ლევან ალაფიშვილი: „დასავლეთი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე „ოცნებას“ წარმოუდგენია“

„ქართული ოცნება“ მისთვის დამახასიათებელ სტილსა და მოქმედების ტაქტიკას არ ღალატობს. ამჯერად მორიგი გადაგდების სერია ვიხილეთ. ეს შემთხვევა კი იმით განსხვავდება სხვა ამგვარი სიტუაციებისგან, რომ იგი ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულებაზე აცხადებს უარს.28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. რაც შეეხება მიზეზს, როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ოპოზიციის ბრალია. კობახიძის მტკიცებით, შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია. „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებს, რომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

რაზე გათვალა მმართველმა ძალამ აღნიშნული ნაბიჯი? რამდენად თანმიმდევრული იყო ოპოზიცია საპასუხოდ? და რას უნდა ველოდოთ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ შარლ მიშელის დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი ხელშეკრულებას არ შეასრულებენ. რაზეა გათვლილი მათი ეს კონკრეტული ნაბიჯი?

_ ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, რომელიც საშუალო დონეზე მაინც გაცნობიერებულია და თვალყურს ადევნებს მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებს, ამ დოკუმენტში მთავარი იყო ის, რასაც ვერავინ წაშლის: ამ დოკუმენტს მიუხედავად იმისა, ვინ მოაწერა ხელი და ვინ _ არა, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ _ არა, ვინ გამოაცხადა ანულირებულად _ ეს ხომ რეალურად არის დიაგნოზის ქაღალდი, აღიარებითი დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერითაც „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია განიცდის ეროზიას. ასევე აღიარა ისიც, რომ მისი მმართველობის პერიოდში ვერ თუ არ მოხერხდა ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცება, სასამართლო ხელისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაცია კი არის პოლიტიკურად ლოიალური, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ ყველაფერს სჭირდება მკურნალობა, საერთო ძალისხმევა ქვეყნის შიგა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალებისა და საერთაშორისო აქტორების, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მათ აღიარეს თავისივე უარყოფითი მხარე, რომ 10 წლის განმავლობაში მათ არათუ ვერ გააუმჯობესეს ქართული დემოკრატია, არამედ დააზიანეს იგი. ეს არის აღიარება. ახლა რაც არ უნდა თქვან, დოკუმენტი დოკუმენტია. ამ აღიარებითი დოკუმენტის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ საერთაშორისო თანამეგობრობა იგივე ტონალობაში აღარ გააგრძელებს საუბარსა და ურთიერთობას. 19 აპრილის შეთანხმების შემდგომ რეალობა ამ აღიარებით შეიცვალა. ამ აღიარებას კი, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჯეროვნად მიაქცევენ ყურადღებას. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენც, თითოეულმა ჩვენგანმა ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და „ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრათ: ხელი, რომ მოაწერეთ დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ სასამართლო მიკერძოებულია, ეს ხომ თქვენ აღიარეთო? საარჩევნო ადმინისტრაცია 10 წლის განმავლობაში რომ ვერ შეიცვალა, ესეც ხომ თქვენი დამსახურება და აღიარებაა?! _ ასე უნდა შემოვძახოთ და ამის შემდეგ მათ მიერ გაჩენილი წინასაარჩევნო დისკურსი აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. მათ პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარი აღიარებით, ეს არის მოცემულობა. თქვენს აუდიტორიას და მთელ ქართულ საზოგადოებას მოკრძალებით მოვუწოდებ, რომ ასე შეხედონ ამ ყველაფერს და იმედგაცრუებას ნუ მიეცემიან. ჩვენ აღიარებული დიაგნოზი გვიჭირავს ხელთ, ხოლო როგორ ვუმკურნალებთ და ვინმე გაუწევს თუ არა ამ ყველაფერს წინააღმდეგობას, ეს ის საკითხია, რომელიც ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, მოწინააღმდეგეთა ქცევის შესაბამისად. იქნება წინააღმდეგობა? _ მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს. შეიძლება, ეს ძალიან მტკივნეული იყოს ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს გარდაუვალია.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საერთაშორისო თანამეგობრობა იგივე ტონალობაში აღარ გააგრძელებს საუბარსა და ურთიერთობას. ჯერჯერობით, კონკრეტული რეაქცია არ არის. ის, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ ნაბიჯებს დგამს, იმით ხომ არ აიხსნება, რომ დასავლეთი მწვავედ არ რეაგირებს? ამ ნაწილში გავიხსენოთ პროპორციულ არჩევნების დაპირების არშესრულება, რაც „ოცნებამ“ არც ისე მძიმედ გადაიარა და, შეიძლება ითქვას, გასდით ასეთი გადაგდებები…

