ლევან ალაფიშვილი: „ოპოზიციის ბოიკოტი სამართლებრივად არანაირ შედეგს არ მოიტანს!
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღესვე ოპოზიციამ პროცესები ქუჩაში გადაიტანა და რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა. მათ იმდღესვე უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე.
ახლა უკვე, ქუჩის პროტესტის პარალელურად, ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდა. ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია.
ჯერჯერობით, ბუნდოვანია, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მიაღწევენ თუ არა ისინი კონსენსუსს?
მთავარი კითხვებია, რატომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში? რის საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე და ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები? რამდენად რეალისტურია ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ბევრს გაახსენა 2003 წლის არჩევნები, თქვენ რა ნაწილში გაავლებდით ამ პარალელს?
_ ჩვენ გვქონდა შანსი, სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიის განმტკიცების გზაზე გაგვეუმჯობესებინა ხარისხობრივად ჩვენი დემოკრატია, მაგრამ ამის ნაცვლად გავაუარესეთ. ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ხმები როგორც ჯამდებოდა, 2003 წელს ვნახე და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორი დეკადის შემდეგ, უკვე სიბერეს მიტანებულს, 50 წლის ასაკში, ხელახლა მომიწევდა იგივეს ნახვა კენჭისყრის დღეს, შეჯამების ოქმებსა თუ სხვაგან. მაშინ უზენაესმა სასამართლომ გასული წლის პროპორციული ნაწილი, ასეთი დარღვევების გამო, ბათილად ცნო, ახლა ამას ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. 2003-2004 წლის არჩევნებზე პროპორციულ ნაწილთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და 2008 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ევროპული ოჯახის მთავარმა მართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანომ, რომელიც ადამიანის უფლებების ზედამხედველია, თქვა: საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი და დაირღვა ევროკონვენციის პირველი ოქმით დადგენილი თავისუფალი არჩევნების უფლება. არც მინდა, წარმოვიდგინო, რომ ამ წლის არჩევნები გახდეს ევროპის სასამართლოს ხელახალი მსჯელობის საგანი, მით უმეტეს არ მსურს, ევროპულმა სასამართლომ თქვას, რომ საქართველოში დაირღვა ევროკონვენციით დაცული უფლებები. ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად, პირველ რიგში, იმან, ვისაც შეუძლია კომპრომისზე წასვლა დემოკრატიის გადარჩენისა და მისი განმტკიცების გზაზე.
_ რევოლუციურ ნაწილში რამდენად გახსენდებათ 2003 წელი?
_ მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით რევოლუციაზე ანალოგს ვერ ვხედავ, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიცვალა მიდგომები. ის ადამიანები უკვე იმ ასაკში აღარ არიან, ახალი თაობა წამოვიდა, რომლისთვისაც მოვლენათა ასეთი განვითარება არ არის მისაღები. რაც მთავარია, საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს რევოლუციური სცენარის განვითარებას. იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ეს იქნება რეგიონული, გლობალური კონტექსტი თუ ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რევოლუციურ სცენარს შეიძლება სახელმწიფოებრიობა შევწიროთ. სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის უფრო მეტი განცდა აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს, ხელისუფლება კი ამით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რევოლუციური სცენარი მოსალოდნელი არ არის. ეს ჩემთვის ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად გაზრდილია. უფრო მეტად ვისურვებდი ამას. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 წელია, რაც სახელმწიფოს ვაშენებთ. სამწუხაროდ, ჩემს თაობას გამოგვდიოდა იმ რაღაცების ნგრევა, რაც დასანგრევი იყო, მათ შორის, ჩვენი ქმედებებით ვანგრევდით საბჭოთა კავშირს, ტოტალიტარიზმს და ა. შ., ეს გამოგვდის, მაგრამ ჩვენს თაობას, სამწუხაროდ, რაც არ გამოგვდის, ეს არის შენარჩუნება და შენება. დროა, ეს ყველამ გავაცნობიეროთ და იმ თაობამ, რომელსაც „ივნისის თაობა“ დავარქვი, ძალიან კარგად იცის პასუხისმგებლობაც, სოლიდარობაც, შენებაც. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ რაღაც შეცდომები გვაქვს დაშვებული, შეცდომებს კი აღიარება შვენის და გათვალისწინება სჭირდება, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი. მათ უნდა ჩავკიდოთ ხელი, ვუთხრათ, რომ შეცდომები დავუშვით და მათ ეს აღარ უნდა გაიმეორონ.
