ლადო პაპავა: „გამოსავალი არა სუბსიდირება, არამედ ადგილობრივი წარმოებაა“
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამუშავებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამისს პერიოდთან შედარებით, 11,5%-ით შემცირდა.
ასევე 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2835 შეადგინა, რაც 23,3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, სურსათის ფასები იზრდება: ბოლო პერიოდში ზეთი და კარაქი 34%-ით გაძვირდა, შაქარი _ 14 %-ით.
ამ მოცემულობაში, როცა ეკონომიკური კრიზისია, როგორ შეიძლება სურსათზე ფასების შენარჩუნება? რამდენად ქმედითია მთავრობა და რა უნდა გაითვალისწინოს მან გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობისას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა:
_ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამისს პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა. რაზე მეტყველებს ეს მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ დღეს?
_ ამ მაჩვენებელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. 11%-ზე მეტი შემცირება 2021 წლის იანვარში დაფიქსირებულია 2020 წლის იანვართან მიმართებით. 2020 წლის იანვარში კი არც პანდემია იყო მსოფლიოში და ეპიდემიაც საქართველოში არ იყო დაწყებული. ეკონომიკა ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებდა. საქართველოში შეზღუდვები 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო, ხოლო პანდემია მარტიდან გამოცხადდა, ამიტომ იანვარი ჩვეულებრივად აქტიური და ტრადიციული თვე იყო, საახალწლო-საშობაო დასვენებებით. შესაბამისად, 2021 წლის იანვართან შედარებით 11%-იან შემცირებაში განსაკუთრებული არაფერია. ამ 11%-იანი შემცირების მიღმა დგას 2020 წლის მარტიდან დაწყებული სერიოზული შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ ზაფხულში შემსუბუქდა ნაწილობრივ, ასევე შემოდგომაზე წინასაარჩევნო პერიოდის გამოც იყო შემსუბუქებული და შემდეგ ისევ ამოქმედდა. შესაბამისად, ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, რადგან ამას ვადარებთ იმ დროს, როცა ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში იყო. როცა ეკონომიკა 10 თვის განმავლობაში, დახურული ან თითქმის დახურული იყო, ასეთი შემცირება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი გახლდათ. ასეთი შემცირება რომ არ ყოფილიყო, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა. 2020 წლის წლიურმა ვარდნამ 6%-ზე მეტი შეადგინა, ანუ 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვე იყო ეკონომიკაში ჩვეულებრივი რეჟიმი, 10 თვის განმავლობაში კი შეზღუდვები მოქმედებდა. კოვიდიანი 2021 წლის იანვრის შედარება ნორმალურ 2020 წლის იანვართან, რომ 11%-იან შემცირებას იძლევა, ეს ბუნებრივია და ასახავს იმას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და რაც არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
_ მთავრობას უფრო ქმედითი ნაბიჯები რომ გადაედგა და ზედმეტი შეზღუდვა არ დაეწესებინა, ეკონომიკის 11%-იანი შემცირების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნებოდა?