_ არ ვფიქრობ ასე, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ აღიარების უკან წაღების უსუსური მცდელობა ჩემთვის ახსნადია ერთადერთი გარემოებით: წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ე. წ. ძველი მეოცნებეების გულის მობრუნებას ცდილობს, რომლებიც განაწყენებულები არიან 2018 წლის შემდგომ. პარტიაში მიმდინარე მოვლენები საჯაროდაც ცნობილია, ძველი და ახალი მეოცნებეების დაპირისპირება, შესაბამისად, ახლა სწორედ იმ ელექტორატზე არიან ფოკუსირებულები. 5 ივლისიც ამაზე მეტყვლეებს, ასევე ღარიბაშვილის მობრუნება პრემიერად, რომელიც ძველი მეოცნებეების კატეგორიას განეკუთვნება. წინასაარჩევნო წელია, ელექტორალურად მათ არ დარჩათ მხარდამჭერები გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ ე. წ ძველი გვარდია და მათი მხარდამჭერები. რაც შეეხება იმას, გასდით თუ არ გასდით, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ჩვენ არ ვიცით, კულისებს მიღმა როგორი ტიპის ურთიერთობები გრძელდება ან საერთოდ გრძელდება თუ არა? დასავლური დიპლომატია, ასეთი აღიარებების შემდგომ, მერწმუნეთ, რომ სხვანაირად მუშაობს და იქცევა. როგორც წესი, ეს ყველაფერი კულისებს მიღმა ჩანს. გარდა ამისა, ასეთი მკაფიო განცხადებების შემდეგ მათი რეაქცია დახურულ კარს მიღმა უფრო მწვავე რომ იქნება, ამაშიც ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერი არ არის: ან ნავთობი გვქონდეს, ან რესურსებით ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, მით უმეტეს, ჩვენი კორუფციული რისკებით სავსე საბიუჯეტო სისტემის კვალობაზე გვქონდეს საკმარისი რესურსი, რომ ზამთარში დავძლიოთ ის სოციალური პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც, პრაქტიკულად, უკვე ვდგავართ. ფინანსური სანქციები არის ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, მათ შორის, არის პერსონალურიც. ქართული პოლიტიკურ სპექტრში, პირველ რიგში, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მათ მხარდამჭერებს ვგულისხმობ. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო არც რუსეთი და არც თურქეთია, არც რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რომ დასავლეთი ასე ადვილად შეეგუოს გადაგდებას. მათ ყველაზე კარგად იციან, რა დღეშია ჩვენი დემოკრატია და, შესაბამისად, რა სჭირდება გაუმჯობესების თვალსაზრისით.

_ „ქართულ ოცნებას“ დოკუმენტის ანულირებით ხომ არ სურს საზოგადოების თვალში თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ინტერესის შემცირება და ამის სათავისო გამოყენება? შესაძლოა, ეს იყო დოკუმენტის ანულირების მიზეზი?

_ გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა მეორე ტური გახდა საჭირო, პრაქტიკულად, მაშინ პიკზე იყო მისული „ქართული ოცნების“ შიგნით „ახლებისა“ და „ძველების“ დაპირისპირება. იმ პერიოდში ღარიბაშვილმაც კი უკანა რიგებში გადაიწია, შესაბამისად, იმ შუალედში მეორე ტურამდე საჭირო გახდა მობილიზაცია, ინტენსიური სიძულვილის ენისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური ლოზუნგებით იმ ამომრჩევლისა და პარტიული თუ ელექტორალური მხარდამჭერების მობილიზება, რომლებიც სწორედ ძველ მეოცნებეებს განეკუთვნებიან. სწორედ ამით მიაღწიეს მეორე ტურში გამარჯვებას. ამის შემდეგ გასულ წელს გამოვიარეთ საპარლამენტო არჩევნები და, შესაბამისად, ელექტორალური მხარდაჭერა რიცხვებში გამოსახული იმედისმომცემი და აღმავალი არ არის. ამდენად, მიშელის დოკუმენტს მმართველი პოლიტიკური ძალის ძველი მეოცნებეები აღიქვამდნენ დათმობად და სისუსტედ უთვლიდნენ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, უარის თქმით შეეცადნენ ამ მხარდამჭერების გულის მოგებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ სატელიტებს არ დაუთმეს, _ ამ რიტორიკით ეცადნენ ამას. ამით იხსნება „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი.

_ თქვენ ახსენეთ ფინანსური სანქციები. არაერთხელ ყოფილა მოსალოდნელი სანქციების შესახებ საუბარი, თუმცა, ჯერჯერობით, ის არ ამოქმედებულა. დღევანდელ მოცემულობაში, სხვა რეალობისგან განსხვავებით, რატომ არის უფრო მოსალოდნელი „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება?

_ დასავლეთი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და მის მხარდამჭერებს წარმოუდგენიათ, რომ პირდაპირ ერთ ადამიანს არ დაუწესონ რაიმე სანქციები, თუკი ეს საჭიროდ მიიჩნიეს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი დასავლეთის ხელში, მათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი აქვთ, რაც არჩევნებამდე და მის შემდგომაც იჩენს თავს, იგივე „ქართული ოცნების“ დაკორექტირებულ მოქმედებებში. თუკი პერსონალურ ან პერსონალურ ფინანსურ სანქციებზე ვიმსჯელებთ, თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ თავი, რომელსაც გვყავს გარემოცვა. გარემოცვის ცენტრში კი ვართ თქვენ ან მე, მაგრამ როდესაც გარემოცვის ყველა წევრს სანქციების ქვეშ მოაქცევენ, ეს უფრო მტკივნეული იქნება ჩემთვის/თქვენთვის, რომლებიც ცენტრში ვართ თუ ის, რომ მხოლოდ ჩვენ რომ დაგვიწესონ ეს ყველაფერი? თუკი ჩვენ დაგვიწესებენ, იმ გარემოცვის მეშვეობით მაინც მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს ვურჩევდი, გაუბრალოებითა და იოლად ნუ მიუდგებიან სანქციების საკითხს, რადაგან არავინ იცის, შეთანხმებულ, როგორ სანქციებს შესთავაზებს საერთაშორისო თანამეგობრობა ქართულ საზოგადოებას და მმართველ პოლიტიკურ ძალას.

_ „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს რამდენად ადეკვატურად შეხვდა ოპოზიცია? მაგალითად, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვეს, თუმცა სხვებმა გააგრძელეს საპარლამენტო მუშაობა. ამ შემთხვევაში უფრო ეფექტიანი იქნებოდა სრული ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან?

