„კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ჯერ კიდევ არსებობს“
მიხეილ ხაჩიძე
საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია: მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიის სხდომაზე ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, დეკემბერში კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დაადასტურონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.
გასცემს თუ არა ევროკომისია დადებით რეკომენდაციას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის საქართველოს მხრიდან? როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია და რა გამოწვევები აქვს ქვეყანას დასაძლევი სტატუსის მისაღებად? „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან. თუმცა სანამ იმას გეტყვით, თუ რას აცხადებს ევროდეპუტატი, მოკლე რაკურსს შემოგთავაზებთ და შეგახსენებთ, რა 12-პუნქტიანი დავალება მიიღო საქართველომ და როგორია წინასწარი შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე.
მაშ, ასე! 12 პუნქტი, რომელიც დასავლეთმა საქართველოს საშინაო დავალების სახით მისცა, შემდეგია:
N1: დეპოლარიზაცია;
N2: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები;
N3: დამოუკიდებელი სასამართლო;
N4: ანტიკორუფციული ზომები;
N5: დეოლიგარქიზაცია;
N6: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
N7: მედია;
N8: მოწყვლადი ჯგუფები;
N9: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
N10: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
N11: ECHR-ის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, _ რედ.) გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;
N12: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
პირველადი მოსმენა ზაფხულში შედგა. შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს დახურულ კარს მიღმა წარიმართა. დასავლური მედიის ინფორმაციით:
• მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან 3 რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს;
• ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირებისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე;
• დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა;
ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს:
• 3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული;
• 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
• 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
• 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
ის 3 რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა, არის:
• დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
• გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია;
• ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება;
7 რეკომენდაცია, სადაც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს, არის:
• პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა _ ამ პუნქტში ევროკომისიამ მიუთითა, რომ საჭიროა „უხეში რიტორიკის“ დასრულება და ხაზი გაუსვა პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობისა და „კონსტრუქციული მრავალპარტიულობის“ საჭიროებას;
• ინსტიტუციების დამოუკიდებლობა – საჭიროა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, საარჩევნო პერიოდში დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიება, ცვლილებები საარჩევნო სისტემაში და უშიშროების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება;
• ინკლუზიური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა _ ამ პუნქტის შესასრულებლად, ევროკომისიის ხედვით, საჭიროა ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების დანიშვნა;
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა _ ევროკომისიამ აქაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საჭიროებასთან ერთად;
• ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა _ საჭიროა, საქართველომ გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ტერიტორიაზე;
• ადამიანის უფლებების დაცვა _ საჭიროა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავება, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის გამოძიება (მათ შორის 50 მსხვერპლის საქმის გამოძიება) და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა;
• სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში _ ევროკომისიამ ჩათვალა, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგის განახლება სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასთან რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების გამართვა.
ევროკომისიამ გამოყო დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და თქვა, რომ ამ პუნქტზე საქართველოს „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
მოხსენების ბოლოს ევროკომისიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე პუნქტს, რაზედაც საქართველოს დამატებით მუშაობა სჭირდება: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და მედია.
დეოლიგარქიზაციის პუნქტზე საქართველოს გაუმეორეს ის, რასაც აქამდეც ამბობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, _ საჭიროა „სისტემური მიდგომა“.
მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზედაც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.
თუმცა ეს იყო ერთგვარი შუალედური მიმოხილვა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.
სწორედ საქართველოს ევროპულ მომავალზე, შანსებსა და მოლოდინებზე ჩავწერეთ ინტერვიუ ევროდეპუტატ ანდრიუს კუბილიუსთან. როგორც ის „ქრონიკა+“-თან აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ყველაფერი საქართველოს მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული.
ამასთან, ევროდეპუტატი გამარტავს, რომ „ოცნება“ გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ არის, საქართველო ერთი ოლიგარქის მიერ დატყვევებული სახელმწიფო ხდება. ივანიშვილი პროცესებს უკანა სავარძლიდან მართავს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ქეისს, ამასთან დაკავშირებით ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ სააკაშვილის განთავისუფლების გასაღები დასავლეთის ხელში არ არის, ის პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ივანიშვილის ხელშია.
„ქრონიკა+“ ევროდეპუტატ ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრება:
_ როგორია საქართველოს გზა ევროპისკენ, რამდენად სწორია ის დღეს?
_ ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა ამ გზაზე დამატებით ბარიერებს ქმნის. უკრაინის ბრძოლამ რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით ყინული დაძრა და უპრეცედენტო შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრობის მსურველ ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომა იქნება, ქართველი ხალხის ხმა არ მოისმინოს და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას. ეს განსაკუთრებით გაახარებს ერთ კონკრეტულ სამხედრო დამნაშავეს (იგულისხმება პუტინი, _ რედ.).
