ივანე აფციაური: „სახელმწიფომ გამწირა, გაჩუმებას არ ვაპირებ!“



„იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ 2020 წლის პირველ აპრილს, ფაქტობრივად, მორალურად გამანადგურა და ასევე დაარღვია ჩემი პერსონალური მონაცემები, რაც დაადასტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც“, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-სთან იუსტიციის სახლის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე აფციაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის პანდემიის პერიოდში სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ახლა ივანე აფციაური საკუთარი უფლებების აღსადგენად იბრძვის. როგორც ის აცხადებს, მას სურს დაამტკიცოს, რომ უბრალო ხალხსაც აქვს მუშაობისა და სიცოცხლის უფლება.

რის საფუძველზე გაათავისუფლა იუსტიციის სახლმა თანამშრომელი და რა ეტაპზეა საქმის სამართლებრივი მხარე?
„ქრონიკა+“ ივანე აფციაურს ესაუბრა:

_ რა თანამდებობაზე მუშაობდით? როდის გაგათავისუფლეს და რა მოტივით?
_ მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტოს პროექტია საზოგადოებრივი ცენტრები. 2017 წელს საქართველოში 50 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. 2018 წლის 26 ნოემბერს კონკურსის წესით დავინიშნე ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე, გავიარე ერთთვიანი სტაჟირება იუსტიციის სახლში. საკმაოდ რთული და ასევე ძალიან ნაყოფიერი დღეები იყო, რადგან ერთდროულად უნდა მესწავლა ძალიან ბევრი პროგრამა: საჯარო, სამოქალაქო და სხვა მიმართულებები, ასევე გავიარე ერთკვირიანი ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში და უკვე მზად ვიყავი ჩემი საქმის შესასრულებლად. გამოგიტყდებით და გეტყვით, პირველი სამი თვე ურთულესი იყო, მაგრამ შემდეგ იმდენი ვისწავლე, ისე გავერკვიე ჩემს საქმეში, რომ წელიწად-ნახევარში საკმაოდ ძლიერ კადრად ჩამოვყალიბდი. რაც შეეხება განთავისუფლებას, 2020 წლის მარტიდან კარგად გვახსოვს, ქვეყანაში რთული მდგომარეობა დაიწყო ვირუსის გავრცელების მიზეზით, ჩვენც მარტში სულ ვმუშაობდით და არ დავკეტილვართ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო გზა, რუსეთის საზღვარი აქვეა და ტურისტებიც დადიოდნენ, საფრთხე დიდი იყო, _ აქტიურად და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდით. უკვე მარტის ბოლოს გამოცხადდა, რომ ყველა იუსტიციის სახლი და მისი ფილიალი იკეტებოდა. ჩვენც დავკეტეთ ცენტრი და მოგვიწოდეს, სახლში ვყოფილიყავით და შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე… მაგრამ ზუსტად სამ დღეში, პირველ აპრილს, ტელეფონზე შემოდის ზარი და მეუბნებიან, რომ ჩემთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და განთავისუფლებული ვარ. ვერ აღგიწერთ, ეს რა გრძნობა იყო! დღემდე მაქვს ემოცია და იგი არასდროს დამავიწყდება. თავიდან ვერ მივხვდი, ვერ დავიჯერე, წარმოუდგენელიც კი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს ვუყვარდი, მეც მიყვარდა ისინი და ჩემი საქმე. არ ვიცი, უბრალოდ, ერთს გეტყვით, ჩემი მეორე ოჯახივით იყო სამსახური, მთელ ცოდნასა და ენერგიას ვდებდი ამ საქმეში და თან პანდემიის დროს ასეთ რამეს მტერიც არ გაუკეთებს ადამიანს. დიახ, გაგვწირეს! დიახ, გაგვიმეტეს და ყოველგვარი კომპენსაციის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოგვისროლეს გარეთ! იცით, ეს რამხელა დამცირება იყო?! მინდა, მკითხველმა კარგად გაიგოს, რა მოხდა, კარგად მიხვდეს, რომ არაფერს ვამატებ. დიახ, ეს ჩემი ცხოვრება იყო და საქმის სიყვარულთან ერთად, მთისა და ჩემი კუთხის სიყვარული ათმაგად მმატებდა ძალას. განთავისუფლების ძირითადი მიზეზი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის შეფასებები გახლდათ, რასაც მუდამ გავაპროტესტებ, რადგან იგი არ შეესაბამება რეალობას.
