იქნება თუ არა გახარია ოპოზიციონერი?

გიორგი გახარიას პოლიტიკაში დამოუკიდებელმა დაბრუნებამ საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია _ პირველ რიგში, იმის გამო, რომ მისი სტატუსი დღემდე გაურკვეველია.

ვინ არის ის _ ოპოზიციონერი, თუ ბიძინას სატელიტი, ისეთი, მაგალითად, როგორიც ბოლო დრომდე „პატრიოტთა ალიანსი“ იყო ან „ნაცმოძრაობის“ დროს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია?

გაურკვევლობას ამ საკითხში თავად გახარიაც აღრმავებს _ პირველ რიგში იმის გამო, რომ მკაცრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღემდე არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი. ასეთი რამ არაერთხელ ყოფილა _ ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ გამოსვლა ხშირად გვინახავს, ოღონდ ბიძინას კართან მათი ჩანაცვლების მიზნით.

ასე იყო ჯერ კიდევ პირველ პარლამენტში, როდესაც მისი უფლებამოსილების ვადის ბოლო თვეებში რესპუბლიკური პარტია, მანამდე კი „თავისუფალი დემოკრატები“ აჯანყდნენ. მეორე მოწვევის ქოცპარლამენტში „ოცნების“ ფრაქცია დეპუტატთა საკმაოდ დიდმა ჯგუფმა დატოვა ეკა ბესელიას თამადობით.

ყველა ამ შემთხვევას ერთ რამ აქვს საერთო _ წამოსულები მკვეთრად უპირისპირდებოდნენ ქოცმმართველობას, მაგრამ სანამ ყველა შანსი ბოლომდე არ ამოიწურა, ბიძინას არ ეხებოდნენ.
როგორც ჩანს, გახარიაც მათი გზით მიდის _ ის ბიძინას სიგნალს უგზავნის, _ არ გიპირისპირდები, შენ არაფერს გერჩი, მოიშორე ეს იდიოტები, და გვერდით მე დამიყენე.

თუმცა არც ერთმა ასეთმა მცდელობამ არ იმუშავა _ ივანიშვილს ერთგულებაზე თავისებური წარმოდგენა აქვს და უნებართვოდ წასული ადამიანი მისთვის მიუღებელი ხდება.
თქვა კიდეც, _ გახარია მოღალატეა! _ და ამით „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებაზე ყველა საუბარი შეწყდა.

მაშ, ვინ არის დღეს გიორგი გახარია? ოპოზიციონერი? მაგრამ რა აზრი აქვს ოპოზიციონერობას, როდესაც მასხარებს ერჩი, ხოლო ცირკის დირექტორზე ხმას არ იღებ? ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მშვენივრად იცის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ვიღაც არარაობებია, არამედ მათი მთავარი რეჟისორი.

ამ ვითარებაში მასხარათა ერთი ჯგუფის მეორით ჩანაცვლება ვერანაირ ცვლილებებს ქვეყანაში ვერ გამოიწვევს.

თუმცა ამჟამად მან უკვე იცის, რომ ჩანაცვლების ოპერაცია ჩავარდა და, ერთი შეხედვით, ამით მისი თამაში დასრულდა. მაგრამ ეს ხომ ქართულ პოლიტიკაა? აქ საღ გონებაზე დაყრდნობილი პროგნოზები არ მუშაობს.

უცნაურია, მაგრამ გახარიას პარტია ძალებს იკრეფს და დღეს ის „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ მესამე ძალაა. მან ჩამოიცილა ძველი და გამოცდილი პარტიები, როგორც „ევროპული საქართველო“, ასევე ლეიბორისტული პარტია, უკან ჩამოიტოვა პერსპექტიული „ლელო“ და „გირჩი“.
დღეს ჩვენ გვაქვს შემდგარი ფაქტი, რომ პარტია, რომელიც არც ხელისუფლებაშია და არ ოპოზიციაში, მმართველ პარტიას უპირისპირდება, მაგრამ ქვეყნის მთავარ ბოროტებას _ არა! _ დაარსებიდან, სულ რაღაც, 2-3 თვეში უკვე 9%-იან რეიტინგს ფლობს.

რისი იმედით და რატომ გადაწყვიტეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პარალელურმა მოწინააღმდეგეებმა, რომ გახარია უკეთესი იქნება? _ გაუგებარია. საზოგადოებამ მისი პირადი თვისებების შესახებ არაფერი იცის და მას მხოლოდ ბიძინას მოსამსახურედ იცნობს.
თუმცა ფაქტი გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია შეფასება: კარგია ეს თუ ცუდი?
ის, რომ მომავალ პარლამენტში მაბლოკირებელი 10% შესაძლოა გახარიას პარტიას ჰქონდეს _ ეს კარგია თუ ცუდი?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, საზოგადოება გახარიას იცნობს, როგორც ბიძინას ხელის ბიჭს, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა და აქ უცვლელი და მარადიული არაფერია.

წარმოვიდგინოთ, რომ მომავალ პარლამენტში გახარიას პარტიამ 10% მიიღო. იქნება კი ის ბიძინას მონა? სავარაუდოდ, არა. თუ ის მოახერხებს სერიოზული შედეგის მიღებას დამოუკიდებლად, ამბიციებიც შესაბამისი გაუჩნდება.
ერთია პოლიტიკოსი, რომელიც ვიღაცამ თავისი სურვილით სცენაზე გამოიყვანა და სულ სხვაა პოლიტიკოსი, რომელმაც თავისით 10%-ის მიღება მოახერხა. ის ყველა შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

შეფასებაც აქედან უნდა გავაკეთოთ _ იმ ფონზე, რომ ოპოზიციას ვითარების ფუნდამენტური შეცვლისთვის ძალები არ ჰყოფნის, გახარიას პარტია, თუ ის „ქოცებს“ 5-10%-ს წაართმევს, უკვე კარგი იქნება.

შესაძლოა, „ოცნებას“ მასთან კოალიციაში შესვლა მოუწიოს, რაც ასევე პოზიტიურია _ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც „ქოცთა“ ძალაუფლების მონოპოლიას დაასრულებს, უკვე დადებითი მოვლენაა.

კარგი იქნებოდა, რომ ეს ოპოზიციის ძალებით გაკეთებულიყო, თუმცა სულ არაფერს ისევ გახარია სჯობს. ნებისმიერი ცვლილება, სიახლე და ჩამყაყებული ჭაობის ამოძრავება, მმართველი ძალისთვის ნებისმიერი გალაწუნება, შესაძლოა, სამომავლოდ სასარგებლო აღმოჩნდეს.

თანაც გახარიასთვის ძალაუფლების შეზიარება შესაძლოა „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი იყოს _ ფაქტია, რომ ბიძინას წასვლა არ იქნება ერთჯერადი მოვლენა _ ჩვენ გვექნება საქმე ხანგრძლივ, ევოლუციურ პროცესთან და ივანიშვილი ძალაუფლებას თანდათან დატოვებს.

თანაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩვენთან ხელისუფლების შეცვლის ყველაზე დიდი შანსი არა გარე ოპოზიციას, არამედ ხელისუფლების წიაღში დაბადებულ პარტიას აქვს.

თენგიზ აბლოთია