კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი

თამუნა მჭედლიშვილი

სიყვარულისა და მშვიდობის ქალაქი, სამწუხაროდ, საცობების ქალაქად იქცა! კახა კალაძის სატრანპროტო პოლიტიკამ კრახი განიცადა, გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელია.

დედაქალაქის პრობლემების, თბილისის მერის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახის შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატსა და ექსპარლამენტარ ირაკლი აბესაძეს:

_ ბატონო ირაკლი, ვინ არის პასუხისმგებელი დედაქალაქში დღეს შექმნილი გაუსაძლისი სატრანსპორტო პოლიტიკის: დედაქალაქის მერი, მთლიანად მისი გუნდი, თუ „ქართული ოცნების“ „პოლიტიკა“?
_ ჩვენ ახლა გვყავს მერი, რომელიც არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას დედაქალაქში. უარესი შემთხვევა, უბრალოდ, არ მახსენდება, ვიდერე ვაკის პარკის ტრაგგედია იყო. ამ ეპიზოდშიც კი გაკვირვებული კითხულობს კალაძე, _ რა შუაშია მერის პასუხისმგებლობა? მაშინ, როცა პარკი ან ახალი რეაბილიტირებული გზა არის გასახსნელი, ეს მერის პასუხისმგებლობა აღმოჩნდება _ ამ დროს კალაძე მადლობებს პირადად იღებს ხოლმე. როდესაც ადამიანი თავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, რთულია მას მოვთხოვოთ ადეკვატური ქმედება იმ მძიმე სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრისას, რომელიც ქალაქს დღეს აქვს.
_ რამდენი კომპონენტისგან შედგება სატრანსპორტო პოლიტიკა და რა იწვევს დედაქალაში საცობებს?
_ სატრანსპორტო მოძრაობა ეს არის: საგზაო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიშვნები, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური (ვგულისხმობ საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიგეგმება და რა გეომეტრიის საგზაო ზოლები სად განათავსდება) და მეოთხე კომპონენტი _ პარკირება.
უცოდინარობაზე მეტად, რომლის ნაკლებობასაც დღევანდელი თბილისის მერია ნამდვილად არ განიცდის, მთავარი პრობლემა სატრანსპორტო მძიმე შედეგებისა მაინც არის კორუფცია. როდესაც კალაძეს ეკითხენბიან, _ რა არის მისეული ხედვა საცობებისგან ქალაქის განსატვირთად, მისი ერთადერთი პასუხი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეიძლება ლოგიკურად ჟღერდეს, არის: _ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება… რომელიც, როგორც ვთქვით, ოთხიდან ერთი კომპონენტია და ცალკე აღებული შედეგს ვერ მოიტანს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება შეიძლება იყოს ხედვა და მძიმე სატრანსპორტო პრობლემებისგან გამოსავლი, მაგარამ არა ისე, როგორც ამას კალაძე ახორციელებს. დადასტურებულიც არის და გამოვიკვლიე კიდეც: „თეგეტა მოტორსმა“ 60 მლნ ლარით მეტი გადაახდევინა თურქულ ავტობუსებში თბილისის მერიას! ე. ი. ჩვენ ვიყიდეთ 226 თურქული წარმოების „დეემსის“ ავტობუსი 60 მლნ ლარით მეტად და შეგვეძლო, 226 ავტობუსის ნაცვლად (თუკი ეს ფული არ გაიფლანგებოდა, აღარ ვსუბრობ მითვისებასა და ქრთამის აღებაზე _ ამას გამოძიება სჭირდება), მინიმუმ, 300 ავტობუსის შეძენა.