_ სახელმწიფოებრიობის შენებაზე საუბრობთ და ამ ნაწილში ოპოზიციის ქმედება რამდენად სწორი იყო _ არჩევნებიდან მეორე დღესვე ქუჩის პროტესტს ვგულისხმობ?
_ ისინი, ვინც ახლა პოლიტიკაში არიან, ჩემი თაობაა, შესაბამისად, ის ემოციური გადმონაშთი ჯერ ისევ მძლავრად არის შემორჩენილი, ამას დავუმატოთ ქართველი ერის ემოციურობა, სიფიცხე, გაბრაზების მყისიერი გამოხატვა. სწორედ, ეს ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების მეორე დღესვე. საარჩევნო პროცესში შეცდომებს ყველანი ვამჩნევდით, მაგრამ ჩვენზე მეტად, როცა პოლიტიკოსები ხედავენ, იქვე მყისიერად უნდა დაეგეგმათ და ემოციები არ უნდა ყოფილიყო დომინანტი მათ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში. კენჭისყრის მეორე დღეს ბოიკოტის გამოცხადებამ ღირსეული უკან დახევის ან ახალი მოთხოვნების ადგილი აღარ დაუტოვა თავად ოპოზიციას. როცა ყველაზე რადიკალურ მოთხოვნაზე ოპოზიციას ხალხი გამოჰყვა, ამის შემდეგ ჭირს მოთხოვნის შეცვლა. ერთი დღე რომ მოეცადათ, გაეკეთებინათ განცხადება შესაძლო დარღვევების შესახებ, მეორე ან მესამე დღეს კი საჩივრებთან ერთად რომ დაწყებულიყო პროცესი, ეს უფრო გასაგები იქნებოდა, როგორც მოთხოვნების, ასევე მოქმედებების ნაწილში. რაც მთავარია, მოქმედებათა მრავალფეროვნების არეალიც ექნებოდათ და არა მხოლოდ პარლამენტის წინ აქციის გამართვა. კენჭისყრის შემდგომ, რაც კი აქცია ჩატარებულა, ყველაზე უკეთესი იყო ჩემთვის, რაც გასულ კვირას ჩემმა საყვარელმა „ივნისის თაობამ“, სულ 10-მა ახალგაზრდამ გააკეთა _ „დატროლვა“, _ მათ გააშიშვლეს სისტემა. ასე რომ, ახლა მხოლოდ ქუჩის პროტესტის კი არა, სხვადასხვა რამის გაკეთება შეიძლებოდა საზოგადოებასთან ერთად. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან მეორე დღესვე ქუჩის პროტესტი არ იყო რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება. ოპოზიციის ერთდღიანი სიჩუმე შეიძლებოდა უფრო დამაბნეველი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, რომელსაც წინასწარ გაცხადებული ჰქონდა, რომ ოპოზიცია გადატრიალებას გეგმავდა. მმართველი პარტიის ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, პრევენციული ხასიათის იყო. მით უმეტეს, როცა ასეთი განცხადებები სახეზე ჰქონდა ოპოზიციას, უფრო მეტი გონიერება უნდა გამოეჩინა. ხელისუფლების მიერ დახატულ არარეალურ, გადღაბნილ სურათს თავისი ნაბიჯით ოპოზიციამ რეალობის კონტურები შესძინა, თორემ „ქართული ოცნების“ განცხადებები რომ რეალობა არ არის, ეს ყველამ ვიცით და თავად ხელისუფლებამაც იცოდა, _ რევოლუცია ვერც მოხდებოდა.
_ შაბათს აქციის მონაწილეებს ბანერები ჰქონდათ წარწერით, „მიშა, ჩამოდი“, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იმავე დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის მწვავე კამათი სწორედ მიშა სააკაშვილის გამო გაიმართა. რა როლი აქვს ამ პროცესებში სააკაშვილს?
