კახა კუკავა: „ქოცები“ ყველაზე სულელები, უპასუხისმგებლოები და ამორალურები არიან!“

ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, აი, რომ ამბობენ ხოლმე, დედა შვილს არ აიყვანსო. დიახ, „ოცნება“ უდედმამოდ დარჩენილ ძნელად აღსაზრდელ ბავშვს ჰგავს, ბავშვს, რომელმაც არ იცის, რით გაერთოს და ხან რას აფუჭებს და ხან _ რას. „ქოცებმა“ რა გააფუჭეს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, პრაქტიკულად, დარწმუნებულია, რომ ამ ჭირვეული ბავშვების „შანტრაბა“ ციხეში აუცილებლად მოხვდება. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი სხვა მწვავე განცხადებებსაც აკეთებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილის ბოდვებს არავინ უსმენს. მისივე შეფასებით, კობახიძე ის ფიგურა არ იყო, რომელსაც შეეძლო, რომ გახარიასთვის წინააღმდეგობა გაეწია, ანუ კუკავას ვერსიით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და მელიას დაჭერას დაჟინებითაც სწორედ ის ითხოვდა.

_ ბატონო კახა, ახალ რეალობაში ვართ, უფრო სწორად, რაღაცნაირად დეჟავუს განცდა მაქვს _ „ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ისევ… ირაკლი ღარიბაშვილია. ეს რას ნიშნავს?
_ „ქოცები“ ყველაზე სულელები, უპასუხისმგებლოები და ამორალურები არიან!
_ რატომ?
_ ჩვენ ბევრი ცუდი მთავრობა გვყოლია, მაგრამ ყველა ორსახა იყო.
_ ანუ?
_ რაღაც დადებითიც ჰქონდათ, მაგრამ ისეთი მთავრობა, რომ უტვინოც ყოფილიყო, უპასუხისმგებლო და ამორალურიც, აქამდე არასოდეს გვყოლია! „ქოცები“ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ლაქაა! სხვათა შორის, გახარიას გადადგომის მერე კობახიძემ ბრიფინგი რომ ჩაატარა, სოციალურ ქსელში ამის ფოტო და ვიდეო კადრები დაიდო და ხალხი წერდა, _ აი, შეხედეთ, ვერ გაიგებ, მთავრობაა თუ „შანტრაბაო“.
ერთი სიტყვით, წეღანდელი თქმისა არ იყოს, სამიათასწლოვანი სახელმწიფოს ისტორიაში ძალიან დიდ სირცხვილად დარჩება, რომ ამ ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში „შანტრაბა“ მართავდა!
_ ძნელია, ამ შეფასებაში არ დაგეთანხმოთ, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ისიც ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი რიგითი „ქოცების“ ნაწილში ძალიან პოპულარულია და იქნებ, პრემიერობის კანდიდატადაც ამიტომ დაასახელეს?
_ თუ შედარებითობის კრიტერიუმს გამოვიყენებთ, კი ბატონო, ანუ როცა პარტიის თავმჯდომარე კობახიძე გყავს, მასთან შედარებით ნებისმიერი სხვა უფრო პოპულარული იქნება, თუმცა ღარიბაშვილისგანაც ძალიან ბევრი უკვე განხიბლულია.
სხვათა შორის, გახარიამ თავისი აქტით ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა _ მომავალ პრემიერსაც ხელ-ფეხი შეუკრა.
_ ეს როგორ?
_ მართალია, პირდაპირ ასე არ უთქვამს, მაგრამ რაც თქვა, იმითაც ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებაში სისხლიანი გეგმა განიხილებოდა. ამიტომ ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა ვერც პოლიციას გადაბრალდება და ვერც _ კანონის სხვა აღმასრულებელს. ყველასთვის გასაგები იქნება, რომ ნებისმიერი სისხლიანი გეგმა პრემიერის პირადი გადაწყვეტილებით ამოქმედდება.
ისე, ოპოზიციის წინაშე ამ წინადადებას აუცილებლად დავაყენებ, რომ ყველა პოლიციელი და „ქოცი“ ოფიციალურად გავაფრთხილოთ.
_ რაზე უნდა გააფრთხილოთ?
_ თუ მელიას უკანონო დაკავების სპეცოპერაციის დროს ვინმეს თმის ერთი ღერიც ჩამოუვარდება, ყველა ათწლიან სასჯელს მოიხდის! ამისთვის გიორგი გახარიას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის!
