ირაკლი ფავლენიშვილი: „უხეირო დიქტატურა საქართველოში არ და ვერ გავა“
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნება“ ავტოკრატიას გვპირდება _ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციის გასამართლებასა და აკრძალვას, სამოქალაქო სექტორის მოხრჩობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას, ამასთან, დასავლეთს უპირისპირდება და იზოლაციაში გვაქცევს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს, ოღონდ ღირსებით. მსგავსი საარჩევნო დაპირება საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, განსაკუთრებით, გარეშე თვალისთვის, _ რატომ უნდა მოუნდეს პოლიტიკურ პარტიას, მით უფრო მმართველ ძალას, გასცეს ასეთი დაპირება და იმედი ჰქონდეს, რომ ეს დაპირება იმუშავებს?
„ქართული ოცნების“ უცნაური საარჩევნო დაპირებების, მოსალოდნელი არჩევნებისა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი:
_ „ქართული ოცნება“ იმდენად შესულია უკვე ავტორიტარიზმის სპირალში, რომ შეუძლებელია ივანიშვილი და მისი ბანდა საუბრობდნენ პოზიტიური დღის წესრიგით, არც არასდროს უსაუბრიათ. 2012 წელს იყო რამდენიმე არარეალური დაპირება უფასო ფულთან და განახევრებულ ტარიფებთან დაკავშირებით, თუმცა იმის შემდეგ, რაც მათ ისტორიულად უპრეცედენტოდ გააღარიბეს ქართველი ხალხი, გააქციეს ემიგრაციაში, გახლიჩეს ოჯახები, დააყაჩაღეს პენსიონერები, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეკონომიკურ დაპირებებს უკვე აზრიც დაეკარგა, ამიტომაც ეს ადამიანები უკვე მთლიანად გადასული არიან კონსპირაციულ თეორიებსა და ავტორიტარულ უბადრუკ გამართლებაზე, მათ შორის, „უხეირო დიქტატორსაც“ იმიტომ უწოდებენ ივანიშვილს საერთაშორისო დონეზე, რომ ეს ადამიანი დიქტატორისა და ავტოკრატიული მმართველისთვისაც კი უპრეცედენტოდ უხეირო რამეს აკეთებს, ანუ აანონსებს იმ ნაბიჯებს, რომელიც ოფიციალურად ემსახურება დიქტატურის დამყარებას, კერძოდ ყველა ოპოზიციური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის გაუქმებას, თუმცა უხეირო დიქტატურა საქართველოში არ და ვერ გავა.
_ როგორ ფიქრობთ, რა წარმოდგენისაა ივანიშვილი ხალხზე, საზოგადოებაზე, როდესაც იმედოვნებს, ასეთი დაპირების შემდეგ მას ხმას მისცემენ?
_ ბიძინა ივანიშვილი, მისივე ენით რომ ვთქვათ, როგორც „არიფებს“, ასე უწოდებს ქართველ ადამიანებს, ამიტომ მისი დაპირებები, მისი ქმედებები მთლიანად გათვლილია იმაზე, რომ ქართული საზოგადოება არ არის პოლიტიკურად მომწიფებული და შეუძლია ნებისმიერი ინსტრუქციით, დაბალი ხარისხის პროპაგანდისტული ხერხით მართოს და საზოგადპოების მანიპულაცია მოახდინოს. მან არ იცის სინამდვილეში, რომ ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში. ეს ისტორიულად ასეა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოწინავეები ჩვენი პოლიტიკური, კულტურული განვითარების დონით, მათ შორის, ბოლო ათწლეულების მანძილზეც. თუ სადმე დაიწყო დემოკრატიზაციისა და თავისუფლების დიდი ტალღა, ეს იყო საქართველო, 1989 წლის 9 აპრილი იყო, „ვარდების რევოლუცია“ თუ სხვა მონაკვეთები ჩვენი ისტორიისა.
