კვირიკაშვილის, ღარიბაშვილის, გოგაშვილისა და უსუფაშვილის კახეთი – 2012-2016 წლები
გიორგი კვირიკაშვილი წარმოშობით კახელია: „მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ ამ ამაყი, წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თელავში მოსახლეობას.
დავით უსუფაშვილი _ წნორელი პარლამენტის თავმჯდომარე, მოხარულია, რომ გიორგი კვირიკაშვილისნაირი ოპონენტი ჰყავს: „ორივე კახელები, ორივე ქიზიყელები ვართ, ხანდახან ორივენი ჯიუტებიც ვართ, ფიცხებიც ვართ და ემოციურებიც, მაგრამ ორივეს ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ჩვენ ჩვენი პერსონალური თუ პოლიტიკური ვნებები და განწყობები, ერთი მხრივ, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ და მეორე მხრივ, პოლიტიკური კონკურენციისა და პოლიტიკური ცხოვრების წესებში“.
ღარიბაშვილი _ დედოფლისწყაროელი ივანიშვილი: „ირაკლი ღარიბაშვილი არის ტიპურად კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი! ძალიან ნაღდი და წესიერი კაცია!“
იოსებ გოგაშვილი ზემო მაჩხაანელია. 2012 წლამდე ძალოვან სისტემაში არ უმუშავია ცნობილია, რომ მას ფარშის დისტრიბუცია ჰქონდა თბილისში.
ბედი გინდა კაცს, ბედი და თან ისეთი, რომ ბოლო 4 წელიწადში სამი პრემიერი გამოიცვალო, აქედან ორი კახელი გყავდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე კი _ ქიზიყელი. რაც ისტორიას არ ახსოვდა, კახელები მთავრობაში ბოლო 4 წელიწადი კარგად დაიმახსოვრა. რა მოუტანეს კახელებმა ქვეყანას მთავრობაში თავისი ყოფნით, ბოლო 4 წლის სურათი ნათლად გვიჩვენებს…
2012 წლის შემდგეგ „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლება ოცნებებით მოსულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაიბარა. ქვეყანას სჯეროდა, რომ ტერორი და უსამართლობა დასრულდა. ქვეყანას სწამდა, რომ ყველაფერი საუკეთესო 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. აქ, ამ ქვეყანაში, სჯეროდათ, რომ ოცნებები ხდებოდა…. ოქროს კოშკები აიგებოდა, ცხოვრება საამური გახდებოდა და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც არასდროს…
და მართლაც, ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც არასდროს…
გარდასული დღეები
2012 წლის 22 მარტს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის „შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის“ დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. დოკუმენტი მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 225 კმ. საერთო სიგრძის შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზის 19 მონაკვეთის რეაბილიტაციასა და კახეთის რეგიონული გზების, დაახლოებით, 200 კმ. სიგრძის ქსელის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში კახეთის რეგიონული გზების ქსელის მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია განხორციელდება კონტრაქტირების ახალი, პილოტური მეთოდით (ე. წ. შედეგზე დაფუძნებული კონტრაქტი). აღნიშნულ პროექტზე 5000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პროექტის საერთო ღირებულება 70 მლნ. აშშ დოლარია.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და მსოფლიო ბანკი ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტების განხორციელების კუთხით წარმატებით თანამშრომლობს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის ფინანსური მხარდაჭერა გრძელდება.
2013 წელს აღნიშნული პროექტი შეჩერდა.