ოდესღაც პროევროპული რეფორმები წინა პლანზე იყო, ახლა საქართველო უკვე ჩამორჩება _ ევროკავშირის მკაფიო სიგნალი გასულ წელს იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შეკავება. მისი მიღების შანსი ჯერ კიდევ არის წელს, ყველაფერი მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ახლოსაა ევროპულ ღირებულებებთან?
_ მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ღირებულებები მისი ღირებულებებია _ სწორედ იმ 12 რეკომენდაციის განხორციელებით.
_ უფრო მეტად რომ განვმარტოთ, ევროპელი დეპუტატებისგან ხშირად მესმის (ჩემთან ინტერვიუებშიც და ზოგადად), რომ „ოცნება“ შორდება ევროპულ ორბიტას და პრორუსულია. რას ფიქრობთ კონკრეტულად ასეთ ფორმულირებაზე?
_ როგორც ჩანს, მმართველი პარტია გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ არის. აშკარაა, რომ ივანიშვილი პროცესებს უკანა სავარძლიდან მართავს. საქართველო ხდება ერთი ოლიგარქის მიერ დატყვევებული სახელმწიფო. ეს ადამიანი არ არის ანგარიშვალდებული, არ არის გამჭვირვალე, არ მონაწილეობს არჩევნებში, ამიტომ არ უნდა ჰქონდეს რაიმე ბერკეტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ, არიან ღირსეული და პასუხისმგებელი ადამიანები „ქართულ ოცნებაში“, რომლებიც ამას უსამართლოდ და არასწორად მიიჩნევენ.
_ რას ურჩევთ საქართველოს მთავრობას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს და ევროპული სტატუსი მიიღოს?
_ ცალსახად ვიტყვი, რომ ეს ნათლად არის ნათქვამი კომისიის 12 რეკომენდაციაში.
_ პირდაპირ გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, უნდა გვქონდეს რაიმე იმედი სტატუსზე, რას უნდა ველოდოთ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი განხილვებიდან?
_ ქართველ ხალხს ევროპაში კარგი დიდი ხნის მეგობრები ჰყავს, საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერები. საქართველოს ჰყავს ძლიერი და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქმე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა საქართველო შევინარჩუნოთ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსზე.
_ ასევე მინდა გკითხოთ მიხეილ სააკაშვილზე, _ რა როლს თამაშობს მისი საქმე, თუნდაც, საქართველოს ევროპულ გზაზე? აფერხებს თუ არა „ოცნების“ მიერ სააკაშვილის დაპატიმრება ქართველების ევროპულ მომავალს?
_ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა რთულ სურათს ქმნის. სააკაშვილი დემოკრატიული ქვეყნების მიერ საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს და მიეცეს საშუალება, საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
_ რას აკეთებს დასავლეთი სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად?
_ დასავლეთიდან იყო არაერთი განცხადება და ინიციატივა. თუმცა სააკაშვილის განთავისუფლების გასაღები არა დასავლეთის, არამედ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ივანიშვილის ხელშია.
_ რა რჩევას ან რეკომენდაციას მისცემთ ქართველ ხალხს?
_ თუ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს არც მისი ბრალი იქნება, არც ევროკავშირის, ევროპარლამენტის ან რომელიმე კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის. ეს იქნება „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ივანიშვილის ბრალი და პასუხისმგებლობა, რადგან მათ არ შეუძლიათ განახორციელონ საჭირო რეფორმები. მაგრამ ახლა კანდიდატის სტატუსის არმოპოვება არ ნიშნავს, რომ საქართველო მოგვიანებით ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა იმისა, რომ შეასრულონ დაპირებები და საქართველო ევროკავშირში მიიყვანონ.
_ დაბოლოს, საინტერესოა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე თქვენი აზრი _ რამდენად პოზიტიურად აისახება უკრაინის გამარჯვება ოკუპანტ რუსეთზე საქართველოსთვის?
_ უკრაინის გამარჯვება შეცვლის რეგიონისა და მთელი ევროპის კონტინენტის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. უპირველეს ყოვლისა, ეს შექმნის შესაძლებლობას რუსეთში ცვლილებისთვის. დადგება და დასრულდება ევროპაში რუსული კოლონიური იმპერიალიზმის ეპოქა და გაჩნდება შესაძლებლობა დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის რუსეთსა და ბელარუსში. უკრაინა, მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი თავისუფალი იქნებიან, აირჩიონ საკუთარი ბედი კორუმპირებული და კრიმინალური პუტინის რეჟიმის ზეწოლის, ჩარევისა და გავლენის გარეშე. იქნება შესაძლებლობა, შეიქმნას მდგრადი მშვიდობა ევროპის კონტინენტზე.