ლაშა ფარულავა: „ივანიშვილის სახით თამარ ჟვანიამ სამოქალაქო პატრიარქი დაგვიკანონა!“

იმაზე, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა, თვეზე მეტია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ლაპარაკობს და იგივე დაუბალანსებელ ოქმებსა თუ თამარ ჟვანიასსასწოულ არითმეტიკაზეთავადოცნებისკულუარებშიცღადაობენ“, მაგრამ ერთია გონივრული ეჭვი, მეორე კიუტყუარი ფაქტები. შესაბამისად, საინტერესოა, არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომლითაც არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ბრალეულობა გამოიკვეთება და ისიც დადგინდება, არჩევნების გაყალბება იყო თუ არა სისტემური დანაშაული? ყველაფერ ამაზექრონიკა+“ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ისპროგრამების ხელმძღვანელ ლაშა ფარულავას ესაუბრა. სხვათა შორის, „ენჯეოსწლევანდელ არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლები ჰყავდა. „ივანიშვილის სახით თამარ ჟვანიამ სამოქალაქო პატრიარქი დაგვიკანონა!“ – ამბობს ლაშა ფარულავა და ვრცელ ინტერვიუში იმ შეცეომებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოპოზიციამ საარჩევნო პროცესში დაუშვა:

ლაშა, ის, რაც საქართველოში 31 ოქტომბერსა და .. მეორე ტურის დროს ვნახეთ, არჩევნები იყო?

– დავიწყოთ იმით, რომ მეორე ტურს ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, რადგან უკონკურენტო იყო და კლეპტოკრატიული რეჟიმის დაკანონება გახლდათ და მეტი არაფერი! სხვათა შორის, ეს რეჟიმი იდეას, მიზანსა და ამოცანას არ ემსახურება, ანუ „ოცნებას“ ამომრჩევლისთვის სიახლე არ შეუთავაზებია და მხოლოდ პანდემიაზე საუბრობს, თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცით, პანდემიის მიმართულებითაც როგორი რთული ვითარებაა.

ერთი სიტყვით, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც, კლასიკური გაგებით, კლეპტიკრატიული რეჟიმია!

ლაშა, მეორე ტურს ლეგიტიმაცია პოლიტკურად არ ჰქონდა თუ სამართლებრივად?

– ძალიან კარგი კითხვაა… საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, ანუ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ლეგიტიმაციას ხალხისგან იღებს. შესაბამისად, ის სამართლებრივი სისტემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, დემოკრატიულ წესებს ეფუძნება!

და დღეს საქართველოში დემოკრატიაა?

– დღეს ასეთი რეალობაა: 31 ოქტომბერს ამომრჩევლის აქტივობის კუთხით ძალიან კარგი შედეგი გვქონდა – მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მაინც მივიდა და საკუთარი პოლიტიკური იდენტობა გამოხატა.

ეს აქტივობა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ადამიანებს ცვლილება უნდოდათ?

– რა თქმა უნდა, თუმცა, სამწუხაროდ, თამარ ჟვანიას უწყებამ, რომელიც თავისი შინაარსით კოლეგიალური და დამოუკიდებელი ორგანოა, არჩევნები ისე ვერ ჩაატარა, რომ ხალხსა და, ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს ნდობა ჰქონოდათ. ამიტომ მივიღეთ არჩევნები, რომლის შედეგებსაც უამრავი სიყალბე უკავშირდება.

კერძოდ?

– არჩევნები მხოლოდ საარჩევნი დღეს კი არა, წინასაარჩევნო კამპანიასაც ნიშნავს. გარდა ამისა, თავად არჩევნების დღე სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი დილის 7-დან 8-საათამდეა, როცა პროცედურული ფუნქციები ნაწილდება; ამის მერე იწყება მეორე, ანუ ხმის მიცემის პერიოდი, რომელიც 20:00 საათამდე გრძელდება; ამას მოსდევს მესამე ნაწილი – ხმების დათვლა და შემაჯამებელი ოქმის დაწერა.

31 ოქტომბერს ისეთი შემაჯამებელი ოქმები მივიღეთ, რომლებიც პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები ორგანიზებული არ იყო და ამასთან, ხალხის ნება არ  გამოიხატა, ანუ არჩევნები ფორმალურად ჩატარდა – ყველა კონსტიტუციური ნორმა, ასე თუ ისე, დაცული იყო, მაგრამ ხალხის ნება ციფრებში არ აისახა. სხვათა შორის, შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება კანონის დაცვით დაიწყეს, მაგრამ შესწორებულ ოქმებშიც შეცდომები დაუშვეს, ამიტომ არჩევნების მიმართ ნდობა აღარავის აქვს. პრაქტიკულად, დემოკრატიული სისტემის ფრუსტრაცია მოხდა და დღეს საქართველოში არ არსებობს სისტემა, რომლითაც ხელისუფლება ცივილიზებულად და დემოკრატიულად დაკომპლექტდება!

