კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გამოქანდების
„ოდეს ტურფა გაიეფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად“, _ ამბობდა რუსთაველი მაშინ და ახლა რომ ყოფილიყო, ჩირს ნამდვილად არ ახსენებდა. ახსენებდა იმას, რაც ახლა ყველაზე იაფი ღირს. ჩირს რა ფასებიც ადევს, კი იცით, იაფი კი არა, მის ფასებს რომ დახედავ, იმ ჩირზე უარესად გაშრები და გამოხმები.
ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ძვირდება და ძვირდება _ პროდუქტი, წამალი, ტექნიკაც, ჩაცმაც და გახდაც, მომსახურება, მოკლედ, ყველაფერი, იაფდება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი რამ _ ჩვენი სიცოცხლე. დიახ, ამ ქვეყანაში მხოლოდ სიცოცხლეა იაფი. ყველაზე იაფი და თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ _ მუქთაც კი.
ამ ქვეყანაში ჯართი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე 12 წლის ბიჭუნას სიცოცხლე… იმ ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც ლუკმა-პურის გულისთვის ჯართს აგროვებს, ჟანგიანი რკინისთვის თხრილში ჩავა და… ჩავა და ვეღარასოდეს ამოვა… ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ჭამენ, სვამენ, სკდებიან და მაინც ვერ ძღებიან. ვიღაცებს კი ისე შიათ, რომ ლუკმა-პურისთვის სასწორზე სიცოცხლეს დებენ.
ესაა ქვეყანა, სადაც ვერ გაიგებ, ხალხი ღორის გრიპით იხოცება თუ ჩინოვნიკთა ღორობით! დიახ, ესაა ქვეყანა, სადაც გრიპის საწინააღმდეგო აცრები კი არაა საყოველთაო და უფასო, აი, რომ დაგემართება, მერეღა ჩაგაყლაპებენ ტამიფლუს უფასოდ, ისიც თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი გაქვს ან პენსიონერი ხარ ან ფეხმძიმე ან ბავშვი ხარ ან რამე გულგასახეთქი ქრონიკული დაავადება გაქვს. დანარჩენ შემთხვევაში კი სწორედ შენზე შოულობს ფულს „პეესპეც“, „ფარმადეპოც“, „ავერსიც“ და ყველა სხვაც. ყველამ დრო იხელთა და ხუთმაგ ფასად ყიდდა ამ წამლებს. ამ ჩვენს აფთიაქების პატრონებს რომ ვუყურებ, ყველა იმ კატის შთამომავალი მგონია, რომელსაც უთხრეს, შენი ცურცლი წამალიაო და მალვა დაუწყო. ესენი კი ყოვლად უსინდისოდ და უტიფრად ათმაგ ფასებად ყიდიან და მდიდრდებიან.
ჩვენი სიცოცხლე იმდენად მუქთაა, ვიღაც გაზკანტორის ვიგინდარას რომ გამოიძახებ დაზაფრული, როცა შენს საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნი დგას, ის ყარაჩოღელივით აივლის, ჩაივლის სადარბაზოში, დაზიანებას ვერ ნახავს, ადგება და დაგცინებს, _ გეჩვენებათ, საღებავის სუნიაო და გაილალება. შენი სიცოცხლე იმადაც არ უღირს, ყველა ბინა შეამოწმოს, დაკეტილი გააღებინოს, მეტიც, თუ გამღებს ვერ პოულობენ, პატრული გამოიძახოს და შეამტვრევინოს და მაინც თუ ვერ ჭრის პრობლემას, ის მაინც გითხრას, წადით, თავს უშველეთო.
აი, ასე, ვიღაც მივა და გაზმდინარე „ტრუბას“ დაგისკოჩავს, ვიღაც გაზის „ტრუბაში“ წყალს გაუშვებს, როგორც ეს ჩემთან გორში მოხდა, ვიღაც კი ასე აივლ-ჩაივლის ყარაჩოღელივით, ბაღდადს გაიქნევს და მერე, გაზი რომ აფეთქდება და ამდენი ადამიანი დაიღუპება და ათი იმდენი საშვილიშვილოდ დაისტრესება და რომ დაიჭერენ და გასკვანჩავენ, ეს „ყარაჩოღელი“ იმ ბაღდადს სევდიანად აიქნევს და გირაოს მოითხოვს. დიახ, დაიჭირეს ის ორი პირი, ვინც გამოძახებაზე მივიდა და ხალხს დასცინა, _ გეჩვენებათო. დაიჭირეს და ზოგს ჰუმანიზმი მოაწვა კლიმაქსივით, _ დაბალი ღობე ნახეთ, მარტო მაგათ იბრიყვებთო? დაბალი ღობე და მაღალი „ზაბორი“ არ ვიცი და არც მაინტერესებს, პასუხი ზედა რგოლებმაც უნდა აგონ და ზუსტად მაგ ქვედა რგოლებმაც, ვინც უშუალოდ მიდის გამოძახებაზე. დიახ, ამიერიდან სხვებს, მათ კოლეგებს რომ გამოიძახებენ, იმ გამოძახებულებს ეცოდინებათ, რომ თუ რამე მოხდა, ზუსტად მათ და მხოლოდ მათ აგებინებენ პასუხს, ეცოდინებათ და კეთილს ინებებენ და ჯეროვნად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ისინი კი, ვინც ერთმანეთისგან ვერ არჩევენ გაზისა და საღებავის სუნს, ატმის ჯემსა და ბებიამისის ფეკალიას, ადგებიან და გაილალებიან მაგ კომპანიიდან.
