ლაშა ჩხარტიშვილი: „ივანიშვილი პარლამენტს მალე ბუნკერში გადაიტანს“

საქართველოს პარლამენტი ნელ-ნელა ნამდვილ ქაჯეთის ციხედ გადაიქცა. მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში დაშვება შეზღუდა. პარლამენტში მოხვედრა ჟურნალისტებსაც შეეზღუდათ. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა და მათ კომენტარებს აღარ აძლევს. ასეთი რამე წინა ხელისუფლებასაც გაუკეთებია, მაგრამ პარლამენტში საშვიანი ჟურნალისტების შესვლა არ აუკრძალავს.

პარლამენტში რამდენჯერმე არ შეუშვეს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც იქ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას უნდა დასწრებოდა. ერთხელ საერთოდ არ გააგებინეს, რომ პროექტი განიხილებოდა. მეორედ უთხრეს, რომ სისტემამ გაჭედა და პარლამენტში ვერ შევიდოდა. „ქრონიკა“-სთან ლაშა ჩხარტიშვილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაჭედილი სისტემა მოღვაწეობას:

_ ლაშა, ხელისუფლებამ პარლამენტში დაშვება შეზღუდა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

_ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უკანასკნელი ორი წელია, რაც სრული დიქტატურისკენ მიექანება. მხოლოდ დიქტატურის დამყარების სურვილით აიხსნება ის შეზღუდვები, რაც პარლამენტში წესდება. როგორ შეიძლება, პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცე ჟურნალისტს, რომელსაც საშვი აქვს? პარლამენტში შესვლის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. მთავარია, მას შესაბამისი საშვი ჰქონდეს.
საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქამდეც გართულებული იყო, ახლა კიდევ უფრო გაართულეს. ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა. ივანიშვილი სრული დიქტატურისკენ მიექანება.

_ როდიდან დაიწყო პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება?

_ გავრილოვის ღამის შემდეგ. იმ დღეს, როცა რუსი კომუნისტი ხელისუფლებამ პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასვა. პარლამენტში შევიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მათ საშვები ჰქონდათ და გავრილოვი იქიდან გააძევეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე შეზღუდვები დაეწესებინა.
პარლამენტში თავისუფლად ვეღარ შედიან ვერც მოქალაქეები, ვერც ჟურნალისტები და ვერც სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის კანონის დარღვევა, რადგანაც პარლამენტი გახლავთ ორგანო, რომლის მუაობაში რაც შეიძლება ბევრი ხალხი უნდა მონაწილეობდეს.
ივანიშვილის დაწესებული შეზღუდვები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ახლო წარსულში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არც მე მომეცა. ბევრია ჩემს სანაცნობოში ისეთი, ვისაც პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

_ ამ ადამიანებს ჰქონდათ საშვი?

_ ჰქონდათ, მაგრამ არ შეუშვეს.

_ რანაირად? საშვი თუ აქვს ადამიანს, რა უფლებით არ უშვებ?

_ თავიანთი გადაწყვეტილება სისტემის გაჭედვით გაამართლეს.

_ რას ნიშნავს, სისტემის გაჭედვით გაამართლეს?

_ თქვეს, საშვი კი არის თქვენზე დაშვებული, მაგრამ სისტემამ გაჭედა და ამიტომ ვერ შეგიშვებთ პარლამენტშიო. პარლამენტის ელექტროსისტემა ნორმაშია, მაგრამ „ოცნებას“ თავისი ოლიგარქით და სისტემით მართლა გაჭედილი აქვს.

_ თქვენც სისტემის გაჭედვის საბაბით არ შეგიშვეს პარლამენტში?

_ ჩემი ისტორია ძალიან საინტერესოა. მე კომიტეტის სხდომას უნდა დავსწრებოდი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, კომიტეტის სხდომები არის ღია და მასზე დასწრების უფლება ყველას აქვს, მთავარია, ჰქონდეს საშვი. მე პარლამენტში შევედი საკანონმდებლო ინიციატივით, სადაც ვითხოვდი რეზინისა და პლასტიკის ტყვიების გამოყენების აკრძალვას.

