ლაშა ჩხარტიშვილი: „ოცნებამ“ გაყალბებებსა და დარბევებში „ნაციონალებს“ გადაუსწრო“
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მრავალი აქციის მონაწილეა. მის ზურგზე გადაირა თითქმის ყველა დარბევამ როგორც „ნაციონალების“ დროს, ასევე „ოცნების“ მმართველობის ხანაში. ამბობს, რომ ივანიშვილმა სააკაშვილს დარბევებშიც აჯობა და არჩევნების გაყალბებაშიც. ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ძალას ხალხის დასათრგუნად იყენებს. 8-9 ნოემბრის ღამე უფლებადამცველს აფიქრებინებს, რომ ქართული საზოგადოება არ შეშინდება და ის ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს. ჩხარტიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულად ერჩის თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს.
რატომ სდევნის ივანიშვილი თავისუფალ მედიას? რატომ ვერ დააშინებენ ხალხს? რას დაემსგავსნენ კორონასთან მებრძოლი ექიმები, რომლებიც, რატომღაც, მუშკეტერებად მონათლეს? რა როლს ასრულებს ირაკლი კობახიძე? _ ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ლაშა, ბევრისთვის მოულოდნელი აღოჩნდა, რომ გამყალბებელი ხელისუფლება ოპოზიციის აქციას დაარბევდა. თქვენ ელოდით დარბევას?
_ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ცრუ ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე დაარბევინა ქართველი ხალხი, რომელიც სამართლიანობის მოთხოვნით გამოვიდა ქუჩაში.
_ ილია ვახსენეთ და ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ წევრები ილია ჭავჭავაძესაც ადარებენ.
_ ადარებენ. მათ მლიქვნელობას საზღვარი აღარ აქვს. უსაზღვროა ივანიშვილის სისულელეებიც. ეს ადამიანი ყველაფერზე მიდის, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს. მან სააკაშვილს, შევარდნაძესა და ასლან აბაშიძესაც კი გადააჭარბა.
_ რაში გადააჭარბა?
_ თუნდაც დარბევებში, თუნდაც არჩევნების გაყალბებაში. ბოლო არჩევნები ისე გააყალბა, რომ ცესკო შედეგებს ვეღარ აცხადებდა. ცესკოს წარმომადგენლები შემაჯამებელ ოქმებს ვეღარ წერდნენ. 31 ოქტომბერს ცრუ ექვთიმემ ბიძინფაშები შეუსია საარჩევნო უბნებს და პროცესი ტოტალურად გაყალბდა. შევარდნაძის დროსაც იყო გაყალბება და სააკაშვილიც არ ერიდებოდა ამ მეთოდს, მაგრამ ერთიც და მეორეც თბილისში გაყალბებას ერიდებოდნენ. დედაქალაქში მაინც თვალში საცემია უკანონობა. რეგიონებში ცდილობდნენ გაყალბებას. ცრუ ექვთიმე არც დედაქალაქის გაყალბებას მოერიდა.
თავის წინამორბედებისგან ცრუექვთიმე მედიის დევნითაც გამოირჩევა . დარბევების დროს არც სააკაშვილი ინდობდა მედიას, მაგრამ ივანიშვილი განსაკუთრებულად ებრძვის ჟურნალისტებს. მას რომ მედია სძულს, ეს 8-9 ნოემბერსაც გამოჩნდა. მიზანმიმართულად სდევნიდნენ ჟურნალისტებს.
ცესკოსთან მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტები წითელ მიკროავტობუსზე ავიდნენ და იქიდან იღებდნენ კადრებს. მათ გარდა მიკროავტობუსის სახურავზე არავინ იდგა. ივანიშვილის ჯალათებმა მათ პირდაპირ, სრული წნევით მიუშვეს წყლის ჭავლი. ჟურნალისტები გადმოვარდნენ მიკროავტობუსის სახურავიდან. ერთ-ერთი იყო „ფორმულას“ ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მიკოავტობუსი სამი მეტრის სიმაღლის მაინც არის და წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა იქიდან გადმოვარდნილ ადამიანს, თავით რომ დაცემულიყო. ეს გოგონა, საბედნიეროდ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაიჭირა. ის ადამიანი რომ არა, არ ვიცი, ანა ბარათაშვილს რა დაემართებოდა. ის და სხვა ჟურნალისტები ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა. „ტვ პირველის“ ოპერატორს თვალი დაუზიანეს.
_ თქვენი აზრით, ასე გამორჩეულად რატომ სდევნის ივანიშვილი ჟურნალისტებს?