აი, ახლა უნდა გავიხსენო, აიმ სისხლისმსმელ მიშას დროს, ქე რომ ჰოლანდიიდან უნდა გამოექანოს, ასე, 2010 წელს, ნაქირავებ ბინაში მომადგა ზუსტად ასეთი „დაბალი ღობე“ გაზის „კალონკის“ შესამოწმებლად. დაასკვნა, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და მამცნო _ გამოსაცვლელი იყო, მანამ კი ცივი წყლით გავგრილებულიყავი. აიღო და დალუქა. რომ ავხტი და დავხტი, მომიბრუნდა და მითხრა. _ შენ თუ სიკვდილი გინდა, ეგერ ჩამოდის მტკვარი, მიდი და გადახტი, თავი ისე მოიკალი, ამ „კალონკამ“ რომ გაგგუდოს, შენი ბინის პატრონი კარგად იქნება, შენ _ მკვდარი და მე _ ციხეშიო. შენ თუ იმქვეყნად გინდა, მე ციხეში არ მინდა და ახლა კარგად მეყოლეო და წავიდა. აი, ასე ხდებოდა იმ სისხლიან 9-წლედში და ასე ხდება ამ „უსისხლო“ შვიდწლედში. დიახ, ასე ცივსისხლიანად გვისტუმრებენ იმქვეყნად.
მთელი ამბავი ატყდა იმაზე, ვის ხელშია დღეს ეს კომპანია. არც მე და არც საზოგადოებას არ აინტერესებს, ვისი საკუთრება იქნება გაზის კომპანია _ ყაზახების, კაზაკების, ბეჟუაშვილების თუ ტუჩებდაბჟუებულების! საზოგადოებას აღელვებს ის, რომ ვისიც არ უნდა იყოს კომპანია, ამ კომპანიაში მუშაობდნენ პროფესიონალები და არა იმ ვიღაც პარტიის მიერ იქ, „ხოშიან“ ხელფასებზე შესანახად შეყრილი შინაური ბიჭ-ბუჭობა, რომელსაც არც გაზის გაეგება რამე და არც _ ნუსხა-ხუცურის. ესაა პრობლემა! რაც გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ ყველას ჰკიდია ჩვენი სიცოცხლე, არაფრად უღირს ჩვენი სიცოცხლე. დიახ, ამ ქვეყანაში არავის აღელვებს ადამიანის სიცოცხლე. მთავრობის პირველი პირებისთვისაც ასეა და მართლა გაზკანტორის ვიგინდარისთვისაც.
ამ მთავრობისთვის არათუ იაფია ჩვენი სიცოცხლე, თვითონ ჩვენ არც ვართ ადამიანები და ეს გამოიხატება მათ ლექსიკაშიც. საქართველოს ჰყავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ვინმე მიხეილ ბატიაშვილი, რომელსაც შეუძლია გამობრძანდეს და აი, ასე, უმად და უზმოზე დაარახუნოს, რომ „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება“.
„აწარმოებს ადამიანებს“… _ ამ განცხადების მერე წესიერ, თავმოყვარე ქვეყანაში ამ განცხადების მწარმოებელს გამოიყვანდნენ და ასფალტზე ცხვირ-პირ-დაღმა ახოხიალებდნენ.
მარტო თავმოყვარე ქვეყანაში კი არა, აქ, ამ ქვეყანაშიც კი, მიშა სააკაშვილის განათლების ან კულტურის რომელიმე მინისტრს რომ აგვარი რამ ეთქვა, შანიძის გრამატიკით გაუჩეჩქვავდნენ თავს! ამ ქვეყნის უთავმოყვარეობაც ეგ არის, რასაც არ პატიობდნენ ერთ ხელისუფლებას და ისტერიკებს უწყობდნენ ყველაფერზე _ გაკაფულ ბუჩქზე, გადაბრუნებულ სიტყვაზე, ამათ პატიობენ გაკაფულ ტყეებსაც და ადგილიდან ბირნამის ტყესავით დაძრულ ტყეებსაც _ ივანიშვილის უკანა ეზოსკენ. პატიობენ ამგვარ უმსგავს განცხადებებსაც და უარესსაც.