_ დღეს ამა თუ იმ ეკონომიკური ნაბიჯის ქმედითუნარიანობის კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ეს ეკონომიკური კრიზისი პანდემიამ გამოიწვია და კორონავირუსის ბუნება დღემდე არავინ იცის. სანამ ამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, მოვუსმინე ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემ პროფესიონალს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში იწყება კვლევა კოვიდგადატანილი პაციენტების დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თანაც ეს მხოლოდ საქართველოში კი არ იწყება, არამედ საქართველო მონაწილეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთიან სქემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ექიმებმა არ იციან, კორონავირუსის ბუნება და რა შედეგებს ტოვებს ის. ამიტომ მედიცინის თვალსაზრისით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. თუ მედიცინის კუთხით ასეთი კითხვებია და ერთადერთი მექანიზმი ეკონომიკის ჩაკეტვაა, უფრო ქმედითის კრიტერიუმი რა არის, არავინ იცის. რაც შეეხება შეზღუდვებს, სასტიკი წინააღდმდეგი ვარ შეზღუდვების ადრე მოხსნის! ჩვენ გვავიწყდება, რომ საპირწონედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. როგორც კი დაელაპარაკებით იმ ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ და განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ჭირისუფლები არიან და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, აღმოაჩენთ, რომ მათი თვალით დანახული რეალობა გაცილებით მძიმეა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მან ტურისტული სეზონი ზაფხულში გახსნა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა ქვეყანას. ქობულეთმა და განსაკუთრებით ბათუმმა დიდი ზიანი მოგვაყენა. რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე, საპარლამენტო არჩევნები,რომ არ ყოფილიყო, ყველაზე სწორი აჭარის დახურვა იქნებოდა, როგორც მანამდე, მაგალითად, მარნეულის რაიონი დახურეს. თუმცა მთავრობას ეს ნაბიჯი, რომ გადაედგა, წინააღმდეგობაში მოდიოდა პოლიტიკურ პროცესთან, ანუ შეიზღუდებოდა არჩევნები. იმ პერიოდში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი არჩევნების გადადების ინიციატივითაც კი გამოვიდა. მთავრობას არჩევნები, რომ გადაედო, სხვა ექსტრემისტული ხასიათის ოპოზიცია იტყოდა, რომ კოვიდს მთავრობა დიქტატურისთვის იყენებსო. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა მკაცრი შეზღუდვები და კონსტიტუციურ ფარგლებში ჩაეტარებინა არჩევნები. მეტიც: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ერთ-ერთ პლუსადაც კი ჩაუთვალეს საქართველოს, რომ პანდემიის მიუხედავად, მაინც ჩატარდა არჩევნები და აქტიურობაც საკმაოდ მაღალი იყო.
თავიდანვე, როცა კორონავირუსი გამოჩნდა, მსოფლიოს ორმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკა არ დაეხურათ, ეს იყო: შვედეთი და ბელარუსი, იგივე მოდელს ემხრობოდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ფიქრობდა, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო ჯოგური იმუნიტეტი, მაგრამ როგორც კი ბორის ჯონსონს თავად დაემართა ვირუსი, მაშივე შეცვალა ეს მიდგომა. ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი „ქანქარასავით“ ცვლიდა საკუთარ გადაწყვეტილებებს: ხან ამკაცრებდა, ხან არბილებდა შეზღუდვებს. ამიტომ ვამბობ, რომ სწორი მოქმედების კრიტერიუმი არ არსებობს. დღეს მსოფლიო დგას არა ეკონომიკურად, არამედ სამედიცინო თვალსაზრისით უცნობი მოვლენის წინაშე. ეს კრიზისი კი აისახება ეკონომიკაზე. არაფერია დანგრეული, უბრალოდ, დაიხურა.
_ თუმცა როცა ბიზნესი დახურულია და ობიექტები არ მუშაობს, ეს დახურვა ეკონომიკის დანგრევასთან ასოცირდება…
_ რომ მუშაობდა, იმ შემთხვევაში საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი დღეში 5000-ზე მაღალი იყო. ინფიცირებულებს სასტუმროებიც კი არ ჰყოფნიდათ, საავადმყოფოებზე აღარაფერს ვამბობ. შეზღუდვები რომ არ ამოქმედებულიყო, კიდევ უფრო დიდ კრიზისამდე მივიდოდით, გამომუშავებული ფული ისევ მედიცინაში წავიდოდა. დღეს ყველა მთავრობას პრიორიტეტული ხარჯების სფეროდ მედიცინა აქვს. როდესაც ეს პანდემია დასრულდება და გლობალურად შედეგები შეჯამდება, მერე გამოიკვეთება, რომელი ქვეყნის მთავრობამ იმოქმედა მეტ-ნაკლებად სწორად.
_ ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს შვედური მოდელი უნდა აერჩია. რა მოცემულობა გვექნებოდა ასეთ შემთხვევაში და რატომ არ იქნებოდა ეფექტიანი ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის მაგალითზე?
