კახა მიქაია: „26 ოქტომბრის არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ახალგაზრდობა“

შორენა მარსაგიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია, მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ „ნაციონალების“ გასამართლებას აპირებს, პირველ რიგში, საკუთარი თავი და თანაპარტიელების დიდი ნაწილი უნდა დაიჭიროს. კახა მიქაიას თქმით, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციის მიტინგებს ივანიშვილის ნაყიდი ხელკეტებით არბევდნენ.

რა აჩვენა „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნამ? რატომ არის სასაცილო ივანიშვილის მხრიდან ომში ჩართვაზე საუბარი? რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას? რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმი და ვინ იტყვის არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კახა მიქაია:

_ ბატონო კახა, „ქართული ოცნების“ ოფისის პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ მომდევნო 12 წლის მანძილზე ყველა არჩევნებს მოიგებს. რას ფიქრობთ თქვენ ამ პროგნოზთან დაკავშირებით?

_ „ქართულ ოცნებაში“ მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი, პრემიერი კობახიძე თავის მთავრობიანად, პარლამენტი და ამათი მხარდამჭერი ე. წ. ინტელიგენცია არის მხოლოდ გარნირი. მათი აზრი არავის აინტერესებს. მთავარ სათქმელს ამბობს ბიძინა ივანიშვილი. პარტიის ოფისის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ღიად აჩვენა, რომ ის აჟღერებს პირდაპირ კრემლის მესიჯებს. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის კრემლი. ბიძინა ივანიშვილის გახლავთ კრემლის „ნამესტნიკი“. ბიძინა ივანიშვილის მესიჯები ევროკავშირთან და ამერიკის შეერტებულ შტატებთან მიმართებით პირდაპირ ემთხვევა მოსკოვის მესიჯებს. ამიტომ კრემლის „ნამესტნიკის“ მესიჯები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამასთან, ერთი რამე აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ბიძინა ივანიშვილი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

_ რაში გამოიხატება, რომ ბიძინა ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია?

_ ბიძინა რომ მძიმე მდგომარეობაშია, ეს ძალიან კარგად ჩანდა პარტიის ოფისის გახსნის დღეს, სადაც ეს განცხადებები გაკეთდა. სახეზე გვაქვს კლინიკა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაუძლო კრემლის ზეწოლას.

_ რაღა ზეწოლა უნდა იყოს რუსეთიდან? ყველა იმას ამბობს და მათ შორის თქვენც, რომ ის კრემლის დავალებებს ასრულებს.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აგერ უკვე მეთორმეტე წელია, რაც საქართველოში კრემლის პოლიტიკას აწარმოებს, მასზე მაინც ხორციელდება ზეწოლა და ის ვეღარ უძლებს ამ ზეწოლას.  ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ ზეწოლისგან ბიძინა ივანიშვილი გაგიჟდა. მის გამოსვლას რომ ვუყურებდი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მისი გამოსვლა იყო სრული სიგიჟე, არაკომპეტენტურობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

_ მომავალი 12 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების მოგებაზე რას ფიქრობთ? ეს „ოცნების“ სიგიჟეა თუ რეალობაა?

_ სიგიჟე, ზოგადად, გადამდებია, გაგიჟდა ივანიშვილი და სიგიჟე გადაედო მის გარემოცვასაც, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, მამუკა მდინარაძეს… მათი გამოსვლები და განცხადებები ამაზე მეტყველებს. სერიოზულად მათ მესიჯებზე საუბარი ძალიან გამიჭირდება.

მითხარით, აბა, როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკო გლობალური ომის პარტიაზე? მერე იმაზე ვილაპარაკო, რომ თურმე დონალდ ტრამპი მოიგებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს, მოვა ხელისუფლებაში, ყველაფერი დალაგდება და ბიძინას მადლობას ეტყვიან მის მიერ წარმოებული პოლიტიკისთვის. თურმე ბიძინას ერთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი გამოასწოროს. და რაც მთავარია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაასამართლოს. ჯერ სისულელეა ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ რომ აპირებ ყოფილი ხელისუფლების გასამართლებას და მაინც თუ აპირებს ამის გაკეთებას,  მაშინ ეს დაპატიმრებები საკუთარი პარტიიდან დაიწყოს.

