კახა მიქაია: „სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა“
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ოდიოზური სოსო გოგაშვილი, მმართველმა პარტიამ მოიძულა. მოძულებული გოგაშვილი იმ პარტიას დაემუქრა მხილებით, რომლის წყალობითაც მილიონერი გახდა. მას სუსის უფროსის მოადგილის პოსტი კარგა ხანს ეკავა. შესაბამისად, ბევრზე მოაგროვებდა კომპრომატებს. კომპრომატები მის წინააღმდეგაც მრავლად არსებობს. მრავალკომპრომატიანი გოგაშვილი პირობას დებს, რომ იმათზე მოგვაწვდის ინფორმაციებს, ვინც დღეს ქვეყანაში დღის წესრიგს ქმნის.
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ფიქრობს, რომ სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა და მას კომპრომატებით დაემუქრა. მიქაია ამბობს, რომ გოგაშვილი ივანიშვილზე განაწყენებულია, რადგანაც მისი მითითებით გააგდეს ის პარტიიდან. სამოქალაქო აქტვისტი დარწმუნებულია, რომ გოგაშვილი მარტო არ არის და მას „ოცნებაში“ ვიღაცები უჭერენ მხარს.
ვისი ზურგით ემუქრება სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს? გადააგდებს თუ არა „ოცნება“ ლიდერს ნავიდან? რას დაამსგავსა სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ „ქართული ოცნება“? რატომ არის ოპოზიცია სასაცილო? _ ამის შესახებ კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა სოსო გოგაშვილმა ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება დააანონსა. ამბობს, რომ არც ერთ პარტიაში არ წავა და იმათ მხილებას დაიწყებს, ვინც დღეს ქვეყანაში დღის წესრიგს ქმნის. თქვენ მისი ეს განცხადება აღიქვით, როგორც ივანიშვილის გაფრთხილება და არ გამორიცხეთ, რომ გოგაშვილი შეიძლება ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდეს. ეს უბრალო ვარაუდია, თუ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება?
_ პირდაპირ გეტყვით, რომ სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გააგდეს. მას არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილი და არ უთქვამს, წარმატებებს გისურვებო. ფაქტი არის ერთი: სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ „ქართული ოცნების“ მხილება დაიწყო. მან სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში გვითხრა, რომ მაღალჩინოსნებზე ინფორმაციებს აგროვებს და შემდგომში ამას საზოგადოებას გააცნობს. ამას ბოზობა ჰქვია და სხვა არაფერი.
_ ბოზობა რატომ ჰქვია, დამნაშავე თუ არის მაღალჩინოსანი, ის არ უნდა ამხილოს ვინმემ?
_ სოსო გოგაშვილს ისინი აქამდე რომ ემხილებინა, ამას ყველა მიესალმებოდა, მაგრამ ახლა მისი მხრიდან დაწყებული მხილება არის ბოზობა. მან თავის პოსტში პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ სავსეა „ნაციონალებიდან“ პორტირებულებით. მან ყველაფერი დაადასტურა, რაზედაც აქამდე საზოგადოება საუბრობდა. ის სუსის უფროსის მოადგილე იყო და ბევრი რამე იცის. ის ხელმძღვანელობდა „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ ხალხის პორტირებას.
_ თავადაც ხომ „ნაციონალებიდან“ გადმოპორტირდა „ოცნებაში“?
_ თავადაც პორტირებული იყო და ამიტომ ჩაიბარა პორტირების პროცესი. მან კარგად იცოდა, თუ ვინ ვინ არის. მასთან ერთად „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ ხალხის პორტირებას დიტო სამხარაძეც ახორციელებდა.
_ დიტო სამხარაძე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში ჩასვა, თანაც გამსვლელ ადგილას.
_ სოსო გოგაშვილი სწორედ ამიტომაც არის ასეთი გაბრაზებული. გაბრაზებულ გულზე მან ბოზობა დაიწყო. თავის პოსტში სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ „ქართული ოცნება“ „ბოზების ოცნებად“ გამოაცხადა. ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით.