_ ეს ადამიანი ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. განსხვავებული აზრის მოსმენა მხოლოდ მედიით შეიძლება. აი, ამიტომ ერჩის რუსი ოლიგარქი თავისუფალ მედიას. მას სურს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ქვეყანა დიქტატურის ჭაობში ჩაძიროს. მედია რომ არ აშუქებდეს აქციებს, წარმომიდგენია, რა უბედურება დატრიალდებოდა იქ. ჯერ კამერების წინ არ ერიდებიან ძალადობას და კამერების მიღმა ხომ წარმოგიდგენიათ, რას ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე გასაგებია ივანიშვილის პოზიცია. მას მედია რომ სძულს, ეს „გავრილოვის ღამესაც“ გამოჩნდა. იმ ღამეს 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა.
ჟურნალისტებმა 20 ივნისის დარბევისას სერიოზული დაზიანებები მიიღეს, მაგრამ მათთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.
_ სტატუსის არმინიჭება რაღა უბედურება იყო?
_ ეს ივანიშვილისთვის იყო უბედურება. აქციაზე დაშავებული ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ აქ თავისუფალი მედია იდევნება. თავისუფალ მედიას სიტყვიერადაც დევნიან. თვალთხარია გახარია და ბიძინა სულ ჟურნალისტებს ლანძღავენ.
_ ამ მხრივ გამონაკლისი არც ირაკლი კობახიძეა, ისიც კარგად უბერავს.
_ კობახიძეზე რა ვთქვა, ის ნამდვილი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ის არის ივანიშვილის ბოროტი პაჟი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. ეს ადამიანი ტრაგიკომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვიცით, რომ სპეცსამსახურები პოლიტიკურ ხელისუფლებას აწვდიან ხოლმე ინფორმაციას მოსალოდნელ აერულობაზე. კობახიძემ კი იჯეიმსბონდა და აქეთ მიაწოდა სუსს ინფორმაცია. ამიერიდან მას შეგვიძლია, აგენტ 0041 ვუწოდოთ. ის დღეს გვევლინება, როგორც სუსის ინფორმატორი.
_ თქვენ გჯერათ, რომ ირაკლი კობახიძემ მართლა რაიმე რეალური ინფორმაცია მიაწოდა სუსს? ვერ დავიჯერებ, რომ აქ რაღაც გადატრიალება მზადდებოდა და სუსს ეს კობახიძისგან გაეგო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ბევრად ურო მაღალი წარმოდგენა მაქვს.
_ არანაირი გადატრიალება არ იგეგმება და საინტერესოა, რა ინფორმაცია უნდა მიეტანა ამ ბოროტ პაჟს სუსში. ეს არის ივანიშვილის მოფიქრებული სცენარი. ძალიან სასაცილოა, როცა გავრილოვის ჩამომყვანი სხვას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აბრალებს. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ის ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდეს.
_ კობახიძე ასე რომ გათავხედდა, ეს ოპოზიციის ბრალი ხომ არ არის? „გავრილოვის ღამეს“ და მის შემდეგაც მის გადადგომას და პარლამენტიდან წასვლას ითხოვდით, მაგრამ გადადგომის შემდეგ გაჩერდით. ეს შეცდომა არ იყო?
_ ყველაფრის მიუხედავად, ის პროტესტი იყო შედეგიანი. ოპოზიციამ ხელისუფლება აიძულა, დათმობაზე წასულიყო. ჩვენი აქტიურობა რომ არა, არჩევნები კვლავ ძველი სისტემით ჩატარდებოდა და არა თითქმის სრულად პროპორციული სისტემით.
_ ამ სისტემით თუ ჩატარდა, ვერ გააყალბა?
_ გააყალბა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ხომ ხედავთ, რა ტოტალურ გაყალბებაზე წავიდნენ, სასურველი შედეგი რომ მოეღოთ. ძველი სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ასეთი გაყალბება საჭირო არ იქნებოდა. მე ოპოზიციის დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები შევიდა.
ამ ბრძოლის დროს ოპოზიცია ერთად დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, ერთ მაგიდასთან ვისხედით. ერთად ვიდექით აქციებზე და დღემდე ერთად ვიბრძვით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
_ ამის მიუხედავად, ვერ შეძელით კობახიძის გაძევება პარლამენტიდან.
_ ეს ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ამაზე ბევრი აღარ ვიბრძოლეთ. ის დარჩა პარლამენტში და ამით ბიძინა ივანიშვილს უფრო აზიანებს, ვიდრე ოპოზიციას.
_ ბიძინა ივანიშვილს რანაირად აზიანებს?