_ ეს ინიციატივა გავრილოვის ღამის შემდეგ მოამზადეთ?

_ გავრილოვის ღამის შემდეგ მოვამზადე ეს ინიციატივა. მსგავსი ტყვიები წინა ხელისუფლებამაც გამოიყენა აქციის მონაწილეების მიმართ. 2009 წლის 6 მაისს, პოლიციის სამმართველოსთან აქტიურად გამოიყენა მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი ტყვიები. მაშინაც არაერთი ადამიანი დასახიჩრდა. 2019 წლის 20 ივნისის ღამე იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამ მეთოდის გამოყენება უნდა აიკრძალოს. აქციის დაშლა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებითაც შეიძლება.
ჩემი მომზადებული კანონპროექტი შევიდა პარლამენტში და დაიწყო მისი განხილვა. განიხილეს საკომიტეტო სხდომაზე. ეს განხილვა ჩატარდა ავტორის, ანუ ჩემ გარეშე. ერთ შემთხვევაში საერთოდ არ გამაგებინეს, რომ განხილვა იყო, მეორე შემთხვევაში მითხრეს, რომ სისტემამ გაჭედა.

_ ორჯერ შეიტანეთ კანონპროექტი?

_ ორი სხვადასხვა კანონპოექტი შევიტანე. ერთი ეხებოდა რეზინის ტყვიების გამოყენებას, ხოლო მეორეში შრომითი უფლებების დაცვაზე იყო საუბარი. ჩემი აზრით, შრომითი უსაფრთხოების დაცვაზე ჯარიმები უნდა გამკაცრდეს. მილიონიან კომპანიებს 7.000-ლარიან ჯარიმას რომ უწესებ ადამიანის სიკვდილზე, ეს სასაცილოა. ასე არ დამიშვეს განხილვაზე.
ახლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ამკაცრებენ პარლამენტში დაშვებას და საბოლოოდ გააფორმებენ დიქტატურას. ივანიშვილი მალე ბუნკერში გადაიტანს პარლამენტს. რუსი ოლიგარქი, ეტყობა, ალბანეთის დიქტატორ ემირ ხოჯას ებრძვის. ეს უკანასკნელი ბუნკერების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. ებრძოდა ყველასა და ყველაფერს. ქვეყანას ბუნკერში აცხოვრებდა. ხუმრობის გარეშე ვამბობ, მალე შესაძლოა, პარლამენტი ბუნკერში გადაიტანონ.

_ ბუნკერში რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა?

_ რასაც პარლამენტის შენობაში აკეთებენ. ისინი არიან ბიძინას მონები და სიამოვნებით წავლენ იქ, სადაც მათ უფროსი გაუშვებს. 17 ივლისის აქციაზე პარლამენტის ელექტრონული განათების საშუალებით სათამაშოების სახლი დააწერეს. ასეთი ზუსტი შეფასება ამ პარლამენტზე ჯერ არავის გაუკეთებია. პარლამენტი გახდა ჩვეულებრივი სათამაშოების სახლი. იქ დეპუტატები კი არ არიან, არამედ ივანიშვილის სათამაშოები. ალბათ, ეს ოპოზიციაზე იმოქმედებს.

_ რა მიმართულებით იმოქმედებს?

_ იმედი მაქვს, რომ ისინი ივანიშვილის სათამაშოების სახლში არ მოინდომებენ საქმიანობის გაგრძელებას. სათამაშოების სახლში დარჩენა იმ ოპოზიციამ ნამდვილად არ უნდა მოისურვოს, ვისაც დემოკრატიაზე აქვს რაიმე პრეტენზია. თუ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს სათამაშოების სახლია, იქ ის ადამიანები არ უნდა დარჩნენ, ვინც მონად და სათამაშოდ არ მიიჩნევს თავს.
ძალიან ბევრს ეწყინება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. პარლამენტში შესული ოპოზიცია დღეს მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებს. დეკორაციის როლის შესრულებას, კი იქიდან წამოსვლა სჯობს.

