ლაშა ჩხარტიშვილი: „ამერიკელების გააქტიურება „ქართული ოცნების“ პრორუსულ კურსს უკავშირდება“
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საამებლად ყველაფერს აკეთებს. თუკი რუსეთიდან სახმელეთო გზით საიდანმე შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა, ყველგან გზას აშენებს. რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აშენებას გეგმავს ის მამისონის მიმართულებითაც. რამდენიმე წელია, რაც ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელიც ჩვენი დაუძინებელი მტერია, საქართველოსთან საავტომობილო მიმოსვლას ითხოვს. ჩეჩნეთის მხრიდან საქართველოს საზღვრამდე უკვე მოყვანილია სამანქანე გრუნტის გზა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, ეჭვობს, რომ მალე ეს გზა გაიხსნება. რუსეთს მოყვანილი აქვს გზა ყვარლის რაიონამდეც. ჩხარტიშვილი არც ამ გზის ამოქმედებას გამორიცხავს. ყველაზე მეტად მისი აღშფოთება მამისონის მიმართულებით გზის მშენებლობამ გამოიწვია. ამბობს რომ ამ გზას მხოლოდ ერთი დანიშნულება ექნება _ ხელი შეუწყოს რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.
რატომ არის მამისონის გზა მესამე როკის გვირაბი? რა ნიადაგს უქმნის „ქართული ოცნება“ მოსკოვს საქართველოში? რატომ დაინტერესდა ამერიკა ასე ძალიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.
_ როცა გაირკვა, რომ ხელისუფლება მამისონის მიმართულებით რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყებას აპირებდა, თქვენ მას მესამე როკის გვირაბი უწოდეთ და ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეთ. რატომ არის ეს გზა ასეთი სახიფათო?
_ ყველაზე სახიფათო თავად „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკაა. რუსი ოლიგარქის დავალებით ეს ძალა ყველა მიმართულებით აშენებს გზებს, თუკი საიდანმე შეიძლება რუსეთთან დაკავშირება. საეჭვოდ აფართოებენ შატილის გზას. მეეჭვება, რომ ამ გზას მხოლოდ იმიტომ ადიდებენ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უფრო კომფორტულად იმგზავროს.
_ რატომ გეეჭვებათ? შატილში ბევრი ადამიანი დადის და კარგი გზები ხომ საჭიროა?
_ ეს ხელისუფლება კარგ გზებს არ აკეთებს, ის მხოლოდ იმ მიმართულებით მუშაობს, რა ვექტორიც რუსეთის ინტერესებში შედის.
_ შატილის გზის გაფართოებაც რუსეთის ინტერესებში შედის?
_ რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, ამ გზის გაფართოება იმ პროექტს უკავშირდება, რომელიც რამზან კადიროვმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. ჩეჩნეთის მხრიდან შატილის მიმართულებით საზღვრამდე უკვე მოყვანილია გრუნტის გზა. იგი, ალბათ, იმ გზას შეუერთდება, რომელსაც აფართოებენ.
ამის გარდა, კიდევ აპირებდნენ ერთი საეჭვო პროექტის განხორციელებას. საუბარია ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იყო. ის საქართველოს ბუნების განადგურების მეტს არაფერს მოუტანდა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი გააჩინა.
_ სავარაუდოდ, ამიტომაც შეჩერდა ეს პროექტი.
_ ჯერჯერობით შეჩერებულია, ესენი თუ ხელისუფლებაში დარჩნენ, გააცოცხლებენ. ივანიშვილი საქართველოში პუტინისნაცვალი რომ არის, ეს სულ უფრო ნათელი ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის აღქმაში ამერიკელებმა ქართველებს აჯობეს. ბევრად ადრე გაშიფრეს ოლიგარქის რუსული გეგმები, ვიდრე _ ჩვენ. მათ ასეთ ჰიპერაქტიურობას სწორედ ამას მივაწერ. სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი ჩვენში მიმდინარე პროცესებით ასეთი დოზით არ დაინტერესდებოდა.