_ მათი დაპირებაა, რომ აკრძალავენ „ნაციონალური მოძრაობას“, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც უწოდებენ მთელ ოპოზიციას და აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპაშიც არსებობს და ასახელებენ კონკრეტულ რიცხვებს, თუ რა რაოდენობის პარტია არის აკრძალული, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში და თავისუფალ საზოგადოებებში არ არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, უნდა იკრძალებოდეს თუ არა პოლიტიკური პარტიები და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თუ არა სიტყვის თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ქონის უფლება. ეს ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ ასეულ ათასობით ადამიანს არ უნდა გააჩნდეს უფლება, ჰქონდეს პოლიტიკური ორგანიზაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიცით, რა მასშტაბის მხარდაჭერაც აქვს. ყველა არჩევნებზე თუ ყველა სოციოლოგიურ კვლევაში ეს ჩანს. ამდენად, ამ დისკუსიებში შესვლა უკვე სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ნორმების სისწორეში ეჭვის შეტანა გახლავთ, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ. „უხეირო დიქტატურის“ დამყარების მცდელობა ამიტომაა, რადგან ქართული საზოგადოება თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის პლურალისტური და ვფიქრობ, ეს იდეები მიუღებელია თითოეული ქართველისთვის, მათ შორის, „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც. მათი რიცხვი ისედაც შემცირებულია და ჩვენ ვამბობთ, რომ 20%-ის ფარგლებშია. როდესაც საუბრობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ან ასეთ რამეზე, ეს არის, უბრალოდ, ფანტასმაგორიის ჟანრიდან, რადგან ამ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერაც არ გააჩნია. როცა საუბრობს ის ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში გადასადგმელ ნაბიჯებზე, საერთოდ ირეალურ სფეროში გადაჰყავს პოლიტიკური პროცესი.
_ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ ეკლესიის როლის გასაძლიერებლად, ლგბტქ+ პროპაგანდის ასაკრძალად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რას იტყვით ამ საკითხების შესახებ?
_ ბიძინა ივანიშვილს არ სწამს სულის უკვდავების, ის ანგრევს გელათს, ებრძვის ეკლესიას, ამიტომ მისი მხრიდან ეკლესიაზე საუბარი არის ფარისევლობა. სინამდვილეში, მას მხოლოდ ავი განზრახვები აქვს ქართული ეკლესიის მიმართ. ასევე არ არის მენტალურად და კულტურული იდენტობით ქართველი, ის არის რუსი, ამიტომაც მისი მხრიდან საუბარი ქართულ ეროვნულ იდენტობასა და ეროვნულ ღირსებაზე არის არაადეკვატური. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს შეუძლებელია ჰქონდეს საუბარი რაიმე ტიპის უმრავლესობაზე, რადგან მას არ აქვს ქართველი ხალხის შესაბამისი მხარდაჭერა. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემას, ამ საკითხზე თვითონ რუსეთის მხრიდან იყო გაცემული პასუხი და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების უფლებაც კი არ მისცეს, ღიად განაცხადეს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, დისკუსიას ამ თემაზე აზრი არ აქვს. ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა გადის ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის წევრობაზე, შემდეგ უკვე ბევრად მარტივი არჩევანი ექნებათ _ რუსეთის, მომაკვდავი იმპერიის პასპორტი თუ ევროკავშირის? რაც შეეხება ივანიშვილის დაპირებებს, არც ერთი დაპირება, რაც გაუციათ რუსეთის კოლაბორაციონისტებს, არც ერთ ქვეყანაში არ ასრულებულა. რუსეთი თავის ყმებს არასოდეს აჯილდოებს არანაირი ბენეფიტით, ეს არის რუსეთის ბუნება.
_ თქვენ ხვდებით ხალხს, რას გეუბნებიან ისინი, რა ითხოვენ პოლიტიკოსებისგან?
_ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სანთლით არის საძებნელი „ქოცი“ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ დავდივართ საჯარო თავშეყრის ადგილებში, ქალაქის ცენტრებში, ბაზრობებზე, სოფლებში, თავშეყრის ადგილებში და ქოცი არ შეგვხვედრია. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ უდიდესი ელექტორალური პრობლემა, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, რომ ხელისუფლებაში დარჩენაზე იფიქრონ. ხალხს სურს ევროპა და კეთილდღეობა და არ სურთ სიღარიბე და იზოლაცია.