სხვათა შორის, გადადგომამდე ორი-სამი დღით ადრე პირადად გახარიას რამდენჯერმე მოვუწოდე, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს-მეთქი. ჟურნალისტებს გაუკვირდათ, _ გახარიას იმედი რატომ გაქვსო? მაშინვე განვმარტე, მისი ფანი არ ვარ, მაგრამ ამ „შანტრაბიდან“ გახარია გამოვარჩიე-მეთქი.
მოკლედ, ჩემი მოლოდინი გამართლდა და ძალიან მიხარია, რომ მან საკუთარი თავი გამოარჩია!
_ მართალია, ამბობთ, გახარიამ თავისი აქტით მომავალ პრემიერს ხელ-ფეხი შეუკრაო, მაგრამ მთავრობის მეთაურის კანდიდატად დასახელდა თუ არა, ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სახელმწიფო წესრიგი სწრაფად აღდგესო, ანუ, პრაქტიკულად, ტერორი დააანონსა.
_ როგორ შეიძლება, ღარიბაშვილის განცხადებები სერიოზულად განვიხილოთ?
_ რატომ არ შეიძლება?
_ ესენი ანგარიშმიუცემლად ლაპარკობენ და ვერც ხვდებიან, რას ამბობენ. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე კი არა, ღარიბაშვილის სიტყვებიდან რაიმე აზრის გამოტანა ნებისმიერს გაუჭირდება!
ერთი სიტყვით, ღარიბაშვილი, ეს აბსოლუტური არარაობა, რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, დღეს, როცა მმართველი გუნდის რეიტინგი ნულსაა გატოლებული, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ამ გუნდს არც დე ფაქტო ლიდერი ჰყავს და არც _ დე იურე!
ბოლო რამდენიმე დღეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ დასავლეთს მოთმინების ძაფი გაუწყდა _ ძალიან დიდხანს ითმენდა და არ უნდოდა, საქართველოს შიდა პროცესებში ჩარეულიყო. საერთოდ, დასავლეთი, რომელსაც თავისი უამრავი პრობლემა აქვს, ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას ასე უდგება _ ახალი პრობლემა არ „აიკიდოს“. ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს თვალს არიდებდა, თქვენ თვითონ მორიგდით და მოილაპარაკეთო, მაგრამ მელიასთვის დაპატიმრების განაჩენის გამოტანით „ქოცობამ“ იმას მიაღწია, რომ დასავლეთს მოთმინების ფიალა აევსო. ამას გახარიას გადადგომამაც შეუწყო ხელი და დასავლეთი საქართველოს ამბებში უკვე ძალიან დეტალურადაა ჩართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ყურადღება ღარიბაშვილის ბჟუტურს კი არა, დასავლეთის განცხადებებს უნდა მივაქციოთ!
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, მოვლენები როგორი სცენარით განვითარდება, ბატონო კახა?
_ ვფიქრობ, „ოცნების“ დასასრული წელს იქნება, ანუ მას გრძელვადიანი სცენარი აღარ აქვს. ოპოზიციის მთავარი გასაკეთებელი კი ისაა, რომ ყველაფერი ეს რაც შეიძლება ორგანიზებულად და ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცეს, რადგან ამან ქვეყნისთვის მინიმალური რყევები გამოიწვიოს!
_ ე. ი., ვარაუდობთ, რომ „ოცნება“ უკან დაიხევს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს?
_ დიახ, ასე იქნება, თუმცა ამას უკან დახევას კი არა, ფაქტის აღიარებას დავარქმევდი.
ჩემი აზრით, ქვეყანაში ისეთი პროცესები განვითრდება, რაც მასობრივ აქციებსა და ძალიან დიდ სახალხო მღელვარებასთან იქნება დაკავშირებული! აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უკან დახევა კი არა, როგორც აღვნიშნე, ფაქტის აღიარება იქნება!
ისე, ყველაფერი 1990 წლის მოვლენებს ჰგავს.
_ რას გულისხმობთ?
_ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს და ის გვარები და სახელები, რაც ქაღალდზე წერია, აბსოლუტური ფორმალობაა!
_ თქვენგან განსხვავებით, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები მახსენდება, ანუ როგორც მაშინ, ახლაც ხელისუფლება აქციას დაარბევს, მერე კი იძულებული გახდება, გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს!
_ მაშინდელი ხელისუფლების გადადგომა ნომინალური იყო, ახლანდელი კი ნომინალური არაა _ გიორგი გახარია პოსტიდან რეალურად გადადგა!
ამასთან, პოპულარული პრემიერი იყო და კვირიკაშვილს არ ჰგავდა, გინდა შეიტანე და გინდა გამოიტანეო. ვინ, ვინ და, ყველაზე მეტად მედიამ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ოცნების“ რეიტინგი ივანიშვილზე კი არა, გახარიაზე იყო ჩამოკიდებული.