_ რა კრიტერიუმებითა და როგორი ინტენსივობით გაფასებდნენ? როგორი შეფასება გქონდათ მანამდე?
_ წელიწადში ერთხელ გვაფასებდნენ. თავიდან იდეალური შეფასება მქონდა, _ მაშინ, როდესაც დავიწყე და ვცდილობდი, ყველაფერი კარგად მესწავლა. ერთი წლის შემდეგ გავხდი ოროსანი თანამშრომელი. შეფასება თქვენთვის მომინდვია: როგორ შეიძლება, კონკურსი გავიარო, გავიმარჯვო, ტრენინგები, სტაჟირება ჩამიტარდეს, ვიმუშაო და მივიღო ძალიან ბევრი განცხადება, ძალიან ბევრი წარმატებული საქმე მქონდეს, მყავდეს ძალიან ბევრი კმაყოფილი მოქალაქე; ამასთანავე არ მქონია საჩივარი, მათ შორის, არც ცხელ ხაზზე. მობრძანდით დაბა ფასანაურში, რეგიონში და იკითხეთ, საქმე როგორ კეთდებოდა. მობრძანდეს ჩვენი შემფასებელი ხელმძღვანელობა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და ჰკითხოს ხალხს, გადახედოს გაკეთებულ საქმეებს. ცენტრში ორი თანამშრომელი ვიყავით _ მე და ირინე ბარათაშვილი, იდეალური და თავისი საქმის მცოდნე ადამიანი, რომელიც მთავარ სპეციალისტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ასევე კიდევ გაუშვეს დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერი, ძალიან კარგი და გამოცდილი კადრი თამარ პატენკო. პანდემიის დროს რამდენიმე რეგიონიდან ასევე გაუშვეს ძალიან ძლიერი კადრები.
დავუბრუნდები შეფასების საკითხს: სულ იყო 17 კრიტერიუმი, ეს ეხებოდა სამსახურში დროულად მისვლას, სამუშაოს ხარისხს, თეორიულ ცოდნასა და სხვადასხვა პროგრამის ფლობას. ყველაფერში დამიწერეს ძალიან დაბალი ქულა. ეს გააკეთეს მიზანმიმართულად, რათა სამარცხვინო ქულები განთავისუფლების მიზეზი გამხდარიყო. ეს იყო ძალიან არაკომპეტენტური და ნაჩქარევი შეფასება, თან იმ პერიოდში, როდესაც მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავედით ქვეყანაში შექმნილი პანდემიის გამო. როგორ დაწერეს ჩემი შეფასება, როდესაც არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია?! არ ყოფილა ტესტირება! ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში და გულწრფელი ვარ, მინდა, ყველამ გაიგოს, რაც დამემართა. ეს არის იმედგაცრუებაზე მეტი. იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, პირველ აპრილს მორალურად გამანადგურა. ასევე დაარღვიეს ჩემი პერსონალური მონაცემები, რაც დაადასტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.
_ რას უკავშირებთ დაბალ შეფასებას? რატომ სურდათ სამსახურიდან თქვენი განთავისუფლება?
_ საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლები უნივერსალურები ვართ, 15 პროგრამაში გვიწევს მუშაობა, რაც წარმოუდგენლად დიდი პასუხისმგებლობაა. თამამად გეტყვით, რომ ამ ყველაფერს თავს კარგად ვართმევდი, ჩემი მიზეზით არასდროს არავინ დაზარალებულა, ყოველთვის ბოლომდე მიმყავდა საქმე და ყველას ვეხმარებოდი. როგორც წინა კითხვაში აღვნიშნე, დარღვეული იყო ყველანაირი კანონი და ასევე ადამიანურიც, რაც ელემენტარულად გულისხმობს ორი კვირით ადრე გაფრთხილებას. ასე გაგვწირა ამ სისტემამ. ვინც გინდა მკითხოს, ყველას დეტალურად მოვუყვები, რა მოხდა! რატომ ან რისთვის, ამას ვარკვევ. ვიმეორებ: ეს ქულები იმისთვის დაიწერა, რომ გავეშვით და თავისი ნათესავები ან ახლობლები დაესაქმებინათ, სანდო წყაროებისგან ვიცი, რომ ჩვენს განთავისუფლებაში კონკრეტული პირებიც არიან ჩარეულები. როცა ერთ-ერთ მათგანს ვესაუბრე, თუ რატომ გამათავისუფლეს, როდესაც 100%-ით უდანაშაულო ვარ, მიპასუხა, _ აბა, მტყუანი კაცი გინახავს, ყველა იმას იტყვის, მართალი ვარო. პერსონალურად მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან დაუზუსტებელი ინფორაცია მაქვს. ვიმედოვნებ, აუცილებლად გავარკვევ, ვის და რატომ უნდოდა ჩვენი მოშორება, მაშინ როდესაც საქმე იდეალურად კეთდებოდა. იცით, რამდენი კითხვა დამიგროვდა?! იცით, რა ძნელია მომავლის გაგრძელება მაშინ, როდესაც ცოდნითა და სიყვარულით აშენებულ კედელს დაგინგრევენ?! ამ ქვეყანაში დღემდე მძვინვარებს ნეპოტიზმი, ყველგან პატრონი უნდა გყავდეს, რომელიც ზურგს გაგიმაგრებს. სტრესმა ძალიან ცუდად გამხადა და კლინიკაში ვიწექი მაღალი სიცხეებით. ვინ ამინაზღაურებს მორალურ ზიანს, ამ გაცდენილ თვეებს?! არ მომერიდება ამის თქმა და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი: გამწირეს! გაჩუმებას არ ვაპირებ, თუ არ გამაჩუმეს და სადმე მიპოვეს, მერე არაფერია გამორიცხული.
_ ნეპოტიზმი ახსენეთ. ვისთვის მზადდებოდა ეს ადგილი?
_ არ ვიცი, ხელს ვერავის დავადებ და ტყუილს არ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი საქმე, რომ გავეშვით. მალე ნახავთ, ვის მოიყვანენ _ ნათესავებს. უბრალოდ, ამ ეტაპზე თავი შეიკავეს ჩვენს ადგილზე ვინმეს მოყვანისგან, რადგან ჩვენ არ გავჩუმდით. მთავარი შეკითხვა იცით, რა არის? _ ქვეყანაში კრიზისია? პრობლემაა სამუშაო ადგილები? რატომ გვიშვებენ ადგილობრივ კადრებს და მოჰყავთ გორიდან, რუსთავიდან, ჟინვალიდან? მათ უხდიან ხელფასს, მივლინებასა და სასტუმროს ხარჯებს უნაზღაურებენ. ეს ხდება მაისიდან დღემდე. რატომ ფლანგავს იუსტიციის სახლი ამხელა თანხებს, როდესაც ჩვენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე დავრჩით?! ჩვენ უკან ოჯახებია. 470 ლარი, რასაც ვიღებდით, ესეც არ შეგვარჩინეს და ამდენი თვე ამხელა თანხებს ფლანგავენ.
როგორ მუშაობდა ცენტრი ჩვენს დროს და რა ხდება ახლა? პირველი იანვრიდან, როდესაც ოფიციალურად იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაში გადავედით და ერთწლიანი ხელშეკრულება დაიდო, რატომ არ ჩატარდა ტრენინგი? კოორდინატორიც არ გვყოლია, რადგან ნელ-ნელა ლაგდებოდა სიტუაცია, ივნისში იგეგმებოდა ტესტირება, მანამდე ტრენინგებს ველოდებოდით და დააჩქარეს, მარტის ბოლოს დაიწერა ის სამარცხინო და არაკომპეტენტური შეფასება და პირველ აპრილს გაგვათავისუფლეს.
_ თქვენ გარდა პანდემიის პერიოდში სხვებიც გაათავისუფლეს და ისინი რას უკავშირებენ ასე დრამატულად განვითარებულ მოვლენებს?