_ ის სატელევიზიო ეთერი ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური კინკლაობა იყო, მით უმეტეს, მათ შიდა სამზარეულო კარგად იციან და პერსონალურად თუ პოლიტიკურად განაწყენებული შეიძლება იყვნენ. მაგალითად, 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა პარლამენტში, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ერთი ფრაქცია ძლივს შეინარჩუნა, სამაგიეროდ, იმ ეთერში მოდებატე ჯგუფს შორის ერთ-ერთ პარტიას იმ პარლამენტში 2 ფრაქცია ჰყავდა. შესაბამისად, მათ შორის ქიშპი ბუნებრივია, თუმცა პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მთლად ლამაზი არ არის, რადგან თუ ამბობენ, რომ ერთი მიზნისთვის დგანან ერთად, იქ მიშას ახსენებენ თუ გრიშა ონიანს ან სხვა ვინმეს, ეს შეიძლება იყოს განმასხვავებელი მსჯელობის საგანი, მაგრამ არც უნდა შევიდნენ ამ მსჯელობაში. იმის განხილვა, თუ რატომ მიდის მხარდამჭერი ამ ბანერით, პოლიტიკური გამოუცდელობა უფროა. შეგახსენებთ, _ ძალიან დიდხანს, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იყო, მისი მომხრეები ამბობდნენ, რომ ის ცოცხალია და მას ჩამოსვლისკენ მოუწოდებდნენ! ეს გავიარეთ. იმ ადამიანებს ასე სჯეროდათ და პოლიტიკოსი როცა ამ დონეზე ჩადის, ეს უკვე შეცდომაა.
_ ამ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რაზედაც ხელისუფლება უარით პასუხობს, კონსტიტუციურად და კანონით რამდენად რეალურია ოპოზიციის მოთხოვნა და აქვს თუ არა ამას საფუძველი?
_ საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ ორივე მხარემ ძალიან კარგად იცის, ახლა საარჩევნო პერიოდში, სანამ პირველი სხდომა ჩატარდება, ხელახალი არჩევნების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.
სულ ოთხი მიზეზია, რაც შეიძლება გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი:
- 1%-ზე მეტი არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს გადალახული;
- საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში, ანუ ჩვენს შემთხვევაში, მინიმუმ, 16 ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს;
- თუკი კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა და სანამ კენჭისყრაზე უარის თქმის ვადა იყო, მან კანდიდატურა მოხსნა და ახალი კანდიდატი ვეღარ დარეგისტრირდა, ამ კონკრეტულ ოლქში ჩატარდება ხელახალი არჩვნები;
- თუკი სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ბათილობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ცესკოსა თუ სასამართლოს შემთხვევაში ბათილობა განპირობებული იყოს იმით, რომ დარღვევები არსებითია და შედეგები არსებითად იცვლება.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ოთხი ჩამოთვლილი საფუძვლიდან არც ერთი გვაქვს მოცემულობაში. სასამართლომ რომც ცნოს 5-6 ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად, საერთო შედეგების თვალსაზრისით, ეს არ არის ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი, მხოლოდ კონკრეტულ ოლქებში ჩატარდება ხელახალი არჩევნები. ამდენად, ორივე მხარემ იცის, რომ მოთხოვნა: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები _ კანონის თანახმად შესაძლებელია, მაგრამ იმ 4 საფუძველს არ აკმაყოფილებს და ამას სჭირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილება. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებულ პარლამენტს, ახლა, როცა მისი ლეგიტიმაცია ბოლო ძაფზე კიდია, მოვთხოვოთ მოიწვიოს სესია; საარჩევნო კოდექსის ცვლილებები სამი მოსმენით დაწეროს და შემდეგ კენჭი უყაროს; ასევე იქვე ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა, რომელიც სადღაც დადის და რაღაცებს აფუჭებს, მით უმეტეს, ჩვენს სამეზობლოში; ამის შემდეგ მოვუბრუნდეთ დაწყებულ პროცესს, როგორ გამოვა ეს ყველაფერი, თუ დასასრულებულ პროცესზე წერტილი არ დაისვა და ახალი პროცესი არ დაიწყო. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს უკვე სხვა რამეა და დარწმუნებული ვარ, ამაშიც ძალიან კარგად არის გაცნობიერებული ორივე მხარე. რიგგარეშე არჩევნები ტარდება უკვე უფლებამოსილებად ცნობილ პარლამენტში, ანუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი განხილვადია არა საარჩევნო, არამედ საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში. პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს და შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ასე რომ, ოპოზიციის ბოიკოტი სამართლებრივად არანაირ შედეგს არ მოიტანს.
_ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა და ოპოზიციამ ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუწვევს პარლამენტში შესვლა. ასეთ მოცემულობაში რა რეალობის წინაშე დავდგებით საპარლამენტო ცხოვრების კუთხით?