როდესაც ვსაუბრობთ მგზავრთა გაზრდილ ნაკადზე, როდესაც ვხედავთ შეუძლებლობას პიკის საათებში პირველივე მოსულ ავტობუსში მგზავრის ასვლის, როდესაც ვხედავთ გადატვირთული ავტობუსების ნაკადს, რა თქმა უნდა, დამატებით 80 ცალი ავტობუსი რომ გვეყიდა და ეს ფული არ გაფლანგულიყო, აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
_ გადატვირთული ავტობუსები ახსენეთ და კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანას დაჰპირდა გერმანიიდან იანვრის ბოლოს…
_ 18-მეტრიანი ავტოვბუსები, რომელიც, სხვათა შორის, ისევ „თეგეტა მოტორსისგან“ შეიძინა თბილისის მერიამ, პრობლემაა. 2021 წელს, ჯერ კიდევ „იბიარდიმ“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, გამოყო 83 მლნ. ევრო საქართველოსთვის, რათა 18- მერტრიანი ავტობუსები შეეძენათ. ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ დედაქალაქს სჭირდებოდა 18-მეტრიანი ავტობუსები. მიუხედავად იმისა, რომ იაფი რესურსიც მოძიებული იყო ავტობუსების შესაძენად, ვგულისხმობ იაფ სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, კალაძემ უარი თქვა და ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საინტერესო დეტალია და ეს ჯერ არსად გამიღჟღერებია: 2021 წელს, „იბიარდის“ გამოყოფილი ჰქონდა 70 მლნ. ევრო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად, ანუ ერთი ერთეული ავტობუსის ფასი, „იბიარდის“ დათვლით და იმ სესხის აღების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო 350 000 ევრო! ამ სესხზე უარის თქმის შემდგომ საბიუჯეტო სახსრებით შეიძინეს 18-მეტრიანი ავტობუსები, ერტეული 460 000 ევროდ! თანაც აქ არ შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი. ვერ ვიტყვი, რომ „მანის“ ავტობუსი 100 000 ევროთი ნაკლები ღირს, მაგრამ ფაქტია, რომ „იბიარდის“ სესხი რომ გამოეყენებინა თბილისის მერიას, ერთ ერთეულ ავტობუსში, ფაქტობრივად, 100 000 ევროთი ნაკლების გადახდა მოუწევდა.
_ კორუფციის სერიოზული სქემა იკვეთება.
_ რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები ამ ავტობუსების ფასთან მიმართებით ჩნდება, მაგრამ ცოტა ხანი რომ ფულის ფლანგვასა და, სავარაუდოდ, მოპარვას თავი დავანებოთ, ვისაუბროთ დროზე, ანუ სრული 2 წელი თბილისის მერიამ დაკარგა და მხოლოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააფორმა 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად კონტრაქტი. ახლა 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე შეძენილია და გვეუბნებიან, რომ ნაწილი ჩამოსულია და განბაჟების პროცედურებს გადის. ნახეთ, 2 წელზე მეტია იციან, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები შესაძენი აქვთ, გაზაფხულზე ფააფორმეს კონტრაქტი, მაგრამ 18-მეტრიან ავტობუსებს, რომლებსაც თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ზომის პარკი სჭირდება მისი ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის (საწვავის ჩასხმა, დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება, საავტობუსო პარკი), მზად არ დახვდება.
_ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის თბილისის მერიას შესაბამისი პარკი ჯერ არ აქვს მომზადებული?
_ 18-მეტრიანი საავტობუსო პარკის მშენებლობისთვის მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადეს ტენდერი. გაფორმდა 62 მლნ. ლარიანი კონტრაქტი, რომელიც შენდება ლილოში. სულ ახლახან დაიწყო მიწის ამოღების სამუშაოები, შეუძლებელია, რომ იანვრის ბოლოს, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები გვეყოლება თბილისში, იქ ნორმალური, სრულყოფილი საავტობუსო პარკი დაგვხვდეს, რომელიც შესაძლებელს გახდის ტექნიკური მომსახურება გაუწიოს და ექსტრემალურად გაუშვას ხაზზე ავტობუსი.
_ არის შესაძლებლობა, რომ უკვე არსებულ საავტობუსე პარკში განათავსონ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები?