_ როგორც უკვე აღვნიშენე, ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრიდან 2 თანამშრომელი გაგვიშვეს _ მე და ირინე ბარათაშვილი, რომელმაც ჩემზე ერთი წლით ადრე დაიწყო მუშაობა და, შესაბამისად, გამოცდილი, თავისი საქმის მცოდნე და ძალიან კარგი მენეჯერი იყო. არ გაითვალისწინეს არც მისი ცოდნა და კომპეტენცია და არც ის, რომ სამი თვის დაბრუნებული იყო დეკრეტული შვებულებიდან და ორი პატარა ბავშვი ჰყავს. იგივე მდგომარეობაშია დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის მენეჯერიც გახლდათ თამარ პატენკო, ისიც ძალიან დიდი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით. რამდენიმე საზოგადოებრივი ცენტრია კიდევ, სადაც ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა პირველ აპრილს თითქოს დაგეგმილად და შერჩევის პრინციპით. ყველას გვაქვს ეჭვი, ვარაუდები, რომელსაც აუცილებლად გავარკვევთ, თუ რა იყო ჩვენი გაშვების მიზანი.
_ მთავარი მოთხოვნა რა გაქვთ?
_ ჩემი მთავარი მოთხოვნებია: ჩემი განთავისუფლების ბრძანება ბათილად ცნონ! შეფასება ბათილად ცნონ! ამინაზღაურონ მორალური ზიანი და გაცდენილი თვეები! მთავარი მიზანია, დავამტკიცო სიმართლე და ერთი ადამიანისთვის მაინც გავხდე მაგალითი, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნა არ არის ბერკეტი, რომ ყველას ვერ მოიშორებ, ყველას ვერ გააჩუმებ, ყველას ვერ დააშინებ! მინდა დავამტკიცო, რომ უბრალო ხალხსაც გვაქვს მუშაობისა და სიცოცხლის უფლება! მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი ცოდნით აშენებულ კედელს დიდი ძალა აქვს! მე ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, შეუძლებელი შევძელი, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და შემდეგ დამემთავრებინა, მაგისტრატურის სტუდენტიც ვარ უკვე და რამდენიმე დღეში დიპლომს დავიცავ. გავიარე უამრავი ტრენინგი, პროექტი, ავიღე სერტიფიკატები და იცით, მთავარი მიზანი რა იყო? _ მიზერული ანაზღაურების მიუხედავად, მთა არ დამეტოვებინა. მთას დავუბრუდი, მიხაროდა ჩემს ხალხთან, ჩემს ოჯახთან ყოფნა, ყოველი დილის გათენება და სამსახურში წასვლა. ჩემთვის ბედნიერება იყო ყოველი გაღიმებული და კმაყოფილი მოქალაქე! და რა გააკეთა ამ სისტემამ?! რა გააკეთა იუსტიციის სახლმა?! დავიჯერო, არავის გაუჩნდა კითხვა?! არავინ დაინტერესდა ამ საქმით?! რა არის მათი მიზანი?! ეს არის იუსტიციის სახლის პრესტიჟი? უბრალოდ, იკითხეთ, ჩვენი მუშაობის დროს რა ხარისხი და მომსახურება იყო და შეადარეთ ახლანდელს.
_ სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ და საქმე რა ეტაპზეა?
_ ძალიან კარგი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ. გვყავს საუკეთესო, პროფესიონალი და გამოცდილი ადვოკატები. სარჩელი შევიტანეთ მცხეთის საქალაქო სასამართლოში. ველოდებით პროცესის ჩანიშვნას. თუ საჭირო იქნება, მთელი რეგიონი მზად არის, ხელი მოაწეროს იმის დასტურად, რომ მოსწონდათ ჩვენი მომსახურება და მუშაობა, რომ უნდათ ჩვენი დაბრუნება და ესეც დაერთვება საქმეს. გასათვალისწინებელია, რომ მოქალაქისგან არც ერთი საჩივარი არ გვქონია. და მთავარი: მაშინ, როდესაც კერძო სტრუქტურებს მოუწოდებენ, რომ პანდემიის დროს კადრები არ გაუშვან, რატომ გაგვწირა იუსტიციის სახლმა საგანგებო მდგომარეობის, პანდემიის პერიოდში?! ბოლოს გეტყვით, რომ ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. სულ ვფიქრობ _ა მათი ქმედება არც კანონთან არის ახლოს და არც გამართლება აქვს. რა იქნება ხვალ?
ვიცი, ბევრი წაიკითხავს ამ სტატიას, ბევრს დააფიქრებს იგი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს შევუშინდეთ უსამართლობას. დიახ, მე სახელმწიფომ გამწირა პანდემიის პერიოდში, პირველ აპრილს, ერთი ხელმოწერით. გაჩუმებას არ ვაპირებ!

ნენე ინჯგია