კოტე ფორჩხიძე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კერძო სტრუქტურად იქცა“
მსოფლიო ლამის მარსზე გადადის საცხოვრებლად. ჩვენ, უფრო სწორად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური კი ისევ იმას არკვევს, ვინ ვისთან წევს. სხვათა შორის, ამ კუთხით საქართველო 90-იან წლებში უფრო წინ იყო _ ალბათ, გახსოვთ, ჟურნალისტების უკანონო მოსმენების გამო მაშინ თანამდებობა დატოვა უშიშროების მინისტრმა და შოთა კვირაიას იმანაც კი ვერ უშველა, რომ მას ედუარდ შევარდნაძე მფარველობდა.
რა ხდება ახლა? _ „მთავარის“ გენდირექტორმა, ნიკა გვარამიამ, სუს-ის კრებსები გაასაჯაროვა. კერძოდ, გვარამიამ თქვა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. ამასთან, გვარამიას შეფასებით, ამ დოკუმენტებში იკვეთება, რომ სუს-ი ადამიანების პირად ცხოვრებას, ასევე პირად, როგორც პირისპირ, ისე სატელეფონო საუბრებს უსმენს და უკანონო ჩანაწერებს აკეთებს.
სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან ისიც გაირკვა, რომ უწყებაში ინფორმაცია აქვთ ხსნებული, საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ყველაფერი ეს აღწერილია უწყების დოკუმენტში.
ყველაფერ ამის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებს ისეთი პოზა უჭირავთ, თითქოს არაფერი მომხდარა. დიახ, ამ თემაზე მთელმა „ოცნებამ“ იღლიცინა, სუს-მა კი საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.
აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.
სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით. ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.
სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება“.
ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სუს-ის განცხადებაში ნახსენებია ტერმინი _ „საინფორმაციო ომი“. დავუშვათ, გვარამიას მიერ გასაჯაროებული კრებსები ფეიკია, მაშინ შესაბამისი უწყებები ფეიკის გამავრცელებელს პასუხს რატომ არ სთხოვენ? _ სწორედ ამ კითხვას სვამს „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხედრო კონტრდაზვერვის თადარიგის ოფიცერი, კოტე ფორჩხიძე, რომელსაც სპესსამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ამასთან, ფორჩხიძის თქმით, „კრებსების სკანდალში“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაცია ჟონავს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კონსტანტინე ფორჩხიძესთან:
_ კოტე, უშიშროებაში კრებსები შენს დროსაც კეთდებოდა?
_ დიახ, კრებსები ყოველთვის კეთდება, რადგან ეს ოპერატიული სამსახურისთვის აუცილებელია.
_ აუცილებელი რატომაა?
_ თავისი ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ყველა ოპერატიულ დანაყოფს არ გააჩნია. სხვათა შორის, ოპერატიული-ტექნიკური ღონისძიებები ე. წ. დამხმარე ღონისძიებების ნუსხაში შედის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ერთ-ერთ აუცილებელ მიმართულებად მიიჩნევა.
ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური მოპოვებულ მასალას, როგორც წესი, ადოკუმენტირებს და შემდეგ სხვადასხვა სამსახურს გადასცემს. აქ სიახლე არაფერია.
_ გასაგებია, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, სპეცსამსახური ვის უთვალთვალებს? აი, მაგალითად, რა საჭიროა ჟურნალისტისა და თუნდაც პრეზიდენტის პრესსამსახურის საუბრის მოსმენა, მით უმეტეს, როცა ეს საუბარი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია და მეტი არაფერი?
_ მოკლედ, კრებსები დგებოდა და ახლაც დგება, მაგრამ კრებსის შედგენას კანონით განსაზღვრული მოქმედებები უსწრებს.
_ ანუ?
_ როცა ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ისეთ ღონისძიებას ახორციელებს, როგორიც, მაგალითად, მოსმენა ან თვალთვალია, ოპერაციას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა უმაგრებდეს ზურგს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსმენა-თვალთვალისთვის ან მოსამართლის დადგენილება უნდა არსებობდეს, ან _ გადაუდებელი აუცილებლობა, რომლისთვისაც სპეციალური დოკუმენტი უნდა შეიქმნას.
ამასთან, ე. წ. საკუთარი ინიციატივით ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება არ შეიძლება და ამის უფლება არავის აქვს!