_ შვედეთი შევადაროთ სკანდინავიის ქვეყნებს, იგივე ნორვეგიასა და დანიას, რომლებმაც მკაცრი ზომები მიიღეს, შვედეთმა არ მიიღო. შვედეთში ინფიცირების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია და სიკვდილიანობაც მეტია, ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავრობის მოწოდებებზე შვედებისა და სამხრეთელების ქცევა განსხვავებულია. შვედები უფრო ითვალისწინებენ რეკომენდაციებს. საქართველოს მაგალითზე კი საკმარისია გავიაროთ თბილისის ქუჩებში და ვნახავთ, რომ ადამიანების ნაწილს პირბადე არ უკეთია, ზოგს ნიკაპზე აქვს ჩამოწეული ან მკლავზე უკეთია. გავიხსენოთ ყოველდღიური ინფორმაცია წინა დღით დაჯარიმებული ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუჩაში პირბადეს არ ატარებდნენ. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ადეკვატური ქცევა მაინც არ არის. სხვა თანაბარ პირობებში კი ჩრდილოეთ ერებს უფრო მეტი თავშეკავებულობა ახასიათებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უკეთესები არიან და ჩვენ უარესები, უბრალოდ, მათ ასეთი ხასიათი აქვთ. მიუხედავად ამისა, შვედეთში სიკვდილიანობის კუთხით ძალიან მძიმე მაჩვენებელია, ბევრად უარესი იქნებოდა ეს ქართულ რეალობაში, თუკი შვედურ მოდელს გამოვიყენებდით.
_ საქართველოში ვაქცინაცია დაწყებული რომ იყოს, ეს შეცვლის თუ არა არსებითად ეკონომიკურ ვითარებას? თუნდაც იმ ნაწილში, რომ შეზღუდვები მოიხსნება სრულად, მათ შორის, ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა.
_ ეს ვაქცინები რა საბოლოო შედეგის მომტანია იცის ვინმემ?! მხოლოდ ვაქცინებით რომ არ დასრულდება პანდემია, ეს ნათელია, საჭიროა მკურნალობის პრეპარატი. მუდმივად საუბრობენ ვაქცინებზე, თუმცა საერთოდ არ აკეთებენ აქცენტს პრეპარტზე. ვაქცინა რომც იყოს, ყველა არ გაიკეთებს. მე პირადად, გარკვეული ვაქცინებს ეჭვის თვალით ვუყურებ, გარკვეულს _ უფრო სანდოდ. ვაქცინები, რომლებიც საქართველოში უნდა შემოვიდეს, ყველას მიმართ ეჭვით ვარ განწყობილი. ის ვაქცინები, რომელიც არ შემოდის, მათ მიმართ, ამ ეტაპზე, მეტი ნდობა მაქვს. ბევრი კითხვა მაქვს Pfizer/Biontech -ისა და Moderna -ს ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელზედაც პასუხები ექიმებსაც არ გააჩნიათ. მე გავეცანი ინფორმაციას და ყველაზე სანდო ჩემთვის ჩინური ვაქცინაა, მაგრამ ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებაა, _ რაც დასავლურია, ყველაფერი კარგია. ერთხელ ახსენა ბ-ნმა თენგიზ ცერცვაძემ ჩინური ვაქცინა კარგიაო და ლამის ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს. მე შეიძლება, შევიცვალო ჩემი დამოკიდებულება სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით, თუ უფრო მეტი ინფორმაცია მექნება. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, Pfizer/Biontech -ისა და Moderna -ს ვაქცინას არ შემოვიტანდი, რადგან ყველაზე მეტ კითხვას აჩენს და პრინციპულად ახალი სქემაა აცრის მექანიზმი, რომელზედაც თვითონ ექიმები ვერ ამბობენ, მომავალში რა ტიპის უკუჩვენება ექნება. რაც შეეხება Astrazeneca -ს ვაქცინას, ის უფრო სანდოა, მაგრამ თუ ინდოეთში იქნება წარმოებული, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ვენდოთ?! ჩვენ ვიცით, რომ ინდური მედიკამენტები ხშირად საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. პასუხგაუცემელი კითხვები მედიცინაშია და სანამ მედიცინა პასუხებს არ გასცემს, ეკონომისტები მედიცინის მძევლები ვართ.
