ირმა ნადირაშვილი: „საქართველო ჩრდილოეთ კორეად ვერ გადაკეთდება!“
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, რის დათმობას აპირებს მმართველი გუნდი? ახლა მთავარი კითხვაა, დათანხმდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს?
დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მეტიც: ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ადანაშაულებს დესტრუქციულ ქმედებებში და საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლისკენ მოუწოდებს, მაშინ როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა შემაჯამებელი ოქმი და ამით ოპოზიური პარტიის ლიდერებს აღარ ეძლევათ საშუალება, მოისმინონ სასამართლოს გადაწყვეტილება მათ მიერ შეტანილ არაერთ სარჩელთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაც არც კი განიხილეს.
როგორ აპირებს ოპოზიცია ხელისუფლების დათანხმებას ხელახალ არჩევნებზე? უქმნის თუ არა საფრთხეს მიშას ფაქტორი ოპოზიციურ ერთობას? რას მოუტანს ოპოზიციას ხანგრძლივი ქუჩის პროტესტი?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ წევრ ირმა ნადირაშვილს ესაუბრა:
_ ქალბატონო ირმა, პირდაპირ გკითხავთ, არჩევნების დღეს რატომ ვერ მოახერხეთ ოპოზიციურმა სპექტრმა ხმების დაცვა?
_ ნამდვილად იყო ხმების დაცვის პრობლემა, რადგან ძალიან ბევრ უბანში აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“ ნული ხმა ჰქონდა მიღებული. შესაძლოა, იფიქრო, რომ რა მოხდა, თუ არსებობს უბანი, რატომღაც, ამოვარდნილი, სადაც არ ცხოვრობს „ევროპული საქართველოს“ არც ერთი მხარდამჭერი. მაგრამ ასე ფიქრი ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ზუსტად ამ უბნებში სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული ხმები, ანუ ყველას გასწვრივ ეწერა ნული. საქართველოში ასეთი ადგილი, სადაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამომრჩეველი, ალბათ, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო ხმების დაცვის პრობლემა. ზოგიერთი უბანი პირდაპირ იყიდა „ქართულმა ოცნებამ“. მოგეხსენებათ, რომ უბანზე ერთი წევრის ყიდვას აზრი არ აქვს, მთლიანი უბანი უნდა იყიდო, ასეთი უბნები კი ნამდვილად იყო. როგორც ჩანს, მთელ ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა ხმების დაცვის პრობლემა და ასევე ადამიანების შერჩევის, რომლებიც ბოლომდე პრინციპულად დაიცავდნენ ამომრჩევლის ხმას და შეინარჩუნებდნენ პოზიციას. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ არის სწორი, რომელიმე ძალას მიეყიდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ვითარებაში უწევდათ ამ კომისიის წევრებს მუშაობა, როცა გარეთ იდგნენ „ქუჩის ბიჭები“, როცა პოლიცია ქუჩასთან და კრიმინალებთან ერთად ატარებდა არჩევნებს, როცა სუს-ი კარზე უკაკუნებდა, _ ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებმა ვერ გაუძლეს ზეწოლას. არ გამოვრიცხავ, რომ იყო შემთხვევები, სადაც შესაძლოა, კომისიის წევრებმა ფულიც აიღეს, თუმცა ამის დამტკიცება არ შემიძლია. იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდებოდა უბნების გარეთ, როცა პირდაპირ კონვერტებით ხვდებოდნენ ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეც იყო და კომისიის წევრებმა ფული აიღეს. მით უმეტეს, ჩვენ წინა დღეებში გვქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ სუსმა კომისიის წევრების ამოღება დაიწყო სპეციალური სიიდან. ეს სია მხოლოდ საოლქო კომისიის წევრებისთვის არის ღია. სიები მოხვდა სუსის ხელში და მათ, უბრალოდ, კომისიის წევრების ოჯახებში ჩამოიარეს.
_ ოპოზიციურმა სპექტრმა სათანადოდ ვერ გათვალეთ სავარაუდო რისკები?
_ ძალიან ბევრი უბანია, შესაბამისად, კომისიები ყველგან არ გაყიდულა. მე ვამბობ, რომ იყო უბნები, სადაც ნული ხმა გვქონდა. ცხადია, ამ უბნებში ვერ მოხერხდა ჩვენი ხმების დაცვა. რა თქმა უნდა, იყო უბნები, სადაც წივილ-კივილი იყო ხმების, დაცვას ცდილობდნენ, ეს ყველამ ვნახეთ ტელევიზიების საშუალებით. ამავდროულად, სუსტი წერტილებიც იყო. ამიტომაც მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა და არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევა კომისიის წევრი.
_ ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღესვე ქუჩის პროტესტს მიმართეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ნაჩქარევი სვლა იყო? ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არასწორი ნაბიჯი გადადგა და ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანით რეალურ შედეგს ვერ მიიღებთ, რადგან ჯერ სამართლებრივად უნდა გებრძოლათ.