2012 წლის აპრილი: ახალი კახეთის მშენებლობის პროცესში, სააკაშვილის განცხადებით, მოხდება ისტორიული შენობებისა და წმინდა ადგილების რეაბილიტაცია, ქალაქის თანამედროვე განათების, კომუნიკაციის შექმნა, თეატრების, მუზეუმების, პარკების რეკონსტრუქცია, იუსტიციის სახლისა და მსოფლიო ბრენდების სასტუმროების მშენებლობა. საქართველოს ისტორიული მხარის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსოფლიო ბანკიდან და კერძო ფონდებიდან, პირველ ეტაპზე, 120 მილიონი ლარი გამოიყო. თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 140-მდე შენობის რეაბილიტაცია, მათგან 134 საცხოვრებელი სახლია. მოეწყობა თელავის ცხრა ქუჩა: ჩოლოყაშვილის ქუჩა, ერეკლე მეორის გამზირი, ერეკლე მეორის მოედანი, ჭავჭავაძის მოედანი, ჭავჭავაძის გამზირი, ლეონიძის ქუჩა, ანტონ კათალიკოსის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ჭადრის ხის მიმდებარე ტერიტორია, ნადიკვარის პარკი. მთლიანობაში მოეწყობა ექვსი სკვერი და ერთი ცენტრალური პარკი. ასევე, 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, მუსიკალური, სამხატვრო სკოლები, გამგეობა, საგადასახადო სამსახურის შენობა, სასტუმრო და რესტორნები, ასევე მოხდება ისტორიული შენობების ჭიშკრებისა და ღობე-გალავნების რესტავრაცია. ახალ იერსახეს მისცემენ უსახურ შენობებს. რესტავრაცია ჩაუტარდება კახეთის მეფეთა რეზიდენციას. აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი მუზეუმი. ძველი პარკებისა და სკვერების ადგილზე ახალი ლანდშაფტური არქიტექტურის პარკები აშენდება, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დამონტაჟდება გარეგანათება, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, ქალაქს მიეწოდება ოპტიკურბოჭკოვანი სწრაფი ინტერნეტი. გზებსა და ტროტუარებზე სხვადასხვა სახეობის ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ქვა დაიგება. მოეწყობა ავტოპარკინგი. ყველა სახლი მოპირკეთდება ქართული აგურით, დეკორატიული კარნიზებით, ახალი ხის ფანჯრებით, რომელიც აივნის ფერებთან შეხამებული იქნება, შეიღებება ზეთოვანი საღებავით. აივნები მოპირკეთდება მეტლახის ფილებით, სახლები გადაიხურება კრამიტით, დამონტაჟდება დეკორატიული ბუხრის მილები. თელავს ულტრათანამედროვე იუსტიციის სახლი და ახალი სასტუმრო „ბესტ ვესტერნი“ ექნება. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს და კახეთისა და მთლიანად რეგიონის ტურისტული ცენტრი გახდება. ისტორიული ნაგებობების, ეკლესია-მონასტრების, გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციის, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია მთელი კახეთის მასშტაბითაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, პროექტისთვის 120 მილიონია გამოყოფილი და დასაქმებულია 4000 ადგილობრივი. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პროექტის მიხედვით, ექვსი ახალი სასტუმრო აშენდება ყვარელში. დართლოში დაგეგმილია საკემპინგე ზონის კეთილმოწყობა; განახლდება გურჯაანში ახტალის კურორტი.
2013 წელს პროექტი შეჩერდა!
2013 ივნისში ყვარელში ქუჩებისა და შენობების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ყვარლის ციხის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე გამგეობის ადმინისტრაციული შენობის, ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩებზე სახლების, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სკვერი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები. პროექტის ფარგლებში მოხდა გზების რეაბილიტაცია და დამონტაჟდა სანიაღვრე არხები. სამუშაოები ორ ნაწილად ჩატარდა და 17 მილიონი ლარი დაჯდა.
ამორტიზებული ლაგოდეხი
ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უკვე ოთხი წელია, შეჩერებულია. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დახურული და ღია ბაზარი, სამაცივრე მეურნეობა და ავტონაწილების ბაზრობა უნდა მოწყობილიყო. სავაჭრო ობიექტი 2013 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე 3000 კვ.მ. ფართი შპს „ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრზეა“ რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია ივერი სოზაშვილი, 100%-იანი წილის მფლობელი კი _ ს/ს „საპარტნიორო ფონდი“.
სავაჭრო ცენტრის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,6 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან ფონდის მონაწილეობა 0,3 მილიონი დოლარის საწესდებო კაპიტალი იყო.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ კაკალაშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად საინვესტიციო ფონდს თანხები უკვე მოძიებული ჰქონდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ობიექტს რაიონში მცხოვრები მოსახლეობა საკუთარი პროდუქტის სარეალიზაციოდ გამოიყენებდა, იქ 60-70 ადგილობრივის დასაქმება იგეგმებოდა.
სოფელ მაწიმის მცხოვრებლების თქმით, სავაჭრო ცენტრი ადგილობრივების დასაქმებასა და საქართველოდან აზერბაიჯანში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას ხელს შეუწყობდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ კი განაცხადა: ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრს“ სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადა არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის სამუშაოები ფინანსური პრობლემების მიზეზით შეწყდა.
„მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტმა გასცა, მაგრამ როგორც ჩვენთან შპს-ს წარმომადგენლებმა თქვეს, ვერ შეძლეს ამ ობიექტის დასრულება. ჩემი ინფორმაციით, არანაირი პირობები არ არის ჩადებული თავის დროზე, რომ ამ შპს-ს ეს ტერიტორია გადაეცა და რაღაც გარკვეულ ვადებში მშენებლობა დაესრულებინა“, _ აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ლაგოდეხში 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერდა, იუსტიციის სახლი იყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის მაისში განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 1 620 000 ლარია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლომდე შევა.