_ ამაზე არ გეკამათებით, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, ანუ გამორიცხავთ, რომ ღარიბაშვილმა ოპოზიციის სასტიკად დაშლის გადაწყვეტილება მიიღოს, რის შემდეგაც, დასავლეთის ზეწოლით, იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს?
_ ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე არ მივა.
მეორეც, ის კრედიტები, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, ამ მთავრობას არ გააჩნია.
_ რას გულისხმობთ?
_ დასავლეთმა სააკაშვილს 7 ნოემბერი მოუთმინა და ბოლომდე არ გასწირა.
_ რატომ?
_ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ის, რომ მეორე მხარეს საკმაოდ ამორფული ძალა იდგა. ამასთან, სააკაშვილი გარკვეული რეფორმების ავტორი და ძალიან მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ლიდერი იყო. ამ კრედიტებიდან კი „ოცნებას“ ერთიც არ აქვს და ამიტომ იმის საშუალებას არავინ მისცემს, რომ აქციების დარბევის შემდეგ ხელისუფლებაში მობრუნდეს!
ის, რაც 2007-ში დასავლეთმა გააკეთა, შეცდომა იყო, მაგრამ იმ შეცდომას ახსნა ჰქონდა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება!
_ სხვათა შორის, გახარიას გადადგომის შემდეგ დასავლელი დიპლომატების ნაწილი „ნაციონალების“ ოფისში მივიდა…
_ დიახ და მთავარიც სწორედ ესაა, რომ ყინული გალღვა, ანუ დასავლეთი, რომელსაც პარტიების ოფისებში სიარული და პროცესებში პირდაპირ ჩართვა არ უნდოდა, ახლა სხვანაირად იქცევა, ანუ ის მიხვდა, ეკა ბესელიას ფრთიანი ფრაზით რომ ვთქვა, კობახიძე პატარა სულელი ბავშვია, რომელსაც ხელში ასანთი უჭირავს და არავინ იცის, შენობას ცეცხლს როდის წაუკიდებს.
დიახ, დასავლეთი დარწმუნდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერიოს, რადგან საქართველოს განაგებს სულელი ბავშვების „შანტრაბა“, რომელსაც ასანთი უჭრავს და სახლს ცეცხლს ნებისმიერ დროს წაუკიდებს!
_ ისე, თავიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ პრემიერობის კანდიდატი შესაძლოა, კობახიძე ყოფილიყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა _ თქვენი აზრით, „სტავკა“ ღარიბაშვილზე რატომ გაკეთდა?
_ ესეც პირდაპირი აღიარებაა.
_ რისი?
_ თავადაც კარგად გესმით, რომ მათი პარტიის ლიდერი დისკრედიტებული და მიუღებელი პიროვნებაა.
მართალია, ამბობენ, საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვსო, მაგრამ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება, რომ მმართველი პარტიის ლიდერი პრემიერი არ იყოს. აი, მაგალითად, ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი და, ამავდროულად, ინგლისის პრემიერიცაა. ანალოგიურადაა ესპანეთშიც და ა. შ.
მოკლედ, მმართველი პარტიის ლიდერს პრემიერად ვერ ნიშნავენ და ეს იმის აღიარებაა, რომ ტროლებსა და სხვა რაღაცებში ფულის დახარჯვის შედეგი ნულია _ მართალია, პრემიერად რომ აირჩიონ, დეპუტატთა რაოდენობა ჰყოფნით, მაგრამ ის იმდენად სამარცხვინოა, რომ ამ თანამდებობაზე ვერ დანიშნავენ!
_ ბატონო კახა, პრემიერად ღარიბაშვილის წარდგენა იმის პირდაპირი დადასტურებაც ხომ არაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად არ წასულა?
_ რა თქმა უნდა. მეტიც: ეს გახარიას გადადგომითაც დასტურდება!
_ როგორ?
_ ჩანს, გახარიას მელიას დაპატიმრება მართლა არ უნდოდა და ეჭვი მეპარება, რომ მისი წონის ფიგურისთვის წინააღმდეგობა კობახიძეს გაეწია, ანუ რომ არა ივანიშვილის მკაფიო პოზიცია, გინდათ თუ არა, მელია დაიჭირეთო, გახარია თავისას გაიტანდა. საერთოდ, ვიცით, „ოცნების“ სტრუქტურა როგორია _ მონები არიან, მაგრამ სიმპათია გახარიას მიმართაც აქვთ. ამიტომ ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეთქვა, ყველაფერი პრემიერის გადაწყვეტილებით კი არა, სხვანაირად უნდა მოხდესო, ეს ივანიშვილი იქნებოდა, თორემ გახარიას პოზიციას სხვა ვერავინ გადაძალავდა!