ლაშა, არჩევნების მოპარვაზე მეორე თვეა, მთელი საქართველო ლაპარაკობს, თუმცა არის თემები, რომლებზედაც ყურადღება არ მახვილდება. აი, მაგალითად, არჩევნებამდე ოპოზიციამ ხმების დაცვის ერთიანი შტაბი შექმნა, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა და არსებობდა მოლოდინი, რომ ეს შტაბიოცნებასარჩევნების გაყალების საშუალებას არ მისცემდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხმების დაცვის შტაბმა მისია ვერ შეასრულა.  ამასთან, იგივეოცნებაამბობს, თუ შემაჯამებელი ოქმები გაყალბდა, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი რატომ მოაწერესო? მოკლედ, ყველაფერ ამას რით ხსნით?

– სულ თავიდან, ე. ი., წინასაარჩევნო პერიოდიდან დავიწყოთ და გავიხსენოთ, ყველაფერი როგორ ფორმირდა.

კი ბატონო, გისმენთ

– ჩვენს ორგანიზაციას პირველი ოქტომბრიდან გრძელვადიანი დამკვირვებლები ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდა. პირველ აგვისტოს კი უკვე ვიცოდით, პროპორციულ არჩევნებში რომელი პოლიტიკური სუბიექტები მონაწილეობდნენ  და, შესაბამისად, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ამ კუთხითაც გვყავდა. კანონის მიხედვით, ცესკო-მ მუშაობა პირველი სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი კონკურსებიც დაიწყო. საერთოდ, საარჩევნო პერიოდში უმთავრესია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო კამპანია და მედიის მუშაობა.

ამით საუბარი საითკენ მიგყავთ?

– საარჩევნო ადმინისტრაციაში ორი მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევა.

ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო?

– დიახ, მონაწილეობა ყველას შეეძლო, ვისაც საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი აქვს. საარჩევნო კოდექსში წერია, დროებითი წევრი შეიძლება, უპარტიო იყოსო, ანუ ეს წევრი შეიძლება, პარტიულიც იყოს, თუმცა ეუთო/ოდირის 2018 წლის რეკომენდაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც უმაღლესს, ისე ქვედა დონეზეც მიკერძოებული არ უნდა იყოს. შესაბამისად, ამ კონკურსით ისეთი პირები უნდა შერჩეულიყვნენ, რომლებსაც კომპეტენციის მაღალი დონე ექნებოდათ და მიუკერძოებლობასაც უზრუნველყოფდნენ.

სხვათა შორის, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო, საკუთარი მხარდამჭერებისთვის მოეწოდებინა და ამ კონკურსს ბევრი აპლიკანტი ჰყოლოდა, მით უმეტეს, საოლქოებში საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, აპლიკანტი ძალიან ცოტა იყო და, შესაბამისად, საოლქო კომისიებში დროებით წევრებად „ოცნების“ აქტივისტები და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული პირები „მივიღეთ“.

გარდა ამისა, კონკურსი საუბნო კომისიის ხუთ ვაკანტურ წევრზეც ჩატარდა – საერთოდ, 3600-ზე მეტი უბანი გვაქვს და თითო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიას ე.წ. ნეიტრალურ წევრად ხუთი ადამიანი უნდა შეერჩია, მაგრამ ეს კონკურსი ისე ჩაატარეს, რომ პირდაპირ „ოცნების“ აქტივისტები დაასაქმეს. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები კი არა,  „ოცნების“ შტაბები მივიღეთ!

მაშასადამე, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ 31 ოქტომბერს ის მოხდებოდა, რაც მოხდა?

– დიახ, ამის პროგნოზირება ადვილი იყო.

თუ პროგნოზირებადი იყო, მაშინ იმ შტაბმა, წეღან რომ ვახსენე, რატომ არაფერი გააკეთა, რომ არჩევნები ასე მასშტაბურად არ გაყალბებულიყო?

– პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც იგივე უფლებამოსილებით სარგებლობენ, რაც ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ანუ ე.წ. ენჯეოს აქვს.

ეს რა შუაშია?

– პოლიტიკურ სუბიექტებს კონკურსებზე უნდა ეაქტიურათ – მოწოდებები გაეკეთებინათ. უამრავ ახალგაზრდას საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი აქვს და რატომაც არა – ოლქები თუ უბნები ახალი ადამიანებით დაკომპლექტებულიყო!

ოპოზიციამ ასეთი მოწოდება არ გააკეთა?

– არა.

ამას რით ხსნით?