_ სიმართლე გითხრათ, ოპოზიციაზე ვმსჯელობ იმის მიხედვით, როგორ მოიქცა მოლაპარაკებების დროს მას შემდეგ, რაც საკუთარმა მხარდამჭერებმაც კი ვერ გაიგეს, რა უნდა ოპოზიციას საერთოდ და როგორ მოქმედებს იგი? ერთადერთი არის ის, რომ პარლამენტში ძალიან უნდოდათ შესვლა და ახლა რომ შევიდნენ, იქიდან ცოცხალი თავით არ უნდათ გამოსვლა, არცთუ უსაფუძვლოდ, სამწუხაროდ. ოპოზიციის მიუტევებელი შეცდომა იყო ის, რომ მათ საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ, არ ჰკითხეს ის საკითხი, რომელიც დღემდე ჰაერშია გამოკიდებული, ვგულისხმობ 19-21 ივნისის ამნისტიას იმ სახით, როგორითაც ინიცირებულ იქნა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ. ოპოზიციამ არც კი მიიჩნია საჭიროდ, საკუთარი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის ეთქვათ რომ ამაზე მიდიოდა მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მიუტევებელი შეცდომა იყო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პლებისციტი გაცვალეს თვითმმართველობის არჩევნების 43%-ზე. როგორ უნდა იაზროვნო, რომ თვითმმართველობის არჩევნების 43% გამოიყვანო და შემდეგ ამას დათანხმდე და ტოლფასი გახადო ისეთი პოლიტიკური პროცესის, როგორიც პლებისციტია, როდესაც დიახ ან არა-ს შორის არის არჩევანი და არა 15 პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ მაჟოტარებთან და მერებთან? ეს როგორ უნდა შეედარებინათ არ ვიცი, მაგრამ მათ ეს „მოახერხეს“, რაც, რა თქმა უნდა, წარმოაჩენს ჩვენი პოლიტიკური სისტემის მწვავე კრიზისს. ჩვენი პოლიტიკური პარტიული სისტემა კრიზისშია, ავად არის და მას უნდა მკურნალობა. გვაქვს პარტიები, ამისი, იმისი, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილები არიან საკუთარ ამომრჩევლებსა და პარტიის წევრებსაც კი. აღარაფერს ვამბობ ე. წ. კორუფციულ-პარტიული დაფინანსების სისტემაზე, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალის ნებაზეა მიბმული დაფინანსება. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ეს ყოველთვის იცვლებოდა და მმართველი პოლიტიკური ძალა ისე ცვლიდა, როგორც ის მიიჩნევდა სწორად. ეს არის ჩვენი და ჩვენი ოპოზიციის პრობლემა. ამის გამო ვამბობ, რომ ქართველ ამომრჩეველს შემოდგომაზე სამწუხაროდ დიდი იმედგაცრუება ელის. თუმცა ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება ამ ყველაფრის გააზრება, ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით, იმედგაცრუებას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ, რადგან ჩვენ სახელმწიფოსა და მომავლის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა. ჩვენი საზოგადოების იმედგაცრუება უბრალოდ ნიშნავს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას, ეს კი ისეთი ისტორიისა და ქარტეხილებგამოვლილი ერისთვის, როგორიც საქართველოა, მიუტევებელი იქნება, განსაკუთრებით21-ე საუკუნეში. ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ უნდა დავთმოთ და არც დავთმობთ.

_ ოპოზიციის, როგორც თქვენ ამბობთ, მიუტევებელი შეცდომა როგორ აისახება ამომრჩეველზე?

_ ამომრჩეველზე ამ ყველაფერმა უკვე იმოქმედა. ხელმოწერის შემდგომ, რაც კი სამუშაო იყო ე. წ. ბოიკოტთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, ყველაფერმა იმუშავა. სწორედ ამიტომაც არის საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ ოპოზიციას შესვლა უნდოდა პარლამენტში, არც გვკითხეს და ახლა კი აღარ გამოდიან. ოპოზიციამ კი ითამაშა მმართველი პოლიტიკური ძალის თამაში, მათ „ქართულ ოცნებას“ დამატებითი კოზირი მისცეს იმ პროცესში, რომლიდანაც შეეძლოთ უფრო მეტი სარგებლით გამოეყვანათ საკუთარი თავიც და სახელმწიფოც.

_ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რომელიც 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მისი არჩევანია „ქართული ოცნება“; „ნაციონალური მოძრაობა“ _ 14%, გახარიას პარტია _ 9%. როგორც ჩანს, მცირდება მმართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციის რეიტინგი, თუმცა გახარიას პარტია მესამე ადგილზეა. რაზე მეტყველებს აღნიშნული კვლევა?

_ ასეთი კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს ჩემს მოსაზრებას, რაზედაც ექსკლუზივი არ მაქვს, რომ მხოლოდ მე ვფიქრობ ასე, რომ ქართული პოლიტიკური და პარტიული სისტემა ავადაა. ამ ავადმყოფს ქართული საზოგადოება არ მიიღებს ისე, როგორც აქამდე იღებდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება კარგიც იყოს საარჩევნო იმედგაცრუება, რომელიც შემოდგომაზე გველოდება, რადგან შესაძლოა, ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიწყოთ საუბარი იმაზე, რაც გვჭირს. ასე რომ, ეს კვლევები რაიმე სიახლის მატარებელი ჩემთვის არ იყო. ის პარტია რომ შეიქმნა, ხომ გახარიასია?! ჩვენც ხომ გახარიას პარტიად მოვიხსენიებთ, ისიც ხომ იგივენაირად შეიქმნა.

_ თუმცა გახარიას პარტიას, სხვებისგან განსხვავებით, აღნიშნულ კვლევაში სხვა ოპოზიციურ პარტიებზე მაღალი, 9% აქვს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ გახარიას ესმის, რა სურს ამომრჩეველს და როგორია მისი დაკვეთა?

_ ეს ამას არ ნიშნავს. გახარიას შემთხვევაში, ჩემი აზრით, ორი ფაქტორია: ერთი „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები, რომელთა გულის მოგებაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და არც ცდილობს, რადგან იცის, რომ მათთან მისასვლელი ხიდები დამწვარი აქვს; მეორე: ადამიანები, რომლებიც მაინც ფიქრობენ, რომ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც უმკურნალებს, ვისაც დაარქმევს, რომ ძლიერია. შესაძლოა, ამ დროს ძლიერი სულაც არ იყოს. გახარია როგორი ძლიერია, ამაზე არ ვიმსჯელებ და არ მგონია, რომ ის ძლიერია. თუმცა იმის გამო, რომ ახალია, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად მისდამი სიმპათიები არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მონაცემები, რაც ყველამ აჩვენა, გადაითარგმნოს საარჩევნო ბიულეტენებში ან ოქმებით დაფიქსირებულ ციფრებში. ეს შეიცვლება და არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის.

_ ვერ შეძლებს ამ 9%-ის შენარჩუნებას?

_ როდესაც შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რისი შენარჩუნებაა ეს. ჩემთვის კვლევები და არჩევნების შედეგები ორი სხვადასხვა რამაა. შესაბამისად, კვლევების შედგების შენარჩუნება არის თუ არა შესაძლებელი, ეს სხვა საკითხია. ორი სხვადასხვა რამაა შესადარებელი. მე არ ვადარებ არჩევნების შედგებსა და დღევანდელი კვლევის შედეგებს. ეს შეიძლება იყოს დღევანდელი განწყობების ამსახველი, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიცვლება კენჭისყრის დღეს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რაზედაც, მგონი, არ ფიქრობს ოპოზიციური სპექტრი. ერთი ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით, მით უმეტეს, ამ კოვიდპანდემიის პირობებში, როგორ უნდა გამოიყვანონ თუნდაც საკუთარი მხარდამჭერები ოპოზიციურმა პარტიებმა იმდენი, რომ უზრუნველყონ მათთვის საუკეთესო შედეგების მიღება და მეორე „ქართული ოცნება“ იმუშავებს და მუშაობს, სავარაუდოდ, იმაზე, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ჩამოყალიბებული არ არის და ასეთი ბევრია, დატოვოს სახლში, _ „ქართული ოცნება“ ამაზე მუშაობს და ამას ვერაფერს უპირისპირებს ოპოზიცია.