_ წესით, ასე უნდა გააკეთოს. „ქართულ ოცნებაში“ გაცილებით მეტი ბობოლა „ნაციონალია“, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“.

_ თავად ბიძინა „ნაციონალებისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვიოლის მთავარი დამფინანსებელი იყო. მაშინ, პირველ რიგში, საკუთარი თავი დაიჭიროს. „ნაციონალები“ მისი ფულით ნაყიდი ხელკეტებით გვირტყამდნენ და არბევდნენ ოპოზიციის აქციებს. „ნაციონალების“ გასამართლება თუ დაიწყება, მოვითხოვ, პირველ რიგში ბიძინა გასამართლდეს. ყველაზე დიდი „ნაცი“ იყო და არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება სხვების განცხადებებს, მათზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხომ გითხარით, რომ სიგიჟე გადამდებია  და ამ სიგიჟეს მიჰყვება ყველა. სადამდე მიგვიყვანს ეს სიგიჟე, არ ვიცი. გიჟებს, როგორც წესი, სერიოზულად არ უყურებენ. მაგრამ ზღვარს გააჩნია. ეს სიგიჟე უკვე სახიფათო გახდა. აშკარაა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წავლენ, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება. ისინი ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ დიდი ხნით აპირებენ. ეს საფრთხე საქართველოში ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.

_ „ნაციონალებიც“ ასე დიდი ხნით აპირებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას. ამაზე განცხადებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც აკეთებდნენ, მაგრამ მერე მოუწიათ ხელისუფლებიდან წასვლა და ძალაუფლების დათმობა.

_ სააკაშვილიც მართლა ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებდა, მასაც დიდი ხნით უნდიდა ხელისუფლებაში ყოფნა. თუ კარგად გახსოვთ, არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც არ თმობდა ძალაუფლებას. მაგრამ შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის, ფაქტობრივად, აიძულა, რომ დაეთმო ხელისუფლება. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიშამ დემოკრატიულად, არჩევნების გზით დათმო ხელისუფლება, ეს იყო იძულება. ის იძულებული გახდა, დაეჯერებინა დასავლეთისთვის. ახლა ვსვამ კითხვას, _ დაუჯერებს ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს? ამაში მე დარწმუნებული არ ვარ.

_ დასავლეთის მოწოდებებს რომ არ დაუჯერებს, ეს აშკარაა, მაგრამ დასავლეთს არ აქვს ვითომ რაიმე ბერკეტი, რითაც აიძულებს, რომ სააკაშვილის მსგავსად ძალაუფლება მანაც დათმოს?

_ დასავლეთს, რა თქმა უნდა, აქვს ის ბერკეტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს იძულებულს გახდის, დათმოს ძალაუფლება. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ საკუთარი ნებით ძალაუფლებას დათმობს, ამის მე არ მჯერა. ის და სააკაშვილი ამაშიც გვანან ერთმანეთს. მათ ძალიან უჭირდათ ძალაუფლების დათმობა. მიშას ძალაუფლება რომ დაეთმო, ამისთვის დასავლეთს მაინცდამაინც დიდი ზეწოლა არ დასჭირვებია. გახსოვთ, ალბათ, 2012 წელს საქართველოში სენატორების რიშის და შაჰინის ჩამოსვლა. ჩამოვიდა ჰილარი კლინტონიც. ცოტა გაჭირდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილიც დათმობს ხელისუფლებას.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ეს „ოცნების“ წევრების სახეებზეც იკითხებოდა. პარტიის ოფისის გახსნაზე მათ დიდად საზეიმო გამომეტყველება არ ჰქონიათ და არ ჰგავდნენ იმ ხალხს, ვინც დარწმუნებულია, რომ, სულ მცირე, კიდევ 12 წელი დარჩება ხელისუფლებაში.

_ რაც შეეხება გამომეტყველებებს, ჩემთვის განსაკუთრებით დამამახსოვრებელი იყო რობიკო სტურუას გამომეტყველება. რობიკოს სახეზე იყო მთელი ტრაგედია გამოსახული. უფრო მეტად ეს იყო ტრაგიკომედია. ეს ტრაგიკომედია სუფევდა ოფისის გახსნაზეც. არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში რობიკომ ახალი ტრაგედია დადგას. მას დაარქმევს „ოლიგარქი და მისი ბარტყები“ ან „ბიძინა პირველი“. მოკლედ, ახალი ტრაგედიის დასადგმელად რობიკოს აქვს ძალიან კარგი მასალა. იმ დღეს რობიკოს სახეზე ჩანდა, თუ რა დღეშია „ქართული ოცნება“. ამას ყველა ხედავს და სულელი არავინ არის. მე მაინც მიკვირს ერთი რამ და ვერ ვხსნი, რატომ იგდებს ეს ხალხი თავს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში?