_ ვაშინგტონიდან მწვავე წერილები იმის გამო არ მოდის, რომ ივანიშვილი პუტინისნაცვალია. ამერიკელები აქ დემოკრატიის ხარისხის გაუარესებით არიან შეშფოთებულები…
_ დემოკრატიის ხარისხი აქ დიდი ხანია, რაც გაუარესდა. „ქართული ოცნება“ მრავალი წელია, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს, მაგრამ ვაშინგტონი მწვავე რეაგირებისგან თავს იკავებდა მანამდე, სანამ ივანიშვილმა ღიად არ დაიწყო რუსეთის დავალებების შესრულება. ამან დასავლეთი ძალიან გააბრაზა.
ანაკლიის პროექტი ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ რუსეთის მოთხოვნით ჩაშალა. რუსეთის მითითებით შეუქმნეს საქართველოში პრობლემები ამერიკულ ფრონტერას. ვაშინგტონს თუ აქამდე რაღაც ეჭვები ჰქონდა, უკვე დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებდა ქვეყანაში. გადაწყვეტილებებს აქ მხოლოდ ერთი კაცი იღებს. ამერიკელების რისხვაც მას დაატყდა თავს. მაღალი რანგის თანამდებობის პირები ოფიციალურ წერილებში ივანიშვილს ღიად მოიხსენიებენ რუსეთის ემისრად და პუტინის ნების აღმსრულებლად. ამერიკელები ამბობენ, რომ ოლიგარქი ხელს უშლის საქართველოს განვითარებას. ივანიშვილი უკვე თავადაც აღარ მალავს, რომ მოსკოვი მისი ხელით ცდილობს საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას.
რუსეთის გუბერნია რომ გავხდეთ, სრულებით არაა საჭირო ამ ქვეყნის შემადგენლობაში შესვლა. პოლიტიკური გავლენებითაც შეიძლება გავხდეთ მათი ნაწილი. „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი მომზადებული აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს.
_ ჩაბარება ასეთი მარტივი არ იქნება. თავადაც ამბობთ, რომ რუსულ რელსებზე გადასვლას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოყვა.
_ დასავლეთი ივანიშვილს ყველანაირად შეუშლის ხელს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს. ივანიშვილი თავისას მაინც ეცდება. მას მოსკოვთან ვალდებულებები აქვს და ისინი უნდა შეასრულოს.
ყველა ჩვენგანს მწარედ ახსოვს როკის გვირაბი, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ააშენა და საქართველოს სრული ოკუპაციისთვის საფუძველი მოამზადა. როკის გვირაბმა ქართული მიწების ოკუპაციაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ წლების მანძილზე არაერთი აგრესია ვნახეთ რუსეთის მხრიდან. იყო რამდენიმე ომი, ამ ომების შედეგად ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსებმა ეს არ იკმარეს და ახლა მავთულხლართებით ღობავენ ჩვენს მიწას. ამაზე ხელისუფლება ხმას არ იღებს.
ვიცით რა რუსეთის ბუნება, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შეუშალოს იმ პროექტების განხორციელებას, რაც მოსკოვის ავ ზრახვებს სისრულეში მოიყვანს. მოსკოვს საქართველოს გადაყლაპვა აქვს განზრახული. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემთხვევაში პირიქით ხდება.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უამრავ ვალს იღებს და ყოველგვარი საჭიროების გარეშე მაქსიმალურად ცდილობს, გზები ააშენოს რუსეთის მიმართულებით. არადა, ამ დროს უამრავი გზაა დასამთავრებელი. მაგალითად, დაუსრულებელია თბილისი-ბათუმის მაგისტრალი; მისახედია თუშეთის გზა _ თუშეთი მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ადგილია, ნორმალური ხელისუფლება, პირველ რიგში, ამ გზას მიხედავდა. ყველამ ვიცით, თუ რა რთულია თუშეთის გზა. ეს გზები არავის აინტერესებს, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართულებით მუშაობენ დიდი მონდომებით.
ამ მიმართულებით რამდენიმე საეჭვო პროექტის განხორციელება დაიწყეს. ყველას გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, თუ რატომ ცდილობს საქართველო იმ ქვეყანასთან დამაკავშირებელი ახალ-ახალი გზების მშენებლობას, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტლი გვაქვს და საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. საფრთხეებს რომ თავი დავანებოთ, ეს გზა საქართველოს არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს. ამ გზით იხეირებს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, ირანი.
_ საქართველოსაც ხომ დარჩება რაღაც მოგება? რატომ გგონიათ, რომ სარგებელს ვერ ვნახავთ?