_ ვერ თუ არ უპირისპირებს? ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციას წინაასარჩევნო კამპანია არც კი დაუწყია და პასიურ რეჟიმში არის. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ვერ გეტყვით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ აპრილის შემდეგ ოპოზიციური პარტიული სპექტრი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში: ვერ ვხედავთ გააზრებულ ვერც ქმედებებს და ვერც განცხადებებს. მინიმუმ, 30 წელია, აქტიურად ვაკვირდები მოვლენებს და მონაწილეც ვიყავი, მაგრამ ასეთი არაფერი მახსოვს, ასე შუთანხმებელი, დაქსაქსული, ერთმანეთთან ქიშპობაში მყოფი ოპოზიცია. ელემენტარულ ანალიტიკურ და გრძელვადიან ხედვებს მოკლებული, _ გაოცებული ვარ. ეს არის, ალბათ, ის კრიზისი, რომელიც უნდა გადაგვევლო და გადავივლით კიდეც. შემოდგომის შემდგომ ველი, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ქართული პოლიტიკური რეალობა. ქართველი ამომრჩეველი პარტიული სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ნაბიჯებსა და აზროვნებას დაიწყებს.

_ ამ მოცემულობით „ქართულ ოცნებას“ აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ ეს 43%, რაზედაც დოკუმენტში იყო საუბარი, გადალახოს?

_ როდესაც 43%-ს დათანმხდნენ, ამდენი არჩევნები აქვთ გამოვლილი, მინიმუმ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან _ ხელისუფლებაშიც ნამყოფი და ოპოზიციაშიც. საიდან დაიანგარიშეს ეს 43%? პასიურობისა და სახლში დატოვების კვალობაზე 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩევლიდან მილიონი რომ მივიდეს და იქიდან 43% აიღოს, 450 ათასი ამ 43%-ზე საუბრობს ან ერთი ან მეორე მხარე. ხომ უნდა თქვან, საიდან ეს 43%? სხვადასხვა მოცემულობაში ლეგიტიმაციის ხარისხი სხვადასხვაა. მილიონიდან 43 % დაბალია, ორი მილიონიდან კი _ მეტია. „ქართულ ოცნებამ“შეიძლება კარგად გამოიყენოს ლეგიტიმაციის ეს დაბალი პროცენტი და თუ აიღებს 43%-ს იტყვის, რომ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ოღონდ საიდან, რა რაოდენობიდან, ესაა პრობლემა. ამაზე, როგორც ჩანს, ოპოზიციას ნაფიქრი არ ჰქონდა.

_ „ოცნება“ შეძლებს ამ მინიმალური ლეგიტიმაციის მოპოვებას?

_ ასე თუ გაგრძელდა და ამას დავუმატებთ იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი ისედაც პასიურია… 2012 წელს რამდენად მაღალი იყო აქტივობა, თუმცა გაცილებით შემცირდა მომდევნო წელს თვითმმართველობის არჩევნებზე, _ მეორე ტურები გახდა საჭირო. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური სისტემა ასეა მოწყობილი, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. საბოლოოდ, ამომრჩეველი პასიურია თვითმმართველობის არჩევნებზე. ამას ემატება ის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველა თვალსაზრისით უფრო მეტი რესურსი აქვს, მუშაობს იმაზე, რომ საკუთარი გარანტირებული ამომრჩეველი მიიყვანოს, მაგრამ სხვები დატოვოს სახლში, ამას კი არავინ არაფერს უპირისპირებს. ასე რომ, ეს შესაძლებელია მიუახლოვდეს 43%-ს, რაც არ იქნება საზოგადოების განწყობა, ეს იქნება ფურცელზე დაწერილი 43%. ამას მოაწერა ხელი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩვენმა მრავალჭირნახულმა და გამოცდილმა ოპოზიციამ.

ნენე ინჯგია