კობა ხაბაზი: „ამ ეტაპზე მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა“
შორენა მარსაგიშვილი
რა პირობა უნდა დადონ პოლიტიკოსებმა? რა შემთხვევაში ქრება ოპოზიციის მიმართ ნდობა? რატომ დაეკარგა პოლიტიკოსების სიტყვას ფასი? ვინ უნდა აჩვენოს ხალხს თავგანწირვის მაგალითები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა ხაბაზი:
_ ბატონო კობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასე მიმართეთ ოპოზიციას: პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საჯარო პირობა დადონ, _ თუ იტყვიან, არჩევნები გაყალბდა, უზრუნველყონ, რომ არავინ არანაირი საბაბით პარლამენტში არ შეიძურწოს!
_ ახლაც იგივეს გავიმეორებ. სხვაგვარად ვერანაირი ნდობა ვერ მექნება. შეიძლება ამის მოთხოვნა ერთი ხმისთვის დიდი საფასურია, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ერთი ადამიანის პოზიციაზე ვერ ავაგებთ ჩვენს მოქმედებასო, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ცივილიზებული საზოგადოება სწორედ ერთი ადამიანის პატივისცემაზე იგება. სამწუხაროდ, ბევრჯერ მინახავს ლიდერები, როგორ იბრაგუნებდნენ მუშტებს გულზე ყველა არჩევნების შემდეგ, რომ ამას არ შეარჩენენ, რომ არჩევნები მოკვდა, რომ გაყალბებას არ აპატიებენ, რომ პარლამენტში მათი ფეხი არ იქნება, რომ ეს თუ შერჩათ, არანაირ არჩევნებს აზრი აღარ ექნება და ა. შ. მუშტების ბრაგუნის შემდეგი სურათიც უცვლელი იყო: თოვლში, წვიმაში, ყინვაში, დარბევებში მებრძოლი, მოტყუებული, გულგატეხილი აქტივისტები და სხვადასხვა საბაბით პარლამენტში „შებრძანებული“ ოპოზიცია.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება 90 კაცს მაინც გაიყვანდა პარლამენტში და ამისთვის ყველაფერს იკადრებდა.
ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მზად ამისთვის და ისე გვემოქმედა, რომ ხელისუფლებას ვერ გაებედა არჩევნების გაყალბება. ასლან აბაშიძე იქნება ეს თუ იანუკოვიჩი, ძალაუფლებას თმობს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ მათ იციან, რომ გაყალბება უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე არგაყალბება. ასლან აბაშიძეს შეეძლო ესროლა, მაგრამ ისეთი პირობა შევუმქმენით, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებდა, თუ გაისვრიდა. იგივე პირობა შეექმნა შევარდნაძეს. იანუკოვიჩსაც მოუწია წასვლა. თუ შენ ამბობ, რომ ეს არის რეჟიმი, მაშინ უნდა იცოდე, ავტორიტარული რეჟიმი მხოლოდ უჯრის გაფერადებით არ იცვლება. ეს ფრაზა ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა და ძალიან მომეწონა. ველოდი, რომ ივანიშვილი ყველაფერზე წავიდოდა და დაწერდა იმ შედეგს, რაც დაწერა.
_ რატომ გქონდათ ასეთი მოლოდინი? ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება დამარცხდებოდა.
_ ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ასე იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, 90 კაცს გაიყვანდა და ერთ კაცში შევცდი _ 89 კაცი გაიყვანა ივანიშვილმა. ამის მოლოდინი უნდა ჰქონოდა ოპოზიციასაც. ყველა პარტია უნდა ასხივებდეს გამარჯვების რწმენას და ამიტომ ეუბნებოდნენ თავის მხარდამჭერებს, რომ „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ გაბედავდა. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო ხრიკია, მაგრამ ეს არ გიშლის ხელს, რომ პარალელურად გადადგა ნაბიჯები ქვეყნის დასაცავად გაყალბებისგან. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა: დაიწერეს 89 დეპუტატი. შემდეგი ნაბიჯები რა უნდა გადაიდგას, ამაზე კარგად უნდა იფიქრონ ლიდერებმა. ხშირად შემხვედრია ასეთი ტექსტები, _ რატომ იშვერთ ხელს ლიდერებისკენ, გადით და თქვენ თვითონ გააკეთეთ საქმეო.
_ ბოლო დროს ამაზე აქტიურად მიუთითებენ ოპოზიციის ლიდერები.
_ არ არის ასე მარტივად სიტუაცია. კი ბატონო, არასდროს დამიხევია უკან, მზად ვიყავი, მზად ვარ და ვიქნები საქართველოსთვის თავგანწირული ბრძოლისთვის, მაგრამ… ბატონებო, დაიმახსოვრეთ, ხალხმა კი არ უნდა გაწიროს თავი, თქვენ უნდა მისცეთ თავგანწირული ბრძოლის მაგალითი. დიახ თქვენ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და მათ, ვინც საარჩევნო სიებში ხართ მოწინავე პოზიციებზე გამაგრებულები. დიახ, როგორი თავგანწირვითაც იბრძოდით პარტიულ თანამდებობებსა თუ სიებში მოხვედრაზე, კეთილი ინებეთ და ასჯერ, ათასჯერ მეტი ძალისხმევით იბრძოლეთ ახლაც, ტრიბუნების ნაცვლად დადექით ქუჩაში უწყვეტ რეჟიმში, დადექით თოვლში, წვიმაში, ყინვაში, სიცხეში, დადექით და მიეცით თავგანწირული ბრძოლის მაგალითი მხარდამჭერებს. ამ ეტაპზე ყველა ლიდერი ჩართულია პროცესებში მონაწილეობენ აქციებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა ვიმკით იმის შედეგებს, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ.