თურქეთმა და აზერბაიჯანმა შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, ჩვენც შეგვეძლო, შემოგვეტანა, მაგრამ ჩვენ იმ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ, რომ ეს ვაქცინა ჯერ უნდა აღიაროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. ეს პრინციპი დაზღვევის თვალსაზრისით სწორია, მაგრამ მაინც შეგვეძლო ვაქცინის შემოტანა, როგორც ეს არაერთმა სხვა ქვეყანამ გააკეთა…
რაც შეეხება იმას, არსებითად შეცვლის თუ არა ვაქცინაცია ეკონომიკურ ვითარებას, გიპასუხებთ, რომ ამ ეტაპზე არსებითად ვერ შეცვლის. ვაქცინა კეთდება ორჯერ, ინტერვალი პირველსა და მეორე დოზას შორის 3 კვირაა. სულ ცოტა, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, ანუ საუბარია საქართველოს 2 მილიონ 100 ათას მოქალაქეზე, რაც ნიშნავს 4 მილიონ 200 ათას დოზას. ამ რაოდენობის ვაქცინის შემოტანის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ რეალური შედეგი გვექნება მაშინ, როცა საქართველოში აცრილთა რიცხვი 2 მილიონს მიუახლოვდება.
ასევე ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა რუსული ვაქცინა, რომელიც ჩვენთვის კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს, მით უმეტეს, არ არის რეგისტრირებული, თუმცა არც ჩინურია ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული. ჩემთვის არგუმენტების თვალსაზრისით, როგორც გითხარით, მეტ ნდობას იწვევს ჩინური ვაქცინა, თუმცა მეც ველოდები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია როდის დაარეგისტრირებს მას. ეს ორგანიზაცია კი პანდემიის პირობებში ბევრ საკითხში რომ უუნარო აღმოჩნდა, ყველამ ნათლად ვნახეთ. ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი, მან ოფიციალური არხებით უნდა იმუშაოს. მთავარია, რა რესურსი აქვს და როგორ მიიღებს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ აქვს დარეგისტრირებული ჩინური ვაქცინა, ის მაინც შემოიტანოს. თურქეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა ერდოღანმა მოსახლეობას თავადაც აჩვენა, რომ გაიკეთა. ჩემმა აზერბაიჯენელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩინურ ვაქცინას იკეთებენ.
უნდა ითქვას, რომ ბიზნესი, პრაქტიკულად, განთავისუფლდა და ერთადერთი, მეტ-ნაკლებად, მკაცრი შეზღუდვა დარჩა კომენდანტის საათი. ჩემი აზრით, შესაძლებელია, კომენდანტის საათი 21:00-დან 22:00-მდე გადაწიოს, ერთბაშად მოხსნის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. როცა სიბნელეში ხელების ცეცებით მიდიხარ, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი, რადგან არ გაქვს ინფორმაცია, რა ხდება, ასევე არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებითაც, თუნდაც, მაგალითად, იქნება თუ არა მესამე ტალღა და თუ იქნება, როდის უნდა ველოდოთ…
_ კომენდანტის საათის გაუქმება ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, _ დღეს მათი მთავარი მოთხოვნა ეს არის. რა ნაწილში თამაშობს გადამწყვეტ როლს კომენდანტის საათის არსებობა?
