კრიშტიანუს აგარაკი უქირავეს

ფეხბურთის მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და მრავალ მილიონად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში დაბინავდა.

აეროდრომზე მას „მანჩესტერის“ წარმომადგენლები და დაცვის სამსახური დახვდნენ. თვითმფრინავიდან ის პირდაპირ აგარაკისკენ გაეშურა, რომელისაც შვიდი საძინებელი აქვს.

ეს საცხოვრებელი კომპლექსი „იუნაიტედმა“ მას მერე იქირავა, რაც პორტუგალიელი „იუვენტუსისგან“ გადაიბირა და მასში ჯერჯერობით მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. კრიშტიანუს და მის ოჯახს მუდმივად ექვსკაციანი დაცვა დასტრიალებს თავს.

ოლე გუნარ სულშერის ფეხბურთელებზე რონალდუს ეფექტმა უკვე იმოქმედა. ხსენებულმა თანამშრომელმა თქვა, რომ გუნდი საბრძოლველად ახლა უკვე სხვანაირად არის განწყობილი და სწამს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობა შეუძლია.

„რონალდუ და მისი ოჯახი მანჩესტერში დაბრუნებამ გაახარა, — თქვა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, — კრისს მანჩესტერი უყვარს, მისი მეუღლე ხეორხინა კი სანამ ესპანეთში მომავალ მეუღლეს გაიცნობდა, ინგლისში ძიძად მუშაობდა. ცოლ-ქმარს მოჟამული ინგლისური ამინდის ამბავი კარგად მოეხსენება, მაგრამ ისინი აგრეთვე კარგად იცნობენ ბრიტანელების სტუმარმასპინძლობას და ბავშვებისთვის განათლების ინგლისში მიცემის უპირატესობასაც ჩინებულად ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“, პირველ ჯერზე 2003-09 წლებში ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი, ორჯერ ლიგის თასი და ფიფას კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

2009 წელს, კრიშტიანუ „იუნაიტედიდან“ „რეალში“ გადავიდა. ეს ტრანსფერი მადრიდელებს 94 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ბასილაშვილი ამერიკას დაშორდა

Uშ OPEN-ის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეილი ოპელკასთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ქართველ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – მესამე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 2:1 დაწინაურდა.

სამწუხაროდ ამერიკელი დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა 2:2.ამ ფაქტის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა – „ბასილამ“ საჩოგბურთო ლატარეაში თავიდანვე მოიპოვა მინიბრეიკიანი ჰანდიკაპი -4:2, თუმცა ნიკამ ეს კარგი პლაცდარმი ვერ შეინარჩუნა და 5:7 დამარცხდა.

მეორე პარტიის სტარტზე ქართველი ისევ ბრეიკით დაწინაურდა 2:0 და თითქოს სეტებს შორის ანგარიშიც უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა ნიკას პირველი ჩაწოდება სრულიად მოიშალა, ამერიკელიც იდეალურად ათამაშდა მიღებაზე, რომელმაც სამჯერ დააბრეიკა ბასილაშვილი და ორსეტიანი უპირატესობით დაწინაურდა 7:6 6:3.

მესამე პარტიაში აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეათე გეიმში 211 სმ სიმაღლის ჩოგბურთელმა პირველივე შანსი იდეალურად გამოიყენა – ბრეიკპოინტი ბრეიკად აქცია, რაც სრულებით საკმარისი იყო 1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად. საბოლოოდ 6:7 3:6 4:6 – ბასილაშვილის დასანანი მარცხი.

ფიბამ საქართველოს მსოფლიოს კალენდარი გამოუცხადა

შვეიცარიის დაბა მიესში გაიმართა 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა.

32 ევროპული ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა. 2 ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვევა ის 12 ქვეყანა, რომელიც მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (6 მატჩი, სამივე მეტოქესთან მოგვიწევს შინ და გარეთ პრინციპის მიხედვით 2-2 მატჩის ჩატარება) საუკეთესო შედეგის მქონე 3 ნაკრები გააგრძელებს ასპარეზობას მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ადგილოსანი კი გამოეთიშება.

G ჯგუფის 3 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეორე ეტაპზე გაერთიანდება H ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებთან და 6 გუნდიან ახალ ჯგუფს შექმნის (H ჯგუფი – რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია).

მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს გადაყვება პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს თამაში მხოლოდ H ჯგუფის გუნდებთან მოუწევს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 15 თვე გაგრძელდება – 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.

პირველი ეტაპი

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

კალენდარი

21 ნოემბერი, 2021

საქართველო-უკრაინა

29 ნოემბრი, 2021

ესპანეთი-საქართველო

24 თებერვალი, 2022

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

27 თებერვალი, 2022

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

1 ივლისი, 2022

უკრაინა-საქართველო

4 ივლისი, 2022

საქართველო-ესპანეთი

ტიკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ერთი  მედალი მოიპოვა. ეს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა შეძლო, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ჩინელ ბიან ცზინთან დამარცხდა – 7:15.

