თმის დავარცხნისთვის განთავისუფლებული მენეჯერი და „TBC ბანკის“ ტერმინატორი-ექსპერტი
„ქრონიკა+“ ამჯერად გთავაზობთ წლის (და არა მარტო) ყველაზე უცნაურ სასამართლო პროცესებს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა…
2020 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ბრენდულ იაპონურ მაღაზიათა ქსელ „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ, სამსახურიდან გენდერული ნიშნით მაღაზიის ყოფილი მენეჯერის განთავისუფლების საქმეზე, პირველი სხდომა ჩაინიშნა. მენეჯერს ქორწილში ტაშ-ფანდური არ აპატიეს. დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
უფრო დეტალურად საქმის არსი ასეთია: მეგობრის ქორწილის შემდეგ კომპანიამ მაღაზიის მენეჯერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განთავისუფლების გადაწყვეტილებაში მიზეზად აღნიშნულია შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა დასაქმებულის ქმედებით. კერძოდ, დასაქმებული მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელთან ერთად, სამუშაო ადგილზე, იკეთებდა მაკიაჟს და ისწორებდა თმას.
არ ვხუმრობთ!
განთავისუფლებული მენეჯერის განმარტებით, მან კომპანიის მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმებით აიღო ე. წ. Day Off , ვინაიდან მეჯვარის სტატუსით უნდა დასწრებოდა მეგობრის ქორწილს. მენეჯერი დღის პირველი საათისთვის უნდა გამოცხადებულიყო იუსტიციის სახლში ხელმოწერის ღონისძიებისთვის. ვინაიდან მისი სამსახურებრივი ადგილი მდებარეობდა იუსტიციის სახლთან ახლოს, გადაწყვიტა, რომ აღებული ერთდღიანი შვებულების მიუხედავად, მაინც გამოცხადებულიყო სამსახურში და იქიდან გადაადგილებულიყო დანიშნულების ადგილზე. მოკლედ, მივიდა სამსახურში, მოემზადა საქორწინო ღონისძიებისთვის _ მაკიაჟი გაიკეთა! ამ პროცესს ხელი არ შეუშლია მაღაზიის ფუნქციონირებისთვის. იჯდა სადღაც თავის ოთახში მენეჯერი და ლამაზდებოდა.
მენეჯერმა სასამართლოს 6 დეკემბერს მიმართა სარჩელით, დაზუსტდა ცალკეული მოთხოვნები და იგი წარმოებაში მიიღეს 2020 წლის 27 იანვარს. კომპანიამ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნები _ განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, _ არ ცნო და მხარესთან მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, იაპონურ მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში 3500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი.
აქ პატარა დეტალი უნდა დავაზუსტოთ: „მინისოს“ ქსელი სილამაზისა და თავის მოვლის აქსესუარებს, მათ შორის, პარფიუმერიის ერთ-ერთი უმსხვილესი რეალიზატორია. ასე რომ, მენეჯერის განთავისუფლება იმ მიზეზით, რომ ის ქორწილისთვის ლამაზდებოდა და ამისთვის თავისი სამსახური გამოიყენა, ცოტა უცნაურად ჟღერს.
კიდევ უფრო აბსურდულია ზვიად გოგიშვილის საქმე, რომელსაც ბანკის სესხების ინსპექტორი დაეხხა თავს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის დადგენილებით, მოსარჩელე დაზარალებულად ცნეს. ბანკმა თანამშრომელი სამსახურიდან კი დაითხოვა, მაგრამ ჩვენება არ შეუცვლია და ზვიად გოგიაშვილის მიმართ დამდგარი შედეგი თვითდაზიანებად შეაფასა.
დაცვის მხარემ არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით ბანკს საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ სამართალწარმოებას იწყებდა. TBC ბანკს დაევალა მოქალაქის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რომელმაც თვალსაჩინო გახადა შემთხვევის ადგილზე მოვლენის განვითარება.
ახლა, რა იგულისხმება ფიზიკურ ძალადობაში _ ბანკის სესხების ექსპერტმა მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა დაზარალებულს ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. გოგიშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდგინეს ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მას გაუკეთეს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის ჩასწორება და იმობილიზაცია, ყბების ან სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა ძვლოვანი გრაფტის გამოყენებით, ასევე სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები ყბებზე. კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის მომსახურება და დაისვა შემდეგი სახის დიაგნოზი: s600161 s02.7/s02.8 ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა/ქალასა და სახის სხვა ძვლების მოტეხილობა EES EFS EDS EGS EKS სხვა ოპერაციები თავის ტრავმის გამო, ზედა ყბის ქირურგია, ყბების შერეული ქირურგია, ქვედა ყბის ქირურგია, საფეთქელ-ქვედა ყბა. ამასთან, კლინიკის ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით და საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას.