_ შესაძლოა, არც უნდათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან დავალებულები არიან.

_ გასაგებია, რომ დავალებულები არიან, მაგრამ განა რა ისეთი ვალი აქვთ ოლიგარქის, რომ ასეთ დონეზე დამცირდნენ? მთელი ქვეყანა მაგათ დასცინის. მათი მხრიდან ამას შესაძლოა რაღაც გამართლება აქვს, მაგრამ პირადად მე ამას ვერანაირად ვერ გავამართლებ.

_ რობიკო ახსენეთ და იქ იყვნენ სხვა ცნობადი სახეებიც, მაგრამ არა იმდენი, როგორც ადრე. რა მოხდა, არ დაპატიჟეს ცნობილები, თუ განქოცდა ეს ხალხი?

_ ვინც შემორჩათ, ისინი დაპატიჟეს ღონისძიებაზე. მხოლოდ ეს ხალხიღა შემორჩა ბიძინა ივანიშვილს. წინა შეხვედრებზე მეტნი იყვნენ ეს სელებრითები. მაგრამ ახლა, ეტყობა, ამ ადამიანებს უკვე აღარ უნდათ, რომ ამ სიგიჟეში მიიღონ მონაწილეობა. მგონია, მალე ესენიც მოეგებიან გონს. წითელი ინტელიგენციისა და პუტჩისტების მიმართ ჩემი მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ასეთი გაბანძებისთვის ვერავის ვიმეტებ.  ბიძინა ივანიშვილის სიგიჟეს უკვე აღარ აქვს ზღვარი და არ მინდა, ამ სიგიჟეში მონაწილეობდნენ სხვა ადამიანები.

_ პუტჩისტები ახსენეთ და რა სასაცილოა, რომ მათი უმეტესობა გმობდა ტრამპზე თავდასხმას და ამ დროს 30 წლის წინათ თავად მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჩამოგდებაში, რაც მისი ლიკვიდაციით დასრულდა.

_ პუტჩისტები ყველაზე მეტად გმობდნენ ტრამპზე თავდასხმს. იმ შეხვედრაზე, რობიკოს თამადობით,  პუტჩისტების მთელი ნაკრები იყო წარმოდგენილი. მათ გააჩაღეს სამოქალაქო ომი, რასაც კანონიერი ხელისუფლების დამხობა და პირველი პრეზიდენტის სიკვდილი მოჰყვა.

_ სამოქალაქო ომის ავტორებისგან „აბა, ომი გინდათ“ ყვირილიც ძალიან უხერხულია.

_ რაც შეეხება ომს, „ოცნების“ მთავარი ლოზუნგებია ომის თემა. თურმე ივანიშვილისთვის მოუთხოვია დასავლეთს, ან იომებთ, ან წახვალთ ხელისუფლებიდანო. წარმოგიდგენიათ, ვინმეს ომში ჩართული ბიძინა ივანიშვილი? ან მეომარი ირაკლი კობახიძე? პირადად მე ასეთი რამე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ღმერთმა გვაშოროს და ვთქვათ, რაღაც ომია, გადაწყვეტილება გენერალურმა შტაბმა უნდა მიიღოს. მიიღეს რაღაც გადაწყვეტილება და სოლოლაკში გარბიან ბიძინასთან საკითხავად, აბა, შენ რას იტყვი? და ისიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ უნდა იომონ.

_ ბიძინა, ალბათ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც 2008 წელს მიიღო. როგორც გიგი უგულავა ყვებოდა, მან 2008 წლის ომის დროს მოითხოვა, მისთვის სარფის გავლით დერეფანი გაეკეთებინათ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

_ ალბათ, ასეც იქნება. მაგრამ ვერაფრით წარმომიდგენია ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმე აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყოს. ეს არის სრული სიგიჟე. ამიტომ ვამბობ, რომ კლინიკაა ეს ყველაფერი და სიგიჟე სახეზეა.  ბიძინა ივანიშვილი ყველა მეთოდით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. ახლა ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ამომრჩეველმა.