_ რაღაც თანხა ჩვენს ბიუჯეტშიც შემოვა, მაგრამ ეს მოგება იქნება მიზერული, რადგანაც ამ გზების მშენებლობისთვის 1.5-მილიარდიანი ვალი აიღო ჩვენმა სახელმწიფომ. რუსული ინტერესი ტარდება ხადის შემოვლითი გზის მშენებლობისას. ამ ვითარებაში ძალიან მოულოდნელი იყო მამისონის გზა, რომელიც მართლა არაფერში სჭირდება საქართველოს. მეეჭვება, ვინმემ ამ გზით ისარგებლოს. ამიტომ ვამბობ, რომ მამისონის გზა მესამე როკის გვირაბია.
_ ამ მიმართულებით კომუნისტების დროს გზა იყო, ხალხი სარგებლობდა მამისონის გზით.
_ მაშინ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ახლა ამ გზას არანაირი ეკონომიკური დატვირთვა არ გააჩნია. მამისონის გზა არის მესამე როკის გვირაბი. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, ფაქტობრივად, სამხედრო გზას უშენებს, რათა კრემლმა უფრო მარტივად განახორციელოს საქართველოს ოკუპაცია. ამ პროექტს სხვა ახსნა არ აქვს! ეს აშკარა ღალატია!
_ ადგილობრივები ამ გზის მშენებლობას როგორ უყურებენ?
_ მოსახლეობა აღშფოთებულია. სოციალურ ქსელში არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკითხი საინტერესო არ აღმოჩნდა.
_ მართლაც გაატარეს ეს თემა. მესამე როკის გვირაბის მშენებლობა რატომ არ აღმოჩნდა საზოგადოებისთვის საინტერესო?
_ ძალიან ზერელედ უყურებენ ამ საკითხს და წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამხელა პრობლემის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის. არადა ნათელია, რომ ამ გზის ერთადერთი დანიშნულებაა, რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში ხელი შეუწყონ. იგივეს ვიტყვი გუდაურის შემოვლით გზაზეც, რომელიც ხადის ხეობაში უნდა აშენდეს. მამისონის გზისგან განსხვავებით, იქ კიდევ შეიძლება რაღაც მოგებაზე ისაუბრო, მაგრამ ეს მოგებაც ათეული წლების შემდეგ იქნება.
ამ გზის მშენებლობისთვის 1.5-მილიარდიანი ვალი აიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამ ვალს გადახდა ხომ უნდა?! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ გზის მშენებლობა ხადის უნიკალურ ხეობას შეიწირავს. განადგურდება უამრავი კოშკი. ამ მიმართულებით სხვა გზის აშენებაც შეიძლებოდა. ეს პროექტი, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს შექმნეს. მაგალითად, განისას მიმართულებით გზა უფრო მოკლე იქნებოდა და არც ხეობა განადგურდებოდა, ხადის ხეობას კი გაანადგურებენ. არადა, ტურისტებისთვის ის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა მემკვიდრეობა გვაქვს იქ. არქეოლოგიური კვლევები ხადაში არასდროს ჩატარებულა.
ამ გზის მშენებლობას ჯერ არ ჩაყრია საფუძველი და უკვე დაიწყეს ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.
_ რას გულისხმობთ, რა გაანადგურეს?
_ სოფელ ნაღვარევში იმ ეკლესიის გვერდით განთავსდნენ, სადაც 300-მა არაგველმა დადო ფიცი. ეს ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, კანონის თანახმად მის გვერდით არაფრის აშენება არ შეიძლება. ჩინელები 70 მეტრის რადიუსში აშენებენ 40 საძინებლიან კორპუსს. როცა ამაზე სკანდალი ატყდა, ხელისუფლებამ ხელი დაიბანა და ხალხსა და მუშებს დააბრალა ყველაფერი. დუშეთის მერი მოსახლეობას ეუბნებოდა, რატომ მიეცით საძირკვლის ჩაყრის ნებაო. არადა, ხალხი არაფერ შუაშია. მშენებლობაზე ნებართვას ხელისუფლება გასცემს.
_ საინტერესოა, რომ მშენებლობა უნებართვოდ დაიწყეს.
_ იმიტომ დაიწყეს, რომ იცოდნენ, ნებართვას მიიღებდნენ.