_ სანამ გოგაშვილი მმართველ პარტიას „ბოზების ოცნებას“ უწოდებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრ ყველა გაგების ბოზს აუხდინა ოცნება.
_ ბოზების ოცნებების ახდენის ხანაში ვცხოვრობთ. რა გასაკვირია, „ოცნებამაც“ რომ აუხდინა ბოზებს ოცნებები.
_ ბოზები ყველა დროში იხდენდნენ ოცნებებს. ასეთი გამოთქმაც ხომ არის, ბრძოლას გმირები ეწირებიან, პარადი კი ბოზებს მიჰყავთ.
_ ასეა და რას ვიზამთ?! რაც შეეხება გოგაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრას, მეეჭვება, რომ ასეთი რამ მომხდარიყოს. გოგაშვილს სულ ერთი-ორჯერ ეყოლება ივანიშვილი ნანახი.
_ მმართველ პარტიაში როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი?
_ სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის გარემოცვამ მოიყვანა. ამავე გარემოცვამ დანიშნა ის სუსის უფროსად. ოფიციალურად ეს პოსტი გომელაურს ეკავა, მაგრამ სუსის ფაქტობრივი უფროსი სოსო გოგაშვილი იყო. მან დიტო სამხარაძესთან ერთად „ოცნება“ „ნაცებით“ აავსო. ამ შედეგს მომავალში პირადად მოიმკის ივანიშვილი.
_ პარტიის „ნაცებით“ გავსება დიტო სამხარაძეს რატომ მიუტევა „ქართულმა ოცნებამ“?
_ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ბოზობა გრძელდება და ვიღაცამ ხომ უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა ამ პროცესს? ამიტომ არ მიაყოლეს სამხარაძე გოგაშვილს.
_ თქვენ ივარაუდეთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. გაბედავს ამის გაკეთებას? მართალია, მან ბევრზე ბევრი რამე იცის, მაგრამ მისი საწინააღმდეგო კომპრომატებიც აქვთ.
_ კომპრომატები ორივე მხარეს აქვს. გოგაშვილი ისევე გაბედავს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, როგორც იმის დაწერა გაბედა სოციალურ ქსელში, რომ ამხელს იმ ადამიანებს, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკაში ამინდს ქმნის. ამით სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ღიად დაემუქრა ივანიშვილს.
_ რატომ გგონიათ, რომ ის „ოცნების“ ლიდერს დაემუქრა? მხოლოდ ის ქმნის დღის წესრიგს ქართულ პოლიტიკაში?
_ საქმე ის არის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთი ადამიანი ქმნის დღის წესრიგს და ეს ივანიშვილია. პოლიტიკურ ამინდს ვერც გახარია და კალაძე ქმნიან, ვერც დიტო სამხარაძე. ჩიჩილაკის კლასტერს საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება. ამინდს ვერც „იმედში“ გამოჭიმული ბრიყვი ნიკა ლალიაშვილი ქმნის. ამ ფრონტზე არც ნიკა გვარამიას გამოსდის რამე. თამაშგარე არის დარჩენილი მიხეილ სააკაშვილიც. ამინდის შექმნა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია. სოსო გოგაშვილმა ღიად მიანიშნა, რომ ის ივანიშვილს დაარტყამს. აქ იბადება მთავარი კითხვა, _ როგორ ბედავს ამას სოსო გოგაშვილი და ვინ დგას მის ზურგს უკან? ის დამოუკიდებლად ამას ვერ გაბედავს. მას ვიღაც სერიოზული პერსონა უმაგრებს ზურგს.
_ თქვენი აზრით, ვინ დგას გოგაშვილის უკან?
_ „ქართულ ოცნებაში“ არსებული ერთ-ერთი დაჯგუფება. სერიოზული მხარდაჭერის გარეშე ის ვერ გაბედავდა იმას, რაც გაბედა. „ქართული ოცნებიდან“ მისი გამოგდება მიკროაფეთქების შედეგია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.