_ მთლად დეკორაცია რატომ არიან, განცხადებებს ხომ აკეთებენ? პროტესტს ხომ გამოთქვამენ?

_ მერე რა შედეგი მოაქვს ამას? პროტესტის გამოთქმა პარლამენტის მიღმაც შეუძლიათ. განცხადებები ქუჩაშიც კეთდება. პარლამენტში შესული ოპოზიცია დღეს არის მხოლოდ დეკორაცია. ისინი იქ ვერაფერს გააკეთებენ. რაც მალე დატოვებენ ივანიშვილის სათამაშოების სახლს, მით უკეთესი იქნება მათთვის. თავის დროზე არც უნდა შესულიყვნენ. ვთქვათ, შეცდნენ, მაგრამ ხომ მიხვდნენ, რომ შეცდომა იყო და უნდა გამოასწორონ. აქამდე კიდევ შეიძლება გაემართლებინათ პარლამენტში დარჩენა, მაგრამ 5 ივლისის შემდეგ ვეღარ გაამართლებენ პარლამენტში დარჩენას. 5 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ეცემათ ჟურნალისტები. ის არის ჟურნალისტების ცემა-დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი.

_ აქამდე ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდა. ახლა ყველა ღარიბაშვილისკენ იშვერს ხელს. ღარიბაშვილმა ეს ივანიშვილის გვერდის ავლით გააკეთა?

_ ივანიშვილის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება. ივანიშვილის მითთებით გასცა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების ცემის ბრძანება. ივანიშვილმა გასცა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება, რომელსაც თვალთხარია გახარია დღემდე საკუთარ თავზე იღებს. ყველა უბედურების უკან დგას ივანიშვილი. მის გარეშე „ოცნება“ ერთ ნაბიჯს არ დგამს. ის თუ არ იქნა თანახმა, დამლაგებელს არ ნიშნავენ და დარბევის ბრძანებას დამოუკიდებლად როგორ გასცემდნენ? ამ ფონზე მისასალმებელია, რომ დასავლეთი სანქციებზე ალაპარაკდა. იმედია, ეს სანქციები დაწესდება. სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას აცხოვრებს დიქტატურაში. დიქტატურაა, აბა რა არის, როცა ქვეყანაში ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

_ დაუწესდება ეს სანქციები უშუალოდ ივანიშვილს? ის ხომ ოფიციალურად აღარ მართავს ქვეყანას? პარტიის თავმჯდომარეობიდანაც კი წავიდა.

_ მერე რა, რომ წავიდა? ყველამ იცის, რომ ის არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ცნობისთვის: მე ვიყავი პირველი, ვინც ივანიშვილი ყადაფს შეადარა. ეს შედარება მას შემდეგ გავაკეთე, რაც მან პრემიერის პოსტი დატოვა და ჩრდილიდან დაიწყო ქვეყნის მართვა. მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო გზა ყადაფისა და „ოცნების“ ლიდერს შუშის ყადაფი დავარქვი.

_ შუშის ყადაფი რატომ?

_ შუშის სასახლეში ცხოვრობს და სახელი აქედან გამომდინარე შევურჩიე. ახლა შემიძლია, მას უკვე ბუნკერის ყადაფი დავარქვა. ის არის დიქტატორი და სანქციებიც პირადად მას უნდა დაუწესდეს. რაც შეეხება „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან მისი მონები. ივანიშვილის მონაა პრემიერად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი გადადგომის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

_ მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რატომ იქნება მნიშვნელოვანი?

_ იმიტომ, რომ არსებითად მისი შეცვლა არაფერს შეცვლის, ივანიშვილი ახალ ღარიბაშვილს, ახალ ანტონისა და ახალ ტრი-ტრის გამონახავს. მის გარემოცვაში ასეთები მრავლად არიან და ახალი პრემიერის პოვნა არ გაუჭირდება.

_ ახალ ღარიბაშვილს თუ იპოვის, რა აზრი აქვს ამის გადაყენებას?

_ ფსიქოლოგიურად იქნება ეს მნიშვნელოვანი. ხალხი დაინახავს, რომ ბრძოლას მოაქვს შედეგი.

