კახა კუკავა: „საქართველოში ხელისუფლება 2022 წელს შეიცვლება!“
„ღარიბაშვილი და კობახიძე შიზოიდები არიან“, _ ამ განცხადებას „ქრონიკა+“-სთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აკეთებს. კახა კუკავა იმის ალბათობასაც უშვებს, რომ 5 ივლისის მოვლენები სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო.
რა მიზანი ჰქონდა უშიშროების სამსახურს და მოძებნილი ჰყავს თუ არა დასავლეთს „ოცნების“ შემცვლელი? _ გთავაზობთ ინტერვიუს კახა კუკავასთან.
_ კახა, მეც ვიცი, შენც და ხალხმაც იცის, მაგრამ მაინც, 5 ივლისს რა მოხდა და, საერთოდ, ბოლო დროს რა პროცესი ვითარდება, საქმე რასთან გვაქვს?
_ ყველაფერი ის, რაც ხდება, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემის არამდგრადობასა და არალეგიტიმურობას აჩვენებს. საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრება და ხალხი ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია.
_ პოლიტიკური სისტემის არამდგრადობა გასაგებია, მაგრამ მახვილს არალეგიტიმურობაზე რატომ სვამ?
_ ლეგიტიმურობა ხალხის ნდობას ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება, რომ ხალხის ნდობა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს კი არა, ოპოზიციასაც არ აქვს.
_ შესაძლოა, ასეა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, 5 ივლისსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციასთან რატომ „ლინკავ“?
_ ოპოზიციის 99 პროცენტი პრაიდის ჩატარებას ითხოვდა, ქართველი ხალხის 80 პროცენტი კი პრაიდის წინააღმდეგი იყო.
_ უკაცრავად, ვინ დათვალა, პრაიდს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ეწინააღმდეგება?
_ არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ციფრები სადავო იყოს.
_ საერთოდ, კახა, სახელმწიფოში რა უფრო მნიშვნელოვანია _ კონსტიტუცია თუ საზოგადოების თუნდაც 80 პროცენტის განწყობა?
_ კონსტიტუცია ხალხის ნებაა, მაგრამ თუ ხალხის 80 პროცენტი სხვანაირად ფიქრობს, მაშინ საქმე ძალიან დიდ არალეგიტიმურობასთან გვაქვს. წეღანდელი თქმისა არ იყოს, საქართველოში ღრმა ნაპრალია.
_ ანუ?
_ ის, რასაც პოლიტიკური კლასი საუბრობს, ერთი რეალობაა, მეტროსა თუ ავტობუსში კი _ მეორე.
_ ამაში გეთანხმები, მაგრამ ისევ 5 ივლისს დავუბრუნდეთ: მართალია, მოძალადე ჯგუფები ქუჩაში ქართველობის დაცვის ეგიდით გამოვიდნენ, მაგრამ უფლის სახელით ლგბტქ+ აქტივისტებს კი არა, ჟურნალისტებს გაუსწორდნენ. კახა კუკავას, როგორც იურისტს, დავიჯერო, არ უჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერი ის, რაც იმ დღეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია იყო და სხვა არაფერი?
_ იმას, რასაც ახლა ვიტყვი, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ დღეს ჟურნალისტების გალახვა ხელისუფლების პირდაპირი ამოცანა არ იყო.
_ აბა, ხელისუფლების პირდაპირი ამოცანა, შენი აზრით, რა იყო?
_ ხელისუფლების ამოცანა იყო, ლგბტქ პრაიდი ისე ჩაეშალა, რომ მას არ დაბრალებოდა, ანუ „ოცნება“ „არც მწვადი დაიწვას და არც _ შამფურის“ პოლიტიკას ატარებდა, რადგან ევროპისთვის ეთქვა, _ აი, პრაიდის ჩატარებაზე თანახმა ვარ, მაგრამ ამას ვიღაცები ხელს უშლიანო.