_ სოსო გოგაშვილის ხელში იქნება უამრავი საიდუმლო ინფორმაცია. ის ვიდეოკადრებსაც წამოიღებდა სუსიდან. არჩევნების წინ რაიმე სკანდალური ვიდეოს გავრცელებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა იქნება. სოსო გოგაშვილის ქმედებებიდან გამომდინარე არაფერს გამოვრიცხავ. მინდა, კარგად დაიმახსოვროს თქვენმა მკითხველმა, რომ სოსო გოგაშვილი არის პირწავარდნილი „ნაცი“. თან ჩვეულებრივი „ნაცი“ კი არა, „ნაცი“ ზონდერი გახლავთ. ის იყო ზურაბ ადეიშვილის შნირის, გოგიტა პაპაშვილის „ოდეერი“. ახლა თავად წარმოიდგინეთ, რა დონესთან გვაქვს საქმე.
_ თქვენ „რა დონესთან გვაქვს საქმეო“, იძახეთ და კი იყო ეს კაცი რამდენიმე წელი სუსის უფროსის მოადგილე.
_ მეც მაგას არ ვჩივი, რომ ასეთი დონის კაცი ჰყავდათ სუსის უფროსად?! „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა არავის არაფერი დააბრალონ, თუ რამე მოხდა. გოგაშვილის გათავხედებაზე პირადად ივანიშვილია პასუხისმგებელი. მეხორცე და ადეიშვილის შნირის „ოდეერი“ სუსში როგორ უნდა შეუშვა, არ მესმის?! „ოცნებამ“ მას სუსი მთლიანად ჩააბარა.
_ უფროსი გომელაური იყო და ეს როგორ მართავდა სუსს?
_ რბილად რომ ვთქვათ, ვახტანგ გომელაურზე არასდროს მქონია კარგი წარმოდგენა. შესაბამისად, მასზე არაფერს ვიტყვი. სუსის უფროსი რეალურად სოსო გოგაშვილი იყო, რომელიც ახლა ღიად ემუქრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.
_ ზემოთ მითხარით, რომ „ქართული ოცნება“ ბოზებით აივსოო. ბოზები და ვირთხები ჩასაძირად განწირული ნავიდან პირველები ხტებიან ხოლმე. უნდა ველოდოთ თუ არა ბოზების მასობრივ გაქცევას?
_ როგორც კი საფრთხეს იგრძნობენ, მაშინვე გაიქცევიან. ამ ეტაპზე ნავში მშვიდად სხედან. ისინი ხედავენ, რომ ოპოზიცია არაა ისეთი ძლიერი, „ქართულ ოცნებას“ რამე პრობლემა შეუქმნას. ოპოზიცია თუ გაძლიერდა, მაშინვე დაიწყება მასობრივი გადასკუპება. ბიძინა ივანიშვილი ნავის ამარა დარჩება.
_ ნავი თუ დაუტოვეს, მადლობა უნდა თქვას ივანიშვილმა.
_ არც ისაა გამორიცხული, რომ თავად ბიძინა გადააგდონ ნავიდან.
_ სადღაც ასე უფრო ჯობია, იმდენი კაცის გადასკუპებას, ერთ ადამიანს გადააგდებენ და მორჩება ეს ამბავი.
_ გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ნავის ჩაძირვის საფრთხე თუ იგრძნეს, ბიძინას გადაგდებასაც არ მოერიდებიან. ჯერ ოპოზიცია ასეთ საფრთხეს ვერ ქმნის და ნავშიც მშვიდად სხედან.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არ გჯერათ, რომ ოპოზიცია რამეს შეცვლის?
_ რა უნდა შეცვალონ? მათი ქმედებები მხოლოდ ღიმილს იწვევს. ყველაზე სასაცილო მაინც მიშაა. მაგის სიგიჟეებს კაცმა ღიმილის გარეშე როგორ უნდა შეხედოს?
_ მიშას გარდა სხვა ძალებიც ხომ არიან ოპოზიციაში?
_ არიან, მაგრამ, ძირითადად, მაინც მიშას კლასტერია. მათ მე სერიოზულად არ ვუყურებ.
_ გინდათ თქვათ, რომ მათ არჩევნებზე არანაირი შანსები არ აქვთ?