_ თეორიულად შეიძლება, მაგრამ ეს მათი მომსახურების ხარისხსაც დაბლა წევს და, რა თქმა უნდა, ზრდის შესაძლებლობას, რომ ასეთი ძვირადღირებული (480 000-ევროიანი) ავტობუსები დაგვიზიანდეს და გარკვეული პრობლემები შეექმნას.
თუ არ ვცდები, თბილისის ვიცემერმა თქვა, რომ დროებით, დიდი დიღმის საავტობუსო პაკში განთავსდევბა ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები.
_ ეს რომელი პარკია? ძველი?
_ ეს არის ცნობილი მე-2 საავტობუსე პარკი, რომელიც მერ დავით ნარმანიას დროს აშენდა და აშენებისთანავე იყო ავარიული. სხვათა შორის, საქმეა აღძრული, გასულია უკვე 7-8 წელი და, რა თქმა უნდა, არცერთი პასუხისმგებელი თანამდებობის პირისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ეს საავტობუსო პარკი დაპროექტებული და აშენებულ-გათვლილია 12-მეტრიანი ავტობუსებისთვის. ე. ი. 18-მეტრიანი ავტობუსები ნორმალურ მომსახურებას ვერ მიღებენ, ნარმანიას პარკი ისედაც ავარიულია. გამოცხადებულია 3-მლნ-იანი ტენდერი, რათა პარკის ბეტონის საფარი მოწესრიგდეს. პარკის ტერიტორიაზე ბეტონი დამტვრეულია, მოედანზე კი, სადაც ავტობუსები უნდა განთავსდეს, დიდი და ღრმა ორმოებია.
_ მეორედ დედაქალაქის მერობაზე კენჭისყრის კამპანიის დროს კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას, მეტროს ახალი ვაგონების შემოყვანას დაჰპირდა. მდგომარეობა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში არანაკლებ გაუსაძლისია, როგორც მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მგზავრთა ნაკადს ვაგონები ვეღარ იტევს, მათ რამდენიმე მატარებლის გაშვება უწევთ, რათა ფიზიკურად მოთავსდნენ ვაგონში…
_ ძალიან დიდი ხანი გვიმტკიცებდნენ, რომ მეტროში გაჭედილი გვირაბი თუ ბაქანი მგზავრების არასწორად გადაადგილების ბრალი იყო. ეს შესაძლებლობა „ქართულმა ოცნებამ“, მაღალი ალბათობით, პარტიული დასაქმებისთვის გამოიყენა: ადამიანებს გაუჩინეს ფუნქცია და აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ე. წ. მგზავრთა ნაკადის მომწესრიგებლები. ეს აბსურდია. ყველა ვხედავთ, რომ მგზავრთა შემადგენლობა ტოვებს ბაქანს, მაგრამ ბაქანი კვლავ სავსე რჩება და ცარიელდება. ადამიანები ფიზიკურად ვეღარ ეტევიან ვაგონებში.
