ლევან ალაფიშვილი: „ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე იქნება ღარიბაშვილით და კობახიძით წინასაარჩევნო პროცესში შესვლა“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე პრემიერად? რა აჩვენა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს? რა შემთხვევაში ჩაიშლება შემოდგომისთვის დაგეგმილი არჩევნები? არის თუ არა პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ლევან ალაფიშვილი:
_ ბატონო ლევან, ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, თუ ვინ იქნება საქართველოს პრემიერი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს წესდებაში ჩაწერა. ამის გაოფიციალურობა რა საჭირო იყო? ბევრი პოლიტიკოსის აზრით, ივანიშვილს რაღაც აქვს ჩაფიქრებული. თქვენ რას ფიქრობთ ამ ჩანაწერზე? სამართლებრივად არის თუ არა გამართლებული ასეთი ჩანაწერის გაკეთება?
_ ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნში, როგორც პარტიაა, კანონი ზოგად ჩარჩოს ადგენს და მერე უკვე მის წევრებს, დამფუძნებლებს, პარტნიორებს, აქციონერებს აძლევს უფლებას, ამ კანონის ფარგლებში როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ, მთავარია, კანონს არ შეეწინააღმდეგონ. კანონთან წინააღმდეგობაში თუ არ მოდის, შიგნით როგორც უნდა, ისე მოიქცევიან.
„ქართულ ოცნებაში“ პარტიის წევრებს თუ რაღაც ჯგუფს რაღაც ჩანაფიქრი აქვთ და სწორედ ამ რაღაცის გამო გააკეთეს ეს ჩანაწერი. აქამდე ეს ჩანაწერი არ ყოფილა და ახლა რაკი გაჩნდა, ე. ი. საჭიროა. აქამდე „ქართულ ოცნებაში“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაც არ იყო, მაგრამ გააჩინეს. თან ისე ოპერატიულად, რომ პარტიის წევრებმაც კი არ იცოდნენ ამის შესახებ. პარტიის წესდებაშიც კი არ ჰქონდათ ჩაწერილი, ისე წარადგინეს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ. ეს ყველაფერი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს და მგონი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც მიანიშნებენ, _ ეს ყველაფერი იმიტომ შეიქმნა, რომ ივანიშვილი შემობრუნდა პოლიტიკაში და ეს რაღაცისთვის არის საჭირო.
_ საინტერესო სწორედ ეგაა, რისთვის არის ეს საჭირო?
_ ამაზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ. ჩვენი გადმოსახედიდან ეს შესაძლოა, საჭირო არ იყო. ჩვენ არ ვართ იმ პარტიის წევრები და არ ვიცით, იქ რასაჭიროებები აქვთ. იქ ჩათვალეს, რომ ასე უნდა გაკეთებულიყო. შესაძლოა, ვიღაც ერთმა პირმა მიიჩნია ასე და სხვები დაეთანხმნენ. რადგან ოპერატიულად გაფორმალურდა ეს ყველაეროი, რაღაც საჭიროება და მოტივაცია იყო.
_ ლეიბორისტები სასამართლოში აპირებენ ამ ჩანაწერის გასაჩივრებას. ამაზე რას იტყვით?
_ არ ვიცი, რა ვთქვა. დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიების საქმიანობაში ჩარევის უფლება სასამართლოსაც კი არ აქვს, ერთეული გამონაკლისების გარდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობა გასცდა კონსტიტუციას და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა ასეთი რამ და მაშინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
_ კომუნისტური პარტიის აკრძალვაზე საუბრობთ.
_ კი ბატონო, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ლეგიტიმური მიზნით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ უზენაეს სასამართლოს ეს საქმე ჰქონდა არა როგორც მხოლოდ პარტიული საქმიანობის, არამედ საარჩევნო თემატიკიდან გამომდინარე. უზენაესმა საბჭომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ 64 დეპუტატს. ამის მერე კომუნისტები უკვე 1992 წლის პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები. კარგად მახსოვს, ივანე წიკლაური იყო ერთ-ერთი მათგანი.