_ ვინ გითხრათ, რომ შანსები არ აქვთ? „ქართული ოცნება“ ისეთ სიბრიყვეებს სჩადის, რომ არჩევნებზე გამარჯვება შეიძლება, სასაცილო ოპოზიციას დარჩეს. არჩევნებამდე ისეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია.
სასაცილო ოპოზიციიდან და ბრიყვი „ქართული ოცნებიდან“ ბევრად სერიოზულ თემაზე გადავალ: ცოტა ხნის წინათ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა. ამერიკელმა დიპლომატმა ღიად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ჩვენს არჩევნებზე რუსეთმა. მოსკოვისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე არ ვიცი, რა ფორმით იმოქმედებენ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნებში ჩაერევიან. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სერიოზული რისკების წინაშე ვდგავართ. აქ შეიძლება სიტუაცია აირიოს.
_ ამ არეულობას შეიძლება, გოგაშვილმა რამე ფორმით შეუწყოს ხელი?
_ რატომაც არა.
_ ეს, ალბათ, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის სასაცილო ოპოზიციის მხარეს გადავა თავისი კომპრომატებით.
_ სოსო გოგაშვილს სადმე გადასვლა არ სჭირდება. ის ყოველთვის იყო სასაცილო ოპოზიციის აგენტი „ქართულ ოცნებაში“. როგორც თავში უკვე გითხარით, მან ბევრი „ნაცი“ გადმოაპორტირა „ოცნებაში“.
_ ე. ი. თქვენ არ გაგიკვირდებათ გოგაშვილის ოპოზიციაში ხილვა?
_ არა. მე ის უფრო მიკვირდა, რა უნდოდა მეხორცეს სუსის უფროსად?
_ გოგაშვილის სახელს ბევრი ცუდი საქმე და სიბინძურე უკავშირდება. ოპოზიციას არ შერცხვება, თუკი ის მათ გვერდით დადგება?
_ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას იმუნიტეტი აქვს, გოგაშვილთან გაერთიანება ნამდვილად არ შერცხვებათ. მათ თავიანთ რიგებში სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეზე უარესი ხალხი მიიღეს.
_ ვინ არის სოსო გოგაშვილზე უარესი?
_ სადაც კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი მიიღეს, იქ გოგაშვილსაც გაუღებენ კარს. ეს ერთი კატეგორიის ხალხია.
_ არც ჩოჩელი და არც ოქრიაშვილი დადებითი პერსონები არ არიან, მაგრამ გოგაშვილს ორივე მათგანი სჯობს.
_ ჩემთვის არ სჯობს.
_ რანაირად?
_ ისინი „ნაცები“ იყვნენ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ივანიშვილის პარტიაში გადაბარგდნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ნაცების“ პორტირებას „ოცნებაში“ გოგაშვილი და სამხარაძე ახორციელებდნენ. ერთი ტენდენცია თვალში საცემია, „ნაცები“ „ოცნებაში“ მყოფ თავისიანებს ნელ-ნელა უკან იბრუნებენ.
_ თბილისის მერი და „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძეც, ერთ დროს „ნაცების“ ნებიერა იყო. ნეტავ, მასაც ხომ არ დაიბრუნებენ?
_ გამორიცხული არაფერია, „ქართული ოცნება“ პორტირებული „ნაცებით“ არის სავსე. ისინი ნელ-ნელა უბრუნდებიან დედაპარტიას.
_ ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე „ნაცებს“ აფინანსებდა და ერთ დღესაც იგივეს სურვილი თავადაც არ გაუჩნდეს.
_ ბიძინა ივანიშვილის გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაგარი საინტერესო ამბავი იქნებოდა.
_ ისევ სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. თქვით, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერევაო. ჩვენს სამეზობლოში ომი მიდის და ყარაბაღის კონფლიქტში ხომ არ აღმოვჩნდებით ჩათრეულები?