– გასაგებია, რომ კონკურსები შეზღუდულ ვადაში ტარდებოდა, მაგრამ შეეძლოთ, ამისთვის წინასწარ მომზადებულიყვნენ… ეს, ალბათ, არაორგანიზებულობა იყო.

იქნებ, ოპოზიციას იმის იმედი ჰქონდა, რომ ხმების დაცვას შეძლებდა და ზემოხსენებულ კონკურსებზე ამიტომაც არ იაქტიურა?

– ოპოზიციას, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი განწყობა ჰქონდა, – ოლქებსა და უბნებზე ჩვენი წევრები კი გვყავდა, მაგრამ 2012 წელს არჩევნები მაინც წავაგეთო. თან ეგონათ, რომ ისეთი სიყალბე და მანიპულაცია, როგორიც 31 ოქტომბერს ვიხილეთ, არ  მოხდებოდა და უბნის წევრები კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციას შეასრულებდნენ. მაგრამ კომისიის წევრებმა ისე იმუშავეს, რომ ხალხის ნება შეიცვალა, ანუ ოქმებში ისეთ სიყალბეები ჩაწერეს, რაც ვეღარ გამოასწორეს!

სხვათა შორის, ოპოზიციის კომისიის წევრებსაც ისეთი კომპეტენციის ხარისხი არ ჰქონდათ, რომ პროცესზე ზეგავლენა მოეხდინათ!

ენჯეო სექტორი, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ჩვენ მხოლოდ დამკვირვებლები ვართ. ოპოზიციას კი, კომისიის წევრებით, პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ოპოზიციის წევრები, განსაკუთრებით, მარნეულსა და ბოლნისში, ჩუმად იყვნენ. ასეთი ფაქტებიც იყო – მას შემდეგ, რაც ხმის დათვლა დაიწყო, კომისიის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა წევრმა კომისია დატოვა და სახლში წავიდა.

რატომ?
– არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადამიანები ან შეაშინეს, ან მოისყიდეს.

ამას რის საფუძველზე ამბობთ?

– გონივრული ეჭვი გვაქვს… ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ფაქტია: უამრავი სიყალბე მოხდა. აი, მაგალითად, 900 უბნის საფუძველზე, ყუთში ხელმოწერებზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ანუ არჩევნებზე იმიტომ მივდივართ, რომ ბიულეტენი სახლში კი არ წამოვიღოთ, არამედ, გამოვიყენოთ – ხმა მივცეთ და ყუთში ჩავაგდოთ, მაგრამ 900 უბანზე როცა ასეთი რამ მოხდა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ უბნებთან მობილიზებული „ოცნების“ აქტივისტები ამომრჩეველს შემოხაზულ ბიულეტენს აძლევდნენ, უბნიდან გამოსული ამომრჩეველი კი მათ სუფთა ბიულეტენს უბრუნებდა.

ისე, თამარ ჟვანია და იგივეოცნებაბალანსის ვერდასმას ადამიანურ შეცდომად მიიჩნევენ და ამბობენ, ისეთ არაფერი მომხდარაოლაშა, თქვენი შეფასებით, არჩევნები უფრო მეტადკარუსელებითგაყალბდა თუ ოქმების გადაწერგადმოწერით?

– არჩევნებს 2006 წლიდან ვაკვირდები და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში პროფესიონალურ დონეზე ვერკვევი, თუმცა 2008 წლის არჩევნების შემდეგ ერთი არჩევნებიც კი არ მახსენდება, რომ ცესკო-ს  ასე დაგვიანებით გამოეცხადებინოს შედეგები.

ეს დაგვიანება გაყალბების დამატებითი, ასე ვთქვათ, მტკიცებულებაა?

– აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს შედეგებს ოლქების მიხედვით აცხადებდნენ, თან ამ ინფორმაციას ტელევიზიები ე.წ. მორბენალი სტრიქონის სახითაც უშვებდნენ. თამარ ჟვანიამ კი იმ უბნების შედეგების გამოცხადება სცადა, სადაც ბალანსი ხელისუფლების სასარგებლოდ ჯდებოდა, თუმცა ამ ბრიფინგს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს.

ცესკო ყველაფერ ამას პანდემიით ხსნის, ანუ კომისიის წევრებს ხარვეზები ჰქონდათ და ამიტომაც მოგვიწია, რომ თითქმის 900-ზე მეტ უბანზე შესწორების ოქმი დაგვეწერაო, მაგრამ ამ შესწორების ოქმებშიც დისბალანსია: ზოგან ბეჭედი არაა, ზოგან კი – კომისიის წევრის ხელმოწერა. აი, მაგალითად, ბოლნისისა და მარნეულის ოლქებში არჩევნებს საარჩევნო ადმინისტრაცია კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებდა – უბნის გარეთ მყოფი სუს-ისა და პოლიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მყოფ კონკრეტულ პირებთან იყვნენ კომუნიკაციაში და პირდაპირ დირექტივებს აძლევდნენ, როდის რა უნდა გაეკეთებინათ. იცით, დისბალანსი რატომ ჰქონდათ?