_ ყველამ იცის, რომ ირაკლი კობახიძე ივანიშვილის „ლიუბიმჩიკია“.
_ მართლა ბიძინას „ლიუბიმჩიკია“?
_ ეს აშკარად ჩანს. კარგი მონაა და ეს ოლიგარქს ძალიან მოსწონს. იმდენს ვერ ხვდება, რომ ამ ბოროტი პაჟის განცხადებები სულ უფრო აღიზიანებს ხალხს. ხალხი ფიქრობს, რომ ის ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებს.
_ ფიქრობთ, რომ ის ივანიშვილის მოსაზრებებს არ იზიარებს და თავისი ინიციატივით ამბობს იმას, რასაც ამბობს?
_ ივანიშვილის აზრებსაც ახმოვანებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცდილობს, საშინელება თქვას ოპოზიციაზე და ჰგონია, ამით ივანიშვილს ერთგულებას დაუმტკიცებს. სინამდვილეში კი მას აზიანებს. ასეთ გამაღიზიანებელ ფიგურებს „ნაციონალები“ საგულდაგულოდ მალავდნენ.
_ ბოკერია და მაია ნადირაძე გადამალა ერთხელ სააკაშვილმა.
_ გადამალა იმიტომ, რომ ისინი ხალხს აღიზიანებდნენ. ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ კობახიძე საზოგადოებაში საშინელ აგრესიას იწვევს, მაგრამ მის გადამალვაზე არც კი ფიქრობს. არჩევნების პერიოდში სულ წინა პლანზე ჰყავს გამოყვანილი და საზოგადოებას აღიზიანებს. აშკარაა, რომ ეს ივანიშვილს ძალიან მოსწონს და იმდენს ვერ ხვდება, რომ კობახიძის გამოხტომები მის იმიჯზე აისახება ცუდად.
_ ლაშა, დარბევის დეტალებზეც მინდა გკითხოთ. პანდემიის დროს, ნოემბრის ცივ ღამეს, ადამიანებისთვის ცივი წყლის ჭავლის მიშვება დახვრეტის ტოლფასია. რატომ მიმართა ხელისუფლებამ ამ გზას?
_ იმიტომ, რომ მოძალადეა. ძალიან კარგად იციან, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, მაგრამ მაინც წავიდნენ ამ ნაბიჯზე და ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს. მე გადავრჩი გაციებას, მაგრამ ყველა ვერ გადარჩებოდა. ცესკოსთან ცეცხლი გვქონდა დანთებული და აქციის მონაწილეების ნაწილი იქ შრებოდა და თბებოდა. გავშრებოდით, წავიწევდით წინ და ისევ წყლის ჭავლს გვესროდნენ.
_ ექიმების ნაწილი აქციის მონაწილეებისთვის წყლის მიშვებას პროტესტით შეხვდა. სამაგიეროდ, მუშკეტერებად წოდებული ექიმები გაყუჩდნენ. ყველგან რომ კორონა ელანდებათ, ცივ ღამეს წყლის ჭავლის მიშვებაზე თქვეს, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. მათ სამარცხვინო კომენტარზე თქვენ რას იტყვით?
_ ვერ ვიტყვი, რომ მათგან ასეთი შეფასება მოულოდნელი იყო. ისინი ხომ ივანიშვილისა და მისი პარტიის პიარშიკებად ჩამოყალიბდნენ. ამბობენ იმას, რაც ხელისუფლებას აწყობს. ამიტომ არ გააპროტესტეს ნოემბრის ღამეს ხალხის წყლის ჭავლით დარბევა. ძალიან გავბრაზდი, ასეთი კომენტარი რომ გააკეთეს, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა.
ზაფხულში აჭარაში კორონამ იფეთქა, მაგრამ ხელისუფლების მოთხოვნით მუშკეტერებმა აჭარის ჩაკეტვა არ მოითხოვეს. სამაგიეროდ, ჩაკეტეს მესტია. არადა, იქ ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა.
_ ბათუმი დენდროლოგიური პარკის გამო არ ჩაკეტეს, სადაც ადამიანები დისტანციის დაცვის გარეშე, უნიღბოდ გადაადგილდებოდნენ.
_ აჭარაში სათანადო ღონისძიებები სხვადასხვა მიზეზით არ გაატარეს. მარტო დენდროლოგიური პარკის გამო არ მოქცეულან ასე. აჭარის ამბავმა ერთ ძალიან ცუდ დასკვნამდე მიმიყვანა. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასეა, მაგრამ სხვა ახსნა ამას, უბრალოდ, არ აქვს.