საქმე ის გახლავთ, რომ „იბიარდიმ“ 2021 წელს გამოყო 50 მლნ. ევრო 40 ერთეული ვაგონის შესაძენად. 2022 წლის იანვარსა და თებერვალშიც სატენდერო პროცედურები გადაიწია. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, კალაძემ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხდა რუსული „მეტრო ვაგონმაში“. მე მაშინ ეს საკითხი წამოვწიე, რადგან დაუშვებელი იყო, თუნდაც ხარისხის გამო, რუსული აგრესიის გამო, ამ მოცულობის თანხა გადარიცხულიყო რუსულ საწარმოში. ძალიან მალევე, „მეტრო ვაგონმაში“უკრაინამ დაასანქცირა. თუმცა კალაძე, რატომღაც, ჯიუტად არ წყვეტდა ამ კონტრაქტს. საბოლოოდ, 2022 წლის ბოლოს, უკრაინის „ერმაკ-მაკფოლის“ სანქცირების ჯგუფმა გააკეთა განცხადება, მიმართა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ „იბიარდის“, _ თბილისის მეტროს პროექტში ევროპელების მიერ გამოყოფილი 50 მლნ. ლარი დაუშვებელია, დაიხარჯოს რუსეთშიო. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მოუწია კალაძეს ერთი წლის დაგვიანებით, 2022 წლის ბოლოს, კონტრაქტის შეწყვეტა. რომ არ ეჯიუტა და თავიდანვე გაეწყვიტა ეს კონტრაქტი, რა თქმა უნდა, 2022 წელსვე ჩატარდებოდა ნორმალური ტენდერი და დღეს ჩვენ გვეყოლებოდა 40 ახალი ვაგონი თბილისის მეტროში. მაღალი ალბათობით, კალაძემ აქაც დაინახა შესაძლებლობა… დააანონსეს, რომ ბიუჯეტის სახსრებით, 475 მლნ, ევროს ღირებულების 212 ერთეულ ვაგონს შეიძენდნენ (დღეს 195 ვაგონია თბილისის მეტროში). აღიარეს, რომ მეტროს ვაგონების გაზრდა საჭიროა და რომ ევროპული ტიპის 5-ვაგონიან შემადგენლობას შეოიყვანდნენ _ გადაბმული კონსტრუქციიის, რომლებსაც კარი არ აქვთ.
_ დაგვცინიან? როდის აპირებენ ხუთვაგონიანი მეტროს ვაგონების ჩამოყვანას?
_ შევეჩვიეთ მათ ცინიზმს. ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ მეტროში ვერ შეეტია ხალხი, იმის ბრალია, რომ მოქალაქეებმა სიარული და სად დადგნენ, ის არ იციან! ამ ცინიზმის პარალელურად დაიკარგა 2 წელი, რადგან ეს ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. თბილისის ბიუჯეტი ამ თანხებს არ ითვალისწინებს. შეიძლება, ეს მათი მორიგი ტყუილი დაპირებაც აღმოჩნდეს, მაგრამ თუ რეალური იქნება, მინიმუმ, 2-3 წელი დაიკარგება.
_ საინტერესოა, იგივე სქემით იყიდიან მეტროს ვაგონებს, როგორც ავტობუსებს ყიდულობენ „თეგეტასგან“, თუ რამე სხვა ტიპის სქემას შემოგვთავაზებენ ფულის გაფლანგვის?
_ როცა ასეთი დიდი მოცულობის შეყიდვას აცხადებ, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ვაგონების ერთბაშად ყიდვა, რადგან მეტროს ვაგონების მოდერნიოზაცია მიმდინარეობს მუდმივად და განუწყვეტლად. აქ საუბარი უნდა იყოს ვაგონების ეტაპობრივად შეცვლასა და მათი რაოდენობის გაზრდაზე. მაგრამ ესენი, როგორც ჩანს, ახალი ფულის შოვნის სქემად აღიქვამენ და გვიანონსებენ 475 მლნ.-ევროიან შესყიდვას, რაც კვლავ თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება. რატომ თქვა კალაძემ თუნდაც „იბიარდის“ მიერ გამოყოფილ 83 მლნ.