რატომ?

– უთხრეს, კონკრეტულად ეს ციფრი უნდა დაჯდესო…

პირდაპირ ვთქვათ, ოპოზიციის შეცდომა რა იყო: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.

ანუ?

– მაგალითად, კომისიის წევრებად ისეთი პირები არ შეარჩია, რომელთა კვალიფიკაციის ხარისხი მაღალი იქნებოდა და ოპოზიური შტაბისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეძლებდნენ, – აქ და აქ პრობლემა ეს და ეს საკითხიაო. კომისიის წევრებს პირდაპირ უთხრეს, არჩევნების დღემდე მონაწილეობა არაფერში მიიღოთო. შესაბამისად, „ოცნებას“ კარტბლანში ჰქონდა და ყველაფერს აკეთებდა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ამომრჩევლის სია: არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე სპეციალური ვიდეორგოლი მოვამზადეთ, მედიასაშუალებებში განვათავსეთ და ამომრჩეველს ავუხსენით, სიაში საკუთარი თავი როგორ უნდა შეემოწმებინა. მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას სამასზე მეტი ზარი შემოუვიდა და მოქალაქეები ამბობდნენ, – აი, გუშინ კონკრეტულ მისამართზე ამომრჩეველი რეგისტრირებული არ იყო, ახლა კი არისო. მოკლედ, ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებით შესაძლოა, ბევრი რამ გამოსწორებულია, მაგრამ არის პრობლემა, რომელზედაც არ ვიცით, ხელისუფლება ქმნის, იუსტიციის სამინისტრო თუ – ვინმე სხვა. ლეიბორისტების ოფისში განთავსებულ შტაბს სწორედ ამაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომ ამომრჩევლის სიისთვის გადაეხედა და ენახა, რამე ტექნიკური პრობლემა ხომ არ იყო ან მანიპულაცია ხომ არ შეინიშნებოდა.

ე. ი., ამ კუთხით ოპოზიციამ, მინიმუმ, ყურადღება მოადუნა, არა?

– დიახ.  

ლაშა, შეგიძლიათ, კონკრეტულად თქვათ, თამარ ჟვანიას, ასე ვთქვათ, ბრალი რაში ედება?

– თამარ ჟვანიამ კონკურსი ისე ჩაატარა და კომისიები ისე დააკომპლექტა, რომ, რეალურად, საარჩევნო კომისიები კი არა, „ოცნების“ შტაბები მივიღეთ!

ეს დასჯადია?

– ამაზე პირდაპირი პასუხისმგებელი ქალბატონი თამარ ჟვანიაა!

ქალბატონ ჟვანიას მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება თუსისხლის სამართლებრივი?

– მე პროკურორი არ ვარ, მაგრამ დეპუტატი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რომ ვიყო, პირველი, რასაც გავაკეთებდი, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოვითხოვდი.

საგამოძიებო კომისიების დასკვნა, როგორც წესი, რეალურ შედეგს ვერ აყენებს ხოლმე

– ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მის ყველა შტოს აკონტროლებს. მეტიც: ბიძინა ივანიშვილი პრივატის უფლებით სარგებლობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეორე ტურზე საარჩევნო უბანზე ივანიშვილს შეიარაღებული და არაუფლებამოსილი პირი შეჰყვა, რაც კანონის დარღვევაა, რადგან უბანზე არც შეიარაღებულის შესვლა შეიძლება და არც – არაუფლებამოსილი პირის.

რაც შეეხება თანასწორობის პრინციპს, ნებსიმიერ ადამიანზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ვირუსი არ გადაედოს, მაგრამ არ შეიძლება, ერთი მოქალაქისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, სხვებისთვის კი – არაფერი!

სამწუხაროდ, ივანიშვილის სახით სამოქალაქო პატრიარქი გვყავს, რომლის მთელი სახელისუფლებო შტო კლეპტოკრატიული რეჟიმია. ამ რეჟიმს იდეა არ გააჩნია და მხოლოდ ფულითა და ძალაუფლებითაა დაინტერესებული!

ამ არჩევნებით თამარ ჟვანიამ, პრაქტიკულად, სამოქალაქო პატრიარქი დაგვიკანონა. ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც ხალხს ის დემოკრატიული სისტემა წაართვეს, რომლითაც მას ხელისუფლება და პარლამენტი უნდა დაეკომპლექტებინა!

ლაშა, ბოლოს, მითხარით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც არჩევნების გაყალბებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება?

– თუ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვიკითხოთ, – რაც 31 ოქტომბერს მოხდა, იყო თუ არა სისტემური დანაშაული?

იყო?

– დიახ, იყო!