იაგო ხვიჩია: „ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანი არის საბჭოთა მართლმსაჯულების დაშლა და ახალი ქართული სისტემის აწყობა“
რატომ გადაწყვიტა აჭარის მაჟორიტარობა იაგო ხვიჩიამ? რა გეგმები აქვს აჭარაში მას და რას ჰპირდება იგი ბათუმელებს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ იაგო ხვიჩიას ესაუბრა:
_ გამარჯობა, იაგო, რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მაჟორიტარობა?
_ ბათუმში მაჟორიტარობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ახალი თანამოაზრეებისა და მეგობრების შეძენის ყველაზე მეტ შანსს ამ ქალაქში ვხედავ. ასევე საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უზენაესი საბჭოს არჩევნებია და „გირჩი“ ამ არჩევნებში ერთ მანდატს იმსახურებს. ჩემი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთო აჭარაში, რათა დამსახურებული ერთი მანდატი მივიღოთ.
_ შეგიძლიათ გვითხრათ ის პრობლემები, რაც აჭარის რეგიონს აწუხებს?
_ აჭარას იგივე აწუხებს, რაც დანარჩენ საქართველოს და ეს, ჩემი აზრით, თავისუფლების ნაკლებობაა. სახელმწიფო ადამიანებს ართმევს თავისუფლებას და გასაქანს არ აძლევს მათ. ეს პრობლემა აჭარაშიც და სამეგრელოშიც იდენტურია, შეიძლება მათ განსხვავებული გამოვლინებები აქვთ, მაგრამ პრობლემას საერთო საწყისი აქვს _ სახელმწიფო ადამიანებს უყურებს, როგორც ცხვრებს და არა თავისუფალ სუბიექტებს. „გირჩს“ ამის შეცვლა ყველგან გვინდა.
_ თქვენი არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ ბათუმელებისთვის, რას ჰპირდებით მათ?
_ ბათუმელი არ ვარ, ამიტომ მგონია, რომ მაჟორიტარული არჩევნების მოგების ნაკლები შანსი მაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემთვის მოგება სხვა რამეა, _ პროპორციული წესით ერთი ადამიანის შეყვანა აჭარის უზენაეს საბჭოში, რასაც პროპორციული ხმების 5% სჭირდება. თუ ამდენივე ხმა მივიღეთ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებზე, მე თავს დამარცხებულად არ ჩავთვლი. ნებისმიერ შემთხვევაში იგივეს გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი, _ მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლას. თუმცა ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანი არის საბჭოთა მართლმსაჯულების დაშლა და ახალი ქართული სისტემის აწყობა. რაც უფრო მეტი ნდობა მექნება ადამიანების, მით მეტ ძალას შევიძენ ამის მისაღწევად. რეალურად, ამაში ვთხოვ თანადგომასა და მხარდაჭერას ხალხს.
_ ვის მოიაზრებთ აჭარაში ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
_ აჭარაში ჩემი კონკურენტი არის ის ფაქტი, რომ ადამიანები არ გვიცნობენ, სხვა ვინმე ვართ და სხვა ვინმე ვგონივართ. ამიტომ ჩემი ამოცანაა, რეალური „გირჩი“ გავაცნო ადამიანებს. ბევრი ველაპარაკო იმაზე, თუ რა გვინდა სინამდვილეში და რატომაა კარგი ყველასთვის ის, რაც „გირჩს“ უნდა, რომ მოხდეს ამ ქვეყანაში.
_ როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ აჭარაში?
_ როგორც გითხარით, ჩემი მიზანი აჭარაში ახალი ხალხის გაცნობა, მეგობრების შეძენა და აჭარის უზენაეს საბჭოში ერთი ადამიანის შეყვანაა, ანუ 5%-ის მიღება პროპორციულ არჩევნებზე. ეს ადვილი ამბავი არ გახლავთ, მაგრამ მჯერა, რომ ამის რეალური შანსი არსებობს, რადგან ჩვენს მონდომებასთან ერთად შესანიშნავი კანდიდატი გვყავს სიის პირველ ნომრად აჭარის უზენაეს საბჭოში _ ქალბატონი ლალი ანთიძე.
ხვიჩა მამულაძე