„თუკი „ოცნებას“ 37% უჭერს მხარს, ავტომატურად, ერთპარტიული მმართველობა აღარ იქნება“
თამუნა მჭედლიშვილი
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა უმნიშვნელოვანესი ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინასაც დაუწესა დათქმები _ გასცა რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს ქვეყნებთან მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი უკრაინა შეასრულებს დარჩენილ ოთხ, მოლდოვა კი დარჩენილ სამ პირობას. ევროკომისია გააგრძელებს ორივე ქვეყნის მონიტორინგს და ევროპულ საბჭოს 2024 წლის მარტისთვის მიაწვდის შესაბამისს ანგარიშს. საქართველოს გასწვრივ ვადა არ არის მითითებული…
საქართველოს უახლესი ისტორიის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მოვლენების, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევებისა და შედეგების, მსოფლიოში მიმდინარე ახალი გადალაგებების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება პოლიტოლოგსა და პროფესორს პოლიტიკის მეცნიერებებში (GIPA), ბაკურ კვაშილავას:
_ ბატონო, ბაკურ, რას ნიშნავს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ?
_ ბევრ რამეს ნიშნავს, პირველყოვლისა ნიშნავს იმას, რომ საქართველო მოიაზრება ევროპის ნაწილად და რომ დროა, საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი გახდეს შეუქცევადი. ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი. მეორე, გამოჩნდა ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა მთავრობამ ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც დასკვნაში არაერთ ადგილას არის ნახსენები პირდაპირ და მინიშნებაცაა არაერთი, _ მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები იყო ძვრები რეფორმების თვალსაზრისით, ეს არის, ფაქტობრივად, ავანსად გაცემული რეკომენდაცია, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ მთავრობა შეასრულებს იმ ნებას, რომელიც არაერთხელ გამოხატა ქართველმა ხალხმა.
_ როგორ შეასრულებს საქართველო დათქმულ რეკომენდაციებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში? რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციას სტატუსის შესახებ უკანგადადგმული ნაბიჯიც კი უწოდა…
_ მსგავსი მოსაზრებები ოპოზიციის მხოლოდ ნაწილში მუსირებდა… „ქართული ოცნება“ კი ახერხებდა იმას, რომ ეს შეეტრიალებინა ისე, თითქოს მთელი ოპოზიცია ასე ფიქრობს. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ვფიქრობ, ნამდვილად არ არის ასე. ეს არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც პირიქით, ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს უფრო დემოკრატიული ქვეყანა, კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე და გაატაროს ისეთი ტიპის ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური კონკურენციის უფრო თანაბარ ველზე გადატანას შეუწყობს ხელს. ამიტომ სულაც არ არის გადაჭარბებული ასეთი შეფასება. პირიქით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა სტატუსის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ცხადად უნდა გამოჩნდეს, ის ნამდვილად არის თუ არა ერთგული დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების, თუ ამას მხოლოდ იმ დროს აკეთებს, როდესაც მას აწყობს.