_ ივანიშვილს მელიას დაჭერის ასეთი დაუოკებელი სურვილი რატომ აქვს? ზოგი ამბობს, ოლიგარქს უნდა, მელიასგან სააკაშვილის საპირწონე შექმნასო. ამ აზრს იზიარებთ?
_ ასეთი კონსპიროლოგიური ვერსიებისგან შორს ვარ და ეს იმ სიმღერიდანაა, გამსახურდიას არჩევნები კომუნისტებმა მოაგებინეს, სააკაშვილი კი პრეზიდენტად შევარდნაძემ დატოვაო.
ეს, რა თქმა უნდა, ნონსენსია და, საერთოდ, ისტორიაში მსგავსი რაღაცები არ ხდება! არადა, ის ვერსიაც მომისმენია, ივანიშვილი ხელისუფლებაში სააკაშვილმა შეგნებულად მოიყვანაო.
_ არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს…
_ შეიძლება, მაგრამ, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ციხის კადრებმა გაჟონა, თუმცა ეს სხვა ისტორიაა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდოდათ მელიას დაპატიმრება, მმართველი პარტიის ერთ-ერთ იდეოლოგს საკუთარ „ფეისბუქზე“ ეწერა, ამით მმართველი ძალის შეურყევლობა უნდა დამტკიცდესო. ანუ ისინი ფიქრობდნენ, თუკი მელიას არ დავიჭერთ, მაშინ ჩვენი აღარავის შეეშინდებაო.
_ ბატონო კახა, სანამ სხვა თემაზე გადავალთ, მითხარით, ღარიბაშვილის „აღდგომით“ 2013-ში ხომ არ ვბრუნდებით, როცა ფარული კადრების გავრცელება და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ტერორი ერთობ ტრენდული იყო?
_ ერთ მდინარეში, როგორც წესი, მეორედ აღარ შედიან.
_ ამ ანდაზის იმედზე ვართ?
_ ის წარმოუდგენელი სიბინძურე, რასაც „ჰაკიმ ფაშას“ სახელით სჩადიოდა, ღარიბაშვილს 2013 წელს შერჩა და შეუძლებელია, 2021 წელსაც შერჩეს.
საერთოდ, პოლიტიკური ჟანრის კლასიკაა _ ის, რაც ეპატიება რეჟიმს, რომელსაც მოსახლეობის 70-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, აღარ ეპატიება რეჟიმს, რომლის რეიტინგიც პლინტუსს ჩამოსცდა!
სხვათა შორის, პირადად მე მაშინაც ვამბობდი, ეს სიბინძურეა-მეთქი, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არც ქართული საზოგადოება აქცევდა და არც _ საერთაშორისო. ახლა კი ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ „ჰაკიმ ფაშა“ მსგავსს ვიდეოებს გამოაქვეყნებს, ამას დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოჰყვეს!
_ ისე, „ოცნება“ კუნთებს რომ ათამაშებს, ამაში, გარკვეულწილად, ოპოზიცის ის ნაწილიც ხომ არაა დამნაშავე, რომელიც პარლამენტში შევიდა, აი, მაგალითად, „გირჩი“, რომელიც პირადად თქვენ გერჩით? სხვათა შორის, ელისაშვილმა და „გირჩმა“ ერთხმად განაცხადეს, „ოცნება“ სააკაშვილის თამაშში შევიდა და მისი დაბრუნება უნდაო…
_ ეს ბოდვაა!
_ რატომ?
_ ელისაშვილმა თქვა, მიშა მოვა და ყველას ძვლებში დაგვამტვრევსო. ბატონი ელისაშვილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და მოვუწოდებ, ასე გააგრძელოს, რადგან ეს „ოცნების“ წევრების დემორალიზაციაა!
დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება დამთავრდება, მათ პასუხისგება მოუწევთ!
_ ბარემ, ისიც მითხარით, „გირჩი“ რაღას გერჩით?
_ არაფერს… გინდ დაიჯერეთ და გინდ _ არა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ბოღმა არც ახლა მაქვს, მაგრამ, უბრალოდ, გამოშტერებულები, გამოუცდელები არიან და რაღაც წამოაყრანტალეს, რაზედაც პასუხი მიიღეს.