_ ვერ დაგეთანხმები, რომ „ოცნება“ „არც მწვადი დაიწვას და არც _ შამფურის“ პოლიტიკას ატარებდა, რადგან ჯერ კობახიძემ თქვა, პრაიდის ჩატარების მომხრე არ ვარო; მერე კი, 5 ივლისს, ღარიბაშვილმა მოძალადეებს თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, მწვანე აუნთო…
_ ჯერ ერთი, ეს განცხადება ღარიბაშვილმა პრაიდის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. მეორეც, კობახიძისა და ასევე კალაძის განცხადებაც არაოფიციალური იყო.
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
_ ოფიციალურად ასეთი პროცედურაა: აქციის ორგანიზატორებმა მერიაში განაცხადი შეიტანეს, მაგრამ ხელისუფლებას ამ განაცხადზე უარით არ უპასუხია.
_ კანონმდებლობით თანხმობა საჭირო არცაა.
_ დიახ, ასეა, ანუ ხელისუფლებამ პრაიდის ჩატარებაზე ნებართვა იურიდიულად გასცა. ღარიბაშვილის განცხადება, პრაიდს არ ჩავატარებინებთო, საკითხის გადაწყვეტის უკანონო ფორმა იყო, რადგან ეს საკითხი პრემიერის კი არა, თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ნიუანსსაც თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლება რამდენიმე თვე აცხადებდა, პრაიდი ჩატარდებაო. რამდენიმე საათით ადრე კი თქვა, არ ჩატარდებაო და გასაგები იყო, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას გამოიწვევდა.
აქვე, ისიც საგულისხმოა, რომ ხელისუფლების განცხადება, პრაიდი არ ჩატარდებაო, რაიმე იურიდიული აქტით კი არა, იმ ძალადობრივი ჯგუფებით იყო უზრუნველყოფილი, რომლებიც მოაბილიზეს.
_ ე. ი., კახა, მიგაჩნია, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება „ოცნების“ ინიციატივით მოხდა?
_ იცი, ამ ვერსიაში რატომ ვარ დარწმუნებული?
_ რატომ?
_ რამდენიმე წლის წინათაც ასე მოხდა _ ხელისუფლებამ რაღაც ჯგუფის მობილიზება უზრუნველყო.
_ კი ბატონო, თუმცა 2013 წლის 17 მაისს ჟურნალისტები არავის უცემია.
_ ჟურნალისტების ცემა იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ ძალადობრივ ჯგუფებს სრული თავისუფლება მისცა.
_ ე. ი., ძალადობრივ ჯგუფებს ჟურნალისტების ცემა ხელისუფლებამ დაავალა?
_ ხელისუფლებამ ძალადობრივ ჯგუფებს დაავალა, რომ პრაიდი არ ჩატარებულიყო.
საერთოდ, ხელისუფლებაში შიზოიდები არიან, განსაკუთრებით კობახიძე და ღარიბაშვილი _ დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური სამედიცინო ექსპერტიზის პირობებში ისინი ფსიქოს ვერ მიიღებენ, თუმცა, ამის მიუხედავად, დარწმუნებული არ ვარ, რომ მათი განზრახვა ჟურნალისტების ცემა იყო. ყველაფერ ამას იურიდიულ ენაზე არაპირდაპირი განზრახვა ეწოდება _ რაღაც კი არ გინდა, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ფეხზე გკიდია!
_ შეიძლება, ხელისუფლება არა, მაგრამ იგივე სასულიერო პირები ჰომოფობებსა და რადიკალებს ღიად მოუწოდებდნენ, ღმერთის სახელით იძალადეთო. ამაზე რას იტყვი?
_ კატეგორიულად არ გეთანხმები.
_ რატომ არ მეთანხმები?
_ საუბარია სასულიერო პირებზე კი არა, ერთ სასულიერო პირზე.