2012 წელი. დედოფლისწყარო
ქოჩების ტბა შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა გაუდინარია, წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ). ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრებით, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.
ქოჩების ტბის დასასვენებელი ობიექტის გახსნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის სექტემბერში დააანონსა. სააკაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე, პლაჟი, მოედანი, სპორტული ზონა (მინიფეხბურთის, კალათბურთისა და ბავშვთა სათამაშო მოედნები, სავარჯიშო ტრენაჟორები), ასევე სათევზაო ზონა, ტყეში საპიკნიკე ადგილები და ავტოსადგომი უნდა გაკეთებულიყო.
2013 წლის 30 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, გიორგი სიბაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე ვალერი გრემელაშვილი და შპს „ხიდის“ დირექტორი ზაქარია ტატუნაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით, სიბაშვილის დავალებით დედოფლისწყაროში არსებული ქოჩების ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გრემელაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ხიდთან“, რომელმაც 74 963 ლარის ღირებულების ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტაცია წარადგინა. გამოძიების ინფორმაციით, რეალურად შესრულდა ნაკლები ღირებულების სამუშაოები და გაფლანგული თანხა აღმოჩნდა 24 145 ლარი. აღნიშნულ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა… თუმცა დედოფლისწყაროში ქოჩების ტბის დასასვენებელ ობიექტად არსებული პროექტის აღსრულება ტკბილ მოგონებებად დარჩა.
2012 წლის შემდეგ დედოფლისწყაროს აღარ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ერთადერთი, რაც დედოფლისწყაროში შეიცვალა, მოხდა გზების სრული რეაბილიტაცია.
2012 წლის მარტი. წინანდალი
წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ 4-სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება. გაკეთდება 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანიც, რომლითაც სასტუმრო დაუკავშირდება წინანდლის ღვინის ქარხანას. წინანდლის „რედისონს“ ექნება ღია ტერასები და აივნები, ექსკლუზიური ინტერიერის მქონე ოთახები და მისაღები, ასევე საკუთარი ავტოსადგომი. შენობის თავზე განთავსდება აუზი და 1000 კვ.მ. ტერასა.
მშენებლობის პროცესში მოხდება ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციაც. რესტავრაცია ჩაუტარდება მარანს, სადაც ღვინოებს აძველებდნენ, ქარხანაში გაიხსნება ქართული ღვინის მუზეუმი, საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის ბარი, მარნები, სარდაფები და რესტორანი.
სასტუმრო დღემდე მხოლოდ 2012 წლის გაჭრილი საძირკვლის ამარაა დარჩენილი.
კახეთი 2012 წლის შემდეგ
შეჩერებული პროექტები, გაყინული ობიექტები, მეფე ერეკლეს დანგრეული სასახლე, გალერეისა და მუზეუმის შეჩერებული მშენებლობა, კახეთის 100-ზე მეტი სოფელი გაზიფიცირების გარეშე, დანგრეული და გადათხრილი გზები.
მშვიდობა შენდა, კახეთო!
2015 წლის 10 თვეში, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, თელავში 6 გახმაურებული მკვლელობა მოხდა: მოკლეს ყოფილი და მოქმედი პოლიციელებიც, 30 წლის ახალგაზრდა მოკლა პოლიციელმაც. თელავში უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.
2015 წლის 10 მარტს ქალაქ თელავში, თამარის ქუჩაზე, ახმეტის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი იორამიშვილმა 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი და იქვე მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი კი დაჭრა. გიორგი იორამიშვილს სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2015 წლის 30 მაისს ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მინდია წიწაშვილმა 34 წლის ვალერი ვაშალომიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ვაშალომიძეს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თელავის სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2015 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თელავში, ბახტრიონის ქუჩაძე, 23 წლის ბექა ალადაშვილმა ყოფილი პოლიციელი, 36 წლის ბექა აბულაძე საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილა. ბოროტმოქმედმა ყოფილ პოლიციელს ავტომატით 17 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მკვლელობიდან ერთ კვირაში სოფელ ოჟიოში დააკავა. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2015 წლის 5 დეკემბერს თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, 1984 წელს დაბადებულმა დიმიტრი მ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ.-ს თავში ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მკვლელობის მიზეზი ის გახდა, რომ ქალმა მამაკაცს ვალის გადახდა მოსთხოვა.