_ ასეთ შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება რიცხოვნებანაკლული, დაბალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის, მაგრამ კანონისმიერი, კონსტიტუციური ორგანო _ საქართველოს პარლამენტი. ასეთ პარლამენტში მნიშვნელოვანი, მსხვილი გადაწყვეტილებები ვერ მიიღება, 90 მანდატი არ არის საკმარისი, მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის მისაღებად ან მხარდასაჭერად, რადგან ამას 100 კაცის მხარდაჭერა სჭირდება. არის რაღაცები, რომელსაც ვერ მიიღებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივად სხვა სახის პრობლემები არ შეექმნება, პოლტიკურად კი, რა თქმა უნდა, დაბალი ლეგიტიმაცია ექნება.
_ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თავის დროზე, ვნახეთ რა შედეგი მოჰყვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა მივიღეთ. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როგორია თქვენი პროგნოზი, რით დასრულდება ამჯერად მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
_ არ ვიცი, მოლაპარაკების მაგიდაზე რა დევს და მხარეები რაზე შეიძლება წავიდნენ, ამიტომ, მე როგორც იურისტი, თეორიულად ვიმსჯელებ, ამ პროცესების შედეგად, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები: ეს შეიძლება დასრულდეს შეთანხმებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ ახლად არჩეული პარლამენტი ხელოვნურად ვერ შექმნის მთავრობას, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს კონსტიტუციით აქვს ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც 76 ან მეტი დეპუტატის მხარდაჭერით უნდა შექმნას მთავრობა. თუკი 4 კვირის განმავლობაში ვერ შექმნიან, ასეთ შემთხვევაში პარლამენტს დაითხოვს პრეზიდენტი და ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ანუ ხელოვნური, სულ მთლად გათამაშებული კრიზისი რომ გამოიწვიო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება კონსტიტუციის ფარგლებში (უახლოეს პერიოდში ერთადერთი) _ სწორედ ასე ვხედავ მოვლენების განვითარებას. ვის აწყობს ეს ყველაფერი და ვის _ არა, ამაში არ ვარ დარწმუნებული. გაითვალისწინეთ, წინასაარჩევნო პერიოდი როდის მოუწევს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქვეყნის შიგნით სოციალურ-ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ასევე პოლიტიკუკურად მყიფე ინსტიტუტებით, მათ შორის, პარლამენტით, რომელსაც ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სახლში გაუშვებს. როგორ მივალთ გაზაფხულამდე? რაც მთავარია, რამდენად აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები იგივე შედეგებს? დარწმუნებული ვარ, ამ სცენარის განვითარებისას სურათი შეიძლება განსხვავებული მივიღოთ.
ასევე მეორე ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მეორე ტურების გადადება. ამით დრო გაიწელება და მოლაპარაკებისთვის დაიტოვონ საშუალება, რომ 16 მაჟრიტარული ოლქის საკითხი ჯერ გადაუწყვეტელი დარჩეს, სანამ პოლიტიკური კონსენსუსი არ შედგება. ამით კი პარლამენტში მოცემულობა შეიცვალონ, მოლაპარაკების საგნად ეს დაიტოვონ. მაგალითად, ხელისუფლებამ რომ უთხრას ოპოზიციას, მიიღონ მეორე ტურებში მონაწილეობა და ამის სანაცვლოდ კოალიციაში შესვლას შესთავაზებენ. შესაძლოა, ოპოზიციას მმართველმა გუნდმა უთხრას, რომ ყველა, ვინც კი პარლამენტში შევა, ერთიან კოალიციას შექმნის. მთავრობის მრჩეველი რომ ვყოფილიყავი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობიდან შევხედავდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მით უმეტეს, სახლში შვილები მყავს. ძალიან მარტივ რამეს გავაკეთებდი: ფაქტია, რომ ბევრი შეცდომით გალია ხელისუფლებამ 8 წელი, სხვაზე უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაზე ძლიერია. მე და თქვენ თუ ვჭიდაობთ და მე ვარ სუსტი და ვერ გავაკეთე რაღაც, რის გამოც თქვენ მოიგეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემზე ძლიერი ხართ. თქვენი ძალისხმევით კი არ მოიგეთ, მე უზრუნველვყავი თქვენი შედეგის დადგომა. ასე რომ, ეს საკითხავია, არჩევნების