_ საზოგადოებაზე ძალიან მუშაობს ომის თემა. ძალიან ბევრს სჯერა, რომ საქართველოში ომი რომ არ არის, ეს ბიძინას დამსახურებაა და თუ ის ხელისუფლებიდან წავა, აქ ომი იქნება. აქამდე იმით აშინებდნენ ხალხს, ჩვენ თუ წავალთ, მიშა მოვაო. ახლა მიშა ციხეშია და ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

_ კითხვა გასაგებია, მაგრამ დავსვამ კონტრშეკითხვას, _ ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა მართალია და სჯერა, რომ მართლა ომის საშიშროება გველის, მაგასთან საუბარი ღირს? ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებთან საუბარი არ ღირს. როგორ შეიძლება, ასეთი ხალხის აზრი მოვისმინოთ? მათ არ უნდა ველაპარაკოთ. 

_ აზრი შეიძლება არ მოვისმინოთ მათი, მაგრამ ასეთ ადამიანებს არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ და ისინი ხმას მისცემენ „ქართულ ოცნებას“.

_ ეს ხალხი „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას და რა ვუყოთ მერე? ვინც ახლა ამ ყველაფრის მერე ბიძინა ივანიშვილთან რჩება და მისი ერთგულია, იმას ვერაფერში დაარწმუნებ და შევეშვათ ასეთ ადამიანებს. ძალიან ბევრზე მუშაობს ის თემა, რომ ესენი თუ წავლენ, ომი იქნება. ოპოზიციამ ბევრი უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით.

_ სადაა მერე ოპოზიცია?

_ მეც ამ შეკითხვას ვსვამ და მეც მაინტერესებს, სადაა ოპოზიცია?  ოპოზიცია არსად ჩანს.

_ ვიღაც ხომ უნდა აირჩიოს ხალხმა „ოცნების“ საპირწონედ?

_ ასეა თუ ისე, „ქართული ოცნების“ საპირწონედ ვიღაც აუცილებლად უნდა ავირჩიოთ. სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ გვაქვს.  ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარშემო. ამიტომ ვიღაც აუცილებლად უნდა ავირჩიოთ.

_ ე. ი. ხალხს ისევ ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

_ სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რელობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტად გამოიყურება. მათი მესიჯები მოსაწყენიცაა. გაერთიანების პირდაღებული თემა ნერვების მომშლელია. მიდის ერთმანეთში გაუთავებელი კინკლავი. ეს ყველაფერი ქმნის იმის საშიშროებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნების შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დარჩება.

_ რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს?

_ ოპოზიციის დღევანდელი ქმედებებიდან გამომდინარე, სერიოზული საფრთხეა იმისა, რომ ბიძინა ხელისუფლებაში დარჩება. მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს დასავლეთის და ქართული საზოგადოების, რომელიც არჩევანს გააკეთებს ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე. მჯერა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხმას არ მისცემს ივანიშვილს და ამით მხარს არ დაუჭერს ქვეყნის დაღუპვას. სხვა არჩევანი ჩვენ ახლა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. ეს არის რეალობა. ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს და წავიდეს არჩევნებზე.

ოპოზიციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ერთმანეთში კინკალობა და საქმის გარჩევები საქვეყნო საქმეს არ წაადგება. გასაგებია, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ შედგა. გასაგებია ისიც, რომ ვიღაცას არ უნდა „ნაცებთან“ ერთად ყოფნა. ყველაფერი კარგად გავიგეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხმისთვის. უნდა შეწყდეს ოპოზიციაში ერთმანეთისთვის რაღაცების დაბრალება და ქილიკი. ყველა ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული. არ მოგწონს ეს ოპოზიციური ფლანგი? მეორეს მიეცი ხმა. ოღონდ არავითარ შემთხვევაში „რუსულ ოცნებას“. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

უნდა დავივიწყოთ ის თემა, რომ შეიძლებოდა ოპოზიცია გაერთიანებულიყო. რატომ ვერ გაერთიანდნენ და რას მოგვიტანდა ეს ერთობა, ეს თემა უნდა დაიხუროს. ამაზე საუბრით ენერგიის დახარჯვა აღარ ღირს. წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თითოეული ხმისთვის იქნება ომი.