_ გააჩნია, რა იქნება შედეგი. მის ადგილზე ირაკლი კობახიძე თუ დანიშნა, მერე სად მივდივართ? ის ღარიბაშვილზე უარესია.

_ ღარიბაშვილზე უკეთესს რატომ მოიყვანს? ის შეეცდება, უარესი კადრი მოძებნოს, შეიძლება მართლა კობახიძე დანიშნოს პრემიერად. თუმცა დასავლეთი თუ სერიოზულად განახორციელებს ზეწოლას, ივანიშვილი ამდენს ვეღარ გაბედავს. სანამ ეგ მართავს ქვეყანას, პრემიერის პოსტზე ნორმალურ ადამიანს არ უნდა ველოდოთ. ის შეიძლება ღარიბაშვილზე უარესი იყოს, მაგრამ ღარიბაშვილი მაინც უნდა გადავაყენოთ. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ დამნაშავეს პოლიტიკურად აგებინა პასუხი. სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ამ ხელისუფლების პირობებში არც უნდა ვიოცნებოთ.
ღარიბაშვილის მოთხოვნის პარალელურად საზოგადოებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოითხოვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

_ ვადამდელი არჩევნების ბედი ხომ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გადაწყდეს?

_ მთელი საზოგადოება თუ ჩაერთვებოდა პროტესტში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახლაც დაინიშნებოდა. თუ არ იქნება საყოველთაო პროტესტი, მაშინ 2 ოქტომბერს უნდა დაველოდოთ.

_ ამ 2 ოქტომბრის არჩევნებ-რეფერენდუმის იმედი გაქვთ?

_ სხვა თუ არაფერი იქნა, მოგვიწევს ამ რეფერენდუმის იმედად ყოფნა, სადაც ივანიშვილს 14%-იანი ფორა აქვს. ეს დიდი უსამართლობაა, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოლიგარქს მოვუგოთ. ხელისუფლებას რომ ასეთი უპირატესობა მიეცა, ამაზე ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ხელი მოაწრა შარლ მიშელის სახელით ცნობილ დოკუმენტს.

_ ოპოზიციას აკისრებთ პასუხისმგებლობას? სწორად გავიგე?

_ ყველა არის პასუხისმგებელი, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნებისმიერი გამოკითხვა თუ რეფერენდუმი ტარდება თანაბარ პირობებში, ამ შემთხვევაში 14%-იანი ფორა ეძლევა ოლიგარქს.

_ 43% 57%-ზე მეტი რატომ არის, ეს ყველასთვის ამოუცნობი ამბავია.

_ ამაზე ახსნა-განმარტება იმათ მოვთხოვოთ, ვინც დოკუმენტს მოაწერა ხელი. ოპოზიციას მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და აქამდე არ მივიდოდა საქმე. ახლა ივანიშვილისკენ არის უპირატესობა.

_ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს რეფერენდუმი მის სასარგებლოდ დასრულდეს?

_ მონდომება თუ იქნება, შეგვიძლია, მოვუგოთ ივანიშვილს. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. ამ შეთხვევაშიც ბევრი რამე იქნება ოპოზიციაზე დამოკიდებული. პირველი ნაბიჯები პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ უნდა გადადგას.

_ რა უნდა გააკეთოს პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ?

_ პარლამენტი უნდა დატოვოს.

_ ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს არაა საკმარისი?

_ არაა საკმარისი. სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადება და პარლამენტის დატოვება სხვადასხვა რამეა. ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიცია წამოვიდეს პარლამენტიდან და ივანიშვილი თავის კრიმინალურ „ოცნებასთან“ ერთად მარტო დატოვოს.

_ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბოიკოტიც სერიოზული იარაღია.

_ გააჩნია, რომელ ქვეყანაში ხდება ეს. ივანიშვილის პარლამენტში რომ შეხვალ, იქ სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აზრი არ აქვს. პარლამენტი ოპოზიციამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ეს ძალიან ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.
რამდენად მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ოპოზიცია, არ ვიცი, გაცილებით უფრო იოლი მოსაგვარებელია აქციები. ქვეყანაში სულ უნდა იყოს საპროტესტო აქციები. პროტესტი არ უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ შეკრებებსა და სიტყვით გამოსვლებს არ ვგულისხმობ.

