კალაძე ივანიშვილთან მეორედ მოსვლაზე ვაჭრობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის პოსტი უკავია, ერთ თვეზე მეტია, რაც საეჭვოდ არის გაჩუმებული. ის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კორექტულობით არასდროს გამოირჩეოდა, შანსს არ უშვებდა ხელიდან მათთვის კბილი გაეკრა. ახლა ცდილობს პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს და თუ თქვა რამე, მხოლოდ კონსტრუქციული ტონით საუბრობს

მისმა სახეცვლილებამ პარტიაშიც და საზოგადოებაშიც ეჭვები გააჩინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალაძე პარტიიდან აპირებდა წასვლას. ის ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენია. გახარიას გადადგომის შემდეგ პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ არაფორმალურმა მმართველმა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე გააკეთა.

როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი კალაძისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერის პოსტზე წარსადგენად მას აღარ განიხილავდა. შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და თბილისის მერიც უნდა ავირჩიოთ. კალაძეს კვლავ მოუნდა თბილისის მერობა. გუნდი კი მის კანდიდატურას აღარ განიხილავდა. კალაძე თავისი ახირებების შესრულებას მიჩვეულია. 2012 წელს როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ივანიშვილმა დედაქალაქის მერი ინფრასტრუქტურის მინისტრად გაამწესა. ამ პოსტზე მან სულ რამდენიმე დღე იმუშავა,. მერე ნამდვილი ისტერიკა მოაწყო და ივანიშვილს თავი ენერგეტიკის მინისტრად გადააყვანინა. ენერგეტიკაში მას თავისი ინტერესები ჰქონდა და დღემდე აქვს.

ახლაც იგივეს გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ივანიშვილმა აღარ გაუტარა. მისი ულტიმატუმის პასუხად „ოცნებამ“ კულუარებიდან გამოუშვა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მათ შორის მოქმედი მერი არ იყო.

პარტიის გენერალური მდივანი სრულად გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, არც პარტიას დაუგლეჯია მისთვის კალთები. გახარიას წასვლით გამოწვეული კრიზისი რომ არა, მას ივანიშვილიც მიუთითებდა კარისკენ. მაგრამ დროებით დაზავება მოხდა. არაფორმალურმა მმართველმა შუამალვლების მეშვეობით კალაძეს შემოუთვალა, კიდევ დარჩი პარტიაში და იქნებ შენი კანდიდატურა დასახელდეს თბილისის მერადო.

კახა კალაძე პარტიაში დარჩა. თუმცა პოლიტიკაზე ხმას ისევ არ იღებს და ოპოზიციას არ აკრიტიკებს. რადგან საბოლოოდ არ იცის, რას გადაწყვეტს ივანიშვილი.

შორენა მარსაგიშვილი