_ ხალხის პროტესტის შედეგად ეს მშენებლობა შეჩერდა.
_ ეს დროებითია. „ქართული ოცნება“ თუ დარჩა, ნაღვარევის ეკლესიის გვერდით აუცილებლად აშენდება ჩინელების კორპუსი. თავის დროზე ხელისუფლებამ მისცა ივანიშვილს ნებართვა, რომ ნარიყალის ისტორიულ ზონაში აეშენებინა თავისი სასახლე, ივანიშვილს შეეძლო სადმე სხვაგან, მაგალითად, ნაძალადევში ან საბურთალოზე წამოეჭიმა რეზიდენცია, მაგრამ მან ნარიყალაზე მოისურვა. შევარდნაძის ხელისუფლებამ მას ამაზე უპრობლემოდ მისცა ნებართვა.
როცა ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვა გაიცემა, ხელისუფლება ყოველთვის დამნაშავეა. ვინც ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვას იღებს, მის გემოვნებასა და სინდისზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რას ააშენებენ იქ. ჩვენს ისტორიასა და ბუნებას თავად უნდა გავუფრთხლდეთ. სხვა ამას არ გააკეთებს. სამწუხაროდ, ივანიშვილს არც ერთი აინტერესებს და არც _ მეორე. მისთვის მთავარია ფულის შოვნა და რუსეთის ინტერესების გატარება.
იმედი მაქვს, რომ ხადის პროექტი არჩევნებამდე არ დაიწყება, არჩევნების შემდეგ კი სულ სხვა ვითარება იქნება ქვეყანაში. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და შესაბამისად შეიცვლება დამოკიდებულება ქვეყნის ისტორიისა და ბუნების მიმართ. იმ ტიპის პოლიტიკური პარტიები მოვლენ ხელისუფლებაში, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის საქართველოში შემოსვლას ხელს არ შეუწყობენ.
_ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებას, ალბათ, შეუშლიან ხელს, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ხელისუფლება ხელს არ შეუწყობს გუდაურის შემოვლითი გზის მშენებლობას? ასე გვეგონა დარიალის ხეობაში ჰესებზეც, რომელსაც „ნაციონალები“ აშენებდნენ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გიგანტური ჰესების წინააღმდეგი იყო, მოვიდნენ თუ არა ქვეყნის სათავეში, ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. რა გარანტია გაქვთ, რომ ახლაც ასე არ იქნება?
_ რომელიღაცა ძალის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ხადაზე გამავალი შემოვლითი გზის მშენებლობა. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის იმედი უფრო მაქვს, მჯერა, რომ ხალხი კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში ერთი ძალა აღარ მოვა და კოალიციური მთავრობა დაიწყებს მართვას. ასეთ დროს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს.
_ გააჩნია, რა ძალები იქნებიან კოალიციურ მთავრობაში. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ რა პროპორციით შევა ახალ პარლამენტში.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილი აღარ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ამ ადამიანმა ღიად აღიარა, რომ ქვეყნიდან გვიპირებდა გაყრას. თქვა, აქ სამუშაო ადგილებს ვერ შეგიქმნით, გადაგამზადებთ და გერმანიაში წადითო. გაგვყრიდა კიდევაც, მაგრამ პანდემიის გამო მისი ეს გეგმა ჩაიშალა და ახლა ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია.
საკონცენტრაციო ბანაკში ის უფრო იოლად მოიცილებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ეზედმეტება. ივანიშვილი აუცილებლად უნდა მოვიშოროთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ და როგორი პროპორციით მოვა. სიმბოლური კოალიცია არაფერს შეცვლის. ასეთი კოალიცია თავის დროზე სააკაშვილსაც ჰყავდა. მან კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად შექმნა კოალიცია. ასეთივე კოალიცია ჰქონდა ივანიშვილს 2012 წელს. იქ რესპუბლიკელები, „ოცნება“, „მრეწველები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ შედიოდნენ. ამ ბლოკში „ოცნება“ იყო წარმმართველი, დანარჩენი პარტიები რუსმა ოლიგარქმა გამოიყენა საკაზმად.