დიახ, იმ უარესზე მოგახსენებთ, სულ ახლახან რომ გამობრძანდა დედაქალაქის მერი და ოპოზიციას მიმართა _ გამოექანეთ და აგერ დამასკდითო. არა, დასკდომა და კიდევ უფრო უხამსი _ დასკდომის წერტილი არ უხსენებია, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა იგი „ყაზტრანსგაზის“ არაოფიციალურ მენეჯერად მოიხსენია და აფეთქების გამოძიების პროცესში მისი დაკითხვა მოითხოვა, გამობრძანდა, მოაღო პირი კლარჯეთიდან ხაზარეთამდე და სიტყვა-სიტყვით აი, ეს ბრძანა: „თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს“.
დიახ, მხოლოდ გამოქანების საწყისი წერტილი და გამოქანება ახსენა, დასკდომა და დასასკდომი პოლიგონი არ უხსენებია, მაგრამ ეს გამოთქმა გაქვავებულია _ „მთაწმინდიდან გამოექანე და …-ზე დამასკდი“. უბრალოდ გაქვავებული გამოთქმა კი არა, გაცვეთილზე გაცვეთილი გამოთქმაა, რომელსაც ნებისმიერ სოფლის ბირჟაზე ხმარობენ წამდაუწუმ. ისევე გაცვეთილია, როგორც გამოთქმა, მთაწმინდიდან არდანახვებაზე. დიახ, ესაა გაცვეთილი უხამსობა, „პახაბნობა“ და არა იუმორი, როგორც ეს ჩვენს პრემიერს ჰგონია. ისევე არაა იუმორი და ისევე უხამსია, როგორც „ახტა გოჭი, დახტა გოჭი“ თავისი დაბოლოებით.
და როდესაც დედაქალაქის მერი ხმარობს ამგვარ გამოთქმებს საჯარო გამოსვლებში და ხმარობს ოპონენტების მიმართ, მართლაც ის შემთხვევაა, როგორც იმ ამერიკულ გამოთქმაშია, რომელიც ნიკა გვარამიამ გაიხსნენა ზუსტად კალაძის ამ გამოხდომაზე: „კაცს სოფლიდან გამოიყვან, მაგრამ სოფელს კაციდან _ ვერა“. ასეა და გაუტანე თუ გინდ გოლი! ამასთან შედარებით ნარმანიაც კი ჰერცოგ ალბად გამოიყურება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გამოქანდების.
ისე, ჩვენში დარჩეს და ეს „გამოქანება“ დიდად არც იყო გასაკვირი იმ კაცისგან, ვინც ჟურნალისტებს „გადაშენდით“ იშორებდა თავიდან. აი, ესაა _ „გადაშენდი“, „გამოექანე“… აი, ესაა მისი ჭეშმარიტი სახე. არადა, როგორც მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე „ფეისბუკში“ წერდა, მასწავლებლებიც აიყვანა, ფონეტიკაშიც იმეცადინა, ლოგოპედებიც იცვალა, ლь-ც დაძლია, კონსულტანტებიც აიყვანა, ენერგეტიკის სიღრმეებსაც დაეუფლა, ქალაქდაგეგმარების სფეროშიც გადაახტა ტიტანურ ბარიერებს და მაინც „გამოექანე _ დამასკდიზე“ დარჩა! ხათუნა ცხადაძემ ისიც გაიხსენა, რაც ჩვენ, უფულო ხალხმა მართლა ვიცით _ რომ გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაგინდ მაღლა თაროშიაც არ უნდა შემოდო.
დიახ, ვერც გოგრა გახდება შირაზის შუშა და ვერც ბადრიჯანი იქცევა მერცხლად, სულაც რომ ფრთები გამოაბა!
მოკლედ, ასეა, გინდა გაქანდი, გინდა გამოქანდი და საიდან სადაც გინდა, იქ გაექანე, ამ ქვეყანაში არავის არაფრად უღირს ადამიანი. ერთი მწერალი გვყავდა, პირდაპირი ეთერიდან აგინებდა წინის წინა პრეზიდენტს (აი, იმას, ჰოლანდიიდან გამოსაქანებელს) _ მთავარი ფასეულობა ადამიანია და არა ასფალტიო. ის მწერალი ისევ იმ ეთერში ზის, მაგრამ, რატომღაც, ივანიშვილს არც დედას აგინებს და არც დელიკატურად ახსენებს, რომ მთავარი ფასეულობა ამქვეყნად ადამიანია.
ისე, აგინებს და კაი მამალ პინგვინს და დედალ ზებრას დააჭერინებს ის ბრძენი კაციო. მწერალიც ბრძენია, იცის, რომ ეს ბრძენი კაცი არც რეიგანია და არც მიშა სააკაშვილი…
რეზო შატაკიშვილი