-ევროიან სესხზე უარი ავტობუსების შესყიდვის ნაწილში? იმიტომ, რომ ოფიციალური გამოძიება არ მოჰყოლია ამ ამბავს. მერია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მაქსიმალურად თავს არიდებს. გასაგებია, რომ „იბიარდისთვის“ სიგნალია და მარტივი მტკიცებულება, რომ თანხები გაიფლანგა. იგივე თურქულ ავტობუსებს სხვა ქვეყნები 60-70 ათას ევროზე იაფად ყიდულობდნენ თითო ერთეულს. კვლავ „იბიარდის“ სესხის აღების შემთხვევაში იგივე მანიპულაციის განხორციელების შესაძლებლობა კალაძის მერიას, მაღალი ალბათობით, აღარ მიეცემოდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ არჩიეს, ბიუჯეტის სახსრებით შეეძინათ ავტობუსები. როგორც უკვე გითხარით, „იბიარდის“ მიერ გამოყოფილ თანხაზე გაცილებით ძვირად შეიძინეს ერთი ერთეული ავტობუსი. ამიტომაც საინტერესოა, მეტროს ვაგონებს ვისგან, საიდან და რა სქემით შეიძენენ. ეს არის კალაძის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტი, რომელიც ლოზუნგად კარგად ჟღერს: ვინ უნდა თქვას, რომ „მანის“ ავტობუსი ცუდია, ვინ იტყვის, რომ არ უნდა საბჭოთა ვაგონების ნაცვლად თბილისის მეტროში თუნდაც „შკოდას“ ან სხვა წარმოების ვაგონი რომ გადაადგილდებოდეს?.. მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას არასისტემურობა, არათანმიმდევრულობა, დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა, ანუ კორუფცია! ჩვენ როდესაც გვგონია რომ ისინი ამით ზრუნავენ საცობის განტვირთვასა და თბილისელების კომფორტზე, სინამდვილეში ისინი ზრუნავენ საკუთარ უკანონო შემოსავლებზე.
_ რას გვეტყვით კალაძის საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ?
_ დედაქალაქში უკვე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, ქუჩების, გამზირების განახლება-რეკონსტრუქციას, რომელსაც კალაძე ახორციელებს, ბევრი თბილისელი და დედაქალაქში მცხოვრებელი მოქალაქე აკრიტიკებს. კრიტიკას ხელაღებით არ ვეთანხმები, რადგან დავიწროებული და მოწესრიგებული მოძრაობა, ხშირ შემთხვევაში, სწორედაც რომ საცობებისგან არის გამოსავალი. მათ შორის, ხელოვნურ კუნძულებს, რომელთა მეშვეობითაც მოედნებსა და გზაჯვარედინებზე მოძრაობის დარეგულირება-მოწესრიგებას სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, გამოსავალი მოაქვთ. საჭიროა თანმიმდევრულობა. არ უნდა იღებდე „ძაბრის“ პრინციპს, რაც ბევრ შემთხვევაში გვაქვს დედაქალაქში ფართო და ვიწრო გზების დაერთების შედეგად. ავიღოთ, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირის დავიწროება: საავტობუსო მარშუტების შემუშავება დაეყრდნო ალბათ გარკვეულ გათვლებს, რამდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენი მუშაობს ამ არეალში… ან ახლო მომავალში დედაქალაქის გენგეგმის მიხედვით რა ტიპის მატება შეიძლება იყოს იქ, ახალი მშენებლობები… სწორედ ამ გათვლებით გააკეთეს ჭავავაძის გამზირი. ამ გათვლების შემდეგ იქვე, ფიზკულტურის უნივერსიტეტის ადგილას, ითანხმებ უზარმაზარ ახალ მშენებლობას ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენის, იქვე, ვერის ხეობაში კი 170 მ. მშენებლობას გეგმავ, ქვემოთ, იპოდრომის ტერიტორიის ნაწილზე კი „ვისოლთან“ აპირებ შეთანხმებას მშენებლობის დაწყების შესახებ. რა მიზიდულობასაც გააკეთებ ადამიანების ამ არეალში, როგორც საცხოვრებლის, ისე სამუშაო ფუნქციით, ყველამ ჭავჭავაძეზე უნდა გაიაროს საბოლოო ჯამში. არის ჭავჭავაძის გამზირი გათვლილი, როგორც მგზავრთა ნაკადში, ისე ტრანსპორტის გამტარუნარიანობის საკითხში, ამხელა მოცულობაზე? _ ნამდვილად არა! ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო პროექტი არაერთხელ მოვითხოვე, მაინტერესებდა, როგორი იყო გათვლები და დათვლები. პროექტი არ მიმიღია, ამიტომ ვფიქობ, ასეთი რამ არ არსებობს, ან თუ არსებობს, ისევ მაღალი ალბათობით, კორუფციული ინტერესების გათვლების გამო, ისეთი სამშენებლო განვითარება მიდის მიმდებარე არეალების, რომ ეს სატრანსპორტო გათვლა აზრს კარგავს.