სასამართლომ შეიძლება მაშინ განიხილოს პარტიის საქმე, თუ პარტიის წევრები დაობენ ერთმანეთში, სხვა შემთხვევაში სასამართლო არ ჩაერევა, თუ ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის მატარებელი არ იქნა პარტია. კიდევ იყო ასეთი შეთხვევა _ გიორგი თარგამაძე ედავებოდა გოჩა ჯოჯუას. რომელიც ბლოკში შევიდა ნინო ბურჯანაძესთან. იქ შიდაპარტიული დავა იყო, რაც ჩარევად არ შეიძლება განვიხილოთ. „ქართული ოცნების“ წესდებაში გაკეთებულ ჩანაწერს თუ ვინმე გაასაჩივრებს, ეს საქმე სასამართლომდეც კი არ მივა.
_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებისთანავე შეიცვალა პრემიერი. ამ ცვლილებაზე რას ფიქრობთ?
_ ყველანი ისეთი პოლიტიზებულები ვართ, რომ სულ ახლახან მომხდარი ამბების გახსენებაც კი გვიჭირს. არადა, თუ წარსულს კარგად გავიხსენებთ, ლოგიკურ რაღაცამდე შეიძლება მივიდეთ. ეს შესავალი შემთხვევით არ გამიკეთებია. ყველას კარგად გვახსოვს 2019 წლის ივნისი, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა, ამის გაპროტესტება და „გავრილოვის ღამე“. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია იყო. ძალიან დაიძაბა ქვეყანაში ვითარება. გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და დადო საჯარო დაპირებები.
_ ამ დაპირების თანახმად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.
_ შესრულდა მერე ეს საარჩევნო დაპირება? _ არა. ხალხისა და ოპოზიციის შემდეგი მოთხოვნა იყო გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადაყენება. შესრულდა ეს მოთხოვნა? _ არ შესრულებულა. გადაყენების მაგივრად ივანიშვილმა ის დააწინაურა და პრემიერად დანიშნა. მაშინ ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ფიგურა ვინ იყო? ეს გახლდათ ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. მისი გვერდზე გაწევით ეს პროცესი არ დასრულებულა. ბიძინა ივანიშვილმა სამივე საკითხში რევანში აიღო სტრატეგიული მოთმინებით. მიზანმიმართულად, ნელ-ნელა, დაპირება თუ უკანდახევა უკან დაიბრუნა. ახლაც მაშინ გადაყენებული კობახიძე პრემიერად დააბრუნა. ისევე, როგორც გახარია დააწინაურა, როდესაც საზოგადოება და ოპოზიცია მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდა. არც საარჩევნო დაპირება შესრულებულა.
მედია ახლა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდაო. არანაირი ჩანაცვლება არ მომხდარა. ეს არის ერთგვარი ფაზლი და ის რაღაც კონტურებს კვეთს. წავიდა თუ არ წავიდა, შემობრუნდა თუ არა. ეგ რომ არა, პარტიის წევრები ასე ადვილად ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუშვებდნენ პრემიერად და შემდეგ უკვე ირაკლი კობახიძეს. კობახიძემდე პარტიას პრემიერობის მინიმუმ 2-3 კანდიდატი ეყოლებოდა. გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა და ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 2019 წელს. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია.
_ ეს იმ უკან დახევისთვის შურისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ?
_ მე ამას შურისძიებას არ დავარქმევდი. უბრალოდ, სადაც კი უკან დაიხია, ყველგან დაიბრუნა პოზიციები და გააუმჯობესა. ეს დაანახა როგორც ოპოზიციას, ასევე საზოგადოებას. ივანიშვილმა ამით ყველას უთხრა, რომ იგი უკან არ იხევს, თუ იხევს, დროებით.
_ თქვენი აზრით, რა იქნება ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი? რას უნდა ელოდოს მისგან საზოგადოება?