_ ზუსტად იმ ნაწილში, რომ სხვადასხვა კლუბისა და რესტორნის საქმიანობისას, კომენდანტის საათის მოხსნით, კონტაქტების რიცხვი გაიზრდება და ნაკლებად გაკონტროლდება. ამ შემთხვევაში ის მოცემულობაა, რომ შესაძლებელია, 1 საათით გადაიწიოს კომენდანტის საათი, ხოლო დადებითი ტენდენციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო გადაიწიოს. ყველა მთავრობა პანდემიის პირობებში ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებს და ამ მიმართულებითაც ეტაპობრივად უნდა გადაიდგას ნაბიჯები. პრაქტიკულად, ეს შემსუბუქება, რაც ახლა დაიწყო ჩვენ ქვეყანაში, ეტაპობრივია. რაღაც პირველი მარტიდან გაიხსნა, რაღაც 15-დან გაიხსნება, რაღაც _ აპრილში. მეორე მხრივ, შემსუბუქებასთან ერთად არის დიდი საფრთხე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. შემდეგ კი ისევ საჭირო გახდება შეზღუდვების ამოქმედება. ამ რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმიზმის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. ექიმებიც გვეუბნებიან, თუ პოზიტიური განწყობა გაქვს, დაინფიცირების შანსი ნაკლებიაო. საზოგადოებაში ოპტიმიზმის ჩამოყალიბება ეკონომიკასაც სჭირდება და, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას.
ვაქცინაციის დაწყებას ერთი პოზიტიური მხარე აქვს: მანამ, სანამ მოსახლეობის 60% სრულად აიცრება, ვაქცინაციის დაწყებისას ჩნდება იმედი და იქმნება ოპტიმიზმის ელემენტები საზოგადოებაში. ამიტომ ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია. თუ დავუჯერებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს, ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს 2021 წელს, მაგრამ თუ პანდემია არ დასრულდა, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება. ამ ორგანიზაციებს, როგორც სჩვევიათ, გადათქვამენ პროგნოზს. სანამ მედიცინა პანდემიას არ დაძლევს, ეკონომისტების როლი მხოლოდ იმაზე ფიქრია, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსებით მაქსიმალურად დაეხმარონ: 1. ჯანდაცვის სექტორს; 2. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად დააწვა კრიზისი; 3. ბიზნესს. ამ სამ მიმართულებას იყენებს მსოფლიოს ყველა მთავრობა. ცხადია, ქვეყნები განსხვავდებიან იმის მიხედვით, ეკონომიკურად რამდენად ძლიერები არიან. საქართველო რომ, სამწუხაროდ, ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს, ეს ხომ ვიცით. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობას მთავრობა უფინანსებს კომუნალურებს, ეს ხომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბიზნესს, პრემიერმა განაცხადა, რომ 5000-იანი და 10000-იანი პაკეტი გამოეყო საშუალო და მცირე ბიზნესს, ხელშეწყობის მიზნით. თუ ამას ბიზნესის გადმოსახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, ცოტაა, მთავრობის თვალით კი _ ბევრია, რადგან მეტი რესურსი ამისთვის, უბრალოდ, არ გააჩნია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავრობა სოციალურად შეჭირვებულებს კომუნალურებს უფინანსებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში ზეთი და კარაქი 34%-ით გაძვირდა, შაქარი _ 14 %-ით. სურსათის ფასები მუდმივად იზრდება. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ნაწილში, რომ ფასები, გაზრდის ნაცვლად, შენარჩუნდეს?
_ თავიდან მთავრობამ სურსათის გარკვეულ ჩამონათვალზე ფასების სუბსიდირება დაიწყო. იმპორტიორებს თუ მწარმოებლებს სუბსიდია მიეცათ, რომ ფასი დაბალი ყოფილიყო, ეს ძალიან ცუდი გზაა. ეს ისეთი ხვრელია, რომ რამდენიც არ უნდა ჩადოს მთავრობამ ფული, ამ ფასებს მაინც ვერ დაიჭერს, რადგან როცა პანდემიაა, ყველაზე მეტად მოთხოვნადი სწორედ კვების პროდუქტები ხდება, მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, ამიტომ გამოსავალი არა სუბსიდირება, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. თუნდაც დავიწყოთ მარცვლოვანი კულტურით. ქვეყანაში არსებულ მარცვლოვან კულტურაზე მოთხოვნის მხოლოდ 30%-ს ვაკმაყოფილებთ ადგილობრივი წარმოებით. ამის გაზრდა ხომ არის შესაძლებელი? ასეთ შემთხვევაში იმპორტი შემცირდება და მისი ზეგავლენა ფასებზე ნაკლები იქნება.