_ რა დასკვნამდე მიხვედით?
_ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კორონავირუსს აღარ ებრძვის და ის თავის ნებაზე მიუშვა, რითაც ასობით ჩვენი მოქალაქე, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა.
_ ხელისუფლებამ სიკვდილისთვის ის ადამიანებიც გაწირა, ვის დასარბევადაც წყლის ჭავლი გამოიყენა.
_ ეს ადამიანებიც გაწირეს. ზაფხულში ბათუმი რომ ჩაკეტილიყო, დღეს კორონის გავრცელების მხრივ ასეთი სავალალო მდგომარეობა არ გვექნებოდა. როცა ერთი და ორი შემთხვევა ფიქსირდებოდა, მთელი ქვეყანა ჩაკეტეს. სამაგიეროდ, მაშინ არაფერი მოიმოქმედეს, როცა კორონამ იფეთქა. ვფიქრობ, მუშკეტერებმა ამასან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთონ.
_ მუშკეტერების აზრი უკვე აღარ არის საინტერესო.
_ რანაირად იქნება საინტერესო, ყველამ იცის, რომ ისინი იტყვიან მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას აწყობს. ხელისუფლება ამ პანდემიას სათავოსოდ იყენებს. ასე იყო გაზაფხულზე, როცა მთელი ქვეყანა ჩაკეტეს და ასე ახლაც.
_ ახლა მთელი ქვეყანა არ ჩაუკეტიათ. ჯერ მხოლოდ დიდ ქალაქებში დააწესეს ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვა.
_ ეს არის ჩვეულებრვი კომენდატის საათი, რომლის შემოღებაც არის სრული უაზრობა და აბსურდი.
_ რატომ არის უაზრობა?
_ იმიტომ, რომ ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ვინმემ ამიხსნას, რა შედეგს მოიტანს 22.00 საათიდან 05.00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ივანიშვილს ეტყობა, ჰგონია, რომ კორონა მხოლოდ ღამის საათებში ვრცელდება. ამ ვერსიას თუ განავითარებდა, მუშკეტერებიც დაეთანხმებოდნენ. აბა, მის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდნენ.
_ ამ შეზღუდვების დაწესებას ივანიშვილის ძილის რეჟიმთანაც ხომ არ აქვს რამე საერთო? „ქართული ოცნების“ ლიდერი ხომ 22 საათზე იძინებს და დილით 6 საათზე დგება.
_ ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ სპეციალურად შეარჩიეს ეს დრო. ეტყობა, ივანიშვილს უნდა, რომ მთელმა ქვეყანამ 22 საათზე დაიძინოს, რომ მას მშვიდი ძილი არაფერმა დაუფრთხოს. ეს შეზღუდვები მისი მშვიდი ძილის გარანტი უფროა, ვიდე კორონასთან ეფექტიანი ბრძოლისკენ გადადგმული ნაბიჯი. რაღაც სისულელე მოიგონეს. კაცმა ამათ რომ დაუჯეროს იფიქრებს, რომ კორონა მხოლოდ ღამეა საშიში. კორონა დღისითაც ვრცელდება. გადახედონ გადაჭედილ საზოგადოებრვ ტრანსპორტს და გვითხრან, არის თუ არა ეს საშიში? მუშკეტერები არც ამაზე იღებენ ხმას. ამ თემაზე ყურადღების გამახვილება ხელისუფლების ინტერესებში ჯერ არ შედის.
ეს მუშკეტერები აქამდეც კითხვის ნიშნებს ბადებდნენ, მაგრამ 8 ნოემბერს ცერცვაძემ და ამირან გამყრელიძემ ძალიან ცუდი რამე იკადრეს. როცა ადამიანები წყლის ჭავლით დაარბიეს, თავად უნდა გამოსულიყვნენ და განგაში აეტეხათ. როცა ამაზე ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს, თქვეს რომ ამ თემაზე ექსპერტებად ვერ გამოდგებიან.
_ ამხელა ექიმებმა დავიჯერო, არ იციან, რა შეიძლება მოჰყვეს პანდემიის დროს ცივ ღამეს ადამიანების ცივი წყლით დარბევას?
_ ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამაზე საუბარი არ ისურვეს. აი, ესაა ქვეყნის ტრაგედია და სირცხვილი, ამ ექიმებს! თუ არ იციან, რა მოსდევს სხეულის გადაციებას, მაშინ მთლად კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
სამედიცინო სასწავლებლის ნებისმიერი პირველკურსელი გეტყვით, რომ სხეულის გადაციება ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაცივდა მაგ საღამოს, ბევრიც კორონავირუსით დაინფიცირდა. ექიმებმა ეს არათუ არ გააპროტესტეს, კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვეს. ეს ძალიან ცუდია. ამის გამო ცერცვაძესაც და გამყრელიძესაც მაგრად შერცხვებათ. ჯერ ისინი ხელისუფლების გამართლების რეჟიმში არიან.