_ ჩვენ ერთი დღითაც კი არ შეგვიწყვეტია სამართლებრივად ბრძოლა. ყველგან დავწერეთ საჩივრები, მივედით ყველა საოლქო კომისიაში და თქვენ თავად ნახეთ, რომ განუხილველად ტოვებდნენ ამ საჩივრებს. ის, რაც ფინალურ დღეს მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაშინ, როცა თითქოს ცალი ხელით მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა ხელისუფლება და ბიულეტენების გადათვლას გვთავაზობდა, ის, რაც თამარ ჟვანიამ ჩაიდინა, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი გზა როგორ დარჩა, არ ვიცი. ამის მიუხედავად, ჩვენ წავედით სასამართლოში და კვირას ერთ-ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა „ევროპული საქართველოს“ საჩივართან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს სასამართლო ჯიბეში უდევს, ჩვენ ეს გზა მაინც გავიარეთ, მაგრამ თავად ნახეთ, ერთმანეთის მიყოლებით ეს სამართლებრივი კარი როგორ იხურებოდა. ამიტომ როცა ვამბობ, რომ ქუჩაში პროტესტი არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს პარლამენტში, პოლიტიკოსების ადგილი, რა თქმა უნდა, არის კიდევაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მაგრამ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ დაჯდება პარლამენტში უმრავლესობით, უმცირესობით, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლის მისაღები საკითხი არ არის, რომ ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, მისი გადასაწყვეტი, რომ იყოს მუდმივად ხელისუფლებაში. როდესაც არჩევნებს გვიუქმებენ, თუ რომელიმე ექსპერტი გვეტყვის, რა გზა რჩება, გარდა ქუჩის პროტესტისა, რა თქმა უნდა, თუ არსებობს ისეთი რეცეპტი, რომ არ დაზარალდეს არც ოპოზიცია და არც სახელმწიფო, ასეთ რჩევებს მივიღებთ, მაგრამ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გვესმის, რომ ოპოზიციის ქუჩის პროტესტი ნაჩქარევი იყო. არჩევნები აღარ არის და პარლამენტში როგორ უნდა ვიყოთ? საერთოდ ინსტიტუტები გააუქმა ივანიშვილმა და სად არის პოლიტიკოსების ადგილი ასეთ შემთხვევაში?!
_ ქუჩის პროტესტის პარალელურად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ოპოზიცია ითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რაზედაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მოთხოვნის შესრულება არც კი განიხილება. როგორ აპირებთ, ხელისუფლება დათმობაზე დაიყოლიოთ, მით უმეტეს რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნებს სჭირდება შესაბამისი საფუძველიც, რომელთაგან დღესდღეობით ვერც ერთს ვხედავთ? აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ხელისუფლება ძლივს მოპოვებულ ძალაუფლებას ასე მარტივად არ დათმობს.
_ ასევე არ აპირებდა ბიძინა ივანიშვილი პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის შემოღებას. იმ პერიოდში, როცა ივანიშვილმა მთელი საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი გადააგდო, ხელისუფლების წარმოამდგენლების განცხადებები მოწმობდა, რომ არანაირ უკან დახევას „ქართული ოცნება“ არ აპირებდა. ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ, მაგრამ შემდეგ საზოგადოებრივი აზრი იმდენად კრიტიკული იყო ივანიშვილის ამ გადაგდების გამო, ასევე იმდენად კრიტიკულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, პირობის გატეხის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ივანიშვილი და მისი კობახიძეები იძულებულები გახდნენ, ამ დათმობაზე წამოსულიყვნენ. ამიტომ ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას, არაფერს ნიშნავს. ეს დამოკიდებული იქნება მძაფრ საპროტესტო გამოსვლებზე ქუჩაში და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ადამიანების რაოდენობას. ხალხი შეიძლება იყოს ხან ცოტა, ხან _ ბევრი, ხან შეიძლება ისეთი მოულოდნელი პროტესტის ტალღა აგორდეს, როგორიც, მაგალითად, „გავრილოვის ღამეს“ იყო, როცა ივანიშვილი საერთოდ არ ელოდებოდა ასეთ მასშტაბურ საპროტესტო ტალღას. ამაზე იქნება მხოლოდ დამოკიდებული, როგორ შეინარჩუნებს ივანიშვილი ხელისუფლებას. დიახ, ახლა, როცა 48% დაიწერეს, 50-ის ზემოთ უნდოდათ, მაგრამ, ეტყობა, შერცხვათ და საბოლოოდ, 48% დაიწერეს. ფიქრობენ, რომ კიდევ 4 წელი იქნებიან, კიდევ დანიშნავენ ნათესავებს სამსახურში, კიდევ მოიპარავენ ფულს ბიუჯეტიდან და რატომ უნდა დავთმოთო? მაგრამ ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი, როცა 52% მიიღო ოპოზიციამ, ივანიშვილი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ოპოზიცია ბოიკოტს ვაცხადებთ და პარლამენტში შესვლაზე უარს ვამბობთ. მათ კომუნისტური პარტიის მსგავსი პარლამენტი ექნებათ, ზუსტად ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო უმაღლესი საბჭო. ამ პარლამენტში იქნებიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც შეიძლება, სახეზეც ვერ გავარჩიოთ. ისედაც არ განირჩევიან ერთმანეთისგან, რადგან არც ერთს აქვს რამე ფუნქცია. მათ არაფერი ევალებათ გარდა იმისა, რომ რასაც ბიძინა ეტყვის, ის გაიმეორონ. ზოგი ამას ცუდად ახერხებს, ზოგიც _ ძალიან ცუდად. ამ კუთხით ნამდვილად ჩემპიონები არიან კობახიძე და წულუკიანი, ამას ვერ დავუკარგავ. დარწმნუნებული ვარ, ამ პარლამენტში ჟურნალისტებიც აღარ მიხვალთ, უბრალოდ, საქმე არ გექნებათ იქ.
