრავლესობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები მოიპოვა „პატრიოტთა ალიანსმა“ ერთ წელიწადში, ასეთი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. როგორ იქნებოდა ეს მიღწეული, თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშეწყობა.! „ქართულ ოცნებას“ კიდევ აქვს ამდაგვარი ძალები დარეზერვებული. „პატრიოტთა ალიანსი“ ამდენი ხანია არის, უკვე გამოცნობადია ბევრისთვის, შესაბამისად, მხოლოდ მის იმედზე აღარ არის „ქართული ოცნება“. იგივე ვასაძე, გამოჩნდა ასევე გახარია. ამ ფლანგზე არსებული მნიშვნელოვანი ელექტორალური რესურსი რომ არ წავიდეს სხვაგან, ბუნებრივია, ამაზე იქნება ორიენტირებული და მიმართული „ქართული ოცნების“ მეცადინეობა, ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, _ სახლში რომ დარჩნენ. ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის ისედაც დაბალი აქტივობით გამოირჩევა და თუკი თვითონ ვერ გაზრდის „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდაჭერას, რაც გასულ წელს აქვს გაფორმებული, მისი სტრატეგიული მიზანია, ის, რაც მიუმხრობელია, მათ შორის, მისი ყოფილი მხარდამჭერები, ე. წ. ძველი მეოცნებეები, დარჩნენ სახლში, _ ეს არის მათი სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ ძალიან ბევრ კონფიგურაციას, სავარაუდოდ, განიხილავენ და უკვე დაწყებულიც ექნებათ. შესაბამისად, ასე გააფორმებენ საკუთარ შედეგებს შემოდგომაზე.
_ გახარიას პარტიას ისეთივე როლი აქვს, როგორიც „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა თავის დროზე?
_ ერთია როლი და მეორეა, ვისი მეცადინეობით არის იგი შექმნილი. ეს არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. მაგალითად, პირობითად, „ხალხის პარტია“ და „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება, რეალურად, ერთი და იგივე როლს ასრულებდნენ, მაგრამ, შესაძლოა, „პატრიოტთა ალიანსი“ მმართველი პოლიტიკური პარტიის მეცადინეობით იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, თუმცა „ხალხის პარტია“ საკუთარი ელექტორალური შედეგით იყოს იმ როლში წარმოდგენილი. ერთი და იგივე როლის შესრულება არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულნი. ასე რომ, „პატრიოტთა ალიანსსა“ და გახარიას ამ კუთხით ნუ შევადარებთ. რეალურად, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ისინი შეასრულებენ იმ როლს, ფუნქციას, რათა გარკვეული ამომრჩეველი დარჩეს სახლში.
_ ივანიშვილმა წლების წინათ განაცხადა, რომ თუ დასჭირდებოდა, საკუთარ ოპოზიციას შექმნიდა. მან თქვა ისიც, რომ ამ ოპოზიციით დაამარცხებდა „ქართულ ოცნებას“. არის თუ არა გახარია ის ოპოზიციური ძალა, რომელმაც „ოცნება“ უნდა დაამარცხოს?
_ ეს განცხადება სიცოცხლისუნარიანი და სამსჯელო ჩემთვის მაშინ იქნებოდა, რომ არ გვქონოდა მიშელის დოკუმენტი და უპირობოდ საჯაროდ განცხადებული, ევროპული და ამერიკული გზავნილი, რომ საქართველოში პროცესებზე ისინი იღებენ პასუხისმგებლობას და აკვირდებიან კიდეც. ეს გზავნილი იყო როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ასევე, პირველ რიგში, ჩვენი ჩრდილოელი „კეთილისმყოფელისთვის“. ეს რომ არ ყოფილიყო, მე მაგ ლოგიკას მივიღებდი და ვიმსჯელებდი. დღეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ოპოზიცია შექმნა, ეს მხოლოდ სიზმრად შეიძლება წარმოვიდგინოთ იმიტომ, რომ, რეალურად, ამის საშუალებას, მადლობა ღმერთსა და ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს, დემოკრატიის გზიდან გადახვევისა და ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხის საშუალებას ისინი არ მოგვცემენ.
_ დღევანდელი მოცემულობით, რა შანსები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“? როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ვერ შედგება, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ ოპოზიცია მისი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მტკიცებით კი ეს პირდაპირ მარცხს ნიშნავს. ამ პირობებში რა ბედი ეწევა რიგგარეშე არჩევნების საკითხს?