_ ამის შემდეგ ივანიშვილი შიდა პარტიულ საქმეებს სხვანაირად მიხედავს. ეს შეიძლება გაზაფხულისკენ მოხდეს უკვე. არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი გამონახოს. ამაზე იმუშავებს საინფორმაციო მანქანა და პრემიერად უკეთესი სახის მატარებელ პიროვნებას მივიღებთ. რომელსაც გარედან მიიყვანს. არ არის გამორიცხული, რომ უკვე მიყვანილიც ჰყავს და მის შესახებ არაფერი ვიცით. მას წინასაარჩევნოდ უფრო აქტიურს გახდის. ამ ახალ კანდიდატს, მინიმუმ, ნეგატივი არ ექნება ისეთი, როგორსაც ღარიბაშვილი და კობახიძე ატარებენ. ღარიბაშვილით და კობახიძით წინასაარჩევნო პროცესში შესვლა ძალიან მძიმე იქნება. პატარა ტრიუკებით ვეღარ გავა ფონს. მმართველ პოლიტიკურ გუნდს ახლა რთულად აქვს საქმე. ეს სირთულე პრემიერობის ახალი კანდიდატით დაიძლეეა. რეალურად, მთავრობის წევრებიც კი არ შეიცვალნენ. ეს რაზე შეიძლება მიანიშნებდეს? შესაძლოა, ეს იყოს დროებითი, ტაქტიკური გადაადგილება.
_ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. ეს მისი, როგორც პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იყო საკანონმდებლო ორგანოში. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც პრეზიდენტად გაიყვანა სალომე ზურაბიშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით ზურგი შეაქცია მას. პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რაზე მიუთითებს?
_ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იყო განსხვავებული, თორემ „ოცნება“ წინა წლებშიც ასე მოიქცა პრეზიდენტის მიმართ. ინსტიტუციური დამოკიდებულება ბოლო წლებში სულ ასეთია. ბოლოს ეს იმიტომ მიუშვეს ასე და იმიტომ დადგეს მთელი შოუ, რომ ჩრდილოელი კეთილისმსურველისთვის ეჩვენებინათ. ეს სპეციალურად მათთვის იყო მოწყობილი, რუსეთს აჩვენეს, თუ როგორ მოექცნენ პროდასავლელ პრეზიდენტს, რომლისთვის იმპიჩმენტის მოწყობაც კი სცადეს.
_ სცადეს, მაგრამ ვერ მოუწყვეს.
_ ვერ მოუწყვეს, მაგრამ პარლამენტში მისული დაამცირეს და დააკნინეს. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ამ ფორმატშიც კი დაამცირეს ზურაბიშვილი. ამით ლავროვს, პუტინსა თუ ვიღაცებს გული მოფხანეს. სხვანაირად ამას ვერ ახსნი. ინსტიტუციურად იმაზე მეტი აღარაფერი უქნიათ, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ.
_ თავად კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი დაამცირეს, მაგრამ რეალურად პრეზიდენტია დამცირებული, თუ თავად „ქართული ოცნება“ დამცირდა ასეთი საქციელით?
_ სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთის თვალში დააკნინეს და დაამცირეს, თორემ ქვეყნის შიგნით თავად დამცირდნენ. ან იმაზე მეტად როგორ უნდა დამცირდნენ, რაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოუვიდა „ქართულ ოცნებას“. ეს მთლიანი ხელისუფლების ლუსტრაცია და სასტიკი მარცხი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს ხომ აკონტროლებენ, მასზე სრული გავლენა აქვთ. როგორ გამოვიდნენ ამ სასამართლოზე, ეს პროფესიონალებს ჰკითხეთ. ყველა ამბობდა, ეს რა წერია გადაწყვეტილებაში, ვერაფერი გავიგეთო.
საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა საპარლამენტო უმრავლესობაც „ოცნებისაა“ და იქაც კი წააგეს. პარლამენტშიც კი ვერ უყვეს ძვრა სალომე ზურაბიშვილს, ვერ დაამარცხეს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ დამარცხდა. ამ პროცესით მათ უფრო მეტი ნეგატივი მიიღეს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ძლიერად წარმოჩინდა, რადგან ისეთმა უმრავლესობამ, რომელიც ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებს, ვერაფერი დააკლო. ახლა ვთქვათ, ვინ არის უფრო ძლიერი, რომელსაც დევნიან და ვერაფერს აკლებენ, თუ ის, რომელიც დევნის და ვერაფერს აკლებს. არადა, ასეთი დოზით ჩართეს საკონსტიტუციო სასამართლო. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ირაკლი კობახიძე გამოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში, ფაქტობრივად, სისხლიანი ბრძოლა გაუმართა პრეზიდენტს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, ფიგურა ვერ აიღეს. ასეთ შემთხვევაში ისინი არიან წაგებულები.
