„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციის განთავსება განახორციელა

რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციის მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე, ამ დროისთვის, ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება.

„ნიკორას“ ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი _ წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა. „თიბისი კაპიტალმა“, პროექტზე მუშაობის პერიოდში კომპანიის დაფინანსებისა და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც ობლიგაციების რაოდენობა და ფასი განისაზღვრა.

„თიბისი კაპიტალი“ „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „თიბისი კაპიტალი“ ეხმარება ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, ქართულ კომპანიებს მათზე მორგებულ სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტას სთავაზობს. „თიბისი კაპიტალი“ 1999 წელს დაარსდა და 2015 წლამდე კონცენტრირებული იყო საბროკერო საქმიანობაზე. 2015 წლიდან მას დაემატა კვლევითი და კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობა, რითაც კომპანია საინვესტიციო ბანკად გარდაიქმნა.

 

***

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ნიკორა“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო პროდუქციის საწარმოებისა და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია გაერთიანებული. „ნიკორა“ ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია, ფლობს ISO 9001 : 2008; ISO  22000 : 2005 _ HCCP  სერტიფიკატებს. აღსანიშნავია, რომ სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა შარშან 5 მილიონი დოლარის ობლიგაცია გამოუშვა.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

_ საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტიანად შედგა.

 

გიორგი თხელიძე _ „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე:

_ კმაყოფლი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტიანად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას“ მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული ფასით. ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებასა და სამომავლოდ სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ეს ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც „ნიკორასთვის“ და „თიბისი ბანკისთვის“, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, რადგან კარგი სიგნალია, რომ, ერთ-ერთმა არასაფინანსო ინსტიტუტმა, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი სავალუტო ობლიგაციები გამოუშვა. ეს არის სიგნალი სხვა ბიზნესებისთვის, ჩვენი სხვა კლიენტებისთვის, რომ ანალოგიური პროდუქტით მოიზიდონ სახსრები მათი განვითარებისთვის და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისთვის.

 

ირაკლი ბოქოლიშვილი _ კომპანია „ნიკორას“ გენერალური დირექტორი:

_ მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა _ გასულ წელს სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაცია გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. ამჯერად „ნიკორამ“ საფინანსო ბაზარზე განათავსა 10 მილიონი აშშ დოლარის კუპონური 2-წლიანი ობლიგაცია, წლიური 9% კვარტლური სარგებლის გადახდით. განთავსების აგენტი იყო „თიბისი კაპიტალი“, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მთელ ამ ტრანზაქციაში. ჩვენი კომპანიისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ამით დავინახეთ, რაოდენ სანდოობით სარგებლობს ჩვენი კომპანია; მეორე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს განსხვავებული ფინანსური სახსრებია, რომელიც არ ჰგავს კრედიტს და უფრო მეტი სახის თანხის მოზიდვა შეიძლება, რომელიც კომპანიას განვითარების საშუალებას აძლევს; მესამე ის, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს საფონდო ბაზრის კაპიტალის განვითარებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად წაადგება.

 

ავთანდილ გიგინეიშვილი _ „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი:

_ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, უფრო დიდი გარიგება შედგა, ვიდრე შარშან. საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი ინვესტორი იყო დაინტერესებული. არაფინანსურმა ჯგუფმა ასეთი მოცულობის ყველაზე დიდი ტრანზაქცია განახორციელა. საერთოდ, კაპიტალის ბაზარი საფეხურებით ვითარდება, ეს კი ერთ-ერთი მომდევნო საფეხურია. შემდეგი ტრანზაცია, ალბათ, ამაზე უფრო დიდი, ან რთული იქნება, ეს ევოლუციის გზაა და ეტაპები უნდა გაიარო. „ნიკორასთვის“ ეს ერთ-ერთი ეტაპია.

 

ნინო ჯავახაძე _ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე:

_ აღნიშნული გარიგება უმნიშვნელოვანესია ერთი მიზეზის გამო: როგორც ვხედავთ, ტენდენციაა, რომ არასაფინანსო ინსტიტუტებმა უკვე ფასიანი ქაღალდების გამოშვება დაიწყეს და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს მიმართავენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი ადგილობრივი ბაზრის გამოყენებით ხდება.

 

თამარ ბატიაშვილი