_ შეიძლება, მაგრამ სამართლებრივად არც ამ ერთი მღვდლის პასუხისმგებლობა დამდგარა.
_ გეთანხმები, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ვფიქრობ, ჟურნალისტები სერიოზულად ცოდავენ.
_ აბა, დამისაბუთე, ჩვენ, ჟურნალისტები, რაში ვცოდავთ?
_ ყველაფერს სკრუპულოზულად გავყვეთ.
_ კეთილი, გავყვეთ.
_ ორი აქცია იყო: ერთი სხვადასხვა ჯგუფის მიერ რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს, დილის 10 საათისთვის ალექსანდროვის ბაღში დაანონსდა. მეორე აქცია კი საპატრიარქომ 5 საათითვის, რუსთაველის გამზირზე დააანონსა.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ აქციაზე მეც ვიყავი და ძალადობა არ მომხდარა.
_ მთელი დღე ქალაქში გავეშებული ბრბო დარბოდა და ხუთ საათზე რაღა უნდა მომხდარიყო?
_ დიახ, დამთავრებული იყო, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ დილის აქცია საპატრიარქოს კი არა, იმ ძალადობრივი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირში.
_ რომელ სპეცსამსახურებთან?
_ ჩვენს სპეცსამსახურებთან.
_ მგონი, ამ კუთხით თემის გაშლა ღირს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 5 ივლისამდე ლევან ვასაძე მოულოდნელად ავად გახდა. ერთი ვერსიით, თუკი ისე მოხდებოდა, რომ 5-ში ეს ძალადობრივი ჯგუფები ძალაუფლებას ხელში რაღაცნაირად აიღებდნენ, ვასაძე საქართველოში საღსალამათი და მხსნელის მანტიით შემოსილი დაბრუნდებოდა…
_ ჩემი აზრით, ვასაძე, უბრალოდ, პასუხისმგებლობას მოერიდა, ანუ ეს სცენარი უშიშროების მიერ დაიგეგმა, ვასაძე კი რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ყველაფერ ამას ძალადობრივი გაგრძელება ექნებოდა და წეღანდელი თქმისა არ იყოს, პასუხისმგებლობის აღებას გაერიდა. ეგ იყო და ეგ, თორემ ნუ გადავამეტებთ და ნუ ვიტყვით, ყველა ძალადობრივ ჯგუფს ვასაძე მართავსო. ამ ჯგუფებიდან ზოგს უშიშროების სამსახური მართავს, ზოგი კი საერთოდ უმართავია.
კომპეტნეტურ დასკვნას ვერ მოგახსენებ, ლევან ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები რეალურად აქვს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე წასვლას ან პასუხისმგებლობის აღებას მოერიდა!
_ დავუშვათ, 5 ივლისის მოვლენები სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, მაგრამ ამ გეგმის მიზანი რა იყო?
_ მიზანი ის იყო, რაც წეღან ვთქვი, ანუ 2013 წლიდან „ოცნებას“ უნდა, რომ არც მწვადი დაწვას და არც _ შამფური, ანუ უნდა, ევროპაში თქვას, აი, ყველაზე ტოლერანტული მთავრობა ვარო; საქართველოში კი განაცხადოს, ყველაზე მორწმუნე, ჯიგარი და ქართული ტრადიციების დამცველი ვარო.
ასეთ პოლიტიკას ლავირების არეალი აქვს, მაგრამ ეს ორი რიტორიკა ერთად არ გამოდგება.
_ რომელი ორი რიტორიკა?
_ კუჭავა ნობელის პრემიის ლაურეატივით ლაპარაკობდა, კობახიძე კი _ „თალიბანის“ ლიდერივით.
_ კახა, იმას გამორიცხავ, რომ ორივე ფრთა, ანუ მოძალადეები და ლგბტქ+ აქტივისტებიც, სპეცსამსახურებისგან იმართებოდნენ?
_ ეს სააკაშვილის ვერსიაა.