_ ქალბატონო ირმა, თქვენ ახსენეთ საინტერესო მომენტი, რომ აქციებზე ადამიანების რაოდენობა ხან მეტი იქნება, ხანაც _ ნაკლები ან საერთოდ შესაძლებელია მასშტაბური საპროტესტო მუხტი აგორდეს. ამ ნაწილში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ კობახიძეს „გადამალავდა“, აქციის პირველ დღეებში ის ირონიულად ითვლიდა აქციის მონაწილეების თავებს. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ თავების დათვლით საკუთარი თავების გამხნევებას ცდილობენ და საკუთარ მომხრეებს აგულიანებენ. გარეთ სულ რომ 200 ადამიანი იდგეს, მაინც უნდა იკითხო, რა აწუხებთ ამ ადამიანებს. ქვეყანაში დუღილის ტემპერატურა ქუჩაში მდგომი ადამიანების რაოდენობით არ განისაზღვრება. უბრალოდ, ივანიშვილს არ ესმის, რომ როდესაც ადამიანებს არჩევანის უფლებას, ხმისა და მომავლის განსაზღვრის თავისუფლებას წაარმთევ, აუცილებლად გაგებინებს ხალხი ამისთვის პასუხს. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ბრძოლა, მაგრამ რასაც ვამჩნევ, ოპოზიცია ამ ბრძოლისთვის მზად არის. ოპოზიციაში ყველას ესმის, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
_ თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ოპოზიცია ხანგრძლივი და რთული ბრძოლისთვის მზად არის, მაგრამ ბოლო დღეებში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება ვნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირდაპირ ეთერში, რაც მიხეილ სააკაშვილის თემამ გამოიწვია. აქციის მონაწილეებს შაბათს ჰქონდათ ბანერი: „მიშა, ჩამოდი“, რამაც გაღიზიანება გამოიწვია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებში. აქედან გამომდინარე, მიშა სააკაშვილის ფაქტორი შეუქმნის თუ არა საფრთხეს ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებას? კვირას ბათუმში გამართული აქცია „ლელოსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრებმა მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ აქციაზე ადამიანები სწორედ, „მიშა, ჩამოდის“ ამ ბანერით იყვნენ მისულები.
_ ამან უკვე გამოიწვია ურთიერთდაპირისპირება, ეს არის ფაქტი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ეს არ არის არც ჩემი, არც ბოკერიას და არც მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტი, ეს არის პირადად სააკაშვილის გადასაწყვეტი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ის დევნილია, ამ საკითხზე ძალიან მყარი პოზიცია მაქვს, რომ ეს არის უსამართლობა. მას უნდა შეეძლოს აქ ყოფნა და პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღება. ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. სწორედ ამის გამო არ არის საქართველოში. მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი ჩამოსვლა ან არჩამოსვლა ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. ეს არ უნდა იყოს კამათის საგანი. საერთოდ, ის საკითხები, რაზედაც ოპოზიცია ვერ ვთანხმდებით, სჯობს, ახლა არ გამოვიტანოთ წინა პლანზე. მიუხედავად ამ არასასიამოვნო კამათისა, ვფიქრობ, მიზანი ყველას ესმის: არჩევნები გაყალბდა, ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშ დგას და ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო ან ჩრდილოეთ კორეის პარლამენტის მსგავსი ჩვენი პარლამენტი. ცხელი თავების მიუხედავად, ყველას ეყოფა გონიერება, მთავარი მიზანი არ დავაზიანოთ, _ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება.
_ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტული შედეგით დასრულდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება?
_ მე შემიძლია ჩემი რწმენის შესახებ გითხრათ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი უკან ვერ მობრუნდება და საქართველო ჩრდილოეთ კორეად ვერ გადაკეთდება. როდესაც ადამიანებს ართმევენ მთავარ უფლებას, რომ შეცვალოს საკუთარი და შვილების მომავალი, ამას საქართველოში არასდროს ეგუებოდნენ. ამიტომ არ ვიცი, დროში რამდენად ხანგრძლივი საკითხი იქნება, მაგრამ აუცილებლად გადაწყდება იმით, რომ ადამიანები საკუთარ ხმებს დაიბრუნებენ.
ნენე ინჯგია