_ არა მგონია, რომ ამ კონფლიქტში ჩაგვითრიონ. რუსეთს ამ ეტაპზე სხვა მიზნები ამოძრავებს. ის 31 ოქტომბრის არჩევნებზეა კონცენტრირებული. ვნახოთ, როგორ დასრულდება მათი ჩარევა. კელი დეგნანის განცხადება არ იყო შემთხვევითი. იმედია, პოზიციაც და ოპოზიციაც სათანადოდ აფასებენ მოსალოდნელ საფრთხეებს.
_ ამერიკის ელჩმა ამ თემაზე განცხადება რაკი გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არც დასავლეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
_ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს არაა გულხელდაკრეფილი, როცა საქმე საქართველოს ეხება. მინდა, ვთხოვო „ქართულ ოცნებას“, რომ რამე არ მიქაროს და არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს.
_ რუსეთს ამ არჩევნებზე აუცილებლად ეყოლება თავისი ფავორიტი. თქვენი აზრით, ვის უჭერს მოსკოვი მხარს?
_ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ რუსეთი ამა თუ იმ ფორმით წარმოდგენილია საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე.
_ ამ არჩევნებზე მოსკოვი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს?
_ არ ვიცი, რადგან მას ოპოზიციაშიც ჰყავს დასაყრდენი.
_ ვინ არის მოსკოვის დასაყრდენი ოპოზიციაში?
_ თემურ ალასანიას კლასტერი, რომელიც ოპოზიციაში ძლიერად არის წარმოდგენილი.
_ თემურ ალასანიას კლასტერში „ნაციონალებს“ გულისხმობთ?
_ „ნაცებსა“ და არა მარტო მათ. ძალიან ძლიერი კლასტერი ჰყავს ალასანიას. მისი სახით რუსეთს ოპოზიციაში მყარი დასაყრდენი ჰყავს. არ დაგვავიწყდეს, რომ თემურ ალასანია „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო. ყოფილი „კაგებეშნიკები“ კი, როგორც ამბობენ, არ არსებობენ.
_ ვანო მერაბიშვილიც თემურ ალასანიას კლასტერში შედის?
_ რა თქმა უნდა.
_ თავიდან ითქვა, რომ ახალციხეში ის იქნებოდა „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. მერე მისი კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრეს. თქვენი აზრით, ვანო გადააგდეს, თუ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული?
_ არ გამოვრიცხავ, რამე ჰქონდეთ ჩაფიქრებული, მაგრამ უფრო მგონია, რომ რეალობას გაუსწორეს თვალი. ვანო მერაბიშვილის მაჟორიტარობა წარმოუდგენელია. მას ბევრი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული.
_ ბიძინამ იცოდა, თუ რა საქმეები ჰქონდა მერაბიშვილს ჩადენილი, მაგრამ მაინც გაიძახოდა, ვანო კარგი მენეჯერიაო.
_ ივანიშვილი მარტო მერაბიშვილზე არ ამბობდა ამას. ზურაბ ადეიშვილი მისი თვალი და ძალიან პატიოსანი პიროვნება იყო. უცნაურად მიდის ყველაფერი და მოკლედ რომ გითხრათ, სერიოზულ სიურპრიზებს ველოდები.
_ ვისგან ელოდებით სიურპრიზებს _ ივანიშვილისგან, გოგაშვილისგან თუ რუსეთისგან?
_ ყველასგან ველოდები სიურპრიზებს. ეს მშვიდი არჩევნები არ იქნება. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც მოხდება.
_ იმედია, სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება.
_ ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. აი, საარჩევნო სიურპრიზები კი ნამდვილად იქნება. სიურპრიზებს არც ერთი მხარე არ მოერიდება.
ეს რომ არ მოხდეს, ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. კელი დეგნანის განცხადება მეტად საყურადღებოა. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნებზე არაფერი მიქაროს.
_ მიქარვას მარტო ხელისუფლებისგან ელოდებით?
_ ეს საფრთხე ოპოზიციიდანაც მოდის და მათაც მოვუწოდებ, რომ რამე არ მიქარონ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნები მშვიდად გადავაგოროთ. ყველაზე კარგი იქნება, ოპოზიციაც და უმრავლესობაც რუსეთს შეეშვებოდეს.
შორენა მარსაგიშვილი