_ რამდენად გაცნობიერებული აქვთ, რომ ევროპა მხოლოდ სავსე მაცივარი არ არის და ეს ღირებულებები, დემოკრატიული ფასეულობებია, რამდენად არის ამ შეხვედრებზე ამაზეც საუბარი?
_ ქართველ ხალხს ორივე მიმართულებით აქვს არჩევანი გაკეთებული კარგა ხანია. ჩვენი საზოგადოება არის მოსურნე იმისა, რომ იყოს დემოკრატიული წყობილება ჩვენს ქვეყანაში. ქართველ ხალხს, ისტორიულად არ უყვარს მონობაში ყოფნა. ჩვენ 1918-21 წლებში შევქმენით რესპუბლიკა, რომელიც იყო მოწინავე თავისი კონსტიტუციით, დემოკრატიული განვითარების დონით მთელი ევროპის მასშტაბით. მანამდეც, შუა საუკუნეებში, ქართულ სახელმწიფოში მიმდინარეობდა ისეთი დემოკრატიული პროცესები, რომელსაც ყველაზე პროგრესულ ქვეყნებშიც კი იშვიათად ნახავთ. ჩვენ მოწოდებით ვართ თავისუფალი საზოგადოების წევრები. ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი სოციალურ-კულტურული ტიპით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად არჩევანი არის ძალიან მარტივი. ეს ჩანს ყველაფერში და ეს გამოჩნდება არჩევნებშიც.
_ როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა, ოპოზიიცის მცირე ნაწილი შიშობდა, რომ სტატუსის მინიჭება „ოცნებაზე“ დადებითად არ იმოქმედებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შიში ერთგვარად გამართლდა და ამ პროცესის ჩაშლის მცდელობით „ოცნება“ კიდევ უფრო რადიკალურ ზომებზე წავიდა?
_ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც თავისთავად გულისხმობს ქვეყანაში სიტუაციის დამძიმების შეუქცევადობას, სიტუაცია გახდეს უფრო რეპრესიული და ძალადობრივი. რატომ? როდესაც ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობ, რაც დრო გადის, მით მეტ დანაშაულს სჩადიხარ, მით მეტი თავისუფლების კუნძულის განადგურება გაქვს მიზნად დასახული. ასე რომ, ნებისმიერი სხვა გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ეს პროცესი იქნებოდა დამძიმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უკვე ძალიან რეალური გახდა სტატუსი და მოუწია ყველა ე. წ. ნაცრისფერი ზონის ქვეყნებს არჩევანის გაკეთება _ სიღარიბე, იზოლაცია თუ კეთილდღეობა და ევროპა. ესეც, რა თქმა, უნდა არის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი ამ პროცესისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა უფრო რეპრესიული და ძალადობრივი გახდა.
_ რას იტყვით წინასაარჩევნო გარემოს შესახებ და გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს პროცესები ძალადობრივი მოვლენების ფონზე ჩაივლის?
_ ივანიშვილი, რა თქმა უნდა, კარგად ხვდება იმას, რომ მხარდაჭერა არ აქვს, ის შიშველ ძალაზე აკეთებს აქცენტს, ამიტომაც დევნის, სცემს ოპონენტებს, ამიტომაც დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რამდენიმე დღის წინ. თუმცა ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ჭორვილელი უხეირო დიქტატორის ვერანაირი ძალადობრივი აქციები ვერ შეაჩერებს ხალხის სწრაფვას სამართლებრივი სახელმწიფოს, ერთიანი და ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის. ივანიშვილის ყველა ეს ფანდი და მეთოდი აუცილებლად დამარცხდება 26 ოქტომბერს ერთიანობით.
_ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს და ის ემზადება არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის, რისთვისაც სჭირდებათ მათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის მათი ჭანჭიკი და მარიონეტი. რას იტყვით ამის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, კობახიძისა და, ზოგადად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები არის არაადეკვატური. ერთადერთი, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გვთავაზობს და აპირებს არჩევნების მიტაცებას, არის ივანიშვილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და ჩვენ ვაპირებთ კი არა, აუცილებლად ვიმარჯვებთ ერთიანობით 26 ოქტომბერს და ვერანაირი პროპაგანდისტული ნიაღვარი ამას ვერ შეაჩერებს.