ნინა თიბილაშვილი ტოკიოში, ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალური შეჯიბრის A კატეგორიაში გამოვიდა. 24 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა, რომელსაც წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი მოგება და წაგება ჰქონდა, მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას აჯობა – 15:9, მეთხედფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს მოუგო – 15:13. ნინა ნახევარფინალში კიდევ ერთ უკრაინელს  ევგენია ბრეუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში აჯობა – 15:12.

პარაფარიკაობაში იასპარეზა ირმა ხეცურიანმაც, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ევროპაში ცარიელი მხოლოდ საქართველო იყო

„წითელი კოჭი ხომ არა ხარო,“ — იცოდნენ ხოლმე ადრე თქმა. ვითომც ყველაზე უკეთესი, გამორჩეულიო. რამ გამახსენა ეს წითელი კოჭი? რამ და ცნობისმოყვარეობამ. აბა ვნახოთ:

1-2 სექტემბერს ევროპის ზონაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 25 შესარჩევი შეხვედრა გაიმართა და აქედან მხოლოდ ერთი მატჩი იყო ისეთი, რომელსაც მაყურებელი არ დასწრებია. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს „ერთი“ სწორედ ბათუმის სტადიონზე ჩატარებული საქართველო – კოსოვოს დაპირისპირება გახლდათ.

როგორ „ითამაშა“ ჩვენმა ნაკრებმა სხვა საკითხია. ამის განხილვას არც ვაპირებთ. ერთს ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს ყველაზე სუსტი მატჩი იყო, რომელიც „ჯვაროსნებმა“ ვილი სანიოლის თავკაცობით ჩაატარეს. ასეთებზე ამბობენ ხოლმე – მალე დასავიწყებელიაო და ჩვენც შევეცადოთ ასე მოვიქცეთ.

ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ხუთშაბათ საღამოს ბათუმის სტადიონზე მაყურებელი რომ ყოფილიყო. იქაურმა გულშემატკივარმა უკვე შეგვაჩვია ომახიან, განსხვავებულ ქომაგობას და რომ შეეშვათ, არც ამჯერად შეირცხვენდნენ თავს. თბილისიდან და რაიონებიდანაც დაემატებოდნენ და რაღაც გამოვიდოდა.

იქნებ მაყურებლების შეძახილით გამხნევებულებს მოგვეგო კიდეც, შეიძლება ვერც მოგვეგო. მაგრამ წარმატების მეტი შანსი რომ გვექნებოდა, ამას წყალი არ გაუვა.

შარშანდელი 12 ნოემბრის არ იყოს, როცა ცარიელ „პაიჭაძეზე“ ჩრდილომაკედონიასთან წაგებამ, ლამის თაობების იმედი დაასამარა. ახლაც, სტადიონზე არავინ იყო რამდენიმე ჟურნალისტის გარდა, კოვიდრეგულაციებს „იცავდნენ.“

იქვე ახლოში კი, პლაჟზე, ასობით ადამიანი ყოველგვარი რეგულაციების გარეშე განუკითხავად წამოწოლილიყო. შეიძლება ვინმემ გვითხრას, იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა და პლაჟზე ხალხს რა უნდოდაო, მაგრამ ასეთ ადამიანს პროვოკატორად ჩავთვლით.

ცხადია, მაყურებლის სტადიონზე არშეშვება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, მაგრამ იმ ხალხს ახლა ფეხბურთისთვის საერთოდ არ სცხელა. კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი დღიურად ხომ 80-ს გადასცდა…

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას ხომ უნდა განემარტა მათთვის, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც არც კოვიდუსაფრთხოებას დააზარალებს, არც ფეხბურთელებს და არც მაყურებელს… საჭირო არ არის ველოსიპედის გამოგონება. ხომ ამბობენ, ევროპული ოჯახის წევრები ვართო, მაშინ მოიქცნენ მათსავით.

როგორ? შეეშვათ ადამიანები, ვისაც აცრილობის დამადასტურებელი ან ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდტესტზე მიღებული უარყოფითი პასუხის საბუთი ექნებოდა. მოემზადებინათ სტიუარდები, რომლებიც გულშემატკივრებს  შესვლისას კიდევ ერთხელ აუხსნიდნენ ტრიბუნებზე დასხდომის სპეციფიკას. ვთქვათ, ორი მეტრის დაშორებით…

ასეთმა მიდგომამ გაავსო ევროპული კლუბების სტადიონები. ჩვენთან კი ეს აკრძალვები ვეღარ დამთავრდა…

უეფამ კოვიდის გამო სექტემბერში მაყურებელთა საგარეო მატჩებზე დასწრება აკრძალა და ატყდა ერთი ამბავი. საშინაოზე კი…

ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ჯერ კიდევ ევრო 2020-ის დროს დაუშვეს ანშლაგი. ამ ტურნირის ფინალს „უემბლიზე“ 65 ათასი მაყურებელი დაესწრო. 5 სექტემბერს კი, იმავე „უემბლიზე,“ ინგლის – ანდორას შესარჩევ მატჩზე 80 ათასამდე ქომაგს ელიან – ამას „სქაი სპორტსი“ წერს.