_ გასაგებია, მაგრამ, კოტე, ამიხსენი, ორი ადამიანის კერძო საუბარი, თუნდაც ეს სექსს ეხებოდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია?
_ ასეთი საუბრების მოსმენა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ასე კონკრეტულ პიროვნებაზე კომპრომატები გროვდება!
წეღანდელი თქმისა არ იყოს, ისეთი ოპერატიულ-ტექნიური ღონისძიების განხორციელება, რასაც მოსმენა-თვალთვალი ჰქვია, აკრძალულია, თუ ეს საუბარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას არ უკავშირდება! თუ ორი ადამიანის საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს არ უთხრის და მაინც უსმენენ, ეს კანონგარეშე საქმიანობაა.
_ ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა, როგორ უნდა გავიგოთ, სუსი კანონგარეშედ გვისმენს თუ კანონიერად?
_ მოკვლევა უნდა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, ის უნდა გაირკვეს, ეს კრებსები „ფეიკია“ თუ არა.
_ რამდენიმე პერსონამ, რომელიც კრებსებში ფიგურირებდა, დაადასტურა, რომ კონკრეტულ ადამიანებთან იმ შინაარსის საუბარი ნამდვილად ჰქონდა, რომლის შესახებაც სუს-ის მასალებშია ნათქვამი…
_ ერთი სიტყვით, შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ უშიშროებიდან კრებსი გარეთ გამოვიდა, რაც საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას ნიშნავს. ამიტომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაზე რეაგირება შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ _ უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოახდინოს.
საქართველოში სახელმწიფო ინსპექციის სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც ახლად შექმნილია. ეს სამსახური სამოხელეო დანაშაულს იძიებს. კრებსების გამოჟონვა და ამასთან, იმის დადგენა, ის კანონიერადაა შედგენილი თუ უკანონოდ, სწორედ სამოხელეო დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, მომხდარზე სახელმწიფო ინსპექციის სამსახურს მოკვლევა დამოუკიდებლადაც უნდა დაეწყო და თუ ამ მოკვლევისას სისხლის სამართლისა და ასევე ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნორმატივების დარღვევის ნიშნები გამოიკვეთებოდა, მაშინ სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ უნდა აღეძრა!
_ სისხლის სამართლის საქმე ვის მიმართ უნდა აღძრულიყო?
_ იმ პირების მიმართ, რომლებმაც ეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
სხვათა შორის, იმის გარდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავისი კანონი არეგულირებს, კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებაც არსებობს, რომელიც ორგანული კანონია და იგივე სუს-ის შესახებ არსებულ კანონზე მაღლა დგას.
ოპერატიულ-ტექნიკური კანონის მე-19 მუხლი ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობას კრძალავს, ანუ თუ კონკრეტული ინფორმაცია და, შესაბამისად, სასამართლოს ნებართვა არ არსებობს, ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს ეკრძალება ზემოხსენებულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება.
_ ისე, კოტე, ყურადღება თუ მიაქციე, გვარამიას მიერ გასაჯაროებულ სუს-ის კრებსებში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტიც იყო ნახსენები. „რადიო თავისუფლება“ ამერიკული მედიაა, ე. ი. ჩვენი უშიშროება ყველას უსმენს, მათ შორის, ამერიკული მედიის წარმომადგენლებსა და დიპლომატებსაც. შესაბამისად, ამაში ზოგმა რუსული კვალი თუ არა, ერთგვარი ინტერესები დაინახა. შენ რას იტყვი?
_ ყველაფერი შესაძლებელია…
ერთი სიტყვით, ახლა მნიშვნელობა მარტო იმას კი არ აქვს, ვის და რატომ უსმენენ, არამედ ფაქტი სახეზეა: სუს-ის შენობიდან კრებსებმა გამოჟონა. როგორც წეღან ვთქვი, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია და ამიტომ ყველა ის თანამდებობის პირი უნდა გადამდგარიყო, ვისაც კრებსებთან შეხება აქვს!
_ სხვათა შორის, საქართველოში არსებობს პრეცედენტი, როცა ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენის გამო, უშიშროების მინისტრი გადადგა.
_ დიახ, შოთა კვირაიას გადადგომის მიზეზი სწორედ უკანონო მოსმენები გახდა, რადგან ეს უმძიმესი დანაშაულია.
