კომპენსაციის მიღმა დარჩენილი თვითდასაქმებულები
პანდემიის დროს დაკეტილმა ობიექტებმა და ფაქტობრივად გაჩერებულმა ეკონომიკამ ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეები დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია გასცა, რეალურად, მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
„ქრონიკა+“ იმ ადამიანების ბედით დაინტერესდა, რომელთა ერთადერთი შემოსავლის წყარო პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ლოკდაუნმა შეიწირა. რამდენიმე მათგანი ღიად გვესაუბრა და დეტალურად მოგვითხრო იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მას შემდგომ, რაც ქვეყანაში აკრძალვები გამოცხადდა. ჩვენს რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ვინაობის გამხელას მოერიდნენ, რადგანაც, მათი თქმით, რიგი ობიექტების მეპატრონეები, ხელისუფლების კრიტიკის გამო, მათ სამსახურში აღარ დააბრუნებდნენ.
ინგა ივანიძის ერთადერთი შემოსავალი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შეიწირა, თუმცა მას დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია:
„წლების მანძილზე ვიყავი ემიგრაციაში და იქიდან ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. როდესაც ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა, საქართველოში დაბრუნება მომიწია. ამასობაში პანდემია დაიწყო, ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობდი, სადაც ანაზღაურებას ხელზე ვიღებდი. ამ ქვეყანაში მხოლოდ დამსაქმებლის უფლებებია დაცული, დასაქმებულები კი არავის ვაინტერესებთ. პანდემიის პერიოდში ობიექტი დაიხურა, რის გამოც სახლში ჯდომა მომიწია. როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებდნენ, გამეხარდა, მაგრამ მალევე გავწბილდი, _ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დამსაქმებელთან ხელშეკრულება არ გვქონდა გაფორმებული, ყოველგვარი დახმარების გარეშე დავრჩით და ხელისუფლებისთვის, უბრალოდ, არ ვარსებობდით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვერ ვიღებ წამლებს, რომლებიც ჩემი სიცოცხლისთვის აუცილებელია, არ მაქვს საშუალება. ვერც ქვეყანას დავტოვებ, რადგანაც, როგორც ზემოთ გითხარით, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. მაინტერესებს პასუხი ხელისუფლებისგან: განმიმარტონ, რას ნიშნავს თვითდასაქმებული და რა გვქვია ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ვრთ საჭირო, როდესაც არჩევნები მოდის?!“
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი ინკოგნიტოა, რადგან მას ეშინია, რომ სამსახურში გაუსწორდებიან და საერთოდ ვეღარ იმუშავებს. წინა რესპონდენტის მსგავსად, სახელმწიფო კომპენსაცია არც მას შეხებია:
„რამდენიმე წელია, მომსახურების სფეროში ვარ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თვითდასაქმებულთა რიცხვში ვერ მოვხვდი. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვერანაირად ვხსნი თვითდასაქმებულის მნიშვნელობას ისე, რომ ამ განმარტებაში ჩემი თავი მეპოვა. პრინციპში, არც უნდა მიკვირდეს, _ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ მსხვილი ობიექტი ვერ იმუშავებს რამდენიმე თანამშრომლით და რომ მათ საკმაოდ დიდი გუნდი ჰყავთ, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე მომუშავის გარდა ვერავის შეხვდებით ობიექტზე გაფორმებულს. ეს პრობლემა, უმეტესწილად, მიმტანების, დამლაგებლებისა და იმ პერსონალის ხვედრია, რომლებიც მენეჯერებზე დაბალ საფეხურზე არიან. პანდემიის გამო ორი ობიექტი დაიხურა, სადაც ვმუშაობდი, თუმცა როდესაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შევედი, რათა კომპენსაციის მიმღებთა სიაში დავრეგისტრირებულიყავი, საკუთარი თავი ვერ აღმოვაჩინე. ალბათ, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, სად მიდის ის თანხები, რასაც ეს ობიექტები ვაჭრობენ? თუმცა ეს, ალბათ, კანონმორჩილ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება და საქართველოში ამაზე არც უნდა ვიოცნებოთ. რაც დავთვალე, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 7000 ლარამდე უნდა მქონოდა სარგებელი, თუმცა ჩემი დღევანდელი ბიუჯეტი ნულის ტოლია და გაფიქრებაც მიჭირს, თუ რა მელის ხვალ“.
ჩვენი მასალა ცალმხრივი რომ არ ყოფილიყო, კიდევ ერთხელ გავეცანით მთავრობის დადგენილებას და მას თვალსაჩინოებისთვის „ქრონიკა+“-ის მკითხველსაც ვთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულს:
დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
ზემოაღნიშნული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება“, _ ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც შრომის შესახებ კანონისა და ხელისუფლების უუნარობის გამო დღეს ლუკმა-პურის ფული არ გააჩნიათ?!
გიგა გელხვიიძე