იმერეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები და მათში აღმოჩენილი დარღვევები
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად პირი, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარციების მონიტორინგს პერიოდულად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ატარებს. მონიტორინგის მიზანი ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, პირთა უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტების პრევენცია, ასევე თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ამაღლებაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამჯერად თბილისს მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების სამასზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
მონიტორინგის შედეგად 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის დეკლარაციის არასრულად შევსების, კომპანიებში კუთვნილი წვლილის სხვა პირთათვის მინდობით გაუცემლობის, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტები. ხუთ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.
ამ სტატიაში იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ სხვადასხვა დარღვევას გაგაცნობთ.
იმერეთი 11 მუნიციპალიტეტისა და ერთი თვითმმართველი ქალაქისგან შედგება. მხარის მუნციპალიტეტების 60-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 10-ში გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გაუცემლობის 6 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ორი შემთხვევა.
დარღვევა გამოვლინდა ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავას დეკლარაციაში. უგულავას 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ იგი შპს „იუკოს“ წილის 50%-ის მესაკუთრეა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.
იუზა უგულავა საჯარო სამსახურში მოსვლამდე ბიზნეს-საქმიანობით იყო დაკავებული. იგი ქუთაისის ყოფილი მერის, ნუგზარ შამუგიას ბიზნესპარტნიორი გახლდათ.
2015 წლიდან უგულავა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინირების სამსახურში მუშაობდა, საიდანაც 2016 წელს 16 800 ლარი მიიღო. 2016-2017 წლებში იგი ხონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევების მიხედვით დარღვევა აღმოჩნდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას დეკლარაციაში. ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას“ 50%-ის, შპს „გიოს“ 40%-ის, შპს „ნიკოილი 9-ის“ 100%-ის და შპს „ფრეშ ფუდის“ 55%-ის მესაკუთრეა, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გაცემული.
ნიკოლოზ ლატარიამ 2014 წელს 1306 ლარი შესწირა პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნიკოლოზ ლატარიას ქონებრივი დეკლარაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ქუთაისის საკრებულოს თანამშრომელმა თეონა მელქაძემ გამოაქვეყნა. პოსტში ვკითხულობთ, რომ ლატარიას 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზემოთ აღნიშნული კომპანიების წილები მინდობით აქვს გაცემული ხატია სირბილაძეზე.
ზურაბ მაისურაძე წყალტუბოს მერის პირველი მოადგილეა. 2019 წლის იანვარში მას დეკლარირებული აქვს, რომ შპს „დიაპლასტის“ 50%-იანი წილის მესაკუთრეა. ისევე როგორც იმერეთის ზემოხსენებულ საჯარო მოხელეებს, მასაც აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მინდობით არ აქვს გადაცემული.
დარღვევა აღმოჩნდა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძის დეკლარაციაშიც. 2019 წლის იანვარში მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ვნახულობთ, რომ იგი შპს „იმერეთი 2017-ის“ წილის 100%-იანი მესაკუთრეა. 2018 წელს ფანჩულიძემ საკუთარ დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა, რომ იგი აღნიშნული კომპანიის წილის მფლობელი იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6000 ლარი შესწირა.
ხონის მერი საჯარო სამსახურში მუშაობას სამი კომპანიის ხელმძღვანელობას უთავსებს _ ლადო ჯურხაძე შპს „გლობალ ენერჯი სოლუშენსის“, შპს „ბატონი ტრეველიძისა“ და შპს „მახაუტოს“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ჯურხაძე ასევე შპს „ენერგეტიკს ავტომატიზაციის ქართული კომპანიის“ წილის 5%-ს ფლობს. კანონგარეშეა ის გარემოება, რომ ხონის მერი საკუთარი წილების მართვის უფლებას სხვა პირს დღემდე არ გადასცემს და საჯარო სამსახურში მუშაობას კერძო კომპანიების ხელმძღვანელობასთან ერთად აგრძელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის ოჯახმა 2018 წელს, შემოსავლის სახით, 56 348 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან 33 093,67 ლარი ლადო ჯურხაძის წლის მანძილზე მიღებული ხელფასია, ხოლო დანარჩენი, 23 255 ლარი, ხონის მერის მეუღლის, _ წლის მანძილზე, ორი სამსახურიდან მიღებული ხელფასი.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლე ლიანა ლაბარტყავაა, რომელიც ერთდროულად მუშაობს სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ რეგიონულ მენეჯერად და შპს „175/2 ფაზისში“ საქმეთამწარმოებლის პოზიციაზე.
ლადო ჯურხაძის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ხონის მერის ოჯახის მფლობელობაში არსებული ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება.
კიდევ ერთი მერი, ვის დეკლარაციაშიც დარღვევა აღმოჩნდა, გივი მოდებაძეა. მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. მის დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ ნინო ბუთხუზი, მისი მეუღლე, შპს „ოკეანე+-ის“ წილის მფლობელია.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მოხვდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც. ზესტაფონის მერის მოადგილე დავით მაღრაძის მიერ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში საერთოდ არ არის აღნიშნული, რომ იგი შპს „ჯი ემ დის“ წილის 50%-ისა და შპს „დი პი იმპექსის“ 50%-ის წილის მფლობელი და დირექტორია.
ერთადერთი ქალი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში მოხვდა, რუსუდან გიორგაძეა. გიორგაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მას არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე, შპს „დ გრუპის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.
ფირუზ ბურჯანაძე ბაღდათის მერის მოადგილეა. მას 2019 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს, რომ „ჯორჯიან სენდ კომპანის“ 50%-ის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული. ფირუზ ბურჯანაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ფლობს შპს „ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის“ 15%-ს, მას არც ეს წილი აქვს სხვა პირზე მინდობით გადაცემული.
შორენა ლაღაძე