_ „ოცნება“ ბევრჯერ ყოფილა ასეთ წამგებიან სიტუაციაში, მაგრამ შემდეგ მოუხერხებით სიტუაციის თავისკენ შემობრუნება. ასე იყო 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე მათ სასიკეთოდ შეიცვალა სიტუაცია.
_ „გავრილოვის ღამეზე“ მე არ ვფიქრობ, რომ „ოცნება“ წაგებული დარჩა. ახლანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, სულაც არაა წაგებული. მათ მიმართ ნეგატივი ძალიან დიდი იყო, მაგრამ…. ოპოზიციის პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ფარული თუ ღია ხელშეწყობით ხელისუფლებამ მიაღწია თავის მიზანს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას კარგად, დემოკრატიულ ფარგლებში რომ ემოქმედა, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა ქვეყანაში. ეს სულ სხვა საუბრის თემაა და ამას, ალბათ, უკვე ისტორიკოსები შეაფასებენ. და იმასაც გავიგებთ, თუ რა ხდებოდა კულისებს მიღმა.
_ ეს ყველაზე საინტერესო იქნება.
_ რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ამ ხმას თავად „ქართული ოცნების“ წევრები გამოიტანენ. „ოცნების“ ყოფილი წევრები ახლა ღიად საუბრობენ, რა და როგორ მიიღებოდა. ასევე მოყვებიან, თუ რა ხდებოდა მაშინ კულისებს მიღმა. სამწუხაროდ, მაშინ რაღაც მოხდა და „ოცნება“, საბოლოო ჯამში, მოგებული აღმოჩნდა. ასე რომ, 2019 წლის შემთხვევა ცოტა განსხვავებულია.
_ ახლა რა იქნება? წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველოდება. ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს?
_ უპირობოდ და ვარაუდების გარეშე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ უნდა თუ არა ვინმეს, ასწრებს თუ არა ვინმე მომზადებას, ამ შემოდგომაზე საპარლამენტიო არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
_ არიან ისეთები, რომლებსაც არჩევნების ჩატარება არ უნდათ?
_ არიან ვიღაცები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ გაიხანგრძლივონ პარლამენტში ყოფნის ვადა. ასეთი რამე წინა ხელისუფლების პირობებში ვნახეთ. გვქონდა ცოტა ხნით გახანგრძლივებული პარლამენტი. ახლა ეს აღარ მოხდება. არ ვიცი, ფიქრობდა თუ არა ვინმე, თავის დროზე ასეთი პრობლემა რომ დაუდგებოდა, მაგრამ არსებობს კონკრეტული თარიღი, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ჩატარდება კიდევაც.
შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება არ ჩატარდეს _ ეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებაა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვუსურვებ ჩემს სამშობლოს. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ასე რომ, არჩევნები შემოდგომაზე აუცილებლად ჩატარდება და ამას ყველა უნდა შეეგუოს.
_ არჩევნები ჩატარდება, მაგრამ საკითხავია, როგორ ჩატარდება?
_ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით.
_ ეს ბარიერი ოპოზიციას არ ხიბლავს.
_ ამ მხრივ აღარაფერი შეიცვლება. ეუთო-ოდირის სტანდარტია, რომ საარჩევნო წელს საარჩევნო თამაშის წესები არ უნდა შეიცვალოს არსებითად. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ჩანაწერს სათავისოდ არ გამოიყენებს. საარჩევნო ბარიერის დაწევაზე რომ მიდგება საუბარი, იტყვიან, _ ეუთო-ოდირის დასკვნა ასეთია და ვერაფერს ვახლებთ ხელსო. პოლიტიკური კრიზისის კვალობაზე თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ხელისუფლებას შეზრდილი კვაზიპოლიტიკური პარტიის გამარჯვებას.