_ მაგას სჯობდა, სათანადოდ მომზადებულიყვნენ ვირუსთან საბრძოლველად.
_ გვაბოლებდნენ, მზად ვართო და რა მივიღეთ, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის ჩამოშლილი.
_ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პრობლემებია.
_ აღიარება რა საჭიროა, ისედაც ყველაფერი ნათელია. 112 გამოძახებაზე არ მიდის. საავადმყოფოებში ადგილები არ არის. ადამიანებს ეუბნებიან, სახლში დარჩით და წყალი დალიეთო.
იმედი მაქვს, რომ 8-9 ნოემბრის დარბევის შედეგად ბევრი ადამიანი არ გახდება ავად. იმის იმედიც მაქვს, რომ მათ მკურნალობაზე უარს არ იტყვიან. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
_ თქვენ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში იყავით. ამ დარბევის გამო ხალხი თუ შეშინდა?
_ არავინ შეშინებულა. ხომ მოგიყევით, მოგვიშვებდნენ ჭავლს და დავსველდებოდით, მივირბენდით კოცონთან, გავშრებოდით და ისევ აქციაზე მივრბოდით. არც ხალხი და არც ლიდერები არ შეშინებულან. არადა, ყველა აცნობიერებს, თუ რა საფრთხესთან არის სხეულის გადაციება დაკავშირებული. ქართველი ხალხის შეშინება ასეთი იოლი არ არის. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და ამას ივანიშვილსაც დავუმტკიცებთ.
_ ხალხი ასეთ დარბევებს უარესი პროტესტით რომ პასუხობს, ვიცით, მაგრამ ახლა კორონის ფაქტორია გასათვალისწინებელი.
_ ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ. მაქსიმალურად ვიცავთ დისტანციას, ვარიგებთ პირბადეებს. ვცდილობთ, რომ ყველას ეკეთოს პირბადე, მაგრამ როცა ცივ წყალს გვასხამენ, ვერაფერს გავხდებით. ახლა ჩვენ ორი ვირუსის წინააღმდეგ ვიბრძვით: ერთია კოვიდ-19 და მეორე _ ბიძინა-41. ეს მეორე ვირუსი უფრო სახიფათოა.
_ რით არის უფრო სახიფათო?
_ ეს ვირუსი თუ არ დავამარცხეთ, ჩათვალეთ, რომ ვერც კორონას გავუმკლავდებით და ხალხი შიმშილით დაიღუპება. ხელისუფლებაში „ოცნების“ დარჩენა საქართველოს დასასრულს ნიშნავს. ჩვენ ეს ხელისუფლება არჩევნებით დავასრულეთ, მაგრამ რუსმა ოლიგარქმა არჩევანი მოგვპარა. ახლა იძულებული ვართ, ქუჩის აქციებით დავიბრუნოთ ეს არჩევანი.
_ დაიბრუნებთ?
_ უნდა დავიბრუნოთ. სხვანაირად ეს ქვეყანა დაიღუპება. ხალხის განწყობა და ოპოზიციის შემართება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ არჩევანს დავიბრუნებთ. ოლიგარქსა და მის მსახურებს უკანონობა აღარ გაუვათ. ივანიშვილი არც გასულ წელს აპირებდა დათმობაზე წასვლას, მაგრამ მოუწია. ახლაც ასე იქნება. მთავარი ისაა, რომ უკან დახევას არავინ აპირებს, უკან დასახევი გზა, უბრალოდ, არ არის.
_ ხელისუფლების მომხრეები ფიქრობენ, რომ უკვე დაიხიეთ უკან.
_ ჩვენ უკან არ დაგვიხევია.
_ უკანდახევად ჩაითვალა ის, რომ ცესკოსთან დარბევის შემდეგ აქცია აღარ გაგრძელდა.
_ ეს უკანდახევა არ ყოფილა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ბევრი პროვოკატორი შემოაგზავნა ხელისუფლებამ აქციაზე. ცესკოს შენობა მიყრუებულ და ბნელ ადგილზეა. ასეთ ადგილზე პროვოკაციების მოწყობა ადვილია. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით დავიშალეთ. პროტესტი გაგრძელდება. რა შეგვიძლია, ამას მალე ნახავს ხელისუფლება.
შორენა მარსაგიშვილი