_ სააკაშვილი იქით იყოს და მარტივია: თუ არ არსებობენ მოწინააღმდეგეები, არც კონფლიქტი იქნება.
_ როცა დანაშაული ხდებოდა, ძველი რომაელები კითხულობდნენ: ამით ვინ მოიგო?
_ და 5 ივლისით ვინ მოიგო?
_ ვერ ვხედავ, ხელისუფლებას ლგბტქ+ აქტივისტების მართვის რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, თუმცა ვხედავ, ამის ინტერესი ცალკეულ ოპოზიციურ ჯგუფებს რატომ შეიძლებოდა ჰქონოდათ.
_ თუ იმის თქმა გინდა, რომ ლგბტქ+ აქტივისტებს სააკაშვილი მართავს, ეს ხომ „ოცნების“ ნარატივია, კახა?
_ „ოცნების“ ნარატივი რატომაა? ოპოზიცია გამოვიდა და ღიად დაუჭირა მხარი.
დავუშვათ, გავყვეთ ლოგიკას, რომ საქართველოში ლგბტქ პრაიდი პუტინმა დაგეგმა, რადგან ამით აშშ-ისთვის სახელის გატეხა უნდოდა. თუ იცოდნენ, რომ ეს პუტინის გეგმა იყო, მაშინ ყველაფერ ამაში მთელი ოპოზიციური მედია და პარტიები რატომ გაეხვივნენ და ორი თვე ცისარტყელას დროშებს რატომ აფრიალებდნენ?
სხვათა შორის: გვარ-სახელების გარეშე, ერთ ექსკლუზიურ ინფრომაციას გაგიმხელ.
_ გისმენ…
_ ოპოზიციურ ჩატში ე.წ. ლიბერალური პარტიებიდან ზოგიერთმა „ამოასხა“.
_ რას ნიშნავს, „ამოასხა“?
_ თქვეს, სრული კრეტინიზმია, როცა ოპოზიცია ამ პრაიდს მხარს უჭერს იმიტომ, რომ პირდაპირ ხელისუფლების გეგმაზე „წამოეხევაო“.
_ არ ვიცი, ჩატში ვინ რას წერდა, მაგრამ 5 ივლისს ოპოზიციის ლიდერებს პროტესტი ღიად არ გამოუთქვამთ და ზოგს ისეთი შთაბეჭდილებაც შეექმნა, რომ ოპოზიცია თითქოს მოძალადეებს უჭერდა მხარს…
_ ვაიმე, გადახედე სოციალურ ქსელს _ 4, 5 და 6 ივლისსაც ყველას ცისარტყელები ჰქონდა „გამოფენილი“, თუმცა შენი გადასახედიდან ეს მხარდაჭერა შესაძლოა, არასაკმარისი იყო.
_ კახა, სხვა რამეს გეუბნები და მომისმინე: თუ 5 ივლისით ხელისუფლებას პრობლემები შეექმნებოდა და მთავრობა გადადგებოდა, ამ მიზნისთვის ოპოზიცია ძალადობრივ ჯგუფებს არ გამოიყენებდა?
_ საკითხი რომ გავამარტივო, იმას ამბობ, ფალავანდიშვილი სააკაშვილის აგენტი იყოო.
_ ამას მე კი არა, შენ ამბობ, თორემ მე ის კითხვა დავსვი, რომლის დასმაც მინდოდა!
_ თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან კონსპიროლოგიაა. მე იმაზე ვსაუბრობ, რაც საჯაროდ ითქვა _ 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრაიდს მხარი დაუჭირა…
_ ასეა თუ ისე, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები ახსენა, რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია.
_ ქვეყანაში ყველაფერი კარგად რომ იყოს, სანქციები მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტის გამო არ წესდება.