შედეგები ნიშნავს თუ არა მმართველი პარტიის სიძლიერეს. ეს ასე არ არის, მით უმეტეს, იმ მმართველი პარტიის, რომელიც სახელმწიფოსთანაა შეზრდილი და ამაზე არაერთი განცხადება ვიხილეთ. ამ თემაზე ოპონირება არც კი უცდიათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ანუ აღიარებენ ამას. არა მხოლოდ ევროპულმა, არამედ საერთაშორისო პარტნიორებმა ღია ტექსტით თქვეს, რომ სახელმწიფო ყველა გაგებით მმართველ პარტიასთან არის შეზრდილი. აქედან გამომდინარე, გონიერებას მოვუხმობდი იმ გამოწვევის ფონზე, რომელიც შეიძლება, ძალიან ცუდად მომიბრუნდეს, მით უმეტეს, საქართველოში, რაც არასდროს ყოფილა: სოციალური გამოსვლები, ბუნტი, რომლითაც მხოლოდ რუსეთმა შეიძლება მიიღოს სარგებელი. ქვეყნის შიგნით ამით ვერავინ ისარგებლებს. ყველას ვეტყოდი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსენსუსი. მაგალითად, რომელიმე პარტიას ვეტყოდი: შენი იყოს პრემიერი, შენი _ პარლამენტის თავმჯდომარე. უმრავლესობაში კი ვარ, მაგრამ ორი წელი ასე გავიაროთ და შემდეგ წავიდეთ ვადამდელ არჩევნებზე, იმისთვის, რომ ამ გზით ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. როდესაც ძალაუფლების ბერკეტები ხელისუფლებას უჭირავს და სხვებზე უკეთესი შედეგი აქვს, მეტი გონიერება ჰმართებს. ფართოდ უნდა წარმოიდგინოს ის გარემო, რომელშიც არის და, შესაბამისად, ბევრი სცენარის განვითარების საშუალება სწორედ ხელისუფლებას აქვს ოპოზიციასთან მასთან შედარებით. ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ მიუთითოს, რა გააკეთოს ხელისუფლებამ. ასე რომ, ყველაზე კარგი და სწორი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, მით უმეტეს, როდესაც უცხოელები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩემდა სამწუხაროდ, ჩართული არიან ამ ყველაფერში, რაც ნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოებრივ საკითხებზე ერთმანეთთან სალაპარაკოდ უცხოელი გვჭირდება (რა თქმა უნდა, ყველას ვაფასებ), ჩემთვის არის სამწუხარო, რომ თურმე ჩვენ ერთმანეთთან საუბარიც არ შეგვიძლია. ეს ნიშნავს მარგინალიზაციას, რომელიც განვლილი გვაქვს და აღარ მინდა განმეორდეს! ამიტომ ასე გავაკეთებდი: გვეყოლებოდა ლეგტიმური ინსტიტუტები, პარლამენტიც და მთავრობაც, საკუთარი პასუხისმგებლობა ყველას ექნებოდა წარმოდგენილი, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური განცხადებებისა, ასევე კონცენტირებული იქნებოდნენ კრიზისის დაძლევაზე, ამის შემდეგ კი გაეგრძელებინათ თავიანთი ცხოვრება. მოქალაქის, ამომრჩევლის, გადასახადის გადამხდელის კუთხით თუ შეხედავენ ამ საკითხს, ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს იქნება. ასეთ შემთხვევაში ვერც ვერავინ ეტყვის, ნდობა აქვს-არ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა. არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად, ყველგან ასეა _ პოლიტიკური ძალები რისთვისაც მონაწილეობენ არჩევნებში, ეს ხომ პოლიტიკური პროცესია, ერთადერთი ლეგიტიმური გზა ძალაუფლების მოპოვებისა. მათი მიზანია, არჩევნებში გამარჯვებით რაღაც პროცენტით ძალაუფლება მოიპოვონ, შესაძლოა, უმრავლესობაშიც კი მოვიდნენ. ეს ასეა და მიუხედავად შენი პოლიტიკური პარტიის შედეგისა, გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის, მთავრობა თუკი შესთავაზებს მათ: ხომ გინდოდა ყოფილიყავი მმართველობაში, გთავაზობ მმართველობაში ყოფნას, _ ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, რაც ყველა საკითხს მალე მოაგვარებდა: პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ვადამდელ, ხელახალ არჩევნებთან, პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს და უცხოელებიც სასიამოვნოდ გაკვირვებულები აღმოჩნდებოდნენ, თუკი ყველა მხარე ამ ჩიხიდან გამოსავალს იპოვიდა. რაც მთავარია, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს: ისინი სკამებს კი ინაწილებენ, მაგრამ ეს ჩვენი, ამომრჩევლის მანდატებია და ხალხის ინტერესი არ უნდა დაივიწყონ, ჩვენი ინტერესი კი დემოკრატია და სახელმწიფოს გაძლიერებაა და არა შესუსტება.
ნენე ინჯგია