სხვათა შორის, კრებსების გამოჟონვა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი არა, სახელმწიფოს აყენებს.
ისე, კვირაია ერთი კრებსის გამო მოხსენეს. მნიშვნელობა არ აქვს, რა თემას შეეხებოდა, მაგრამ თანამშრომელმა უშიშროებიდან ერთი ქაღალდი გამოიტანა და ისიც ცნობილია, ეს თანამშრომელი ვინ იყო.
_ ვინ?
_ გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მაგრამ მაშინ მარნეულის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა…
_ შევარდნაძის ხელისუფლებამ ალბათობა დაუშვა, რომ უშიშროება შესაძლოა, უკანონო ქმედებებს ახორციელებდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია შექმნა და შევარდნაძე იძულებული გახდა, ერთგული მინისტრი გადაეყენებინა, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობაა, ანუ „ოცნება“ კრებსების სკანდალს ბოდვად მიიჩნევს. ჰოდა, თუ ბოდვაა, წესით, ნიკა გვარამია, მინიმუმ, დაკითხვაზე უნდა დაიბარონ, არა?
_ დიახ, თუ კრებსები ფეიკია, მაშინ გვარამია დაკითხვაზე უნდა დაიბარონ, მით უმეტეს, რომ ამ კრებსებში პარლამენტარებიც არიან ნახსენები.
ერთი სიტყვით, ყველაფერ ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. საამისოდ კი სახელმწიფო ინსპექციის სამსახურმა მოკვლევა უნდა დაიწყოს და დაადგინოს, ეს კრებსები ნამდვილია თუ არა. თუ დადგინდება, რომ კრებსები ნამდვილია, მერე ის იქნება გასარკვევი, მოსმენა-თვალთვალი რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა, მაგრამ ყველაფერი ეს რომ გაკეთდეს, შესაბამისი ცოდნაა საჭირო, თუმცა ყველგან გაუნათლებლები სხედან!
_ ხელისუფლება, წეღანდელი თქმისა არ იყოს, კრებსებს ბოდვად მიიჩნევს. შესაბამისად, მოკვლევას რატომ დაიწყებს?
_ დავუშვათ, რომ კრებსები ნამდვილი არ არის, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ამ კრებსებში ადამიანები, მართალია, ინიციალებით, მაგრამ მაინც დასახელდნენ, ანუ მათი ღირსება შეილახა?
ისე, თუ ეს მოგონილი არ არის, გვარამიამ მთელი დოკუმენტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელობას ერთი მარტივი შეკითხვით უნდა გადასცეს: როგორ გამოჟონა აღნიშნულმა ინფორმაციამ?
_ რა აზრი აქვს, გვარამია დოკუმენტაციას გადასცემს თუ არა? სუს-ი ამბობს, ყველაფერი ჩვენი უწყების დისკრედიტაციის მიზნით არის მოგონილიო.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ არსებობს!
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგა ხანია, კერძოდ, 2000-იანი წლების დასაწყისში მოკვდა და ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამის გამოძახილია!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კერძო სტრუქტურად ქცევა შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო.
_ „კერძო სტრუქტურა“ რას ნიშნავს?
_ კერძო პოლიტიკური დავალებების შესრულებას…
_ სხვათა შორის, კრებსების ნამდვილობა არაპირდაპირ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც დაადასურა, ანუ მეუფის თქმით, სუს-მა თავსი დროზე სთხოვა, რომ მის საუბრებს მოისმენდა, რაზედაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, თურმე, დასთანხმდა…
_ რა სისულელეა!
_ სისულელე რატომაა?
_ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვინ მისცა იმის უფლება, რომ ობიექტი გააფრთხილოს, აი, უნდა გითვალთვალო და მოგისმინოო?!
_ რა ვიცი, მეუფე ნიკოლოზი ასე ამბობს და…
_ ნიკოლოზს სუს-თან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონია და ჩვენ რაღას ვეძებთ?
_ ე. ი., ამ შემთხვევაში, დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა, არა?
_ დიახ. საერთოდ, არ შეიძლება და ანაქრონიზმია, რომ ოპერატიული საქმიანობა ეკლესიის წიაღში აწარმოო. ეს საბჭოთა უშიშროების, КГБ-ს, ე. წ. მეხუთე სამმართველოს გადმონაშთია!