მბაპეც… ჰოლანდიც…

„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც.

„რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი მარტივია: მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება ანუ გაისად ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება და თუ პარიზულმა კლუბმა მანამდე არ გაყიდა, კაპიკსაც ვეღარ აიღებს. გამოდის, რომ „რელს“ მბაპეს შეძენის მორიგი შესაძლებლობა საახალწლოდ მიეცემა.

თუკი „რეალი“ ფრანგს საშობაო ბაზრობაზე შეიძენს, შემდეგ ჰოლანდზე გადაერთვება და შეეცდება სუპერაგენტ მინ რაიოლასთან გამონახოს საერთო ენა.

მბაპესა და ჰოლანდის შეძენა მადრიდელთა პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დიდი ახალი პროექტია. მბაპეს ასაკი ზემოთ ვახსენეთ, ნორვეგიელი კი 21 წლისაა. მათ ევროპული ფეხბურთის მომავლად მიიჩნევენ და შესაბამისად, ორივეს ერთ გუნდში ყოლა როგორც პრაქტიკული ასევე კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატების მომტანი უნდა იყოს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც გაირკვა, რომ „პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს ამ ჯერზე არ გაყიდის, მადრიდელები დატრიალდნენ და ფრანგული ბაზარი ხელცარიელებმა მაინც არ დატოვეს — მათ „რენიდან“ ედუარდო კამავინგა გადაიბირეს.

„თეთრების“ თავკაც კარლო ანჩელოტის ნახევარმცველი სჭირდება. ახლა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეფები იმედოვნებენ, რომ 18 წლის კამავინგა მომდევნო წლებში გუნდის ძრავი გახდება.

აღსანიშნავია, რომ „რეალს“ ჰოლანდის წარმომადგენლებთანაც კარგად აქვს საქმე აწყობილი. ჯერ ერთი, ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს სურს ჩემპიონთა თასზე (ლიგაში) ცამეტგზის გამარჯვებულ კლუბში თამაში და მეორეც, მადრიდელებს მის ახლანდელ კლუბთან, „დორტმუნდთან“ ჩინებული ურთიერთობა აქვთ.

და ბოლოს. 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა. ამბობენ, რომ მომავალ ზაფხულს პერესი მის გადაბირებასაც შეეცდება.

რონალდუს თურმე  არსენალი…

ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, რომ რონალდუ წლების წინ „არსენალში“ გადასვლასთან ახლოს იყო.

“რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უფრო ემოციურ გადაწყვეტილებას ჰგავს, ვიდრე რაციონალურს. ასეთ დროს ძნელია გუნდში ბალანსის პოვნა.

წლების წინ მანამ სანამ რონალდუ მანჩესტერში გადავიდოდა, მისი გადაბირება „არსენალში“გვსურდა. იგი ლონდონელთა ბაზაზე იყო და კლუბის მაისურა ეცვა. შემდეგ საქმეში ფერგიუსონის ასისტენტი კარლოს კეირუში ჩაერთო, რომელმაც შოტლანდიელი დაარწმუნა, რომ რონალდუ ეყიდა. ჩვენ კრიშტიანუს სანაცვლოდ 4 მილიონს ვიხდიდით, „მანჩესტერმა“ კი 12 გადაიხადა.”-განაცხადა ფრანგმა.

რონალდუ მანჩესტერში  2003-09 წლებში თამაშობდა. ბევრ სხვა ტიტულთან ერთად მან პრემიერლიგა (3) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერს“ 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

ბარსელონას ახალი 10

ესპანურ „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთი სეზონის განმავლობაში მაინც არავისთვის მიეცათ ლეო მესის N10.

გადაწყვეტილება შეიცვალა.

ამიერიდან „ბარსაში“ სანუკვარი ნომერი „ლა მასიას“ კიდევ ერთ აღზრდილს, ანსუ ფატის ეკუთვნის.

ფატი ჯერ სულ 18 წლისაა, მაგრამ „ბარსელონას“ ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში ჰქონდა. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა აქამდე სულ 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, ფატის 2020 წლის ნოემბერში სერიოზული ტრავმა რომ არ მიეღო. მას შემდეგ აღარ უთამაშია და მოედანზე უახლოეს მომავალში ელიან. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ელოდება თავად ყმაწვილკაცი „ნოუ კამპზე“ 10-ნომრიანი მაისურით გასვლას.

რაც შეეხება ქომაგებს, მათი კომენტარების შეჯამება ერთ ფრაზაში შეიძლება: „ვინ, თუ არა ის“?!