კახა კალაძეს პრემიერობა მოუნდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალი კარიერული ნახტომისთვის ემზადება. „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ის უკვე ღიად საუბრობს თავის საპრემიერო ამბიციებზე. ამბობს, რომ ის მთავრობის მეთაურის მოვალეობას კარგად შეასრულებს. მართალია, ბიძინა ივანიშვილის კარზე კახა კალაძეს სერიოზული გავლენები აქვს, მაგრამ არაფორმალური მმართველი მას ბოლომდე არ ენდობა. განსაკუთრებით ახლა, როცა პარტიის თავმჯდომარეობიდან აპირებს წასვლას. პარტიაში არსებული კლანებიდან რომელიმეს გაძლიერება მის ინტერესებში არ შედის.
უახლოეს მომავალში ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ერთი პერიოდი ის ფიქრობდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა კალაძისთვის გადაებარებინა, მაგრამ გადააფიქრებინეს. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება, რომელიც კახა კალაძის გუნდის წევრად მიიჩნევა. თუმცა როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, ამ ადამიანს ძალაუფლება რომ ხელში ჩაუვარდება, კალაძესაც დაივიწყებს და შეიძლება, ივანიშვილიც დააიგნოროსო. ამიტომაც მას ბორდის სახით დაუნიშნავენ მეთვალყურეებს. ბორდში კახა კალაძე, გიორგი გახარია და კიდევ რამდენიმე ადამიანი შევა.
მალე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და თბილისის მერის არჩევაც მოგვიწევს. კახა კალაძეს მეორე ვადით აღარ სურს დედაქალაქის მერობა. ის ამ თემაზე ივანიშვილს ესაუბრა და თავისი საპრემიერო ამბიციებიც გაანდო. კალაძის გარდა პრემიერის პოსტის ხელში ჩაგდება „ოცნების“ სხვა დაჯგუფებასაც სურს. ყველას კარგად გახსოვთ, გასულ წელს ჩვენი მედია გამუდმებით გიორგი გახარიას მოხსნას რომ წინასწარმეტყველებდა. მმართველ გუნდში გიორგი გახარია არ უყვართ, რადგან მასთან რაღაცებს ვერ ალაგებენ. არადა, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ის ყველაზე უუფლებო პრემიერია. მას პარლამენტში საკუთარი გუნდიც კი არ ჰყავს. ამ მხრივ საკმაოდ მოძლიერებულია კახა კალაძე.
დედაქალაქის მერი არაფორმალური მმართველის შვილთან, ბერა ივანიშვილთან მეგობრობს და ხშირად მისი დახმარებით აღწევს მიზანს. მაგალითად, 2012 წელს, როცა „ოცნებამ“ მთავრობის ფორმირება დაიწყო, ივანიშვილმა ის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დანიშნა. კალაძემ ამის გამო ნამდვილი ისტერიკა მოაწყო, რადგან მას ენერგეტიკის მინისტრობა სურდა. რამდენიმე დღეში მას ენერგეტიკა ჩააბარეს. როგორც ამბობენ, სუსის არქივებში მისი მინისტრობის პერიოდზე საინტერესო საქმეები ინახება.
სუსის დღევანდელი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და თბილისის მერი ერთმანეთს დიდად არ სწყალობენ. იყო დრო, როცა ივანიშვილმა კალაძეს ვიცე-მერად დაუნიშნა ლილუაშვილი, რადგან კალაძეს ბოლომდე არ ენდობა. სხვა თუ არაფერი, ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აქცია, თავის დროზე, ამ ადამიანმა სააკაშვილს ზურგი.
ზემოთ ვახსენეთ, რომ რიგი მედიასაშუალებები მთელი გასული წელი ხსნიდნენ გახარიას. ინფორმაციებს „ოცნების“ სხვადასხვა კლანი ავრცელებდა. ამ კლანებს არც კალაძის პრემიერობა სურთ და მის წინააღმდეგაც სერიოზული შეტევა მიდის.
არც ის არის შემთხვევითი, რომ ცოტა ხნის წინათ 500 ტონა ლითონის გაქრობის სკანდალი აგორდა. მოგეხსენებათ, გლდანში მიწიდან ვიღაცებმა 500 ტონა მილები ამოიღეს და გააქრეს. შეუძლებელია, ეს ისე გაკეთებულიყო, რომ ვიღაცას ზევით არ სცოდნოდა. ამის შესახებ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებდნენ ხმაურის ატეხას, რაც დედაქალაქის მერს დაარტყამდა. ეს კალაძემ გაიგო და თავად გააკეთა განცხადება. ის გამოძიებას ითხოვს და 500 ტონა ლითონის ქურდების დაკავების პირობას დებს.
შორენა მარსაგიშვილი