სხვათა შორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კელი დეგნანმა, ბოლო ერთ თვეში, მოსამართლეებზე, მგონი, ხუთი განცხადება მაინც გააკეთა, მაგრამ უმრავლესობის ლიდერებმა ფეხზე დაიკიდეს, ანუ სანქციებზე საუბრის დასაწყებად სიტუაცია ბოლო კვირების ან თვეების კი არა, წლების განმავლობაში მწიფდებოდა!
_ 5 ივლისზე საუბრისას დეგნანმა ისიც თქვა, პრემიერმა სიტუაციის მართვა ვერ შეძლოო.
_ კი ბატონო…
_ მოკლედ, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ოცნება“ ჩიხშია და ღარიბაშვილი იძულებული გახდება, გადადგეს?
_ ლოგიკურად ასეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემა სხვა რამეა.
_ კერძოდ?
_ დაცინვით არ ვამბობ, მაგრამ კობახიძე, ღარიბაშვილი და კიდევ სხვები ფსიქიკურად ნორმალურები არ არიან!
_ კახა, თუ კორექტული არ იქნები, ვფიქრობ, გოგი წულაიას ბედს გაიზიარებ და დაგიჭერენ!
_ რა ვქნა, დამიჭერენ და დამჭირონ!
ფსიქიკურად არც ერთია გაწონასწორებული. ივანიშვილს კი გამონათებები მაშინ აქვს, როცა მის ფინანსებს ეხებიან. აი, მაგალითად, ადრე, როცა სანქციებით დაიმუქრნენ, რაღაც შეთანხმებებს ხელი მოაწერა. ახლაც, როცა სანქციები ისევ ახსენეს, შესაძლებელია, რომ გარკვეული გამონათება ისევ „დაემართოს“, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ხალხის პროგნოზირება ადვილი არაა, თუმცა პროცესის პროგნოზირება შეიძლება, მით უმეტეს, რომ ამ ციკლს ქვეყანა მესამედ გადის.
_ და ეს რა ციკლია?
_ ძველი ხელისუფლება დისკრედიტებულია, ალტერნატივა კი არ ჩანს. საქართველოში ასეთი ორ-სამწლიანი გარდამავალი პერიოდი ადრეც ყოფილა, ანუ ქვეყანა ახლაც ზუსტად იმ სტადიაშია, რომელშიც შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობების ბოლო წლებში იყო.
_ სხვა პარალელის გავლებაც შეიძლება: მედია ზვიად გამსახურდიასაც დაუპირისპირდა და 1991-1992 წლების მოვლენები, პრაქტიკულად, ტელევიზიის კიბეებზე ჟურნალისტების დაჯდომით დაიწყო…
_ შევარდნაძის წინააღმდეგ კამპანიის სიმბოლურ ნიშნულად შეიძლება გიორგი სანაიას მკვლელობა ავიღოთ _ ის კრიზისი, რომელმაც 2003 წელი მოიტანა, 2001-დან დაიწყო.
სააკაშვილის დროს კი „ფოტოგრაფების საქმე“ თუ „იმედის“ დახურვა იყო.
_ გეთანხმები, თუმცა ჟურნალისტები ქუჩაში მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გამოვიდნენ. ახლა, შეიძლება, ვინმეს მოსწონს ან არა, მაგრამ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ საინფორმაციო მონსტრის სამი თავია.
_ დიახ, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ეს უფრო იმის სიმპტომია, რითიც საუბარი დავიწყეთ, ანუ ლეგიტიმურობის პრობლემის, თორემ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია რომ ჰქონდეს, ტელევიზია, რამდენიც უნდა იყვიროს, ვერაფერს უზამს.
დიახ, ტელევიზია საშიში მაშინაა, როცა საარჩევნო ხმები ხახვითა და კარტოფილით გაქვს აღებული, თორემ „ოცნებას“ ამომრჩევლის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, ამ კრიზისს გაუძლებდა!