მოკლედ, გოგიშვილმა ისეთი დაზიანება მიიღო, რომ ბანკის თანამშრომელმა ერთი მუშტი ჩაარტყა ცხვირში კი არა, თითქოს ტერმინატორმა პენტაგონის გუმბათს ხეთქა… ყველაზე საინტერესო ის იყო, თუ რა განმარტება მისცა ამ ყველაფერს ბანკმა. რა თქმა უნდა, საკუთარი თანამშრომელი უნდა დაიცვა, მაგრამ ის, რომ გამოძიებას განუცხადო, თითქოს გოგიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა და ჩემს ექსპერტს თითი არ დაუკარებიაო, ხვდებით ხომ, რა აბსურდია! სამართალდამცველების კითხვაზე, ერთი აგვიხსენით, როგორ უნდა მიიყენოს ადამიანმა ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ზედა და ქვედა ყბების ძვლების ჩამოშლა, ისიც ბანკის შენობაშიო? ბანკს ამაზე პასუხი აღარ ჰქონდა და თავისი ტერმინატორი, სესხების ექსპერტი, სამსახურიდან გაათავისუფლა.
თუმცა ბანკმა სარჩელი არ ცნო. ეგ არაფერი, როგორც დაკითხვის ოქმში არის აღნიშნული, გოგიშვილმა გამოძიების პროცესში თავდამსხმელი ამოიცნო. ანუ რა გამოდის? _ ვინაიდან ამოცნობისკენ წავიდა საქმე, ბანკში შესულ გოგიშვილს უცებ სპაიდერმენივით თავს დაესხა სესხების ინსპექტორი და ყბა სახე ჩუნგრია?! მოქალაქეს მრავლობითი ოპერაცია ჩაუტარეს, ლამის მთელი სახე თავიდან აღუდგინეს და ბანკი დღემდე არ ცვლის ჩვენებას თვითდაზიანების მიყენების შესახებ _ თვითონ გაიერთიანა ცხვირპირიო.
ახლა კი „სულიერი აღელვების“ შესახებ და ხანგრძლივ სასამართლო პროცესებზე მოგიყვებით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში _ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში _ ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე. მოწმის სახით დამატებით დაკითხულმა საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა: დარეჯან კლდიაშვილმა, ნინო აბაკელიამ და ბეჟან ხორავამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცეს. დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭა მათთან ახლობლობასა და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერების მიმართ პერსონალური დამოკიდებულების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა ხელი.
აი, ახლა რაც წაიკითხეთ, იმედია, კარგად გაიაზრეთ. ბოლო ორზე გავამახვილებთ ყურადღებას: კომისიის ერთ-ერთი წევრი იმიტომ ვერ იტანს ან პირიქით, ზედმეტად კარგად იტანს კონკურსში მონაწილეს და „პერსონალური დამოკიდებულების“ გამო უარს ამბობს კომისიის წევრობაზე. კომისიის მეორე წევრი კი კომისიის შემაჯამებელ ოქმს გმირთა მემორიალთან აწერს ხელს… როგორც ყარსის ხელშეკრულებას.
ასევე ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები. ვისთან?!
ჯერ სად ხართ! თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ თსუ-ს მეცნიერების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვისას საქმეზე კომისიის სულ 5 წევრი გამოიკითხა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ქუჩაში მოაწერა ხელი, იმიტომ, რომ მეცნიერების შესარჩევი კონკურსი „ბაკქანალიააო“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მიმართ დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავდა: ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე. დადგენილია, რომ თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. ამ წლის ივნისში, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად შექმნა დროებითი კომისია. სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი თქვეს მათი „სულიერი აღელვების“ გამო. ოთხივემ ასე განაცხადა, _ სულიერი აღელვების გამო კომისიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთო. მოგვიანებით გაირკვა მათი „სულიერი აღლევების“ ნამდვილი მიზეზიც _ კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პირი ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ნასამართლევი აღმოჩნდა. მოკლედ, საკმაოდ ცნობილ მეცნიერს კონკურსში გამარჯვება იმით ანანეს, რომ გაუხმოვანეს ის, რასაც 20 წელი მალავდა.
თამარ როსტიაშვილი