_ კი არ წამოაყრანტალეს, არამედ იაგო ხვიჩიამ პირდაპირ ეთერში „ჩაგიშვათ“, _ ერთად „დავბოლებულვართო“…
_ რა ჩამიშვა? ჯერ ერთი, მარიხუანა ცხოვრებაში არ მომიწევია, ბავშვობაშიც კი. მეორეც, თუ მაინცდამაინც ვინმესთან ერთად უნდა მომეწია, „გირჩთან“ რატომ მოვწევდი _ ჩემი ტოლები არიან, უბნელები თუ მეგობრები?
_ ბოლოს, ბატონო კახა, როგორც იურისტმა, მითხარით, სამართლებრივად რა მექანიზმი არსებობს, რომ ე. წ. მელიას კრიზისი გადაიჭრას? სამართლებრივად, როგორც ვიცი, ასეა _ თუ არ დაიჭერენ, მაშინ უნდა თქვან, სახელმწიფო აღარ გვაქვსო…
_ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
_ დაპატიმრების გადაწყვეტილება ისევ მოსამართლე ჩახნაშვილმა უნდა გააუქმოს თუ სხვამ?
_ დიახ, იგივემ, ანუ იურიდიულად პრობლემა არაა, რომ აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა შეიცვალოს.
_ თუ „ოცნება“ ქვას ააგდებს და თავს შეუშვერს, რა მოხდება _ სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია?
_ დიახ, რეალურია, თუმცა „ოცნებამ“ სამოქალაქო დაპირისპირების მნიშვნელობა, მგონი, არ იცის. ამიტომ უფრო გასაგებად უნდა ველაპარაკოთ!
სხვათა შორის, გადადგომის დროს გახარიამ ძალიან კარგი სიტყვა წაიკითხა და, მათ შორის, პოლარიზაციაზეც ისაუბრა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ერთუჯრედიანი „ქოცები“ ვერც მიხვდნენ, რაზე ლაპარაკობდა.
მოკლედ, ძალიან მარტივად უნდა ვუთხრათ: სისხლი დაიღვრება და მთელი ცხოვრება ციხიდან ერთი თქვენგანიც ვერ გამოვა!
დიახ, ნებისმიერი ძალადობა და ერთი წვეთი სისხლიც კი იმით დაისჯება, რომ გადაწყვეტილების მიმღები მთელი ეს ჯოგი ციხეში წავა, თან ძალიან დიდი ხნით!
_ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ნიკა მელიას შეეშვება, მაგრამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია რა გზას დაადგება?
_ მასობრივი აქციები და საერთაშორისო სანქციები გარდაუვალია! არ მინდა, ერთი ძალიან მყრალი კახური სიტყვა ვთქვა, მაგრამ „ოცნებამ“ თავისი საქციელით ყველას ყელში ამოუყვანა და ამიტომ დანდობა არც შიგნიდან იქნება და არც _ გარედან!
საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააპატიმრონ. ერთადერთი პრეცედენტი, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს, ეს ოქრუაშვილის დაჭერა იყო… მოკლედ, პოლიტიკაში ასეთი წესია, რომ ოპოზიციონერის დაკავება არ შეიძლება, რადგან ხვალ ოპოზიციაში შენ იქნები, ზეგ _ ისევ მე…
_ თუ ოპოზიციონერი ლიდერი დანაშაულს სჩადის, არ უნდა დააკავონ?
_ რა დანაშაულს სჩადის? თუ დანაშაული ჰქონდა, ორი წელი გირაოზე ჰყავდათ, კაცო?! მელიას სამი თვე ეხვეწებოდნენ, პარლამენტში შემოდიო და დამნაშავე მაშინ არ იყო? იმედი ჰქონდათ, რომ ყველას იყიდიდნენ, მაგრამ როცა გაარკვიეს, რომ მელიას ვერ იყიდიდნენ, დანაშაული მერე გაახსენდათ. ეს კი სამართალთან კავშირში არ არის!
_ ბოლო სერიაში ისე ხომ არ მოხდება, რომ „ნაცების“ ოფისში თავად გახარიაც მივიდეს და მელიას დევნის შეწყვეტა მოითხოვოს?
_ არ მგონია, გახარია „ნაცების“ ოფისში მივიდეს, თუმცა კარგი იქნება, თუ პოლიტიკურ პროცესში დარჩება.
_ ფაქტია, არ რჩება _ პრემიერობასთან ერთად, პარტიაც დატოვა, თუმცა ხმა დადის, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნასო…
_ ძალიან კარგი იქნება, თუ გახარია პარტიას შექმნის _ „ქოცების“ ხმებს მთლიანად წამოიღებს!

გიორგი აბაშიძე