_ აბა, რას გულისხმობთ?

_ პარლამენტის წინ ისევ უნდა აღიმართოს კარვები.

_ კარვების აღდგენას რა აზრი აქვს? აწუხებს ეს ხელისუფლებას?

_ როგორ არ აწუხებს. 5 ივლისი სწორედ იმიტომ მოაწყვეს, რომ კარვები აეღოთ და ჟურნალისტები ეცემათ. პარლამენტის წინ გაშლილი კარვები ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

_ კარვების ხელახლა გაშლის თემაზე სხვა ოპოზიციონერებთან თუ გისაუბრიათ? იზიარებენ ისინი თქვენს მოსაზრებას?

_ ამ შემთხვევაში ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ. მე მიმაჩნია, რომ პარლამენტთან კარვები უნდა გაიშალოს. ამის პარალელურად ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი. ეს ერთად ძალიან ეფექტიანი იქნება.

_ რა მხრივ იქნება ეფექტიანი?

_ პროტესტს მისცემს ახალ სახეს, რაც წარმატების წინაპირობა იქნება. ის პროტესტი, რაც ახლა მიდის, არასაკმარისია.

_ რისთვის არის არასაკმარისი?

_ თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის გადასაყენებლად. აღარაფერს ვამბობ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. შედეგის მიღწევა თუ გვსურს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს და პარლამენტის წინ კარვები გაიშალოს.

_ პრაიდზე რას იტყვით?

_ პრაიდი იყო მხოლოდ საბაბი. მოძალადეებს პრაიდი და ლგბტქ თემი საერთოდ არ აინტერესებდათ. მათ ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული, უნდა დაეშალათ კარვები და ეცემათ ჟურნალისტები. ჟურნალისტების ცემა ძალიან, ძალიან უნდოდა ამ ხელისუფლებას.

_ ეს აშკარაა, 53 ჟურნალისტს რომ სცემ, ყველაფერი ნათელი ხდება.

_ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვიღაცები მაინც ამტკიცებენ, რომ 53 ჟურნალისტს შემთხვევით სცემეს. ერთი და ორი რომ ეცემათ, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა შემთხვევითობაზე, მაგრამ ერთ დღეს 53 ჟურნალისტს რომ სცემ, ეს შემთხვევითობა არაა, ეს არის მიზანმიმართული დევნა.
მოძალადეებს ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ჟურნალისტები სამაგალითოდ დაესაჯათ. ეს დავალება შეასრულეს ხელისუფლებისგან მართულმა ტიპებმა. ხალხი, რომელსაც პრაიდის მიმართ პროტესტი ჰქონდა, გამოიყენეს.
ხელისუფლებამ იმ დღეს ჟურნალისტებზე ღიად ინადირა. ეს ყველას ძვირად დაუჯდა და ამაზე „ქართული ოცნებაც“ აგებს პასუხს. ეს მმართველ პარტიას წესით უნდა ესმოდეს.

_ თუ ესმით, რაც მოჰყვება ამას, წესით, ეგ ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ.

_ როგორ არ ესმით, უბრალოდ, ისე უნდოდათ ჟურნალისტების დასჯა, რომ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს. ამაზე ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად აგებს პასუხს. იმედი მაქვს, ჟურნალისტების დასაცავად ყველა დაირაზმება. ჩვენს მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ნშნავს თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია ახლა განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. შსს, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, ყველაფერი ივანიშვილს ჯიბეში დევს. ამ ვითარებაში სამართლის პოვნა ძალიან ძნელია. თავიანთი სიმართლის დამტკიცება ადამიანებს მხოლოდ მედიის დახმარებით შეუძლიათ. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მედია და აუცილებლად უნდა დავუდგეთ მას გვერდით. მედიასთან ომი არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია და ვერც ეს ხელისუფლება მოიგებს.

შორენა მარსაგიშვილი