_ ვისი „დამსახურებაა“ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება? ვინ იმსახურებს მადლობას? მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს უხდის მადლობას: „შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24/7-ზე ვმუშაობდით რეკომენდაციების შესრულებისთვის“… მადლობა იქით იყოს და მმართველი პარტია დაშვებულ შეცდომებსა და „გაფუჭებულ“ დათქმებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისკენ იშვერს ხელს, რომლებმაც თურმე საგარეო პოლიტიკაში ენის ჭარტალით ქვეყანას საქმე გაუფუჭეს…
_ ის, რომ ამ დათქმებს პიროვნულად შეასრულებს ვინმე ერთ წელიწადში, ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, გამორიცხულია. აქ საუბარია იმაზე, ჩატარდება თუ არა 2024 წლის არჩევნები ისე, როგორც საჭიროა. და შეძლებს თუ არა ეს არჩევნები, რომ გამოხატოს ქართველი ერის ნება მაქსიმალურად ზუსტად. მაქსიმალურ სიზუსტეში ვგულისხმობ, რომ ეს არ იყოს დამახინჯებული, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ხარჯზე, რაც წინა არჩევნებში ხდებოდა, პრაქტიკულად, ყოველთვის, ყველა არჩევნებში, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. ალბათ, პირველი არჩევნების გარდა (1990 წ.). მაგ დროს ქვეყანა არც იყო თავისუფალი. საქართველოში ყოველთვის იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად. ამიტომ იყო მუდამ მიკერძოება მათ სასარგებლოდ, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ 2024 წლის არჩევნები მაინც ჩატარდეს ისე, რომ ეს „დამახინჯებები“ შემცირდეს, მაშინ, მივიღებთ, მინიმუმ, კოალიციურ მთავრობას. კოალიციური მთავრობა კი შესაძლებელია იყოს დასაწყისი ახალი ერის ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როდესაც პოლიტიკური ძალები მოახერხებენ ერთმანეთთან გარკვეული კომპრომისის მონახვას. კომპრომისის საფუძველი არ იქნება პირადი გარიგება ან პირადი სარგებელი. პირადი ინტერესების გამო კოალიციების ბლოკების შექმნა და, თუნდაც, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უცხო არ ყოფილა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური კურსისა და განვითარების თვალსაზრისით, მოხერხდება გრძელვადიანი შეთანხმებების დადება. ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს, რადგან გამოკითხვების შედეგები დაიდო.
_ დიახ, სულ ახლახან გამოქვეყნდა „ედისონ რისერჩის“ კვლევები, სადაც საქართველოს მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. Edison research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; ხოლო კითხვაზე, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ _ 37%; ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ _ 21 %; „საქართველოსთვის“ – 9%; პარტიებს „ლელო“, „გირჩი/დროა“, „ხალხისთვის _ ანა დოლიძე“, „ლეიბორისტები“, „გირჩი/იაგო ხვიჩია“ – 4%; ხოლო პარტიებს „ხალხის ძალა“ და „ალტ-ინფო“ _ მოსახლეობის მხოლოდ 3% უჭერს მხარს.
_ კვლევა პირდაპირ გვეუბნება, რომ 37% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. თუკი 37% ზუსტად გადაითარგმნება 37%-ში პარლამენტში, ეს ავტომატურად გვეუბნება იმას, რომ ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა აღარ იქნება და „ოცნება“ იქნება თუ ვინმე სხვა, აუცილებლად მოუწევს განსხვავებული პოლიტიკური ძალების აზრის გათვალისწინება. არა იმიტომ, რომ კეთილი ნებით რაღაც უბოძოს სხვას, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების დასაწყისი და უკეთესი პოლიტიკური კულტურისა, ვიდრე აქამდე ყოფილა.
_ ბატონო ბაკურ, არჩევნები და ქართული ემიგრაცია… როგორ ფიქრობთ, მიეცემა თუ არა ქართველ ემიგრანტებს საშუალება, 2024 წლის არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმები, არჩევანი და ნება?