აბსოლუტურად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩეევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის რეფერენდუმი, სადაც ვირჩევთ თავისუფლებას ან მონობას. ევროპა გვინდა თუ რუსეთი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ თავისუფლება და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპა. მე პირადად ასე ვუყურებ ამ არჩევნებს და ყველას მოვუწოდებ, ასე შეხედონ მათაც. ეს მართლა რეფერენდუმია.

ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ დავრჩეთ რუსულ ჭაობში. ჩვენ მართალია ვიცინით ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, მაგრამ საქართველოს რუსეთად ქცევის საფრთხე მაინც არსებობს. ამ საფრთხის უკან დგას რუსეთი. ის რუსეთი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი სპეცსამსახურებით და ზეწოლით, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს და კრემლის პოლიტიკა გაატაროს საქართველოში.

მინდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ დღეს ჩვენ წინააღმდეგობაში ვართ კრემლთან. ჩვენ არჩევნები უნდა მოვუგოთ კრემლს. ეს არჩევნები რუსებს უნდა მოვუგოთ ერთიანობით და რაც მეტნი წავალთ არჩევნებზე, კრემლს მეტად გაუჭირდება გაყალბება. კრემლი რომ გააყალბებს ამ არჩევნებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

_ ბევრი თქვენსავით ფიქრობს, რომ ამ არჩევნებს კრემლი ატარებს და რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, რადგან არჩევნებს კრემლს ვერ მოვუგებთო. ამ ადამიანებს რას ეტყვით?

_ ასეთი განწყობაც არსებობს და ეს ნიჰილიზმი ხელისუფლების დათესილია. კრემლს ძალიან კარგად მოვერევით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთიანობა. ოპოზიცია ერთმანეთის ქილიკს თუ მიატოვებს, ერთმანეთისთვის რაღაცების გადაბრალებას შეეშვება, აღიქვამს რეალობას სათანადოდ, ძალიან კარგად მოვიგებთ. მთავარია, ერთად და ბევრნი ვიყოთ. ყველამ უნდა აღვიქვათ რეალობა ისე, როგორც არის და გავითავისოთ საფრთხეები. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე.

_ ახალგაზრდობაზე რას ფიქრობთ? სხვა არჩევნებზე ახალგაზრდები დიდად არ აქტიურობდნენ. ამ არჩევნებზე ამ მხრივ განსხვავებული სურათი იქნება.

_ ჩვენი ახალგაზრდობა არის ცალკე თემა. არცერთ წინა არჩევნებზე ახალგაზრდობა არ ყოფილა წინა პლანზე. ისინი არჩევნებში არც კი მონაწილეობდნენ. ეს პირველი არჩევნებია, სადაც ახალგაზრდობა იქნება ბრძოლის წინა ხაზზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ახალგაზრდების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ დათმობენ საკუთარ არჩევანს და არ მისცემენ კრემლს ხმების მოპარვის უფლებას. თუ რამის იმედი მაქვს შექმნილ სიტუაციაში, ეს არის ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა ძალიან დიდი ძალაა და არჩევნების ბედს ისინი გადაწყვეტენ.

_ ძალა ვახსენეთ და „ხალხის ძალაზეც“ გკითხავთ საუბრის ბოლოს. ისინი „ქართული ოცნების“ წიაღში დაბრუნდნენ და რას ფიქრობთ ამაზე?

_ განსაკუთრებულს არაფერს. დაჩი ბაერაიას გულითადად ვულოცავ მშობლიურ წიაღში დაბრუნებას. ესაა ჩემი პასუხი ამ თემაზე.

_ სასაცილო არ არის ეს ამბავი?

_ სასაცილო როგორ არ არის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს სასაცილო ხალხი წარმოადგენს ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს იმის გამო, რომ ამ სასაცილო ხალხს მხარს უჭერს კრემლი. ჩვენ ეს საფრთხე უნდა აღვიქვათ სწორად. მარტო ბიძინა ივანიშვილთან რომ გვქონოდა საქმე, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ჩვენ გვიპირისპირდება კრემლი. ეს კი ძალიან დიდი საფრთხეა. ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და წავიდეთ არჩევნებზე. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც უნდა გადავწყვიტოთ, თავისუფლება და ევროპა გვინდა თუ რუსეთი და მონობა.