ახლა რეალური კოალიცური მთავრობა გვეყოლება. მაგრამ, ვიმეორებ, გააჩნია შემადგენლობასაც. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, კარგად წაიკითხოს პარტიების საარჩევნო სიებიც და დაპირებებიც. ზოგს ისეთი დაპირებები აქვს, არაფრით ჩამოუვარდება „ქოცებს“. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ტყეებს ივანიშვილი გამიყიდის თუ _ „გირჩი“? არც ის მინდა, რომ კორუმპირებულები არ დაისაჯონ, როგორც ამის გაკეთებას ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია აპირებს.
_ ვინ ამბობს, რომ კორუმპირებულებს არ დავსჯითო?
_ ერთ-ერთი პარტია მიიჩნევს, რომ ადამიანებს ეკონომიკური დანაშაულების გამო პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. ეს არის კორუფციისთვის ხელის შეწყობა. კორუფცია დანაშაულია. დამნაშავე თუ არ დაისაჯა, ჩვენ სამართლებრივ ქვეყენას ვერასდროს ავაშენებთ.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ თქვენს მკითხველს, კარგად წაიკითხოს პარტიების საარჩევნო დაპირებები, რათა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. ოპოზიციურ ფლანგში ძალიან ბევრი ფიქრობს კახა ბენდუქიძის მსგავსად, რომ სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. ამ პრინციპით მოქმედება დაუშვებელია, მაგალითად, ტყეების გაყიდვა არ შეიძლება.
_ ასე ძალიან რატომ აპროტესტებთ ტყეების გასხვისებას?
_ იმიტომ, რომ არ შეიძლება. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გათბობის საშუალებად დღემდე შეშას იყენებს. ამ თემებს უნდა გადავცეთ საკუთრებაში ტყეები, მაგრამ იქაც უნდა გაკონტროლდეს ხეების ჭრა. მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ხეები უნდა დაირგას. ჩვენი ტყეები ისედაც განადგურებულია, ტყეების ჩეხა კი უამრავ უბედურებას იწვევს, მათ შორის, მეწყრებს. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ტყეების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ეს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა, რადგანაც არავის ინტერესებში არ შედიოდა. მოგეხსენებათ, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ძალიან ბევრმა მოითბო ხელი ტყეების გაჩეხით. ხალხი ჟანგბადის გარეშე და მეწყრული საფრთხეების წინაშე დატოვეს.
ძალიან სერიოზული პრობლემების შეგვიქმნა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ. მონღოლებიც კი არ ექცეოდნენ დაპყრობილ ქვეყანას ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ექცევა საქართველოსა და მის მოსახლეობას.
_ მონღოლებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შედარება ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?
_ არა! იმიტომ, რომ ისინიც კი არ იქცეოდნენ დაპყრობილ ქვეყნებში ასე ველურად, როგორც „ქართული ოცნება“ იქცევა. ისინი ცდილობდნენ, დაპყრობილ ქვეყნებში გარკვეული მდგრადობა შეენარჩუნებინათ, რათა თავადაც მიეღოთ იქიდან მოგება. ცდილობდნენ, იმ ქვეყნებში რაღაც სტაბილურობა ყოფილიყო. ეს პრინციპი განვითარებული პარაზიტის ქმედებას მაგონებს. განვითარებული პარაზიტი ცდილობს, რომ არ მოკლას მასპინძელი და მის ხარჯზე დიდხანს იკვებოს. მონღოლებიც ასევე ცდილობდნენ, ბოლომდე არ გაენადგურებინათ დაპყრობილი ქვეყანა და იქიდან სარგებელი მიეღოთ. ჩვენი ხელისუფლება კი ისე იქცევა, როგორც ყველაზე განუვითარებელი დამპყრობელი. სპობენ საქართველოს. ცდილობენ, რაც შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში სრულად გაანადგურონ ყველაფერი. ამით ისინი დიდ ეკონომიკურ სარგებელს ღებულობენ. საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნიდან გაიქცევიან და სადმე სხვაგან იცხოვრებენ.
სამწუხაროა, რომ ოპოზიციაშიც გვყავს მსგავსი აზროვნების ხალხი. ბევრს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვს ასეთი რამეები ნაკეთები. ამიტომ მესამედ გავიმეორებ: ამომრჩეველი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, როცა საარჩევნო უბანზე არჩევანის გასაკეთებლად მივა.
შორენა მარსაგიშვილი