_ ყველანაირად მხარს დავუჭერ არჩევნებში მათი ჩართულობის დაკანონებას. პრაქტიკულად, არცერთი არჩევნების დროს, რომელიც საქართველოში ჩატარებულა, ჩვენს ემიგრანტებს არ ჰქონიათ რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ გამოეხატათ თავიანთი აზრი, იმდენად გართულებული იყო ხმის მიცემა. ახლა, როცა ელექტრონულად გახდება შესაძლებელი ხმის მიცემა, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ეს შესაძლებლობა. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში ხანდახან მეათედზე მეტ შენატანს აკეთებს და დღეს საქართველოს რომ არ უჭირს, დიდწილად სწორედ ქართული ემიგრაციის დამსახურებაა. ამიტომ მათ ეკუთვნით თავიანთ ფინანსურ კონტრიბუციასთან ერთად იმ კავშირის აღიარება, რომელიც შეინარჩუნეს სამშობლოსთან. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი სიტყვის თქმა და, აქედან გამომდინარე, ყველანაირად, ვინც იქნება მთავრობაში _ საჯარო მოხელე თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, _ პირველ რიგში, იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ემიგრანტებს მიეცეთ საშუალება, სრულფასოვნად გამოხატონ საკუთარი აზრი და დააფიქსირონ თავიანთი სათქმელი. ამგვარი ტრადიცია ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, ხორვატიაში ცალკე აქვთ გამოყოფილი 11 მაჟორიტარული ადგილი პარლამენტში მხოლოდ ემიგრანტებისთვის. ჩვენთან, ბუნებრივია, ასე არ იქნება, მაგრამ ისე მაინც არ უნდა მოხდეს, რომ მათი ხმები იკარგებოდეს. 1000 კაცზე იყო ნიუ-იორკში ლაპარაკი, მაშინ, როცა 100 000 ადამიანი იყო რეალურად საქართველოს მოქალაქე, ვისაც ხმის უფლება ჰქონდა. ამიტომ ეს იქნება ძალიან კარგი ინიციატივა და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ.
_ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს „საქართველო ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია“, ასევე მის ვოიაჟებს ევროპაში „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტით უპასუხა, რაც საბოლოოდ ჩაუვარდათ. რა როლი აქვს პრეზიდენტის მხრიდან გამართულ დიალოგებსა და ნაბიჯებს ევროპის ლიდერებთან მათ ოჯახში საქართველოს, როგორც სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის, მიღების მიმართულებით?
_ პრეზიდენტს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა. მიუხედავად მისი შეკვეცილი უფლებებისა, გამომდინარე ჩვენთან არსებული პოლარიზაციიდან ხალხსა და მთავრობას შორის ისეთ საკითხში, როგორიც არის ევროინტეგრაცია, გასატარებელი რეფორმები მთავრობასა და ხალხს შორის, დიდია ნაპრალი გაჩენილი, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობს „ოცნება“ მუდმივად. ალბათ, პრეზიდენტის როლიც იყო, რომ ჩვენ დღეს ასე ავანსად გადმოგვცეს სტატუსი დათქმით, მთავრობის ქმედებების მიუხედავად. პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით ასე წერია, რომ „მიუხედავად მთავრობის მიერ არგატარებული რეფორმებისა, ჩვენ ვიძლევით ამ სტატუსს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“.
_ მსოფლიო დღეს: პალესტინა-ისრაელის ომი, 3G კავშირი _ ჩინეთი, დასავლეთი, ამერიკა… რას გვეტყვით მსოფლიოს ახალ გადალაგებებზე?
_ ბევრი რამ, რაც მსოფლიოში ვითარდება, არა რაღაცა წინასწარ დაგეგმილი გეგმით მიმდინარეობს, არამედ ხშირად დაშვებულ შეცდომებზე პასუხია. ამიტომ ეს გადალაგებები არ არის ისეთი პროცესი, რომელიც სადღაც, ვიღაცების ტვინებში მოიხარშა და ახლა ხორციელდება წარმატებით _ მე ასე ვუყურებ საერთაშორისო პოლიტიკას და საერთაშორისო სისტემას, ეს ხშირად დინამიკურ და ცვალებად ეპოქაში არის ხოლმე მომხდარ შეცდომებზე პასუხი და ხანდახან ეს პასუხებიც შეცდომებით არის ხოლმე გაჯერებული. აი, თუნდაც, პალესტინა-ისრაელში მიმდინარე მოვლენები რომ ავიღოთ. თითქოს, დამაჯერებელი ჩანს კონსპირაციული თეორია, რომ „მოსადს“ სურდა მომხდარიყო კონფლიქტი და გამოეყენებინა იმისთვის, რისთვისაც ახლა იყენებს, მაგრამ მგონია, რომ ორივე მხარე, როგორც ჰამასი, ასევე ისრაელი, დღეს არის დაზიანებული. არცერთს არ აწყობს ეს. არ შეიძლება შენ დაგეგმო და განახორციელო პოლიტიკა, რომელიც იცი, რომ არ გაწყობს, რომელიც შენთვის წამგებიანი იქნება. აქედან გამომდინარე, რაც ხდება არის მოვლენები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად ვითარდება და თუ როგორ დალაგდება, ეს არის იმ თითოეულ ყოველდღიურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, რომლებსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფოები ღებულობენ… ასევე სხვა მოთამაშეებიც, როგორიცაა აშშ, ჩინეთი… ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ბუნებრივია, მაგრამ ეს არ არის რაღაც დიდი გეგმის ნაწილი, რომლის თითოეული ნაბიჯის განხორციელებას ვადევნებთ თვალს.