„ქართულ ოცნებას“ ვერ განვიხილავ, როგორც პოლიტიკურ პარტიას. პოლიტიკურ პარტიად, თავის დროზე, ვერც „მოქალაქეთა კავშირს“ განვიხილავდი და ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი პარტიულ საქმიანობას არ ეწევიან. ისინი გადამხდელების ფინანსურ რესურსს იყენებენ საკუთარი პარტიული საჭიროებისა და მიზნებისთვის. დემოკრატია ასეთ რამეს არ ცნობს., ასეთ რამეს ვერც ამერიკასა და ავერც ევროპაში ვერ ნახავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ერთეული შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, ამას აუცილებლად მოჰყვება მთავრობის გადაყენება.
საქართველოში, სამწუხაროდ, არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ ზრუნავს იმაზე, რომ არსებული სტატუს კვო შეიცვალოს. მოგისმენიათ რომელიმე პარტიისგან, რომ შესაცვლელია პარტიული სისტემა, რეგულაციები, პარტიული დაფინანსების წესი, პარტიული ფინანსების ხარჯვა? ამბობს ვინმე, რომ შიდაპარტიული კონტროლი სისტემურად მოსაწესრიგებელი და გასაუმჯობესებელია? ითხოვს ვინმე, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი? ამბობენ, რომ უფრო მეტი დემოკრატიაა საჭირო? ამას არავინ ამბობს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული ვითარება ყველას აწყობს _ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამდენი პარტიაა საქართველოში და ყველას ვიღაცის პარტია ჰქვია. არის ივანიშვილის პარტია, მიშას პარტია, ნათელაშვილის პარტია, ჭიჭიკოს პარტია… სამაგიეროდ, არ არის ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ერთობა. ეს არის დემოკრატიის უმთავრესი საფუძველი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს.
_ არც დემოკრატია გვაქვს.
_ შესაბამისად, ქვეყანაში არც დემოკრატია გვაქვს. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები ჩვენი ინსტრუმენტია, რომ ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველა პოლიტიკური გაერთიანება, ამომრჩევლებს თუ პარტიის წევრებს ჰპირდება, რომ ქვეყანაში ააშენებს ან გააძლიერებს დემოკრატიას. ნებისმიერი პარტია ამას აცხადებს და თუ დემოკრატიაზე ფიქრობენ, მაშინ პარტიის შიგნითაც უნდა ჰქონდეთ დემოკრატია. აბა, ამ პარტიების შიდაპარტიული დემოკრატია შევამოწმოთ. საინტერესო იქნება, რა სურათი დაგვხვდება.
_ ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდება იქ.
_ როგორც წესი, მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ ინტერესი უფრო მეტია და ისინი უფრო არიან გამადიდებელი შუშის ქვეშ. წესით, ისინი მაგალითის მიმცემნი უნდა იყვნენ სხვა პარტიებისთვის და ამიტომ მათთან დაკავშირებით გავიხსენებ კურიოზულ ამბავს, თვითმმართველობის არჩევნების დროს რომ მოხდა. მერებისა და გამგებლების გარდა მაჟორიტარებსაც ხომ ირჩევენ. ერთ დღეს მაჟორიტარობის ერთი კანდიდატის ბანერი იყო გამოკრული და მეორე დღეს კანდიდატს ცვლიდნენ და ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატებმაც კი არ იცოდნენ. იმ ახალ კანდიდატებს ხშირად პარტიის წევრებიც კი არ იცნობდნენ. ბევრი გამგებელი თუ მაჟორიტარი არჩევის შემდეგ გახდა პარტიის წევრი.
ძალიან საინტერესოა, თუ როგორ დგება საქართველოში პარტიული სიები. იცის ვინმემ რეალურად, როგორ მიდის ეს პროცესი? გადავხედოთ ბოლო პარტიულ ყრილობებს: გამოდიან ვიღაცები და პარტიულ სიას წაიკითხავენ, ამის შემდეგ კითხულობენ, ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი. უკვე დაწერილ და შედგენილ სიაზე ატარებენ კენჭისყრას, რაც სინამდვილეში არაა კენჭისყრა, ეს მედიისთვის დადგმული შოუა. წესით, პარტიული სიის შედგენის პროცესი ცოტა სხვანაირად უნდა წარიმართოს. პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კრებებზე მივიდნენ და ნახონ იქ, რა პროცესები მიდის. პოლიტიკოსები საიაში ნახავენ, რა არის შიდა დემოკრატია.