_ რა შეეძლო გაეკეთებინა ოპოზიციას და რა არ გააკეთა?
_ უფრო ორგანიზებულად უნდა შევხვედროდით ამ პროცესებს. შესაძლოა, ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ რაღაც შეიცვლება. ბუნებაში ცარიელი ადგილი არ რჩება და ახლაც ასე მოხდება. ხალხში იმდენად დაგროვილია შეურაცხყოფის განცდა და საპროტესტო განწყობები, რომ ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. წინ მნიშვნელოვანი თარიღები გვაქვს, _ ეს არის საბოლოო შედეგების გამოცხადება და პარლამენტის პირველი სხდომა. რატომღაც, მგონია, რომ ამ ეტაპზე ბარიერგადალახული პარტიები არ შევლენ საქართველოს პარლამენტში… და ეს თვისობრივად შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.
_ დარწმუნებული ხართ, რომ არ შევლენ?
_ ამ ეტაპზე ასეთი განცდა მაქვს, რომ არ შევლენ. არ ვიცი, ამას ერთმანეთის წაბაძვით გააკეთებენ, თუ ქართული საქმის კეთების სურვილით, მაგრამ არ შევლენ. პოლიტიკოსების სიტყვებს ხშირად ფასი არ აქვს. ნებისმიერი არჩევნები გავიხსენოთ. ყველა არჩევნების წინ გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და თუ ეს ბრძოლა წავაგეთ, დამთავრდება ყველაფერი; რომ არჩევნები მოკვდა, დემოკრატია მოკვდა. მერე მოდის შემდეგი არჩევნები და ისევ მონაწილეობენ არჩევნებში. მოღალატე! რუსეთის აგენტი! _ ერთმანეთს ასე ლანძღავენ და მეორე დღეს ერთად დგანან. ეს არ დაუწყიათ ამ პოლიტიკოსებს და ამის გამო მათ ვერ დავადანაშაულებ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში სულ ასეთი სურათია. სიტყვას ფასი დაეკარგა და წითელი ხაზები არ გაივლო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ისრაელი: იქ თუ ადამიანს შერაცხავენ მოღალატედ, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტებთან და მეორე დღეს ის მოგვევლინება პოლიტიკურ ლიდერად, ეს წარმოუდგენელია! ასევე წარმოუდგენელია, რომ მის გვერდით ვინმე დადგეს. საქართველოში ასე არ ხდება.
საქართველოში ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული მოხდა ისე, რომ წითელი ხაზები არ გაივლო და დღესაც ასეა. მეთოდურად შესაძლებელია ამის დარღვევაც. ადამიანები რაღაცნაირად უნდა მოვუფრთხილდეთ სიტყვას ანდა თუ ვიტყვით, რომ ვიღაც მოღალატეა, შემდეგ მის გვერდით აღარ დავდგეთ. ადამიანისთვის რაღაცის დაბრალება ძალიან ადვილია, მაგრამ მერე ასევე უადვილდებათ მის გვერდით დადგომა. როცა მოღალატედ შერაცხულის გვერდით დგები, მაშინ თქვი, რომ ან ცდებოდი, როცა მას მოღალატეს ეძახდი, ან ხალხს ატყუებდი. პოლიტიკოსებმა საკუთარ სიტყვაზე პასუხი უნდა აგონ. დღეს შემოვიდა ასეთი ტერმინი: ახლა ასეა საჭირო. ეს არის ძალიან ცუდი. ადამიანები თუ ვერ ხედავენ შენს თავგანწირვას და მხოლოდ ამბობენ, რომ საქმეს ასე სჭირდება, ეს უფრო ვაჭრობას ემსგავსება. ვაჭრობით ვერასდროს გავიმარჯვებთ. ვაჭარს ხალხი პოლიტიკურ ბრძოლაში არ გაჰყვება. ნელ-ნელა და მეთოდურად გამოსასწორებელია თვითონ დამოკიდებულება იმასთან, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსი ხელისუფლება, რომელიც მოსკოვიდან არის დანიშნული და კონტროლდება კრემლისგან. თუ ამას ვამბობთ, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ საქართველოში არა პოლიტიკოსების, არამედ ეროვნულ-განმათავისულებელი მოძრაობის დროა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჯერ ქვეყანა გავათავისუფლოთ და მერე გავაკეთოთ პოლიტიკოსებზე აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა, პოლიტიკური ნაბიჯების შეფასებას გადავაყოლეთ ეს ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, შგვრჩა პოლიტიკოსების გათვლილი ნაბიჯები და არა რევოლუციური ტალღა, რომელიც უნდა ახლდეს კოლაბორანტებთან ბრძოლას. ამ ეტაპზე მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ეს ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ არ იქნება საკმარისი. სერიოზული საპროტესტო გამოსვლებია საჭირო.