_ ისე, კოტე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მისია საგარეო საფრთხეების შესწავლაა თუ მოქალაქეების თვალთვალი?
_ უსაფრთხოების სამსახური შიდა საფრთხეებზეც უნდა მუშაობდეს და საგარეოზეც.
საერთოდ, უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანა არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობის დროულად გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.
_ სექსი სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა?
_ არა, ეს ვიღაცის ავადმყოფურ თავში მოსული აზრია!
უშიშროებაში მეც ვმუშაობდი, მაგრამ სულ არ მაინტერესებდა, სექსი ვის ვისთან ჰქონდა, თუმცა თუ ობიექტის ასეთი ურთიერთობა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მაშინ თვალთვალი და მოსმენა შეიძლება, მაგრამ ეს მინისტრმა ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კი არ უნდა განსაზღვროს.
_ აბა, ვინ უნდა განსაზღვროს?
_ მოსამართლემ და სახელმწიფო უსაფრთხოების ზედამხედველმა პროკურორმა.
ამიტომაცაა, რომ ჯერ კიდევ მიშასდროინდელი ჩანაწერები ისევ არსებობს და ვისაც როგორ უნდა, ისე იყენებს!
საერთოდ, ქვეყანა მაშინ ყროლდება, როცა ხელისუფლებაში მაფია აღწევს! სახელმწიფოებრივად აზროვნებას წლები სჭირდება, მაგრამ ახლა რა ხდება? _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვიღაც პატარა ბიჭები მოჰყავთ და ხელში მოსასმენ აპარატურას აჭერინებენ. ამით, ჯერ ერთი, აფუჭებენ და მეორეც, საერთო საქმესაც ზიანს აყენებენ!
ყველაფერ აქედან გამომდინარე, დღეს რეფორმა ყველაზე მეტად სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სმასაუხრებს სჭირდება!
_ კოტე, გვარამიას მიერ გასაჯაროებული კრებსები, მიუხედავად იმისა, ნამდვილია თუ არა, სკანდალია?
_ დიახ, სკანდალია! თუ გინდა, რომ ქვეყანა მოშალო, ხერხემალი უნდა მოუშალო! ამ შემთხვევაში კი ხერხემალი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაა. ჩვენი უსაფრთხოების სისტემა წლებია, აბსოლუტურად მორღვეულია და იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლებაში ვინ მოვა. არადა, სახელმწიფოს ის შემადგენელი რგოლი, რასაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა ჰქვია, ხელისუფლების ცვლილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული!
სანამ ჩვენი საზოგადოება აქამდე არ მივა, ყოველთვის ასე იქნება!
ისე, აბა, შევხედოთ, დასავლეთში, მაგალითად, აშშ-ში, როგორი სისტემაა.
_ როგორია?
_ უშიშროების სისტემას ვერავინ ეხება. ვანო, წარმოიდგინე, კრებსებს რომ გამოეჟონა, „სი-აი-ეი“ (SIA) ან „ეფ-ბი-აი“ (FBI) რას იზამდა?
_ ეგ არ ვიცი, რას იზამდა, მაგრამ უოლტერგეიტის სკანდალი დღემდე ყველას გვახსოვს…
_ დიახ, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენთან, პრაქტიკულად, სისტემური სახე აქვს და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კერძო ინტერესებშია მოქცეული.
სახელმწიფო ინსპექციის სამსახური ქმედითი მაშინ იქნებოდა, ოპერატიული საქმიანობის უფლება რომ ჰქონდა. ასეთ დროს უკანონო მოსმენასა და თვალთვალს ვეღარავინ გაბედავდა.
სხვათა შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის პრინციპები ძალიან კარგად იციან, მაგრამ სისტემას მოერგნენ და წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობებზე ერთი და იგივე ადამიანები ინიშნებიან. გვარებსა და სახელებს არ დავასახელებ, მათი ვინაობა ყველამ ზეპირად იცის და ისიც იცის, რომ ეს ადამიანები სისტემაში შევარდნაძის დროსაც იყვნენ, სააკაშვილის დროსაც და ახლაც არიან!
არსებობს როტაციის სისტემა, რომლის თანახმადაც უშიშროების თანამშრომლები ერთი სამსახურიდან მეორეში უნდა გადადიოდნენ, მაგრამ დღეს ასე არ ხდება!
ვანო პავლიაშვილი