_ რამდენად რეალისტურია პანდემიურ პირობებში წარმოების დაწყება?
_ პირიქით, ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, დღეს მოთხოვნადია სწორედ ბიზნესის ეს სახეობები. ამიტომ მთავრობამ იგივე „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამიდან საერთოდ უნდა ამოაგდოს „დაასვენე საქართველოში“ კომპონენტი. რისი წარმოებაც შეიძლება მაქსიმალურად, ამის კეთება უნდა დავიწყოთ. გახსოვთ, წლების განმავლობაში, რა ხმაური იყო „აგარის“ შაქრის ქარხანაზე. მაინცდამაინც პანდემია უნდა დაწყებულიყო, რომ მთავრობას ქარხნის ამუშავების გადაწყვეტილება მიეღო? _ ეს ძალიან კარგია. სწორედ პანდემიის დროს უნდა გადაიდგას ასეთი ნაბიჯები.
_ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ აცნობიერებს, რომ პანდემიურ მდგომარეობაში სუბსიდირებაზე მეტად წარმოების დაწყებაა მნიშვნელოვანი?
_ მთავრობა ნაწილობრივ აცნობიერებს, ამას ადასტურებს „აგარის“ ქარხნის ამუშავება. მთავრობიდან იმდენად დისტანცირებული ვარ, რომ მის სამზარეულოს ნამდვილად არ ვიცნობ და არ ვიცი, რაზე აქვთ უშუალო საუბარი.
_ მთავრობა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად კომისიას ქმნის, ამის შესახებ 4 მარტს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. რამდენად სწორი ნაბიჯია მთავრობის მხრიდან პანდემიურ ვითარებაში გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა და მიიღეთ თუ არა მოწვევა კომისიაში?
_ ჯერჯერობით არავისგან არანაირი მოწვევა არ მიმიღია. უკვე არაერთი წელია, რაც ეკონომიკის მინისტრ ქ-ნ ნათია თურნავასა და ქართველ ეკონომისტებს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის კარგი ფორმატი. რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და როგორ ფორმატში წარმოუდგენია ქართველ ეკონომისტებთან ურთიერთობა, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმაზე თუ ვილაპარაკებთ, როცა გაჟღერდა, რომ ეს საქართველოში პირველად კეთდება, ტყუილია, რადგან მსგავსი გეგმები კეთდებოდა, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს. რაც შეეხება თავად გეგმას, გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმა არ შეიძლება იყოს 10-წლიანი, იგი ყოველწლიურად უნდა განახლდეს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ამოცანა, რომ საქართველომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთოს განაცხადი. ამის გაკეთებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას პოზიტიური შედეგი ექნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები მოგვცენ 2024 წელს და რა მიზანი უნდა გვქონდეს 2030 წელს? _ ეს უნდა იყოს ეკონომიკურ სტრატეგიაში ჩადებული.
2014 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია _ 2020“. მთავრობის დადგენილებით, ყველა სამთავრობო სტრუქტურას ევალებოდა ყოველწლიურად წარმოედგინა სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ, ძალიან მალე ბ-ნი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე ჩაანაცვლა გიორგი კვირიკაშვილმა, და მან ძალიან კარგი დოკუმენტი „სტრატეგია _ 2020“ დაივიწყა და ის ჩაანაცვლა პრიმიტიული „4-პუნქტიანი გეგმით“. არც შემდგომ პრემიერებს გახსენებიათ „სტრატეგია _ 2020“.
კარგი იქნება, თუ ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხელმძღვანელებს „სტრატეგია – 2020“-ით, არსებითად გადაამუშავებს მას დღეს ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით და პოსტპანდემიური ეკონომიკური განვითარების ამოცანებიდან გამომდინარე. ბ-ნი ირაკლის გამოცდილება მიქმნის პოზიტიურ მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სწორი სტრატეგია დაედება საფუძვლად.
ნენე ინჯგია