_ როგორი პასუხი ექნება ევროკავშირს უკრაინისთვის, რა მოხდება 2024 წლის მარტში?
_ თუ უკრაინამ გაიმარჯვა ან გამრღვევი ხელშეკრულება დაიდო რუსეთთან, რაც, ფაქტობრივად, დააკანონებს ომის შეწყვეტას, მაშინ ეს შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ომის აქტიურ ფაზაში არ მგონია, რომ დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ უნდა გვინდოდეს, მინიმუმ უკრაინა არ დამარცხდეს! უკრაინა რომ დღეს დამარცხებული არ არის, ეს უნდა ვიცოდეთ. და ეს ცოდნა უკვე არის გამარჯვება! გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა კონფლიქტი, საუბარი იყო იმაზე, რომ 2 კვირის განმავლობაში თუ შეძლებდა უკრაინა გაეწია ფრონტალური წინააღმდეგობა რუსეთისთვის… და მერე იყო საუბარი იმაზე, როგორი იქნებოდა წინააღმდეგობა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ _ შეძლებდა თუ არა რუსეთი უკრაინის მონელებას? აი, ამაზე მიდიოდა თავიდან დისკუსია. წარმოიდგინეთ, დღეს რაზე ვმსჯელობთ, _ უკრაინა მოახერხებს თუ არა ფრონტის ხაზის ისე გარღვევას, რომ რუსეთი დააჩოქოს, დაამარცხოს და გააგდოს ყირიმიდან… აბსოლუტურად შეიცვალა თვალთახედვა, პროგნოზები, პერსპექტივები. ეს უკვე არის თავისთავად უკრაინის გამარჯვება! ეს არის ყველა იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს. ეს სტატუს კვო კი წამგებიანია, პირველ რიგში, უკრაინისთვის. მთავარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ეს გაიაზროს იმ ქვეყნების მოსახლეობამ, რომელსაც მსოფლიო ლიდერები წარმოადგენენ. პუტინმა ვერ უნდა მოახერხოს მნიშვნელოვანი სეგმენტის _ ელიტის ნაწილის ისე მოქრთამვა, რომ შეიზღუდოს უკრაინისადმი დახმარება. მაგალითად, პრობლემას ქმნის ევროკავშირში უნგრეთი, _ ჩვენი მთავრობის მეგობარი ქვეყანა, რომელიც თვითონ არის ერთადერთი არადემოკრატიული ქვეყანა დღეს უკვე ევროპაში! ის ბლოკავს უკრაინისთვის გადასაცემ პაკეტს იმიტომ, რომ უნგრეთს თვითონ აქვს შექმილი ეკონომიკურ ტრანსფერთან დაკავშირებით თავისი არადემოკრატიული შინაარსის პოლიტიკის გამო პრობლემა. ე. წ. ავტორიტარული ალიანსი უკვე ევროკავშირშიც კი აღწევს, _ ეს არის დღევანდელი დღის გამოწვევა. ამ პრობლემის გადაჭრა დღეს იქნება თავისუფალი სამყაროსთვის ცენტრალური ამოცანა.