_ ჩვენმა ოპოზიციამ პირველი საბედისწერო შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც მიშელის დოკუმენტს, განსაკუთრებით კი ამნისტიის ნაწილში, ისე მოაწერა ხელი, რომ საკუთარ ამომრჩეველსაც არ ჰკითხა არაფერი. ვინ ეკითხება ჩვენს ამომრჩეველსო! _ ასე გვითხრეს ჩვენ და ასე მოაწერეს ხელი. ახლა ყოყლოჩინობენ, რომ თითქოს ჟვანიას გადადგომა წარმატებაა. კანონპროექტებს ვწერთ და შეგვაქვს პარლამენტში, არ დაგვისვენია, რაც შემოვედით პარლამენტშიო, _ ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ იციან თავიანთი შეცდომები და ასე ადვილად ვეღარ გამოასწორებენ ამ ყველაფერს. შემოდგომაზე, არა პარტიებს, რადგან ისინი, სავარაუდოდ, შეგუებულები არიან ამ ყველაფერს, არამედ ჩვენ, ქართველ ამომრჩეველსა და მთლიანად საზოგადოებას დიდი იმედგაცრუება გველის. განსაკუთრებით შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული შინაარსის გათვალისწინებით და იმ მოლოდინების შესახებ, რაც ამ დოკუმენტიდან გამომდინარე შემოდგომას უკავშირდება. ვგულისხმობ კოალიციურ მთავრობაზე გადასვლას და ა. შ. რომელიმე ოპოზიციონერმა შეიძლება თქვას, შემოდგომაზე რა შეფასდება გამარჯვებად. მისი გამარჯვება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკრებულოში სამი კაცის, სამცხე-ჯავახეთში ყველა მუნიპალიტეტში 5-5 კაცისა და ერთგან მერის გაყვანით, _ ეს არის გამარჯვება თუ ის, რომ 43%-ს ვერ აიღებს „ქართული ოცნება“? მგონი, იმდენად დაიბნენ საკუთარი შეცდომების ფონზე, რომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულები. მით უმეტეს, აღარაფერს ვამბობ პლებისციტზე უარის თქმაზე და თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის მიბმაზე. თუკი თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე სუბიექტს შორის არჩევანს გულისხმობს, პლებისციტის დროს არჩევანი ორია: დიახ ან არა. როგორ შეიძლება, ერთი ჩაანაცვლო მეორით? ჩვენმა ოპოზიციონერებმა ეს მოახერხეს და გამარჯვებად გვასაღებენ. დღესაც ამბობენ, რომ შემოდგომაზე პლებისციტი იქნებაო. იციან, საერთოდ, პლებისციტი როგორ ტარდება?! როცა მე, მაგალითად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მაქვს 7 ბიულეტენი და 7 არჩევანი, როგორ შეიძლება, ეს შევადარო იმ ბიულეტენს, რომელშიც წერია: დიახ ან არა? როგორ შეიძლება, ეს ერთი და იგივე იყოს? თუ ეს ასეა, დიახ ან არას შორის არჩევანი და ბევრი არარჩევანი საარჩევნო ელექტორალური შედეგების თვალსაზრისით ერთი და იგივე რომ ვერ იქნება, ეს იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა სპექტრმა ეს არ გაითვალისწინა.
_ საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია დაიქსაქსება და თითოეული პარტია არა იმაზე იზრუნებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს, არამედ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი კაცით შევიდნენ საკრებულოებში?
_ დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება. ობიექტური მოცემულობა ასეთია: ელექტორალურად თუკი ვინმეს აქვს მყარად ჩამოყალიბებული მხარდაჭერა, რომელმაც გაუძლო ბევრ კრიზისს ბოლო 9 წლის განმავლობაში, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ მყარად აქვთ შენარჩუნებული ელექტორალური ბაზა. ამ პერიოდის განმავლობაში, შიგნითაც და გარეთაც, ყველა ცდილობდა, რომ ამ ელექტორალური ბაზით ესარგებლა. თუნდაც საპარლამენტო არჩევნებზე იყო ბლოკი, ვინ მეტი სარგებელი ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე, შესაბამისად, ახლაც იქნება მცდელობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ან მის ხარჯზე მიიღონ პერსონალური და პარტიული თვალსაზრისით უკეთესი შედეგი. დარწმუნებული ვარ, არც რესურსით და არც წარსული გამოცდილებით, არც ერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორალური მხარდაჭერა იმდენად შეამციროს, რომ ამ უკანასკნელმა 43% ვერ აიღოს.
ნენე ინჯგია