გვეუბნებიან, რომ ახალი სატრანსპორტო კვანძები არ უნდა აშენდეს ქალაქში, თუმცა, აქაც ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, თავადვე აშენებენ მაღლივი კორპუსიდან წყნეთისკენ გადასასვლელ ხიდს. შინაარსობრივად ძალიან სწორი პროექტია, მაგარამ წიააღმდეგობაში მოდის მათ ლოზუნგთან _ არ გვინდა ახალი ინფრასტრუქტურა, გადაჯექით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და დანარჩენმა იარეთ იმ არსებულ გზებზე, რაც არის. წყნეთში, ალბათ, ბევრი დეპუტატი ცხოვრობს და თავიანთთვის იშნებენ ამ ხიდს.
_ საგზაო მონიშვნებისა და შუქნიშნების მხრივ რას გვეტყვით?
_ საგზაო მონიშვნები და შუქნიშნების მუშაობის რეჟიმი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რა გააკეთა კალაძემ, რომ განტვირთულიყო ყაზბეგის გამზირი და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილების მოძრაობის სქემა?
_ პარკინგის პრობლემაც ვერ უძლებს კრიტიკას…
_ ამათ მიზნად დაისახეს, რაც ნაკლები პარკინგი იქნება, თითქოს ადამიანები სახლში დარჩებიან და მანქანით არ ივლიან. გახსოვთ ლოზუნგი „სითი პარკის“ გაგდების შემდგომ? სხვათა შორის მათ 12 მლნ. ლარი კომპენსაცია გადაუხადეს, საზოგადოებამ ესეც უნდა იცოდეს. არადა, მათზე ამბობდნენ, რომ არ შექმნეს საპარკინგე სივრცეები და ზონები. ესენი გვპირდებოდნენ, რომ შექმნიდნენ ახალ საპარკინგე ზონებს. დედქალაქს, ფაქტობრივად, ახალი საპარკინგე სივრცე არ შემატებია! არის იმის შესაძლებლობა, რომ მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეები არსებობდეს, მიწისზედა პარკირება შეიძლება საცობების გამომწვევი მიზეზიც გახდეს. საუბარი რომ ქალაქში საერთოდ არ ინება საცობი, ჩემთვის ცოტა არასერიოზულია, მაგრამ გაუსაძლისი სიტუაცია, რაც დღეს ქალაქში გვქვს და 2, 4 და მეტ ავარიას რომ აბრალებ დღეში ქალაქის გაჩერებას, ეს იმას მიანიშნებს, რომ შენ თავად პრობლემას ვერ აღიქვამ! კონკრეტულ ტერიტორიაზე ავარია შეიძლება გახდეს საცობის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მუდმივად იწვევდეს ავარიები საცობებს და საბურთალოზე მომხდარი ავარია ნაძალადევში იწვევდეს საცობს, ეს, უბრალოდ, არდამაჯერებელი და არასერიოზულია.
_ ახალი წელი მოდის, რას უსურვებთ დედაქალაქის მოსახლეობას? თბილისის მერმა ბრძანა, თუ ჯადოსნური ჯოხი გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ, გვითხარითო…
_ ჯადოსნური ჯოხი კორუფციისგან განთავისუფლებაა. კორუფცია და საქმის კეთება არათავსებადია. ვერ გააკეთებ საქმეს ხარისხიანად, როცა საბიუჯეტო თანხებს ფლანგავ. ამიტომ დედაქალაქის მოსახლეობას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს, მაგრამ, პირველ რიგში, ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მინიმუმ თავისუფალია კორუფციისგან.