_ ისე, ზოგიერთი ამბობს, რომ ღარიბაშვილი გადადგება, რასაც მთელი მთავრობის გადადგომა ავტომატურად მოჰყვება. „ოცნება“ პრემიერად კახა კუჭავას წარადგენს, თუმცა უმრავლესობის ღარიბაშვილის ფრთა კუჭავას კანდიდატურას სამჯერ ჩააგდებს და პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, რომელიც ადგილობრივთან ერთად ჩატარდება. კახა, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას გამორიცხავ?
_ ამ სქემას არ გამოვრიცხავ და ეს საკითხის ივანიშვილის ავანტიურისტული სცენარით წაყვანა იქნება.
თავის დროზე, ყველანი ამბობდნენ, აი, ხელისუფლებამ ყველაფერი ხელში აიღო და ოპოზიციასაც ამარცხებსო, მაგრამ ბოლო სამი-ოთხი წელია, ვხედავთ: ზუსტად მაშინ, როცა ხელისუფლებას ჰგონია, რომ გავაკებული აქვს, ფორსმაჟორი იქმნება. გავიხსენოთ, მაგალითად, სარალიძის საქმე, „გავრილოვის ღამე“, მელიას დაჭერა და იგივე 5 ივლისის მოვლენები.
მოკლედ, იმ დროს, როცა ხელისუფლების სათავეში შიზოიდები არიან, იმის რისკი, რომ რაღაც აფეთქდეს, ძალიან დიდია!
ამიტომ არსებობს გათვლა, რომ „ოცნებამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ ლოგიკით დანიშნოს, აი, ოპოზიცია მომზადებას ვერ მოასწრებს და მოდი, ბარემ, დავამარცხოო, მაგრამ სიტუაცია იმ დონეზეა, რომ სულ პატარა რაღაცაა საჭირო და ეს მთავრობა აფეთქდება!
მოკლედ, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ღარიბაშვილი და კობახიძე მხოლოდ თანამდებობებიდან კი არ უნდა გააგდონ, არამედ რუსთაველის გამზირს 50 კილომეტრზე ახლოს არ უნდა გაეკარონ. პრემიერად კი კუჭავა ან ვინმე სხვა, შედარებით გაწონასწორებული ადამიანი დაინიშნოს, რომელიც ნომინალური ფიგურა კი არ იქნება, არამედ ოპოზიციასთან საუბარს შეძლებს და ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს. ამით ქვეყანაც იხეირებდა და ივანიშვილისთვისაც ეს გამოსავალი იქნებოდა, თორემ საერთაშორისო სანქციებზე რამდენიც უნდა იღლიცინონ, შეგვიძლია, ინტერნეტში ვნახოთ, რა დაემართათ იმ ადამიანებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა!
არ მგონია, რომ ეს ივანიშვილისთვის მაინცდამაინც სასურველი სცენარი იყოს!
_ ე. ი., „ოცნება“ პოლიტიკურ მოღვაწეობას ოქტომბერში დაასრულებს?
_ ეს შეიძლება, ოქტომბერში არ იყოს.
_ აბა, როდის იქნება?
_ საქართველოში ხელისუფლება, ალბათ, 2022 წელს შეიცვლება. წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები კი ერთგვარი საკვალიფიკაციო ტესტი იქნება.
_ ანუ?
_ დასავლეთი ელოდება, რომ საქართველოში სახელისუფლებო ალტერნატივა გამოიკვეთოს, თუმცა თუ ყელში ამოუყვანეს, ისეც ხდება ხოლმე, რომ დასავლეთი ძალიან სწრაფ ცვლილებებსაც უჭერს მხარს და სწორედ ასე მოხდა უკრაინაში მაიდნის დროს.
ჯერჯერობით ივანიშვილის ალტერნატივა გამოკვეთილი არ არის და დასავლეთი ელოდება, ადგილობრივ არჩევნებში ვის რა შედეგი ექნება. ამის შემდეგ კი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს მომავალი ხელისუფალი.
ვანო პავლიაშვილი