2015 წლის 9 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 64 წლის გიორგი ნინაშვილმა 25 წლის ბექა ჯველაური დანის გამოყენებით მოკლა, მისმა შვილმა, ალექსი ნინაშვილმა კი ჯველაურთან ერთად მყოფი 27 წლის ახალგაზრდა ლევან ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის გადარჩა. პოლიციამ გიორგი ნინაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, მისი 32 წლის შვილი კი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანთან მწყემსმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
2015 წლის 30 დეკემბერს ქალაქ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, 19 წლის სანდრო მეტრეველმა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებს გელა ლამაზოშვილსა და მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. ლამაზოშვილი ადგილზევე დაიღუპა, ჯავახიშვილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის დღეს თელავში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 2016 წლის 15 თებერვალს თელავის რაიონულმა სასამართლომ სანდრო მეტრეველი შეურაცხადად ცნო და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. მანამდე, მკვლელობის სხვა ვერსიებთან ერთად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს დანაშაული გაუცნობიერებლად არ ჩაუდენია და მას პოლიციელების მკვლელობით ე. წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მოპოვება სურდა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანდრო მეტრეველს პოლიციაზე შურისძიება დაავალეს, რადგან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო ამ დრომდე იმ სახლშია განთავსებული, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში „კანონიერ ქურდს“ ჩამოართვეს.
2016 წლის 24 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები 48 წლის ვეფხია გლურჯიძე ნათესავმა ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გლურჯიძემ დახმარება გამვლელი ავტომანქანის მძღოლს სთხოვა, მაგრამ ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თანასოფლელების ინფორმაციით, მოკლულსა და ბრალდებულს წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი იმავე საღამოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლებია.
ამ დრომდე გაუხსნელია 35 წლის არჩილ მაისურაძის, მეტსახელად „სტარიჩოკას“ მკვლელობის საქმე. ის 2014 წლის 14 ივნისს, დაახლოებით, 24:00 საათისთვის, ქალაქ თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის გამზირზე ჩაცხრილეს. არჩილ მაისურაძე 12 წლის წინათ იყო ნასამართლები „კანონიერი ქურდის“, „ვანცეტას“ მკვლელობისთვის. ერთ-ერთი ვერსიით, მაისურაძეს შურისძიების მიზნით მოსაკლავად დასდევდნენ. მოკლულის ახლობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ მკვლელობამდე მაისურაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართა და აცნობა, რომ მას კონკრეტული პირი მოსაკლავად დასდევდა, მაგრამ უშედეგოდ.
დღემდე ამოუხსნელი რჩება ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზი! 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს.
არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში გაცხადდებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ საქმე არ გამოძიებულა.
აქამდე გაუხსნელია ლოპოტის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაცია, პანკისის ხეობის მოსახლეობა დღემდე ითხოვს სიმართლის დადგენას, თუ რა მოხდა და რატომ დახოცეს მათი ხეობის მცხოვრებლები?
საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის რიცხვმა 3.92%-ით (_1430 შემთხვევა) იკლო. რაც შეეხება უშუალოდ სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ასეთმა შემთხვევებმა 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.01%-ით (+86 შემთხვევა) მოიმატა, საქმის გახსნის მაჩვენებელი კი შემცირდა. შს სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2014 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ 661 დანაშაული მოხდა, აქედან 197 გაიხსნა, 2015 წელს მომხდარი 747 დანაშაულიდან კი გახსნილია 213.
NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, _ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში? გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ გაუმჯობესდა; 29% ამბობს, რომ არ შეცვლილა; 57% კი ამბობს, რომ გაუარესდა. NDI-ის დაკვეთით კვლევა 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3900 რესპონდენტი გამოიკითხა.
P. S. თუ რამეს ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს ერი, ეს ამ წლების მანძილზე ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-გოგაშვილის „გრიმიტი“ იქნება… ბოლო 4 წლის მანძილზე სკოლაშიც კი შეუძლებელი იყო პედაგოგის დანიშვნა ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-გოგაშვილის თანხმობის გარეშე… კახელების კვალი მძიმედ დააჩნდა ისტორიას, მე კი, უბრალოდ, დავამატებდი: ღარიბაშვილიც, თამაზაშვილიც და გოგაშვილიც ქიზიყელები არიან და, აი, თურმე, რატომ უფრთხოდნენ წლების მანძილზე საქართველოში ქიზიყელების გაბატონებას…
მეც, როგორც კახელმა, ძველი, ნამდვილი კახური გულწრფელობით მივუძღვენი ეს უსტარი კახელებს…
მაკა მოსიაშვილი